Menu
RSS

განათლების სამინისტროში აღმოჩენილი ფინანსური მაქინაციები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაფლანგული 628 000 ლარი

დაინტერესდებიან თუ არა სამართალდამცავები სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნით 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში განვიხილოთ. სამინისტროს ბალანსზე არსებული აღურიცხავი აქტივები, დარღვევები შრომის ანაზღაურების მუხლსა და ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები ისეთი ღონისძიებებისთვის, რაც სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ!

მოკლევადიანი აქტივები 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამინისტროს მოთხოვნების/მოკლევადიანი აქტივების ნაშთი 242 110 067 ლარი იყო. წლის განმავლობაში, მოთხოვნები 29 802 028 ლარითY გაიზარდა და 271 912 095 ლარი გახდა. საბუღალტრო ანგარიშზე _ „მოთხოვნები ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე მომსახურების მიწოდებით“ _ დაფიქსირდა 31 634 095 ლარის ნაშთი, რაც კონსოლიდირებულ ბალანსში _ „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივებისა“ და „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ნაშთების ჯამური თანხის 38%-ია, უმაღლესი დაწესებულებების ბალანსებიდან გადმოიტანეს. სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ეს ნაშთი სტუდენტების მიმართ მოთხოვნებისგან შედგება, რაც სწავლების მომსახურების საფუძველზე წარმოიშვა. 

,,საანგარიშგებო პერიოდში, სამინისტროს ამ მოთხოვნების ინვენტარიზაცია არ განუხორციელებია. ამასთან, სტუდენტთა დიდი რიცხოვნობისა და მათი იდენტიფიცირებისთვის პერსონალურ მონაცემთა წვდომის შეზღუდვის გამო, დამატებითი აუდიტორული პროცედურებითაც კი შეუძლებელი იყო საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება. ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას ქაღალდზე აწარმოებდნენ, რადგან ლიცენზირებული საბუღალტრო პროგრამები დანერგილი არაა. ხშირ შემთხვევაში, ერთსა და იმავე საკითხზე მოპოვებული მტკიცებულებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და არსებითი ხასიათის შეუსაბამობებს შეიცავს. დანერგილი და მოქმედი კონტროლის სისტემა არაეფექტიანია და არსებობს მაღალი რისკი, რომ შეცდომები არ გამოვლინდება. აქედან გამომდინარე, #1355 საბალანსო ანგარიშზე, „მოთხოვნები ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე მომსახურების მიწოდებით“, 31 634 095 ლარის ნაშთის სისწორე ვერ დგინდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საბალანსო ანგარიშზე _ „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“ _ 212 084 ლარის დებიტორული დავალიანება ირიცხება, რაც სსიპ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის'' მოთხოვნაა. აქედან, 47 096 ლარი _ უნივერსიტეტში, 2007 წლის რეორგანიზაციის შემდეგ, საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხა, ხოლო 136 011 ლარი _ 2010 წელს, რეორგანიზაციის შედეგად შემოერთებული ინსტიტუტების (ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი _ 135 019 ლარი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი _ 900 ლარი) მოთხოვნებია, თუმცა უფლებამოსილმა პირმა აუდიტორებს ამ მოთხოვნების წარმოშობის საფუძვლები ვერ წარუდგინა. მეტიც, ის არც დებიტორებზე ფლობდა ინფორმაციას. არადა, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2016 წლის ფინანსური აუდიტის შედეგად, სწორედ ამ საკითხზე შესაბამისი რეკომენდაციები გაუციათ, რაც დღემდე არ შესრულებულა! 

აღურიცხავი აქტივები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული არ აქვთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული. სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებულ უნივერსიტეტებს, რომლებიდანაც ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგადაა დაფუძნებული, ამავე კვლევითი დაწესებულებების უძრავი ქონება გადაეცათ. გადაცემის დროს კი, უნივერსიტეტების ბალანსზე ასახულია მხოლოდ შენობა-ნაგებობები, ხოლო მიწის ნაკვეთები, რომლებზეც შენობა-ნაგებობია განთავსებული, ცალკე გამოყოფილი და აღრიცხული არაა. 

მაგალითად, ეროვნული ცენტრის ბალანსზე, „არაწარმოებული აქტივების“ სახით, აღრიცხული არაა 2014 წელს, სარგებლობის უფლებითა და არსებობის ვადით გადაცემული ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში 29 983 კვ.მ; ესაა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია და ფუნქციონირებს შაორის „მომავლის ბანაკი“. 

,,იმ შემთხვევაში, როდესაც მიწა შეძენილია შენობებთან, სხვა ნაგებობებთან და კულტივირებულ აქტივებთან ერთად, აღნიშნული აქტივები უნდა შეფასდეს და აღირიცხოს ცალ-ცალკე. თუ შეუძლებელია აქტივის თვითღირებულების დადგენა, ის ბალანსზე რეალური ღირებულებით აი 

სახება. ამგვარი უზუსტობების ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის ეფექტის დადგენის შესაძლებლობის არქონის გამო, ჩვენ ვერ მივიღეთ სათანადო რწმუნება „ძირითადი აქტივების“ ნაშთის სისრულეზე'', _ დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა. 

აუდიტის შედეგად, აღურიცხავი აქტივების ნაწილში, რამდენიმე, მნიშვნელოვანი უზუსტობაც გამოვლინდა. ასე, მაგალითად, ,,ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის'' ბალანსზე, ძირითადი აქტივების ანგარიშზე, არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სახით, მსოფლიო ბანკთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2008-2012 წლებში, საქართველოს რიგი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ახალგაზრდული ოფისების სარემონტო სამუშაოების ღირებულებაცაა აღრიცხული, რომელთა ოდენობა 119 042 000 ლარია. საბუღალტრო ჩანაწერების შესაბამისად, ამ სამუშაოების საბალანსო ღირებულება კი 195 041 000 ლარია. საანგარიშგებო პერიოდში, ეს ოფისები ,,ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის'' კონტროლირებად რესურსს აღარ წარმოადგენდნენ და შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობაშიც აღარ იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, მოცემული კაპიტალიზებული ხარჯები აქტივად აღიარების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს; ,,ეროვნული ცენტრის'' ბალანსზე არამატერიალური აქტივების სახით აღრიცხულია 2008-2012 წლებში შეძენილი 22 086 000 ლარის საბალანსო ღირებულების ვიდეორგოლები, რომელთა მიხედვითაც, ორგანიზაციაში ეკონომიკური სარგებლის მიღება და მომსახურების პოტენციალის შემოსვლა არ ხდება. 

,,ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის'' ბალანსზე აღრიცხული, შაორის „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დამზადებული 2 ცალი _ 3 000 ლარის ღირებულების საჩრდილობელი, 4 ცალი _ 6 800 ლარის ღირებულების მცირე ბუნგალოსა და „ახალგაზრდული ფესტივალი 2017''-ის მოსაწყობად, საკონფერენციო დარბაზში დამონტაჟებული 3 ცალი _ 6 005 ლარის ღირებულების კონდიციონერის ფასი, სარემონტო სამუშაოებთან ერთად, ჩამოწერილია ხარჯებში. არადა, როგორც სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, აღრიცხვის ინსტრუქციის თანახმად, ისინი ძირითად აქტივად უნდა აღიარებულიყო! 

შრომის ანაზღაურება 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შრომის ანაზღაურების მუხლშიც სერიოზული ხარვეზებია. მაგალითად, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში (კოლეჯების, რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების გარდა), თანამდებობრივი სარგოს ნაწილში დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრი, 2 878 000 ლარით აღემატება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს. 

,,ამ შემთხვევაში, საბიუჯეტო პარამეტრი და მისი დაგეგმვის საფუძველი არსებითად განსხვავებულია, რამაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ხარჯის აღნიშნულ მუხლში, ეკონომიის შესაძლებლობა წარმოშვა. ამასთან, საშტატო ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახელფასო ფონდის მოცულობა 1 341 000 ლარით აღემატება საკასო ხარჯს ანუ ფაქტობრივ შესრულებას. თავის მხრივ, ამ ნაწილში ეკონომია, ცალკეულ საშტატო პოზიციებზე ვაკანსიების არსებობამ განაპირობა, რაც წლების განმავლობაში არსებული, არაოპტიმალური საშტატო სტრუქტურის შედეგია'', _ დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა. 

სწორედ ამ გარემოებების გამო, წლის განმავლობაში, თანამდებობრივი სარგოს მუხლში წარმოიქმნა ჯამური ეკონომია _ 4 220 000 ლარი, რაც შრომის ანაზღაურების სხვა ფორმის, კერძოდ, პრემია/დანამატებისა და ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენეს. 

საბიუჯეტო ხარვეზები 

სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები სამინისტროს მიერ, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც აღმოაჩინეს. მაგალითად, სამინისტროს ქვეპროგრამის, „განათლების სფეროში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის“ ფარგლებში, 3 500 000 ლარის ხარჯვის მიზნობრივი დანიშნულება გაწერილი არ იყო და მხოლოდ გაუთვალისწინებელი ხარჯების სარეზერვო ხასიათს ატარებდა. 

სამინისტროს ქვეპროგრამაში, „მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა“, დამტკიცებული დაფინანსების (2 100 000 ლარი) მხოლოდ 13.6%-ია ათვისებული, ვინაიდან დაგეგმვის ეტაპზე, ბენეფიციართა რაოდენობა არაზუსტად განსაზღვრეს. ანალოგიურად, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების“ ქვეპროგრამაში, ბიუჯეტით უკვე დამტკიცებული 1 600 000 ლარის გეგმა, წლის განმავლობაში 2 300 000 ლარამდე გაიზარდა. არადა, ფაქტობრივი ხარჯი 1 300 000 ლარი იყო, ხოლო დანარჩენი თანხა აუთვისებელი დარჩა. 

სამინისტროს ქვეპროგრამის „საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის“ წლიური ასიგნებები 2 500 000 ლარით დამტკიცდა. თუმცა დაზუსტების შედეგად, ეს გეგმა 41 000 ლარამდე, 98.4%-ით შემცირდა! წლის ბოლოს, დაზუსტებული გეგმის 98.1% აითვისეს, არადა, შესრულების მაჩვენებელი დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში, მხოლოდ 1.6%-ია! აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, პროგრამისთვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული თანხის მხოლოდ 1.5% აითვისეს. ანალოგიურად, „საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარების“ ქვეპროგრამის დამტკიცებული ასიგნებები, 2 000 000 ლარიდან, 257 000 ლარამდე შემცირდა, რაც თითქმის სრულად აითვისეს. თუმცა დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში, ათვისების მაჩვენებელი მხოლოდ 12.3%-ია. 

სამინისტროს მასშტაბით, „სუბსიდიის“ მუხლიდან საწვავის მოხმარებაზე, 716 003 ლარი დახარჯეს. ფინანსურ ანგარიშგებაში, საწვავის მოხმარებაზე გაწეული საკასო ხარჯი 1 372 046 ლარია, რაც სუბსიდირებულ დანახარჯებს არ ითვალისწინებს. „სუბსიდიის“ მუხლიდან გახარჯული საწვავი, ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ხარჯის 52%-ია. სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სამინისტროს მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯები გაუმჭვირვალე, ხოლო სახაზინო და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია _ არაზუსტია! 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 

2017 წელს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 6 უმაღლესი სასწავლებლის 13 პროექტის დასაფინანსებლად, 628 000 ლარი გამოყვეს, საკასო ხარჯი კი 610 000 ლარი იყო. 

სახელმწიფო აუდიტორების ცნობით, სარეზერვო ფონდებიდან საბიუჯეტო სახსრები ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად უნდა გამოყონ, რომლებიც სისტემატურად ტარდება, ხოლო ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში, ასეთი ღონისძიებები ხარჯებში უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტები: ,,ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი'', „ვისწავლოთ ქართული“; სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი _ „ახალგაზრდა ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის“; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტი _ „უცხოელი პროფესორების აკადემიური და სამედიცინო საქმიანობის ორგანიზება საქართველოში“. 

სარეზერვო ფონდებიდან საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ხდება ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც არ ატარებენ სისტემატურ ხასიათს, თუმცა მათი მნიშვნელობიდან, მასშტაბიდან და ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლება გაუთვალისწინებელ ხარჯად ჩავთვალოთ. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ეს ღონისძიებები მხარჯავი დაწესებულების ასიგნებებში უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტი _ „ლიტერატურული კაფე“; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი _ „უნივერსიტეტი 100''. 

აშკარაა, რომ ყველა ეს ღონისძიება სამინისტროს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში უნდა გაეთვალისწინებინათ. თუმცა სინამდვილეში, სულ სხვა სურათი მივიღეთ _ ამ ღონისძიებებისთვის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გამოიყენეს. შედეგად, მთლიანობაში 628 000 ლარი გამოყვეს, მაგრამ მხოლოდ 610 000 ლარი აითვისეს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში