Menu
RSS

„სვის ჰოტელი“ თუ „მარიოტი“ _ რომელი ცნობილი ბრენდი შეიძენს „ბორჯომი ლიკანს“

რატომ შემცირდა სასტუმროების ფასი თბილისში და რა ტენდენციებით ხასიათდება მიმდინარე ტურისტული სეზონი

2018 წლის ივნისიდან, სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანი'' (ყოფილი ,,რიქსოსი'') 100%-ით, ს/ს ,,საპარტნიორო ფონდის'' საკუთრებაში გადავიდა. ყაზახური ჯგუფი ,,ყაზმუნაიგაზსერვის საქართველო'', სასტუმრო ,,ბორჯომი რიქსოსის'' მენეჯმენტიდან 2018 წლის 13 აპრილს გავიდა. ივნისში კი ყაზახებმა ამ სასტუმროს აქციების 50%-იანი წილი ,,საპარტნიორო ფონდს'' მიჰყიდეს, დარჩენილი 50% ისედაც ,,საპარტნიორო ფონდის'' საკუთრება იყო. მოკლედ, სამი თვეა, ,,ბორჯომი ლიკანი'' ფონდის საკუთრებაშია და როგორც ირკვევა, დამოუკიდებლად ძალიან კარგადაც მუშაობს. ამ ეტაპზე, ს/ს ,,საპარტნიორო ფონდი'' ორ ჯგუფთან _ ,,აკორსა'' და ,,მარიოტთან'' აწარმოებს მოლაპარაკებას. წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, ,,ბორჯომი ლიკანს'' ,,აკორი ჯგუფში'' შემავალი ,,სვის ჰოტელი'' შეიძენს, თუ ,,მარიოტი ჯგუფი''. მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება და წლის ბოლომდე გაირკვევა, ,,სვის ჰოტელი'', ან ,,მარიოტი'' სასტუმროს მართვაში შემოვა, თუ ცნობილი კომპანები მხოლოდ სახელწოდებას _ ფრენჩაიზს გაყიდიან. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ,,საპარტნიორო ფონდმა'' მხოლოდ ცნობილი ბრენდის სახელი ანუ ,,სვის ჰოტელი'', ან ,,მარიოტი'' იყიდოს, ან პირიქით _ ფონდმა ამ ორი ჯგუფიდან ერთ-ერთი შეარჩიოს და სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანი'' მართვაში გადასცეს. 

,,ვერსია'' დაინტერესდა, რა დატვირთვით მუშაობს სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანი'', რა შეიცვალა 2018 წლის ივნისიდან, როდესაც სასტუმრო 100%-ით, ს/ს ,,საპარტნიორო ფონდის'' საკუთრებაში გადავიდა და რა ტენდენციები გამოიკვეთა მიმდინარე ტურისტულ სეზონზე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,ვერსიას'' სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანის'' დირექტორი შალვა ალავერდაშვილი ესაუბრა:

 

_ წელს სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანი'' დამოუკიდებლად ძალიან კარგად მუშაობს. შარშანდელთან შედარებით, მოგების 18%-იანი ანუ 864 165 ლარით მეტი ზრდა გვაქვს. რაც მთავარია, სტუმრებიც კმაყოფილები არიან, რომლებიც სხვებსაც რეკომენდაციას უწევენ, რათა ლიკანში ჩამოვიდნენ და ჩვენს სასტუმროში დაისვენონ. ყველაზე სასიხარულო ამბავი ისაა, რომ შარშან ქართველი სტუმრების მხოლოდ 36% სტუმრობდა სასტუმროს, წელს კი მათი რაოდენობა 51%-მდე გაიზარდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ეს ჩვენთვის იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ბაზარზე ეს სასტუმრო უფრო მეტად იხვეჭს სახელს და მას, უცხოელების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობაც ენდობა. 

ზოგადად, წლევანდელი ტურისტული სეზონი საქართველოსთვის ძალიან კარგი იყო. თბილისში ძალიან ბევრი სასტუმროა, მაგრამ გარდა ამისა, საბინაო ფონდიც გაიზარდა. საბინაო ფონდში შედის ბინები, რომლებსაც ტურისტებისთვის აქირავებენ. სწორედ ამის გამო, წელს დედაქალაქში სასტუმროების ოთახების საშუალო ფასი თითქმის 12 აშშ დოლარით შემცირდა. საბინაო ფონდის ზრდას დედაქალაქის სასტუმროებში დატვირთვის კოეფიციენტის სიმცირეც მოჰყვა _ დაახლოებით, 8-9%-ით შემცირდა, თუმცა მიზეზი მხოლოდ საბინაო ფონდებსა და სასტუმროებს შორის არსებული კონკურენცია კი არა, ისიცაა, რომ თბილისში ირანელი ტურისტების რაოდენობამ იკლო _ წელს ირანელები საქართველოში ტურისტებად კი არა, ბიზნესის საკეთებლად ჩამოდიან. ისინი ყიდულობენ ბინებს და ცხოვრებას აქ იწყებენ. ირანში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ბევრი მათგანი ცდილობს, თბილისში შეიძინოს ბინა და ოჯახი აქ აცხოვროს, რადგან აქ თავს უფრო დაცულად გრძნობენ... 

_ უკაცრავად, მაგრამ თუ ასეა, ირანელი ტურისტების რაოდენობა რატომ შემცირდა? 

_ იმიტომ, რომ უშუალოდ ირანში შეიცვალა ტურისტული რეგულაციები და ტურისტებს საკმაოდ დიდი პრობლემები საკუთარ ქვეყანაშივე აქვთ. აქედან გამომდინარე, ირანელი ტურისტების სიმცირე თბილისს წელს საგრძნობლად დაეტყო. ზოგადად, ირანელების დიდი ნაკადი დედაქალაქში ჩერდება და რეგიონებში თბილისიდან გადის. ესაა მიზეზი, რის გამოც დედაქალაქის სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა და აქ სასტუმროების მომსახურება არაფერ შუაშია. უბრალოდ, კონკურენციის გამო, სასტუმროების ფასები და დატვირთვების კოეფიციენტები შემცირდა. 

_ საქართველოს ტურისტულ რეგიონებში რა ვითარებაა? 

_ სეზონზე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. თბილისის მსგავსად, ბათუმსაც ძალიან ბევრი ბინა დაემატა, რომელსაც ტურისტებზე აქირავებენ. ამგვარი კონკურენციის გამო, ბათუმის სასტუმროებიც იძულებულნი გახდნენ, ფასები დაეწიათ. სხვათა შორის, კონკურენციიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია და შესაძლოა, ქვეყნისთვისაც კარგიც იყოს. ყველამ კარგად ვიცით ყბადაღებული თემა, რომ საქართველოში მომსახურება ძალიან ძვირია, მაგრამ 2018 წლის სეზონზე, ტურისტების მომსახურება ძვირი არ ყოფილა. მეტიც, თბილისისა და ბათუმის სასტუმროებში ოთახების ფასი საგრძნობლად შემცირდა. 

რაც მთავარია, საქართველოში შიდა ტურიზმიც გაიზარდა. ჩვენი სასტუმროს მაგალითზე უკვე გითხარით, რომ ბევრი ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს, თუმცა ქვეყნის მასშტაბითაც ასეა _ საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო მეტად მოგზაურობს ჩვენსავე ქვეყანაში, რაც ძალიან კარგია. მეტიც, ბევრი ქართველი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ამჯობინებს, რომ მისი ოჯახის წევრებმა საქართველოში დაისვენონ. ჩვენს სასტუმროში ძალიან ბევრი ბებია ისვენებს შვილიშვილებთან ერთად, მათი შვილები კი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. 

_ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ საქართველოში დასვენება ძვირია, მაგრამ მომსახურება _ ცუდი. თავადვე ბრძანეთ, რომ ეს ყბადაღებული თემა წელს აქტუალური არ ყოფილა... 

_ დიახ, ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო, მაგრამ წელს ეს ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვალა. შესაძლოა, ცალკეულ კურორტებზე ისევ ძველი ვითარება დაფიქსირდა, მაგრამ მთლიანობაში, ფასები ნამდვილად შემცირდა, ყოველ შემთხვევაში, თბილისში ასე იყო. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალის კვალიფიკაციას. ბევრი კვალიფიციური კადრი დაფასდა და მეტსაც გეტყვით, სასტუმროების მფლობელები და მეპატრონეები, სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრების მოსაზიდად იბრძვიან, რაც ასევე, კარგი ტენდენციაა. სხვათა შორის, ესეც კონკურენციამ განაპირობა, რადგან კვალიფიციური კადრი, რომელიც კლიენტებს მაღალ სერვისს სთავაზობს, უფრო მეტად მიმზიდველი გახდა სასტუმროების მეპატრონეებისთვის. შედეგად, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, ფასები შეამცირონ, ხოლო კვალიფიციური კადრები და მომსახურება გაზარდონ, რაც ასევე, ბუნებრივი პროცესია და ქვეყნის იმიჯზეც პოზიტიურად აისახება. 

_ წელს ყველაზე მთავარი პრობლემა რა იყო? 

_ პირდაპირ დაწერეთ: იქნებ, სახელმწიფო კერძო სექტორს დაეწიოს, რადგან კერძო სექტორი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, სახელმწიფო კი _ არა. მარტივ მაგალითს გეტყვით, წელს, ბაკურიანში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ნაგვის გატანას ვერ აუდიოდნენ. ზაფხულში ბაკურიანი ძალიან დაიტვირთა, რის გამოც სახელმწიფოს საკუთარი მოვალეობების შესრულება გაუჭირდა _ აქ არა მარტო ნარჩენების გატანას, არამედ, გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებასაც ვგულისხმობ, რაც საკურორტო ზონას ზიანს აყენებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი პრობლემა რეგიონებშია. იმის გამო, რომ ბაკურიანში ბევრი ტურისტი შემოვიდა, ცხადია, ბევრი ნაგავი დაგროვდა, მაგრამ სახელმწიფომ სწორედ ეს პრობლემა ვერ გათვალა. შესაძლოა, ხელისუფლებას ბევრი რამის გაკეთება სურდა, მაგრამ იმდენად დიდია ბიუროკრატიული მექანიზმები, რომ პრობლემის მოგვარება დროში იწელება. გიმეორებთ, კერძო სექტორი საკმაოდ სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო კი, სამწუხაროდ, კერძო სექტორს ვერ ეწვეა. 

საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურული პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რაც ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. 

რაც შეეხება თბილისს, საპირფარეშოების არსებობა და პარკინგის თემა კვლავ პრობლემაა. ეს ამ, ან იმ ხელისუფლების ბრალი არ არის. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ცდილობდა, დედაქალაქში მაინც გადაეჭრა საპირფარეშოების პრობლემა და ამას ,,ჩეჩმების პროექტს'' უწოდებდა. ამხელა ქალაქს, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს, ერთი წესიერი საპირფარეშო და რაც მთავარია, პარკინგის ადგილი არ აქვს, სადაც ტურისტული ავტობუსი გაჩერდება. სამწუხაროდ, თბილისი ამ მხრივ არაადაპტირებული ქალაქია, რაც ტურისტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში