Menu
RSS

მომავალ წელს პენსია 20 ლარით, პედაგოგთა ხელფასები კი 30%-ით იზრდება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 13 მილიარდით დაიგეგმა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თითქმის 13 მილიარდი ლარით დაიგეგმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასთან, რომელმაც ბიუჯეტის პროგრამის მიმოხილვა ოქტომბერში დაასრულა, 2019 წლისთვის ძირითადი პარამეტრები შეთანხმდა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა _ 4.5%-ით, მშპ-ს დეფლატორი _ 3.5%-ით, ინფლაცია _ 3.0%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 2.6%-ით განისაზღვრა. 13 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, მთავარი მიზანი, რისთვისაც ბიუჯეტი და ქვეყანაში გასატარებელი რეფორმები იგეგმება, მოსახლეობის კეთილდღეობაა. მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებითაა შესაძლებელი: 

 

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა, როგორც სახელმწიფოს, ისე _ კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ეს საკმარისი არაა. აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში, რათა თითოეული მოქალაქე, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს''. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, ოთხი ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა. მთ შორის, პირველი ადამიანური კაპიტალი ანუ სახელმწიფო ინვესტიციების ზრდაა, რასაც ადამიანური კაპიტალის განვითარება უნდა მოჰყვეს: 

,,მეორე _ ესაა ფიზიკური კაპიტალი ანუ ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად; მესამე _ ესაა ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად და მეოთხე _ უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ესაა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას''. 

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. მისი თქმით, სწორედ კერძო სექტორია მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელის ხერხემალი. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება ეკონომიკური ზრდის წარმმართველი: 

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ, განვახორციელოთ ისეთი კაპიტალური ხარჯები, რასაც აუცილებლად მოჰყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები''. 

სსფ-ს პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5.0%-ით გაიზრდება და ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონის ლიდერი გახდება. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.9%-ია, თუმცა რეალური ზრდა 5.0% იქნება: 

„2019 წელთან დაკავშირებით, ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა სსფ-ს მისიასთან, რომელთან ერთადაც, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გავაანალიზეთ საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ასევე ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ამის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის ბიუჯეტი, ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე დაგვეგეგმა. თუ უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მზად ვართ, მომდევნო წლის შუა პერიოდში, ბიუჯეტი დავაკორექტიროთ''. 

მინისტრის თქმით, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ასევე _ ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. მეტიც, მთავრობა აპირებს, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემაც დანერგოს, რომლითაც შესაძლებელი გახდება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები წინასწარ გათვლილი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიხედვით შეირჩეს. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, შემოსავლები 375 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი _ 268 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ასიგნებები 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს ანუ თითქმის, 13 მილიარდს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 357 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის: გადასახადები _ 80 მილიონი ლარით; გრანტები _ 102 მილიონი ლარით, კრედიტები _ 145 მილიონი ლარით, საბიუჯეტო დახმარება _ 90 მილიონი ლარით. 

მომდევნო წლის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამის დაფინანსებაც იზრდება, კერძოდ, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. 2019 წელს, ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით, 1 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ზოგადი განათლების დაფინანსება _ 740 მილიონ ლარამდეა, რომელიც 37 მილიონი ლარით იზრდება, პროფესიული განათლება 49 მილიონი ლარით ფინანსდება და აქაც 7 მილიონამდეა ზრდა. მეტიც, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, მასწავლებელთა ხელფასები 30%-ით იზრდება. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება მუდმივად მზარდია. კერძოდ, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს, მათი დაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 215 მილიონ ლარს შეადგენს. 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2019 წელს, სოციალური დაცვის პროგრამებზე 2 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, მათ შორის, 225 მილიონი ლარით იზრდება პენსიები, რაც ჯამში, 1 მილიარდ 925 მილიონ ლარს შეადგენს. რაც მთავარია, ნაკლებად დაცული ოჯახებისთვის, ბიუჯეტში 69 მილიონ 500 ათასი ლარი გამოყვეს. ამასთან, მომდევნო წლიდან, 144 000 ბავშვი, 50-ლარიან დახმარებას მიიღებს. 

გარდა ამისა, გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად, რეგიონებში გაზიფიცირებისათვის 40 მილიონი ლარი დაიხარჯება; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 34 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ბიუჯეტში 1 მილიარდ 400 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მათ შორის, 2018-2024 წლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალისა და ე. წ. ტურისტული გზების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასასრულებლად.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში