Menu
RSS

„გაჩნდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ივანიშვილის სახელით საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ!“

„სისტემის დემონტაჟი დაეზარათ და გადაწყვიტეს, რომ ძველი სისტემური ურჩხული თვითონვე მართონ!“ _ გია ხუხაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითხოვს

აგრესიული წინასაარჩევნო პიარ-კამპანია, ფარული ჩანაწერები და რეკეტი ბიზნესზე _ ეს დღევანდელი რეალობაა. უფრო ზუსტად ისაა, რასაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ვერავინ წარმოიდგენდა. იმ რეჟიმის ავტორები, რომლებსაც საზოგადოებამ უარი ექვსი წლის წინ უთხრა, დღეს ხელისუფლებას ბრალს სწორედ ბიზნესის ზეწოლაში სდებენ და, როგორც ,,ვერსიის'' ამ ინტერვიუში, ექსპერტი გია ხუხაშვილი იტყვის, ეს უკვე მხოლოდ პიარი კი არა, სამწუხაროდ, მწარე რეალობაა, რასაც ,,ქართულმა ოცნებამ'' თავი ძალიან სწრაფად უნდა დააღწიოს. რა შეცდომა დაუშვა ,,ქართულმა ოცნებამ'' და რაც მთავარია, როგორ უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა? _ ,,ვერსიას'' ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო გია, 2012 წლიდან დღემდე რა შეიცვალა? 

_ ეს პროცესი შიგნიდან ვიცი, ამიტომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდი, მოდით, ეტაპებად გავყოთ. პირველ ეტაპზე ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ წინა რეჟიმის დროს, ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობები არსებობდა, სადაც ხელისუფლება ბიზნესის ,,დირექტორი'' იყო ანუ მაშინ ბიზნესი წარმოედგინათ, როგორც ,,მეწველი ძროხა'' და ხარკს კრეფდნენ, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე, არასაარჩევნო პერიოდშიც. ვგულისხმობ მსხვილ ბიზნესს, სადაც სერიოზული, დიდი ფული იშოვება. ეს იყო სისტემა, სადაც ყველაფერი ერთ სალაროზე მუშაობდა. ჩვენ ეს კარგად ვიცოდით და როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პოლიტიკური ნება არსებობდა, რომ ბიზნესი და პოლიტიკური ფული დაშორებულიყო. კარგად გვესმოდა, რომ ჩვენს ირგვლივ გაჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ამაზე ხელის მოთბობასა და ძველი ურთიერთობების შენარჩუნებას შეეცდებოდნენ. ისიც ვიცოდით, რომ გამოჩნდებოდა ახალი ელიტა, რომელსაც გაუჩნდებოდა ამბიცია, რათა ბიზნესის პარსვა გაეგრძელებინა, ამიტომ ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა იყო, რომ ეს ე.წ. შავი, პოლიტიკური სალარო გაგვეუქმებინა. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები კიდეც გადავდგით და ამის მაგალითია რკინიგზა, სადაც ნაციონალური მოძრაობის კურაციით, ,,შავი სალარო'' არსებობდა, ჩვენ ეს სალარო გავათეთრეთ ანუ ფული რკინიგზაში დავაბრუნეთ. შედეგად, დაახლოებით, 15 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც ყოველწლიურად რკინიგზიდან ,,შავ სალაროში'' მიდიოდა, რკინიგზაშივე ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა. 

ამის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე რაღაც შეიცვალა, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სისტემა მხოლოდ ბიზნესთან კი არა, არამედ, სხვა მიმართულებებითაც არ შეეცვალა. ნახეთ, რა ხდება სასამართლოში, რომელსაცKშეგვიძლია ,,კოლექტიური მურუსიძე'' ვუწოდოთ, თუნდაც პარლამენტს გადავხედოთ, ვინ ნაციონალია და ვინ _ ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელი, უკვე ძნელი გასარკვევია. ასეთი ვითარებაა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სისტემაშიც. მოკლედ, ყველაფერი აირია. ფაქტობრივად, ხელისუფლებას სისტემის დემონტაჟი და ახალი სისტემის დამკვიდრება დაეზარა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ძველი, სისტემური ურჩხული თვითონვე ემართა, რაც თავიდანვე ილუზია იყო. საბოლოოდ, როდესაც გიჩნდება იმის ილუზია, რომ ურჩხულის მართვა შეგიძლია, როდესაც ის ურჩხული მოძლიერდება, მძევლად აგიყვანს, რა პროცესშიც ახლა ვიმყოფებით. 

რაც შეეხება ბიზნესთან ურთიერთობას, ვერ ვიტყვი, რომ დღეს ისევე ცუდადაა საქმე, როგორც ადრე იყო. მაშინ ქონების ტოტალური გადანაწილება მკაცრად კონტროლდებოდა, დღეს ამას ტოტალური ხასიათი არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არანაკლებ სახიფათო პრეცენდენტი გაჩნდა... 

_ რას გულისხმობთ? 

_ იმას, რომ თუ წინა რეჟიმის დროს ყველაფერი ეს ერთ სალაროზე მუშაობდა ანუ მპარსველი ერთი იყო და ბიზნესიდან აქაჩული ფული ერთ სალაროში ხვდებოდა, ახლა ხელისუფლების მართვის სისუსტით, სხვადასხვა ჯგუფებმა ისარგებლეს, რომლებმაც პატარ-პატარა, ბევრი სალარო გაიჩინეს და ხელისუფლების ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით, საკუთარ კეთილდღეობას უწყობენ ხელს. შესაბამისად, ფული პოლიტიკაზე აღარ მუშაობს, პოლიტიკამ დაიწყო ფულსა და ინტერესჯგუფებზე მუშაობა! დააკვირდით, რა ვითარებაა _ ყველა გახმაურებულ საქმეში ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ, პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანს, რომელსაც ვერ წარმომიდგენია, რომ სიგარეტის, ან რომელიმე სხვა ბიზნესში რაიმე ინტერესი ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ გაჩნდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სახელით, საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ! ისინი პოლიტიკაზე კი აღარ ამუშავებენ ფულს, არამედ, თვითონ შოულობენ ამ ფულს პოლიტიკის ანუ ბიძინა ივანიშვილის სახელით! ამან ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, დიდ ბიზნესებს თავი რომ დავანებოთ, ჯიხურებამდეც კი დავიდა _ ვიღაცას ჯიხურის წართმევა რომ უნდა, ისიც კი ბიძინა ივანიშვილის სახელით იწყებს საუბარს. ესაა მარტივი, თაღლითური ოპერაციები. მეტსაც გეტყვით, იმას, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი: ეს მაშინ მოხდა, როდესაც სხვადასხვა ბიზნესჯგუფს ვხვდებოდი და ჩემზე აბსურდული ლეგენდები დადიოდა, მაშინ რამდენიმე შემთხვევა გამოვავლინეთ, როცა ჩემი სახელის გამოყენებით ცდილობდნენ გარკვეულ ბიზნესებში ჩართვას. ამას აკეთებდნენ ადამიანები, რომლებიც თვალითაც კი არ მყავდა ნანახი, ცდილობდნენ, რომ ჩემი სახელით, გარკვეული ბიზნესურთიერთობები გაეჭრათ. ჩემს შემთხვევაში, ამას რამდენიმე ერთეულის სახე ჰქონდა და თანაც ყველა ფაქტი აღვკვეთეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ამან ტოტალური სახე მიიღო _ ნებისმიერი პირი, რომელსაც ესა თუ ის ბიზნესაქტივობა აქვს გადაწყვეტილი, ბიძინას სახელით იწყებს აპელირებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმეა, რათა ამ სისტემურ ურჩხულს თავი მოკვეთოს და რაც შეიძლება, სწრაფად! დუმილი და უმოქმედობა, ფაქტობრივად, აღიარება იქნება მისი მხრიდან, რაც ძალიან უსამართლოა. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, რატომ დუმს ამდენ ხანს, მაგრამ შესაძლოა, მოახლოებული არჩევნები უშლის ხელს და დიდ რყევებს ამიტომ ერიდება. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ ის სისტემა, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, მასაც ჩაიყოლებს, თუ არ გაემიჯნება. 

_ ბოლო ექვსწლიანი პერიოდი ორ ნაწილად გავყოთ _ 2016 წლამდე და 2016 წლის შემდეგ. 2016 წლამდე, საპრეზიდენტო, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები გავიარეთ, მაგრამ ვითარება ასეთი დაძაბული არ ყოფილა, არც პოლიტიკური ოპონენტები გამოირჩეოდნენ ასეთი აგრესიით. თქვენი აზრით, რა შეიცვალა და რა მოხდა ბოლო ორ წელიწადში? 

_ 2016 წლამდე კი არა, ამ პერიოდს 2015 წლამდე გავყოფდი, როდესაც ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა და ხელისუფლებას საზოგადოებაშიც მაღალი ნდობა ჰქონდა. ამის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა, რადგან სისტემამ ყველა მიმართულებით დეგრადაცია განიცადა. 2015 წლამდე, სისტემა შეშინებული იყო, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ დაისჯებოდა იმ განუკითხაობის გამო, რასაც წინა რეჟიმის დროს აკეთებდა, ამიტომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, თუმცა როგორც კი სისტემა დარწმუნდა, რომ ხელს არავის ახლებდნენ და მეტიც, ხელისუფლება ამ სისტემასთან სათანამშრომლოდ მზად იყო, ამის შემდეგ დაიწყო დეგრადაცია, ამ დროს ,,კოლექტიური მურუსიძე'' უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა. თუ მანამდე ბუჩქებში იმალებოდა და ხმას არ იღებდა, იგრძნო რა, რომ ხელისუფლება მისთვის საჭირო გახდა, ბუნებრივია, ამის შემდეგ სრული დეგრადაცია და სისტემის აღორძინება დაიწყო. საბედნიეროდ, ისეთი სადისტური სახე ჯერ არ მიუღია, როგორც სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის _ სისტემა მომძლავრდა, აღიდგინა დანაკარგები და სამწუხაროდ, ყივლედღიურად საკმაოდ აგრესიულიც ხდება. ხვალ და ზეგ ამ მხრივ უფრო მეტ უარესობას უნდა ველოდოთ, თუ ყველაფერი ეს ერთხელ და სამუდამოდ არ აღიკვეთა! 

_ მართალია, ახლა ბიზნესმენები სადღაც ჯურღმულებში აღარ ჩაჰყავთ, სადაც ხელების გადაგრეხვით სახელმწიფოს სასარგებლოდ წილებს ათმობინებენ და არც ციხეებია ურჩი მეწარმეებით გავსებული, მაგრამ სამაგიეროდ, ხელისუფლების სახელით, გარკვეული ჯგუფები თაღლითური სქემებით მოქმედებენ და რა გამოდის, დიდად არაფერი შეცვლილა? 

_ რაც შეეხება შეფასებას, მოდით, ორი ასპექტი გავარჩიოთ. ერთი ისაა, რომ ადამიანთან მიმართებაში ანუ პიროვნებისთვის ეს ხელისუფლება საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მეორეს მხრივ, სახელმწიფოებრივი რისკები კიდევ უფრო მაღალია და აგიხსნით, რატომ: თუ წინა რეჟიმის დროს, ერთი სალაროს პრინციპით, ფული პოლიტიკაზე მუშაობდა, ეს უბედურება იყო, მაგრამ ვითარება კონტროლირებადი გახლდათ. დღეს კი მრავალი სალარო გაჩნდა და კორუფციამ მეტასტაზების ხასიათი შეიძინა, რაც უფრო სახიფათოა სახელმწიფოებრივად, რადგან რაღაც ეტაპზე, კონტროლი იკარგება და უმართავი პროცესების საფუძველი იქმნება. 

_ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, რასაც მოგვიანებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა, ამ ვითარების დარეგულირების ერთგვარი მცდელობა იყო? 

_ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ მისი დაბრუნება აუცილებელი იყო. დაინახა, რომ რაღაც წესრიგში არაა, ამიტომ დისტანციიდან ამ ვითარების მონიტორინგი და კონტროლი შეუძლებელი იქნებოდა და დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ამ დაბრუნებას ორი ძირითადი ამოცანა უნდა ჰქონოდა _ ტაქტიკური და სტრატეგიული. ტაქტიკური ამოცანა შიდა პარტიული პრობლემების დალაგება იყო, რადგან თუ გახსოვთ, სახელისუფლებო პარტიის შიგნითაც საკმაოდ უცნაური პროცესი მიმდინარეობდა. ერთი ამოცანა _ პარტიული დისციპლინის აღდგენა, ხოლო მეორე, სტრატეგიული ამოცანა _ სახელმწიფოებრივი სისტემის დალაგება გახლდათ. ბიძინა ივანიშვილმა პირველი პრობლემა გადაწყვიტა ანუ პარტიული დისციპლინა აღადგინა, მაგრამ სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი პრობლემების დალაგება ძალიან სუსტად დაიწყო. მეორე ეტაპი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით არ ჩანს, ვინაიდან ამ მხრივ ყოველდღიურად მძიმდება მდგომარეობა. 

_ ერთგვარი სერიალის სახე მიიღო ფარულმა ჩანაწერებმა, რასაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ... 

_ ეს არც გაჩერდება. გასაგებია, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაგორების ილუზია აქვს, მაგრამ ასეთი სისტემური პრობლემები არ გადაგორდება. სინამდვილეში, ხელისუფლების პრობლემა ოქუაშვილი კი არა, ის ურჩხულია, რომელიც სისტემას შიგნიდან ჭამს. 

_ გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ უნდა დაამარცხოს ხელისუფლებამ ეს ურჩხული? 

_ თუ ჩვენ კორუფციის რისკებზე ვსაუბრობთ, ამ რისკების გადალახვა, დეგრადაციის პროცესის შეჩერება და ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა დამოუკიდებელი, სრულიად ახალი, არაკომპრომეტირებული საგამოძიებო სისტემის ანუ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით შეიძლება. ეს ინსტიტუტი სუფთა ფურცლიდან დაიწყებს მუშაობას და სისტემურ ურჩხულს თავს წააცლის. ანტიკორუფციული ბიუროს გამოცდილება დასავლეთშიცაა და უკრაინაშიც, სადაც ეს უწყება ამერიკელების კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა. 

მოკლედ, ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა შეიქმნას, რომელსაც ძალიან მაღალი ნდობა ექნება. მაგალითად, პროკურატურა ავიღოთ, კარგია თუ ცუდი, დღეს მისდამი ნდობა ძალიან დაბალია... 

_ დიახ, ბოლო დროს, პროკურატურას თითქოს ყველა გაურბის და ცდილობს, ჩვენება სასამართლოში მისცეს... 

_ პროკურატურას გაურბიან, მაგრამ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, სასამართლოს მიმართაც არაა მაღალი ნდობა. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ კორუფციას ქმედითად შევებრძოლოთ, სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა შევქმნათ, რომელსაც პოლიტიკური ზურგი ექნება, რათა იმოქმედოს და ჩანასახშივე დაამარცხოს ის სენი, რომელიც სამწუხაროდ, ხელისუფლების ქვედა დონეებზეც გავრცელდა. ჩვენ ადრე ელიტურ კორუფციაზე ვსაუბრობდით, მაგრამ დღეს ამან ელიტურობა დაკარგა და მართლაც, მეტასტაზებივით მოედო სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც ძალიან სახიფათოა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის სახით, ინსტრუმენტი დაგისახელეთ, მაგრამ ეს ინსტრუმენტიც ვერ იმუშავებს, თუ სისტემამ ეფექტურობა არ შეიძინა და ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი არ გახდა. დღევანდელი სისტემა მოუქნელია, ხელისუფლება ან საერთოდ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ან გვიან იღებს, როდესაც უკვე აზრი აღარ აქვს. აი, ამ სიტუაციაში ვართ და ერთის მხრივ, ეფექტურობა, მეორეს მხრივ კი, დამატებითი, არაკომპრომეტირებელი ინსტრუმენტების შექმნა გვჭირდება. გიმეორებთ: იმედი მაქვს, რომ ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს დღეს აკავებს, წინასაარჩევნო პერიოდია და ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ეს პროცესი დაიწყება. ივანიშვილს დიდი დრო აღარ დარჩა, თუ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ნება არ აჩვენა, რომ ამ მანკიერ სისტემას ებრძვის, მერე უკვე ამ მანკიერებისგან მისი გამიჯვნა ძალიან გაჭირდება, რასაც არც მისთვის და არც ქვეყნისთვის არ ვისურვებდი. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად ვარ განწყობილი, მასთან ადამიანური ვალდებულებები და სენტიმენტები მაკავშირებს, რაზეც უარის თქმა ჩემთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ,,მოყვარეს პირში უძრახე''-ს პრინციპით გესაუბრებით, რადგან მას ჩემს მოყვარედ ვთვლი და ამიტომ შემოვკრავ განგაშის ზარებს და არა იმიტომ, რომ მისი ჯინი მჭირს. 

_ ბატონო გია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინა რეჟიმის სისტემურმა ურჩხულმა ახლანდელი ხელისუფლება კოჰაბიტაციის გამო შთანთქა? 

_ რა თქმა უნდა, რადგან კოჰაბიტაცია ძალიან დიდი შეცდომა იყო! არ უნდა გვქონოდა ილუზია, არ უნდა დაგვეჯერებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზუსტად ვიცოდით, რომ დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ. მათი მართვის ილუზია არ უნდა გაგვჩენოდა, ეს ადამიანები ტრანსფორმირდნენ, მაღალჩინოსნებს უთხრეს, თქვენ კაბინეტებში ისხედიტ და ყველაფერს ჩვენ გაგიკეთებთ ანუ კომფორტი შეუქმნეს და აცდუნეს, საბოლოოდ კი, მათ მძევლებად იქცნენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ბიძინა ივანიშვილიც უკვე მძევალია, მაგრამ სამწუხაროდ, კარგი არაფერი ჩანს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის მცირედი შანსი, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გაჩნდეს. 

_ წინასაარჩევნო პერიოდში ,,ქართულ ოცნებას'' ოპონენტები ბრალს ბიზნესის ზეწოლაში სდებენ, ეს ერთგვარი პიარსვლაა? 

_ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პიარი აღარაა. ჩემთვის წარმოუდგენელი და დამთრგუნველია, როდესაც იძულებული ვარ, გარკვეულ საკითხებში ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას დავეთანხმო. მას ბევრი ტყუილი აღარ სჭირდება, ხელისუფლებამ მისცა საფუძველი, რომ აქეთ შეედაოს იმის გამო, რასაც წლების წინ, თვითონ აშავებდა. ყველაზე მძიმე სანახავია, როდესაც მანკიერი სისტემის დამფუძნებელი გამოდის და მისსავე შექმნილ მანკიერებაზე ხელს დღევანდელი ხელისუფლებისკენ იშვერს, ეს ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს სიმართლეა.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში