Menu
RSS

ვის ახირებას შეეწირა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

მურთაზ კიკორიას მოულოდნელი გადაწყვეტილება _ რა ვერსიები ვრცელდება კულუარებში

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია ორ თვეში თანამდებობას დატოვებს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, კიკორიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ოფიციალური წერილით 14 სექტემბერს აცნობა: ,,ბატონო ირაკლი, ,,ეროვნული ბანკის'' შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ა/წ 30 ნოემბრიდან''. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მურთაზ კიკორია პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერს, შვიდწლიანი ვადით აირჩია. ოფიციალურად, კიკორიას ვადა 2023 წლის დეკემბრამდე ჰქონდა და ამიტომ საინტერესოა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება არჩევიდან ორი წლის შემდეგ?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მურთაზ კიკორიას გადაწყვეტილება სებ-ის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის (მისო) შემუშავებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ესაა საცალო დაკრედიტების ინსტრუქციის ახალი დოკუმენტი, რომელიც მისო-ებმა ეროვნული ბანკისგან მიიღეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ შენგელიამ ,,საქმის კურსთან'' საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ სებ-ის რეგულაციების მიმართ მისო-ებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ, რადგან ახალი ინსტრუქცია ურთიერთგამომრიცხავ ნორმებს შეიცავს: 

,,რეგულაციებში, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად, საჭიროზე მაღალი მოთხოვნებია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. მაგალითად, გადაჭარბებულია მოთხოვნა, რომლითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკური პირების თამასუქის განთავსებისას მომხმარებლები უნდა გააფრთხილონ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო მაღალრისკიანი სეგმენტია, რამდენადაც ნაკლებად რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მხრიდან. ეროვნული ბანკის აზრით, უნდა არსებობდეს სპეციალური ტექსტი, რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ რეგულირდებიან ისე მკაცრად, როგორც ბანკები და აქედან გამომდინარე, უფრო მაღალ რისკებს შეიცავენ. სებ-ი ითხოვს, რომ ეს ტექსტი განთავსდეს, როგორც ხელშეკრულებასა და ნებისმიერ სარეკლამო ბროშურაზე, ასევე _შემოსავალ-გასავლის ორდერზეც. მიგვაჩნია, რომ ეს გადაჭარბებულია. ჩვენ ხომ არ ვართ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, რათა ყველგან ჩავწეროთ: ,,მოწევა კლავს!'' ბევრი მიკიროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საერთოდ არ იზიდავს სახსრებს ფიზიკური პირებისგან. ამიტომ, ამგვარი ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს''. 

აქედან გამომდინარე, ბესიკ შენგელია არ გამორიცხავს, რომ მურთაზ კიკორიამ ეროვნული ბანკი სწორედ ახალი რეგულაციების გამო დატოვა. შენგელიამ ,,საქმის კურსთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ მისო-ების წარმომადგენლებთან კონსულტაციას, ძირითადად, კიკორია უძღვებოდა, რომელიც სიტუაციას შესანიშნავად აანალიზებდა, თუმცა დასძინა, რომ ,,ვიღაცის ახირებას, ან დავალებას აჰყვა'' და იქვე დააზუსტა, ,,არ გამოვრიცხავ, ყველაფერი ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკვეთით ხდება''. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე. 24 სექტემბერს, ეროვნულ ბანკში, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ამ საკითხზე გვენატაძემ მედიას განუცხადა: 

,,ბატონმა მურთაზმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მინდა, მადლობა ვუთხრა ეროვნულ ბანკში ნაყოფიერი მუშაობისთვის. ის ბანკში მაშინ შემოგვიერთდა, როდესაც ბევრი რეფორმა იგეგმებოდა და ამ რეფორმებში დიდი წვლილი მიუძღვის. არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ის რომელიმე ზომას ან ნაბიჯს არ ეთანხმებოდა, რაც სებ-ში განხორციელდა. შეგიძლიათ, თავად ჰკითხოთ, ჩვენი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო და ის მუდამ იზიარებდა ამ მოსაზრებებს''. 

*** 

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ'' ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შვიდი წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები შესაძლებელია იყვნენ საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან/ და ფინანსების დარგში ან/და სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, შვიდი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტი ირჩევს, პარლამენტართა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, საჯარო მოსამსახურე არ არის. 

ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია, დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვის პრინციპები, დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები, დაამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი და სხვა... 

ვიდრე გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კიკორიას კანდიდატურას (საბჭოს კიდევ ორ წევრთან ერთად) წარუდგენდა დასამტკიცებლად, ის ს/ს ,,საქართველოს ბანკის'' ჯერ ფინანსური, შემდეგ აღმასრულებელი დირექტორი იყო, მანამდე ს/ს ,,ალდაგის'' აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. წლების წინ, მურთაზ კიკორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის _ ,,იბიარდის'' მთავარი ბანკირი გახლდათ. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელ სფეროში განაგრძობს საქმიანობას კიკორია, თუმცა ,,საქართველოს ეროვნული ბანკის'' შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მას, როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და ამავდროულად, საბჭოს წევრს, ფინანსურ სექტორში მუშაობა 6 თვით ეკრძალება!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში