Menu
RSS

ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ საქართველოს სახელმწიფო 2 მილიონი ლარით აზარალა

რა დარღვევები აღმოაჩინა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში

,,ახალგაზრდა ადვოკატებმა'' ჩინური კომპანია ,,სინოჰიდროს'' საქართველოში საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ორგანიზაციამ ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია გამართა. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, გარემოზე მიყენებული ზიანი _ ხე-ტყის უკანონო ჭრა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება, რის გამოც სახელმწიფოს 2 მილიონი ლარის ზარალი მიადგა _ ასეთია ,,ახალგაზრდა ადვოკატების'' დასკვნა.

ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი ანალიზის ფარგლებში, ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა'' დაადგინა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ,,სინოჰიდრო'', საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 8 ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც სამ მათგანში გაიმარჯვა. 2012-2017 წლებში, ჩინურ კომპანიასთან შემდეგი ხელშეკრულებები გაფორმდა: ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა და ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა. 

,,ჩვენი კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ,,სინოჰიდროს'' საქმიანობა, რომელიც მშენებლობის პროცესში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების დაცვის ვალდებულებას ეხება, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება. ჩინური კომპანიის საქმიანობა კონფლიქტში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უსაფრთხოების პრინციპებთან, ხოლო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობა დაცული არაა. კვლევის ფარგლებში, კომპანიამ ვერ წარმოგვიდგინა თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციები; ბუნოდვანია ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და შინაარსი. მეტიც, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი დასაქმებულთათვის გაუგებარ, უცხო ენაზე საუბრობს, რაც არაეფექტურ კომუნიკაციას იწვევს. დასაქმებულები არ გადიან სავალდებულო, პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას, ხოლო სამუშაო ადგილები პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებებით მომარაგებული არაა. საწარმოში მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროუსაფრთხოება'', _ განაცხადა ,,ახალგაზრდა ადვოკატების'' ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა. 

მისივე თქმით, ჩინური კომპანია ,,სინოჰიდრო'', სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზას სავალდებულო ნებართვებისა და ექსპერტიზის დასკვნების გარეშე, უკანონოდ აშენებდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი რამდენჯერმე ისე შეცვალა, რომ შესაბამისი უწყებებისგან ნებართვა არ მიუღია: 

,,თავდაპირველად, პროექტით განისაზღვრა, რომ ვინაიდან ეს ტერიტორია დაჭაობებული იყო, გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო. ჩინურმა კომპანია ,,სინოჰიდრომ'' პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა, მაგრამ ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობას შედეგი არ მოჰყოლია. ამის გამო, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზა სერიოზული ხარვეზებით შენდება. ამ პროექტისთვის განსაზღვრული 254 მილიონი ლარიდან, 150 მილიონზე მეტია დახარჯული'', _ განმარტა არჩილ კაიკაციშვილმა. 

კაიკაციშვილის თქმით, კვლევის პროცესში, ორგანიზაციამ ,,სინოჰიდროს'' მიერ, საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უკანონოდ მოპოვებული რესურსების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფაქტებიც მოიპოვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდს, ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანის, კერძოდ ხე-ტყის უკანონო განადგურებისა და ინერტული მასალების ამოღების ფაქტები _ 2014 წლის 29 აპრილიდან 2017 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს: 

,,ჩინურმა კომპანიამ საქართველოს გარემოს 233 241 ლარის ზიანი მიაყენა. მართალია, აღნიშნულ საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებებს საქართველოს მთავარი პროკურატურა და მისი რეგიონული სტრუქტურული ერთეულები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აჭარის ა/რ პროკურატურა აწარმოებენ, მაგრამ კომპანიის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ამასთან, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნომებრის ჩათვლით, ,,სინოჰიდროს'' მიერ, 46 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რამაც ჯამში 62 686 ლარი შეადგინა'', _ აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ ისიც დაასკვნა, რომ ჩინური კომპანია ,,სინოჰიდროს'' საქართველოში საქმიანობა უკიდურესად კრიტიკულად უნდა შეფასდეს. მეტიც, აუცილებლად უნდა გაიხსნას დისკუსია შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ფინანსურ გამჭვირვალობაზე. რაც მთავარია, კვლევის ფარგლებში შესწავლილ მასალებში აშკარად ჩანს, რომ ახალი პროექტით გზების მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარით ნაკლები ჯდება, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, ყველა ოფიციალურ წყაროში, არასადაა ინფორმაცია თანხების დაზოგვის შესახებ. 

,,ახალგაზრდა ადვოკატების'' შეფასებით, საქართველოს პარლამენტში, ჩინური კომპანია ,,სინოჰიდროს'' საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას; პარლამენტმა უნდა მოამზადოს კანონპროექტი და არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანის გზით, ტენდერების ჩატარების წესები უნდა შეცვალოს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისრომ მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესები უნდა შეცვალოს, უნდა გააკონტროლოს ტენდერის პირობები და გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, ყველა ცვლილება, თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, საჯარო უნდა გახდეს; გამჭვირვალე უნდა გახდეს პროექტების ფინანსური ტრანზაქციების მიმდინარეობა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ნებისმიერი სამშენებლო პროექტის განხორციელებისას, ქვეყნის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო ჭრაზე, წიაღისეულის უკანონო მოპოვებასა და ამ ადგილის რეკულტივაციაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში