Menu
RSS

პირველი არასუბსიდირებული რთველი წარმატებული აღმოჩნდა

რეკორდული მაჩვენებლები _ 230 000 ტონა გადამუშავებული ყურძენი და 300 მილიონი ლარის შემოსავალი!

წელს, კახეთში რეკორდული რაოდენობის _ 230 000 ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო 30 წლის მანძილზე, ეს მართლაც რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით, მევენახეებმა 300 მილიონი ლარი მიიღეს. ბოლო მონაცემებით, ღვინის კომპანიებს ყურძენი 21 000-მა მევენახემ ჩააბარა. იმის მიუხედავად, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რთველი ჯერ არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ,,ალექსანდროულისა'' და ,,მუჯურეთულის'' გადამუშავების მაჩვენებელი. თუ 2017 წელს _ 800 ტონა გადამუშავდა, 2018 წელს _ ამ მაჩვენებელმა უკვე 1 500 ტონას მიაღწია.

არასუბსიდირებული რთველი 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2007 წლის შემდეგ, წელს პირველი, არასუბსიდირებული რთველი იყო. შედეგად, ყურძნის ფასი საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე დაყრდნობით _ საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგინდა. სასიამოვნოა ისიც, რომ ყურძნის ფასზე მეწარმეები და მევენახეები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, თავად შეთანხმდნენ. ,,ვერსიას'' სსიპ ,,ღვინის ეროვნული სააგენტოს'' თავმჯდომარის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ანდრო ასლანიშვილი ესაუბრება. 

_ ბატონო ანდრო, როგორ ჩაიარა წლევანდელმა რთველმა? 

_ წლევანდელ რთველს რამდენიმე, მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა. პირველი ის, რომ წელს რთველმა სუბსიდიის გარეშე ჩაიარა, ხოლო მეორე _ მოსავლის დიდი რაოდენობა. ერთი მხრივ, სუბსიდიიდან სახელმწიფოს გამოსვლა, თეორიულად, ფასის კლებასთანაა დაკავშირებული და მეორე მხრივ _ სანედლეულო ბაზის გაორმაგება პროდუქტის გაიაფებას იწვევს. თუმცა რამდენიმე, მნიშვნელოვანი მომენტი უნდა აღვნიშნო: მართალია, წლევანდელმა რთველმა სუბსიდიის გარეშე ჩაიარა, მაგრამ სახელმწიფო სუბსიდიიდან ეტაპობრივად გამოვიდა, რაც მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტია. მაგალითად, გასულ წელს, სახელმწიფო ,,საფერავის'' სუბსიდიიდან მთლიანად გამოვიდა, ხოლო წელს, როგორც უკვე გითხარით, რთველის პროცესმა სუბსიდიის გარეშე ჩაიარა. თავისთავად, სუბსიდია ყურძნის ფასის შენარჩუნების ხელოვნური მექანიზმი, ხელოვნური მეთოდია. მართალია, სახელმწიფო წელს სუბსიდიიდან გამოვიდა, თუმცა ეს ექსპერიმენტული გადაწყვეტილება არ ყოფილა, სახელმწიფოს მევენახეები ბედის ანაბარა არ მიუტოვებია. წელს იმ კომპანიების რიცხვი გაიზარდა, რომლებმაც ექსპორტი განახორციელეს საერთაშორისო ბაზრებზე და შესაბამისად, იმ კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებმაც რთველში მიიღეს მონაწილეობა. მაგალითად, თუ გასულ წელს, რთველში 230 კომპანია მონაწილეობდა, წელს მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა. 

_ მართალია, რთველში მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ყურძნის ჩაბარების დროს, მევენახეებს პრობლემები ხომ არ შეექმნათ? 

_ წელს სუბსიდია გაცილებით ჯანსაღი გარემოთი ჩანაცვლდა. ექპორტისა და კომპანიების ზრდამ გაზარდა მოთხოვნა ყურძენზე, რამაც განაპირობა ის, რომ სუბსიდიის გარეშე, მაგალითად, ,,რქაწითელზე'' ფასი შენარჩუნდა. მართალია, ,,რქაწითელის'' მოსავალი წელს გაორმაგდა, მაგრამ ფასი იგივე დარჩა, ვინაიდან რთველის პროცესში გაცილებით მეტი კომპანია ჩაერთო. ექსპორტის ზრდის გამო, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა ბუნებრივი იყო და არა ხელოვნური, როგორც ეს სუბსიდიას ახასიათებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ვფიქრობთ, წელს ყველაზე მთავარი გამოწვევა დავძლიეთ. წინა წლებში, ყურძნის ჩაბარების დროს, კომპანიებთან რიგები იყო ხოლმე, საერთოდ, რთველი ვნებათაღელვას უკავშირდება, მევენახეებს შიში აქვთ, რომ პროდუქციას ვერ დააბინავებენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, აგვეხსნა მევენახეებისთვის, რომ ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩებოდა. თუმცა რიგებსაც თავისი ახსნა აქვს _ არის ასეთი, ტექნოლოგიური პროცესი, როდესაც საწარმოები გარკვეული რაოდენობის პროდუქციას იღებენ, მათ ერთი ან ორი დღე სჭირდებათ, რათა მიღებული სითხე სხვა რეზერვუარებში გადაიტანონ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს პროცესი იწვევდა მევენახეების ვნებათაღელვას, რადგან ამ ტექნოლოგიურ პროცესს, გარკვეული დრო სჭირდება. პიკურ მომენტში, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში, 8 000 ტონა მუშავდება, ცხადია, რიგი დადგება, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მთავარია, რომ ჩვენ ვიყავით ამ პროცესში ჩართულები, ჩვენი თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ რეგიონის მასშტაბით, სწავლობდნენ სიტუაციას და იქ, სადაც განტვირთვის საშუალება იყო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ხსნიდნენ რიგებიდან და სხვადასხვა კომპანიებში ანაწილებდნენ. ვფიქრობთ, ამ პროცესს და ზოგადად, რთველს, წელს საკმაოდ წარმატებით გავართვით თავი. 

_ ბოლო მონაცემებით, რა რაოდენობის ყურძნის მოსავალი მიიღეთ წელს? 

_ რთველი კვირის ბოლოს დასრულდება, როდესაც საბოლოო მონაცემები შეჯამდება. რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,ცოლიკაურის'' ჯიშის ყურძნის კრეფა მიმდინარეობს. მცირე რაოდენობაა დარჩენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში და შესაბამისად, ,,რთველი _ 2018'', მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. ვინაიდან მევენახეებს დავპირდით, რომ დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩება, გვინდა, რომ ვიდრე ბოლო კილოგრამი ყურძენი არ დაბინავდება, შტაბმა მუშაობა არ შეწყვიტოს. ჩვენი წარმომადგენლები ცაგერსა და კახეთში თვალ-ყურს ადევნებენ და მაქსიმალურად ხელს უწყობენ ამ პროცესის მშვიდობიანად დასრულებას. ამ მომენტისთვის, 230 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 130 000 ტონა _ ,,რქაწითელი'', 80 000 _ ,,საფერავი'', რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის მანძილზე. მაგალითად, შარშან 125 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. ვფიქრობთ, წლევანდელი მაჩვენებელი დიდად არ შეიცვლება, მაგრამ უპრიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს 230 000 ტონა, საბოლოო მონაცემები არ არის. კვირის ბოლოს, შევძლებთ, დაზუსტებული მონაცემები წარმოგიდგინოთ და შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვასაც ვგეგმავთ. 

_ რა მოცულობის ექსპორტია დაგეგმილი წელს? 

_ რაც შეეხება ექსპორტს, შეგახსნებთ, რომ გასულ წელს, 50-ზე მეტ ბაზარზე გავიდა ქართული ღვინო, _ 76.7 მილიონ ბოთლზე მეტი იქნა ექსპორტირებული. წელს ვფიქრობთ, რომ მინიმუმ, 80 მილიონი ბოთლი გავა ექსპორტზე, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია.Mმიმდინარე წელს მიღებული სანედლეულო ბაზა საშუალებას მოგვცემს, რომ მიწოდების მხრივ, მომდევნო წლებში შეფერხება არ გვქონდეს. 

_ მსოფლიო ბაზარზე უკვე აღიარებული ფაქტია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ბოლო წლებში, გაიზარდა, როგორც ღვინის ტურიზმი, ასევე მომრავლდა სხვადასხვა სახის ფესტივალი, რაც რთველის პარალელურად ტარდება. ამ ტიპის ღონისძიებები ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლის რეალურ პერსპექტივას ქმნის? 

_ დიახ, რა თქმა უნდა. ვფიქრობთ, ყველაზე კარგი ალტერნატიული ბაზარი ადგილობრივი, საქართველოს ბაზარია, რომელიც საგრძნობლად ვითარდება. ცხადია, საერთაშორისო ბაზრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენიმე, სტრატეგიული მიმართულებაც შერჩეული გვაქვს, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ევროკავშირი. ჩვენ ამ ბაზრებზე საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილნი და იხარჯება, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო მონაწილეობს ყველა დიდ, საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც დღემდე არსებობს, სადაც შესაძლებელია, ახალი მყიდველები დავაინტერესოთ. ჩვენ დაკავშირებული ვართ ყველა იმ პროფესიონალურ წრეებთან, რომლებიც ქმნიან ამინდს მეღვინეობაში, სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის მაგისტრებთან, იმპორტიორებთან, ჟურნალისტებთან და კომერსანტებთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ღვინის რეალიზების პოტენციალს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა შიდა ბაზარი. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის, კერძოდ, ბოთლის ღვინის პოპულარიზება ხდება და ის ფესტივალები, რომლებიც ახსენეთ, სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, ბოთლის ღვინის პოპულარიზებას უწყობს ხელს. გვინდა, ქართულმა ღვინომ თავისი ღირსეული ადგილი საქართველოშიც დაიმკვიდროს, რისთვისაც ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

280-ზე მეტი კერძო კომპანია რთველში! 

წლევანდელი არასუბსიდირებული რთველი კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ტენდენციითაც გამოირჩევა. ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, რთველის პროცესში, 280-ზე მეტი კერძო კომპანია ჩაერთო. ,,ვერსიას'' კომპანია ,,თელავის ღვინის მარნის'' დირექტორი, ზურაბ რამაზაშვილი ესაუბრება. 

_ ბატონო ზურაბ, როგორ ჩაიარა წლევანდელმა რთველმა? 

_ ძალიან წარმატებულად. ბოლო წლების მანძილზე, წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რთველმა სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე ჩაიარა. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საბაზრო ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევა გამოირიცხა. წლევანდელ რთველში ორი სუბიექტი _ მყიდველი ანუ ღვინის ქარხნები და გამყიდველი ანუ მევენახეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამგვარ ურთიერთობაში ყალიბდება სწორი, საბაზრო ფასი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მევენახეებსა და კომპანიებს შორის კომუნიკაცია ძალიან მარტივად შედგა, ერთი მხარე ყიდდა პროდუქციას, ხოლო მეორე _ ყიდულობდა. 

_ 2007 წლის შემდეგ, წელს პირველი, არასუბსიდირებული რთველი გვქონდა. სპეციალისტების აზრით, სწორედ ასეთ პირობებში ვითარდება დარგი და ყალიბდება სწორი, საბაზრო ურთიერთობები, ასეა? 

_ დიახ, ასეა, რადგან ჯანსაღი ურთიერთობები ქმნის დარგის განვითარების პერსპექტივას. ამ შემთხვევაში, წინა პლანზე კონკურენციის კანონები გამოდის ანუ ის მხარე, რომელიც უკეთეს ყურძენს აწარმოებს, თანაც უკეთეს ფასად, წარმატებული იქნება. შესაბამისად, კომპანია, რომელიც უკეთესი ხარისხის ყურძენს შეიძენს, ცხადია, ხარისხიან ღვინოს ჩამოასხამს და წარმატებული იქნება. საბოლოოდ, ეს ყველასთვის მომგებიანი პროცესია, რასაც დარგის განვითარება მოჰყვება. მომხმარებელი უკეთეს პროდუქტს მიიღებს და ვფიქრობ, პრიორიტეტი სწორედ ესაა. ვინაიდან გვინდა, რომ მსოფლიო ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი, ამას მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციითა და შესაბამისი ფასებით შევძლებთ. 

_ რა რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა თქვენმა კომპანიამ წელს და როგორ ემზადებით ექსპორტისთვის? 

_ წელს 6 550 ტონაზე მეტი ყურძენი ჩავიბარეთ და ჩვენი ვენახის ნაწილი, ჯერ კიდევ არაა დაკრეფილი. ესაა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე. დღიდან ჩვენი კომპანიის დაფუძნებისა, პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს. საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ წლევანდელი მაჩვენებლებით, ცხადია, ექსპორტის მოცულობაც გაიზრდება. 

ექსპორტის მაჩვენებლები 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 60 მილიონამდე ბოთლი ღვინოა (0.75 ლ) ექსპორტირებული, რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს, 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მილიონი აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა. 

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია _ 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი _ 32% (2 465 541) და დიდი ბრიტანეთი _ 22% (67 310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი _ 39% (84 654), ჩეხეთი _ 69% (31 050)), ნიდერლანდები _ 47% (60 309), გერმანია _ 22% (349 216), ლიეტუვა _ 18% (331 620), ესტონეთი _ 16% (420 704), კანადა _ 13% (119 418), საფრანგეთი _ 11% (107 126), ლატვია _ 9% (1 245 324); ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი _ 80% (120 294), ყირგიზეთი _ 54% (179 610), ყაზახეთი _ 30% (2 658 224), მონღოლეთი _ 44% (162 390), უკრაინა _ 27% (6 746 598), ბელარუსი _ 13% (1 188 822), რუსეთი _ 11% (37 064 677). 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი _ (37 064 677), უკრაინა _ (6 746 598), ჩინეთი _ (4 821 937), ყაზახეთი _ (2 658 224) და პოლონეთი _ (2 465 541). 

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში, 13.5 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ,,ბრენდია'' ექსპორტირებული, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ,,ბრენდის'' ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27 600 000 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ზრდამ 10% შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 287 000 ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 96% შეადგინა. სულ ექსპორტირებულია 824 000 აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

მთლიანობაში, ღვინის, ,,ბრენდის'', ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222 700 000 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში