Menu
RSS

რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ახალი წესი

ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ?!

კოალიცია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის'' მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ წესს აპროტესტებს. ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესი საქართველოს მთავრობამ 2019 წლიდან შეცვალა და შესაბამისად, ეს ცვლილება მომდევნო წლის ბიუჯეტში უკვე ასახა. ახალი სისტემით, გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, ადგილობრივ ბიუჯეტებში მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით მიღებული შემოსავლები რჩება. არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაფინანსების ეს წესი თვითმმართველობის კოდექსს და ქვეყნის დეცენტრალიზაციას თავდაყირა აყენებს, რადგან რა პრინციპით და როგორ გადანაწილდა დღგ-ს 19% ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, გაურკვეველია. სინამდვილეში, ფინანსთა სამინისტრო დილემის წინაშე იდგა _ 2019 წლიდან დაფინანსების სისტემა უნდა შეეცვალა, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტშიც უნდა ასახულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენის ვადებს დაარღვევდა.

მუნიციპალიტეტების დაფინანსება 

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესი შეცვალა. გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით, თვითმმართველობებში მიღებული შემოსავლების 19% დარჩება. კოალიცია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის'' წევრების განცხადებით, სწორედ ამ პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით, დღგ-ს 19%-იდან დედაქალაქს – 50.01%, 4 თვითმმართველი ქალაქს – 11.19%, დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტს კი 38.8% ერგება. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი _ დღგ-ს 19%-ის განაწილება _ 50.01% და დღგ-ს მოცულობა _ 473 415 200 ლარი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი _ 5.07% და 47 953 600 ლარი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი _ 0.98% და 9 304 000 ლარი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი _ 0.68% და 6 410 900 ლარი; ქედის მუნიციპალიტეტი _ 0.65% და 6 110 300 ლარი; შუახევის მუნიციპალიტეტი _ 0.03% და 250 000 ლარი; ხულოს მუნიციპალიტეტი _ 0.23% და 2 170 000 ლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტი _ 0.70% და 6 585 600 ლარი; გურჯაანის მუნიციპალიტეტი _ 0.91% და 8 609 100 ლარი; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი _ 0.15% და 1 384 900 ლარი; თელავის მუნიციპალიტეტი _ 1.42% და 13 435 300 ლარი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი _ 0.93% და 8 841 300 ლარი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტი _ 0.83% და 7 855 600 ლარი; სიღნაღის მუნიციპალიტეტი _ 0.40% და 3 769 400 ლარი; ყვარლის მუნიციპალიტეტი _ 0.43% და 4 096 300 ლარი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი _ 3.48% და 32 935 300 ლარი; ჭიათურის მუნიციპალიტეტი _ 0.79% და 7 494 100 ლარი; ტყიბულის მუნიციპალიტეტი _ 0.38% და 3 602 800 ლარი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი _ 0.83% და 7 881 300 ლარი; ბაღდათის მუნიციპალიტეტი _ 0.54% და 5 071 100 ლარი; ვანის მუნიციპალიტეტი _ 0.67% და 6 381 800 ლარი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი _ 0.93% და 8 787 300 ლარი; თერჯოლის მუნიციპალიტეტი _ 0.81% და 7 648 100 ლარი; სამტრედიის მუნიციპალიტეტი _ 0.74% და 7 007 600 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტი _ 1.03% და 9 772 300 ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი _ 0.52% და 4 947 800 ლარი; ხონის მუნიციპალიტეტი _ 0.69% და 6 524 000 ლარი; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი _ 0.36% და 3 398 500 ლარი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი _ 2.42% და 22 888 200 ლარი; აბაშის მუნიციპალიტეტი _ 0.57% და 5 388 600 ლარი; მარტვილის მუნიციპალიტეტი _ 0.80% და 7 526 000 ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტი _ 0.35% და 3 346 400 ლარი; სენაკის მუნიციპალიტეტი _ 0.69% და 6 545 800 ლარი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი _ 0.55% და 5 195 000 ლარი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი _ 0.63% და 5 991 700 ლარი; ხობის მუნიციპალიტეტი _ 0.34% და 3 250 000 ლარი; გორის მუნიციპალიტეტი _ 3.01% და 28 511 000 ლარი; კასპის მუნიციპალიტეტი _ 0.60% და 5 682 500 ლარი; ქარელის მუნიციპალიტეტი _ 0.95% და 9 032 000 ლარი; ხაშურის მუნიციპალიტეტი _ 1.04% და 9 863 500 ლარი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი _ 2.28% და 21 562 900 ლარი; ბოლნისის მუნიციპალიტეტი _ 0.09% და 875 000 ლარი; გარდაბნის მუნიციპალიტეტი _ 0.20% და 1 875 000 ლარი; დმანისის მუნიციპალიტეტი _ 0.52% და 4 939 000 ლარი; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი _ 0.53% და 4 993 300 ლარი; მარნეულის მუნიციპალიტეტი _ 1.23% და 11 629 800 ლარი; წალკის მუნიციპალიტეტი _ 0.15% და 1 404 500 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი _ 0.74% და 6 980 800 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი _ 1.41% და 13 313 800 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი _ 0.32% და 3 021 800 ლარი; ადიგენის მუნიციპალიტეტი _ 0.45% და 4 300 600 ლარი; ასპინძის მუნიციპალიტეტი _ 0.07% და 662 500 ლარი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი _ 0.07% და 650 000 ლარი; ახალციხის მუნიციპალიტეტი _ 0.91% და 8 638 800 ლარი; ბორჯომის მუნიციპალიტეტი _ 0.10% და 975 000 ლარი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი _ 0.29% და 2 788 400 ლარი; დუშეთის მუნიციპალიტეტი _ 0.51% და 4 823 600 ლარი; თიანეთის მუნიციპალიტეტი _ 0.44% და 4 121 000 ლარი; მცხეთის მუნიციპალიტეტი _ 0.44% და 4 131 300 ლარი; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი _ 0.01% და 87 500 ლარი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი _ 0.73% და 6 931 400 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტი _ 0.36% და 3 454 400 ლარი; ონის მუნიციპალიტეტი _ 0.39% და 3 715 500 ლარი; ცაგერის მუნიციპალიტეტი _ 0.62% და 5 840 500 ლარი; სულ _ 100.00% და 946 580 000 ლარი. 

ფინანსთა სამინისტროს შეცდომა 

ნიშნავს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ახალი წესი იმას, რომ ქვეყნის მთავრობა რეალურ დეცენტრალიზაციაზე უარს ამბობს? როგორ მოხდა, რომ დღგ-ს 19%-დან 50.01% თბილისის მუნიციპალიტეტში რჩება, ხოლო ბათუმში _ 5.07%? ,,ვერსიას'' კოალიცია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის'' წევრი ირაკლი მელაშვილი ესაუბრა. 

_ ბატონო ირაკლი, რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ახალი წესი? 

_ ამ სისტემით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ შემოგვთავაზა, 2019 წელს, მთლიან საჯარო ფინანსებში უმნიშვნელოდ, 50 მილიონი ლარით იზრდება მუნიციპალიტეტების წილი, 2019 წლიდან კი ფინანსური დეცენტრალიზაცია მთლიანად ჩერდება! მუნიციპალიტეტები თავიდან ბოლომდე, ფაქტობრივად, ჩამოკიდებულნი რჩებიან ცენტრალურ ბიუჯეტზე ანუ საკუთარი აქტივი ნულია, რადგან მუნიციპალიტეტს მხოლოდ ქონების გადასახადს უტოვებ და მთელი მუნიციპალური სერვისები ჩამოეკიდება ცენტრალურ ბიუჯეტს, რასაც ვერ გაუძლებს! ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატივას, შეიქმნას სისტემა, სადაც მუნიციპალიტეტი დაინტერესებული გახდება, ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს, რომ საკუთარი შემოსავლები გაზარდოს და ნელ-ნელა, ცენტრალურ ბიუჯეტს ჩამოშორდეს. მეტიც, ისე განვითარდეს, რომ რამდენიმე წელიწადში, მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი თვითკმარიც კი გახდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ დღგ კი არა, საშემოსავლო გადასახადი დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში, რადგან დღეს არსებულ ვითარებაში, მუნიციპალიტეტში ინვესტიცია რომ განხორციელდეს, ადგილზე მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება. თუ ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი ადგილზე დარჩება, თითოეული, ახლად გაჩენილი სამუშაო ადგილიდან, ადგილობრივ ბიუჯეტში შევა თანხა. რაც უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, მით მეტი თანხა შევა ბიუჯეტში და მით მეტი პროექტი განხორციელდება. ესაა სქემა, რომელიც მთელ ევროპაში მუშაობს და რომლითაც ევროპის ქვეყნებმა რეალურ დეცენტრალიზაციას მიაღწიეს, თუმცა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის მუნიციპალიტეტში დატოვება დამატებით ღირებულებას ვერ შექმნის და ვერც სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ვთავაზობთ, რომ ქონება, მიწა და ბუნებრივი რესურსები ადგილობრივ თვითმმართველობებს გადავცეთ. 

2016 წელს, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი მივიღეთ, მიწის, ქონებისა და ბუნებრივი რესურსების საკითხიც უნდა გადაწყვეტილიყო ანუ ყველაფერი ეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში ისედაც უნდა გადასცემოდათ, რაც რეალურად, არ შესრულებულა. ამ სისტემით, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გვთავაზობს, ის პრინციპი დაირღვა, რაც თვითმმართველობის კოდექსში იყო ჩადებული და რომლითაც რეალური დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელებულიყო! ერთი მხრივ, საშემოსავლო გადასახადის ადგილზე დატოვებით, სტიმული შეიქმნებოდა, რათა თვითმმართველობებს ემუშავა, მეორე მხრივ კი, ქონების, მიწისა და ბუნებრივი რესურსების გადაცემით, მექანიზმები შეიქმნებოდა, რათა მუნიციპალიტეტებს ეს სტიმული კარგად გამოეყენებინათ. 

_ კონკრეტულად, რა ქონება და მიწის რა ნაკვეთები უნდა გადაეცეთ მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში? 

_ ის, რაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და რაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. თუ მუნიციპალიტეტს აქვს ფისკალური მექანიზმი, რომლითაც ინვესტორებს დააინტერესებს, რესურსიც სჭირდება, რათა ეს ინვესტიცია მოიზიდოს. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა 16 000 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია ხოლო მიწის პრივატიზების პროცესში, ყოველდღიურად, თითო წინადადებაც რომ განიხილონ, ამ ოდენობის მიწების პრივატიზებას, დაახლოებით, 50 წელიწადი დასჭირდება. არადა, სწორედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იქმნება დამატებითი ღირებულება. რა ჯანდაბად უნდა სამინისტროს ამ რაოდენობის მიწის ნაკვეთი ბალანსზე? 16 000 მიწის ნაკვეთიდან თითოეულზე ორი-სამი სამუშაო ადგილიც რომ შეიქმნას, ეს უკვე 50 000 დასაქმებული ადამიანია! 

იგივე ვითარებაა ბუნებრივ რესურსებშიც, გავიგე, რომ მადნეული და ბორჯომი ცენტრალურ ხელისუფლებაში უნდა დატოვო, მაგრამ ქვისა და ხრეშის უამრავი კარიერი გვაქვს ქვეყანაში. მაგალითად, რაჭაში გზას რომ აკეთებდნენ, ვანის მუნიციპალიტეტიდან მოჰქონდათ ხრეში. არადა, რაჭის მდინარეები ხრეშითაა გადავსებული და იმის გამო, რომ არ იწმინდება, გაზაფხულობით წყალდიდობის საშიშროებაა! ყველაფერი ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში უნდა იყოს, ცენტრში კი კონტროლის მექანიზმები დარჩეს. 

ახლა ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემა, კონტროლიც და ზედამხედველობაც ერთი უწყების ხელშია, რაც არასწორია და იმიტომაც არ მუშაობს! თუ ქონებას, მიწასა და ბუნებრივ რესურსებს მუნიციპალიტეტებს გადავცემთ, დარწმუნებული ვარ, ბევრ მუნიციპალიტეტში გამოცოცხლდება ვითარება. 

_ იმის თქმა გსურთ, რომ თქვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატივით, ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტი ან თუნდაც გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ დასჭირდება? მაგალითად, ახლა ვერ ვარკვევთ, რა პრინციპით რჩება დღგ-ს 50% თბილისში, 4 თვითმმართველ ქალაქში _ 11%, ხოლო დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტში _ 38%? 

_ რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, დიახ, ნაწილობრივ ასეა. რატომ ტოვებენ საშემოსავლო გადასახადს ადგილობრივ ბიუჯეტებში მთელ ევროპაში და არა _ დღგ-ს? იმიტომ, რომ როდესაც საშემოსავლო გადასახადს ტოვებ, მისი იდენტიფიცირება, თუ სად შეიქმნა ეს გადასახადი, რომელ მუნიციპალიტეტში, ძალიან მარტივია. დღგ-ს შემთხვევაში, ამ გადასახადის გადამხდელი ბოლო მყიდველია და შესაბამისად, იმის გაგება, სად იქმნება დამატებითი ღირებულება, ამ გადასახადის მიხედვით შეუძლებელია! მეტიც, დღგ-ს დატოვებით, ვერასდროს გაიგებთ, რომელი მუნიციპალიტეტია უფრო მეტად განვითარებული _ ბორჯომი თუ ონი, მაგრამ თუ ადგილობრივ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს დავტოვებთ, ამის გაგება ადვილია. 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს 19% მთლიანად აიღეს და რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაანაწილეს. მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის, ასევე, საბავშვო ბაღისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით. ცხადია, ამ კრიტერიუმებით, თბილისს 60%-ზე მეტი ერგო, უბრალოდ, 10% ჩამოაკლეს და 50.01%-ზე დასვეს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები ტყუილია და რეალობას არ ასახავს! ზუსტად ამას ვეუბნებით ფინანსთა სამინისტროს, რატომ მოაკელით თბილისს 10%, ან რატომ მოუმატეთ რომელიღაც მუნიციპალიტეტს 3% და არა _ 5%? ვინაიდან ვერ ვარკვევ, სად იქმნება დამატებითი ღირებულება, ვიღებ დღგ-ს შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანად და ამის შემდეგ, მოჭრილად ვანაწილებ თანხას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებზე... 

_ გასაგებია, მაგრამ ასეთი გადანაწილება სამართლიანია? მაგალითად, ყაზბეგში 0.01% რატომ დარჩა? 

_ ისეთი ,,გენიალური'' სისტემა შევქმენით, რომ ყაზბეგი მოულოდნელად, ტურისტების ზრდის ხარჯზე, თვითკმარ მუნიციპალიტეტად იქცა, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს თანხა სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე აკლდება, ან ემატება, ასე ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა და იმიტომ! აიღეს შარშანდელი მონაცემები გათანაბრებითი ტრანსფერით და გადაამოწმეს, რომელ მუნიციპალიტეტს რა ოდენობის დაფინანსება ჰქონდა. პირველი ამოცანა ის იყო, რომ შარშანდელზე ნაკლები დაფინანსება არცერთ მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰქონოდა, თუმცა წელს, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსება მცირედით უნდა გაზრდილიყო. შეადგინეს ცხრილი, ვის რამდენი დაფინანსება ერგებოდა და ამის შემდეგ ეს ციფრები პროცენტებში გადაიყვანეს. 

არადა, დაჟინებით ვითხოვთ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადი დარჩეს, მაგრამ იცით, ამის ნაკლად რას თვლიან? გვეუბნებიან, 10-15 მუნიციპალიტეტი კარგად იქნება, დანარჩენი _ ცუდადო და, რა თქმა უნდა, სწორია, ასე იქნება, თუმცა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფონდი ხომ გვაქვს? როდესაც ვნახავთ, რომ 15 მუნიციპალიტეტი კარგად განვითარდა, ცხადია, ამ დაფინანსებას შევუწყვეტთ და ერთ-ერთი პირველი თბილისი იქნება, რომელსაც გათანაბრებითი ტრანსფერის 50% მიაქვს. ეს 50% ხომ გამოთავისუფლდება? სწორედ ეს თანხები გადანაწილდება სუსტ მუნიციპალიტეტებზე. 

გარდა ამისა, ქონებას, მიწასა და ბუნებრივ რესურსებსაც ხომ მუნიციპალიტეტების საკუთრებაში დავტოვებთ, რაც მათთვის დამატებითი სტიმული იქნება?! აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა, იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა შემცირდება, რომლებსაც გათანაბრებითი ტრანსფერით დახმარება დასჭირდება. ჩვენს შემთხვევაში ანუ საშემოსავლო გადასახადის დატოვებით, ვიღებთ სისტემას, როდესაც თავიდანვე ნათელი ხდება მოცემულობა, რომელი მუნიციპალიტეტი ინახავს საკუთარ თავს და რომელი _ ვერა. 

ვაპირებთ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდეთ და ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ის ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზოთ, რაზეც გესაუბრეთ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში