Menu
RSS

საქართველოს ბანკის პარტნიორობით TEDxTbilisi გაიმართება

რიგით მეექვსე ღონისძიებას თსუ უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის ხარდაჭერითა და პარტნიორობით, ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, წელს პირველად, TEDxTbilisi და TEDxTouth@Tbilisi ერთად გაიმართება. ღონისძიება 2018 წლის 1 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ბილეთების გაყიდვა 7 ნოემბრიდან, ონლაინ პორტალის _ www.tkt.ge საშუალებით დაიწყება. ბილეთის ღირებულება კი 35 ლარი იქნება.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორის, ხათუნა კაკაბაძის განცხადებით, უკვე ექვსი წელია, რაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის წამყვანი ბანკი TEDxTbilisi-ს ოფიციალურიპარტნიორია: 

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს _ გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარი მიგნებები ფართო აუდიტორიას, ხოლო საქართველო _ მთელ მსოფლიოს გააცნონ. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა''. 

TEDxTbilisi-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთდღიანი კონფერენცია ,,თედექსი'', მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, ,,თედის'' ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენციაა: 

,,TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებლის წინაშე საპასუხისმგებლო ამოცანა იდგება _ აუდიტორიას მათი ინოვაციური იდეების საუკეთესო პრეზენტაცია წარუდგინონ. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია, საკუთარი იდეისა თუ ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რასაც ამ საკითხის მიმართ თვითონ განიცდიან. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომლებსაც სხვებისთვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა და ხედვა აქვთ, 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ-მომხმარებლების წინაშე წარსდგებიან. სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები, ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე განსაჯაროვდება''. 

მერი გაბაშვილის განმარტებით, კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ როგორც წესი, ეს ღონისძიება ყოველთვის ინგლისურენოვანი იყო, მაგრამ შარშან, რამდენიმე ქართულენოვანი სპიკერიც წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. წელს, მთელი ღონისძიება ქართულ ენაზე ჩაივლის, ყველა სპიკერი საკუთარ ხედვას მშობლიურ ენაზე გააცნობს მსმენელებს. ამის შემდეგ, მათი გამოსვლები ინგლისურად გადაითარგმნება და ინტერნეტ-მომხმარებლებში გავრცელდება. 

თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნატა ასათიანის განცხადებით, თსუ-სა და TED-ის მისია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და შესაბამისად, მისი უნივერსიტეტში ჩატარება ჰარმონიულ გარემოს ქმნის ღონისძიებისთვის: 

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე ერთი საუკუნეა, რაც თავისუფალი სიტყვისა და პოზიციის თავისუფლად დაფიქსირების სადარაჯოზე დგას. 100 წლის წინ, როდესაც დიდმა ქართველებმა უნივერსიტეტი დააარსეს, მათი მიზანიც სწორედ ეს იყო. ორმაგად გახარებულები ვართ, რადგან უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამ ღონისძიებასაც ვუმასპინძლებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, კომფორტული გარემო შევუქმნათ TEDxTbilisi-სა და TEDxYouth@Tbilisi -ს სპიკერებს, რომელთა ინოვაციურ იდეებს დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ''. 

TEDx არაკომერციული, ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი, TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე, აშს-სა და ევროპის ბევრ ქალაქში მოქმედებს. ესაა მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც სპონსორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით არსებობს. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, მთლიანად ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებს, ასევე სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას ხმარდება. საქართველოს ბანკთან ერთად, 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარტნიორები არიან ივენთ-კომპანია ,,პრემიერ ივენთსი'' და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში