Menu
RSS

ლარის რექვიემი და გაძვირებული ცხოვრება

რატომ „კუპონდება“ ეროვნული ვალუტა და რა გველის ნოემბერ-დეკემბერში _ ექსპერტის შეფასებები და პროგნოზი

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებაში, 2.72 ლარია, თუმცა ეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციაა, სავალუტო ჯიხურებში კი 1 აშშ დოლარის ყიდვას 2.75 ლარად შეძლებთ. პარალელურად, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები _ კვერცხი, შაქარი, ზეთი და მედიკამენტები. წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და, ეკონომიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ცხადია, ეს პროცესი ფულის ხარჯვის გარეშე არ ჩაივლის. ამას ისიც ემატება, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ნოემბერ-დეკემბერს მცირე, სეზონური ინფლაცია ისედაც ახასიათებს, რადგან წინასაშობაო და საახალწლო პერიოდია. ბუნებრივია, ამ დროს პროდუქტები კიდევ უფრო ძვირდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ წინ საკმაოდ მძიმე ორთვიანი პერიოდი გველის.

_ ბატონო ვახტანგ, ლარის კურსის ვარდნა აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყო, რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუარესება? 

_ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებულია, რომ ლარს მცურავი სავალუტო კურსი აქვს, მაგრამ ამავდროულად, ქვეყნის მთავარ ბანკს ის ინსტრუმენტებიც გააჩნია, რომლითაც ამ კურსზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ზოგადად, ლარზე საშინაო და საგარეო, ასევე სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები მოქმედებს. ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუარესებას საგარეო ფაქტორებს ვერ დავაბრალებთ, რადგან ჩვენს მეზობელ სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგალითად, რუსეთში _ რუბლი, თურქეთში _ ლირა, უკრაინაში კი გრივნა მყარდება... 

_ ჩვენს სამეზობლოში ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აზერბაიჯანშია და ეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ოქტომბრის ანგარიშშიცაა ასახული. 

_ დიახ, ასეა, რადგან როგორც გითხარით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მდგომარეობა უმჯობესდება. 

რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს, მათ შორის, ტურიზმიდან შემოსავლებს, ფულად გზავნილებს, ექსპორტ-იმპორტის ბალანსს, მართალია, საუკეთესო არა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაც არ გვაქვს. 

მოდით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებიც განვიხილოთ, საიდანაც ობიექტური ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის საგარეო და საშინაო ფაქტორებს _ მაკროეკონიმიკურ პარამეტრებს ეყრდნობა, თუმცა ვიმეორებ: ბოლო დროს ნეგატიური ტენდენციით ერთი პარამეტრიც არ ხასიათდება. დაგვრჩა სუბიექტური ფაქტორები, რამაც ლარის კურსის გაუარესება გამოიწვია და ესაა მოლოდინი და სპეკულაციები. 

გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, ბიზნესმა იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რა შედეგი მოჰყვება არჩევნებს. იმის გამო, რომ წინ მეორე ტურია, ბიზნესს კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრდება მოლოდინი, რამდენად მყარი იქნება ლარი. სხვათა შორის, ამგვარ მოლოდინს პოლიტიკოსების განცხადებებიც ამძაფრებს, რომლებიც საკმაოდ მძიმე სურათს ხატავენ. სხვა საკითხია, რამდენად მართალია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ ტიპის განცხადებებით აპელირებენ. ამიტომ ბიზნესსა და მოსახლეობას სტაბილურობის განცდა არ აქვთ და შესაბამისად, ეს ფაქტორი ლარის გაცვლით კურსზეც აისახება. 

გარდა ამისა, ლარის კურსზე კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას და ესაა საბიუჯეტო ხარჯვა მთავრობის მიერ. აქამდე, ბიუჯეტს ჭარბი ლარის მიწოდება არ ჰქონია, მაგრამ მომდევნო ორ თვეში _ ნოემბერსა და დეკემბერში ეს პროცესი დაიწყება, რადგან სხვადასხვა პროექტია დასაფინანსებელი და, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ეს პოზიტიურად არ აისახება. 

_ ისევ ეგზოგენურ ანუ საგარეო ფაქტორებს დავუბრუნდეთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, როდესაც ლარის კურსზე შესაძლო გავლენებიდან საგარეო ფაქტორები მთლიანად გამორიცხეთ. მართალია, მეზობელ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები მყარდება, მაგრამ სამაგიეროდ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა. ლარის კურსზე ამან ხომ არ იქონია გავლენა? 

_ რა თქმა უნდა, ნავთობის ფასს გარკვეული გავლენა აქვს, მაგრამ ამ პროდუქტის გაძვირება საქართველოში ინფლაციას ანუ ფასების ზრდას იწვევს, ლარის კურსზე კი პირდაპირი გავლენა არ აქვს. ინფლაციაზე ცალსახად ახდენს გავლენას, რადგან სამომხმარებლო კალათში შედის, როგორც ნავთობპროდუქტები, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელთა ფასწარმოქმნის სისტემაში საწვავიც მნიშვნელოვნად მონაწილეობს. შესაბამისად, ნავთობის გაძვირებას ინფლაციაზე აქვს დიდი გავლენა, ლარის გაცვლით კურსზე კი _ ნაკლებად. 

_ 2015 წლის შემდეგ, საქართველოში მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შემცირდა და ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, გარდა ამისა, ჩაშლილი ტენდერების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეჩერებულია. როგორ ფიქრობთ, ლარის კურსი ამის გამო ხომ არ გაუარესდა? 

_ სხვათა შორის, ეს ორი ფაქტორი აქამდე არ შემიდარებია, მაგრამ რომ გავაანალიზოთ, მშენებლობაში, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქცია მონაწილეობს. ამ პროდუქციის შესაძენად კი დოლარი გვჭირდება, ამიტომ რაც უფრო იკლებს მშენებლობის ტემპი, მით უფრო მცირდება მოთხოვნა მშენებლობისთვის საჭირო იმპორტირებულ პროდუქციაზე. აქედან გამომდინარე, ლარის კურსი კი არ უნდა გაუარესებულიყო, პირიქით, მშენებლობის ტემპის შემცირებას, დოლარის კურსის გამყარება არ უნდა მოჰყოლოდა. 

_ 2018 წლის იანვრიდან, წყალი და ელექტროენერგია გაძვირდა, ამ ფაქტორებმაც გააუარესა ლარის კურსი? 

_ რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ცხადია, ეს მხოლოდ ინფლაციასთანაა კავშირში, რადგან სამომხმარებლო კალათში კომუნალური გადასახადებიც შედის. შესაბამისად, ამ გადასახადების გაძვირება ინფლაციაზე გარკვეული პროპორციით აისახება. სამომხმარებლო კალათში ყველა პროდუქტს თავისი წილი აქვს, მაგალითად, სურსათს _ 30%, მედიკამენტებს _ 8%, კომუნალურ გადასახადებს _ 5%-მდე. ამდენად, ლარის კურსის გაუარესებაზე წყლისა და დენის გაძვირებაც ვერ აისახებოდა. 

_ ერთ თვეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რასაც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა მოჰყვეს. გარდა ამისა, უკვე ბრძანეთ, რომ წინ ისედაც საბიუჯეტო სახსრების ჭარბი ხარჯვა გველის და ამას წინასაშობაო და წინასაახალწლო ვაჭრობაც დაემატება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რა მოლოდინი გაქვთ? 

_ ლარს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავისი პიკისთვის და გაუარესების გარკვეული ,,ლიმიტი'' კიდევ გააჩნია, თუმცა ყოველი თეთრით გაუფასურება მოსახლეობას ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებს. მართალია, ფინანსური თვალსაზრისით, 2.72-დან 2.74-მდე, ან თუნდაც 2.75-მდე ლარის გაუფასურებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიურად, დიდ წნეხს ქმნის. ამიტომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლარი არ გაექცეს, თუმცა მეორე მხრივ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასაც გვერდს ვერ აუვლის. 

ყველაფერი ეს ხელისუფლებას ორ ცეცხლშუა ამყოფებს _ არ დახარჯავს ბიუჯეტს და პროექტები შესასრულებელი დარჩება, რაც ნიშნავს, რომ ფული ვერ აითვისა, დახარჯავს და ლარი გაუფასურდება. ამდენად, წინ საკმაოდ მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველის და, როგორც თქვით, ამას წინასაახალწლო ვაჭრობაც დაემატება. წინასაახალწლო წერტილოვანი ბუმი პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე ანუ ამ პერიოდში ფასები, თავისთავად, ისედაც იზრდება. ჩვენს მდგომარეობაში, როდესაც ყველაფერი პოლიტიზირებულია, მოულოდნელად რომ გაწვიმდეს, ისიც კი შეიძლება, მთავრობას დააბრალონ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში აღიქმება. არადა, ფინანსურად რომ შევხედოთ, იმაში განსაკუთრებული არაფერია, რომ წინასაახალწლოდ, პროდუქტები ძვირდება, რადგან მთელ მსოფლიოში ასეა. 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, წინასაახალწლო სავაჭრო ბუმმა ლარზე პოზიტიურადაც კი იმოქმედოს. დოლარის იმ მოცულობას, რაც წინასაახალწლოდ სჭირდება, ბიზნესი სწორედ ახლა იმარაგებს, მომხმარებელიც მთელი წლის განმავლობაში ფულს აგროვებს და უცხოურ ვალუტაში ინახავს, წინასაახალწლოდ კი ისევ ლარში ახურდავებს, რათა მისთვის საჭირო პროდუქტები შეიძინოს. შესაბამისად, ეს მოვლენები ლარის კურსს მცირედით დააბალანსებს, მაგრამ რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ამიტომ წინ მაინც მძიმე ორი თვე გველის. 

_ თუ ლარის კურსი მომდევნო ორ თვეში კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, არ ფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ვითარებას დაასტაბილურებს? 

_ თუ, პირობითად, ლარის კურსი 2.72-დან 2.90-მდე ,,გაიქცევა'', დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი ჩაერევა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ლარის ასეთ გაუფასურებას არ ველი.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში