Menu
RSS

საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი MULTIPLEX-ი ბათუმის ისტორიულ ცენტრში შენობების რეაბილიტაციის შედეგად დელუქს კლასის სასტუმროს გახსნის!

2009 წლის ბოლოს, საინვესტიციო ჯგუფმა MULTIPLEX-მა საქართველოში, უძრავი ქონების სფეროში დეველოპმენტის განხორციელების მიზნით, კომპანია COREAXES დააფუძნა. 2010 წელს კომპანიამ ყურადღება ბათუმის ცენტრში ისტორიული შენობის პროექტზე შეაჩერა. უბნის სპეციფიკამ მიმდებარე ნაგებობების რეაბილიტაციის საჭიროებაც განაპირობა. ბათუმის ძველი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, მცირე ზომის დელუქს ტიპის სასტუმრო განთავსდება! ,,ვერსიას'' პროექტის ხელმძღვანელი, კონსტანტინე მხეიძე ესაუბრება. 

 

_  რა არის კომპანია COREAXES-ის ბათუმის პროექტის ძირითადი იდეა?

_ პროექტი, პრაქტიკულად, სპონტანურად დავიწყეთ. 2009 წლის ბოლოს, ბათუმის ისტორიულ უბანში, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მომხიბვლელი შენობა გასაყიდად იყო გამოტანილი. ნაგებობის უნიკალური დეკორი, მისი ისტორიული ღირებულება და მდებარეობა ძველი ქალაქის შუაგულში, შენობას სრულიად განასხვავებდა ბათუმის სხვა არქიტექტურული ძეგლებისგან. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ჩვენი საინვესტიციო ჯგუფის მხრიდან უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პროექტიდან გასაკუთრებულ დივიდენდებს არ ველოდებით. ეს არის ჩვენს მიერ გახორციელებული კონტრიბუცია ჩვენს ქვეყანაში – შევუნარჩუნოთ ბათუმს ის, რაც მის ისტორიულ იერსახეს აყალიბებს. 

ცნობილია, რომ MULTIPLEX-ი საქართველოში ლოგისტიკურ და სხვა სახის საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, უძრავ ქონებაში ეს ჩვენი პირველი პროექტია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინტერესი არ არის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რასაც ყველგან უხვად ნახავთ. ჩვენ უფრო კამერული, ექსკლუზიური და ისტორიულად ღირებული პროექტების განხორციელება გვინდა. ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბიზნესში მიმართულებას, როგორც წესი, მფლობელები განსაზღვრავენ. შესაბამისად, ეს ხედვაც MULTIPLEX-ის დამფუძნებელს, ლევან კაჭარავას ეკუთვნის. პროექტის დამუშავების კვალდაკვალ, მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვევრცო ის მიმდებარე შენობებზეც. დღეისათვის დამუშავებული გვაქვს ბათუმის ერთ-ერთი კვარტლის რეაბილიტაციის პროექტი და მზად ვართ, ბათუმის ისტორიულ საბჭოში წარვადგინოთ. იმედი გვაქვს, საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. 

_ რა თავისებურებები აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობას და რითია განსაკუთრებული თქვენთვის ბათუმის პროექტი?

_ ეს შენობები, პრაქტიკულად, დანგრევის პირას, სავალალო მდგომარეობაში იყო. ჩვენი პირველი ამოცანა კი ამ ისტორიული და კულტურული ძეგლების გადარჩენა, მათი ფასადების რესტავრაცია და გამაგრება გახლდათ. ამ ფასეულობის შენარჩუნების პირველი ეტაპის სამუშაოებზე 1 400 000 დოლარი დაიხარჯა, ასევე გამოვისყიდეთ რამდენიმე სხვა უძრავი ქონება და დღეისათვის, MULTIPLEX-ის ინვესტიცია ამ პროექტში, დაახლოებით, 2 500 000 აშშ დოლარია. შემდეგი ეტაპი უკვე პროექტის არქიტექტურული და საინჟინრო ნაწილის დასრულება და რეკონსტრუქციის დაწყება იქნება. 

კულტურულ ძეგლებზე მუშაობა საქართველოს კანონმდებლობით, მკაცრადაა რეგლამენტირებული და ჩვენც ყველა ამ წესის დაცვით ვმოქმედებთ. ამ ტიპის ობიექტებზე მუშაობის თავისებურებაა ისიც, რომ შენობის ორიგინალური სტრუქტურა შენარჩუნდეს. შესაბამისად, ამ სივრცეში, ძველი შენობის სტრუქტურის ხელუხლებლად, პატარა ზომის სასტუმრო მოეწყობა! ამ შენობის გვერდით მდებარე ობიექტი, რომელიც ისტორიული ძეგლი არ არის, დაიშლება და მის ადგილზე, უბნის ისტორიული კონტექსტის სრული გათვალისწინებით, ახალი ნაგებობა გაჩნდება. 

_ რამდენადაც ვიცით, MULTIPLEX-ი თავის პროექტებში ევროპელ ინვესტორებთან თანამშრომლობს. საინტერესოა, ვინ არიან თქვენი პარტნიორები ბათუმის პროექტში ?

_ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ბათუმის პროექტშიც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებოდნენ. ჩვენს ჯგუფს საერთაშორისო ბიზნეს წრეებში საიმედო და სანდო სახელი აქვს. ამჟამად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდთან _ KINOR INVESTMENT, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდა. იმედია, მოლაპარაკებას წარმატებით დავასრულებთ და კონცეფციაზე საბოლოოდ შეჯერების შემდეგ, 24-30 თვის განმავლობაში, ამ ისტორიულ შენობაში დელუქს კლასის სასტუმროს გავხსნით. შესაძლოა, ეს იყოს საოჯახო, ან საქმიან ტურისტულ სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო. 

_ ბათუმში ბევრი სასტუმროა, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდები მართავენ. მათთან კონკურენციას როგორ გეგმავთ?

_ საქართველოსა და ბათუმის ტურისტული პოტენციალი იმდენად დიდია, რომ სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში, ეს გადაულახავი პრობლემა არ იქნება. კონკურენცია თავისთავად საჭიროა, ის უზრუნველყოფს ნებისმიერი ბიზნესის ხარისხსა და წარმატებას. ვფიქრობ, ერთადერთი პრობლემა თავად მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობაა, თორემ ბათუმის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ქალაქი კიდევ მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს. ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უაღრესად მოტივირებულნი არიან _ ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. 

_ ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებთ მუშაობას და მსგავსი პროექტების განახორციელებას? 

_ ბათუმში სხვა პროექტი ჯერ არ გვაქვს, თუმცა შესაძლოა, იდეები გაჩნდეს. ეს ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესია, მაგრამ ჩვენთვის ღირებულია მიმდინარე პროექტი _ ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია და მასში სასტუმროს მოწყობა. ჩვენ არ ვაშენებთ დიდ საცხოვრებელ კორპუსებს და უზარმაზარ სასტუმროებს! ასეთი ტიპის ბიზნესებს თავისი სამყარო აქვთ და საკუთარი კლიენტურა ჰყავთ! კომპანიის დამფუძნებლის იდეა იყო პატარა, მაგრამ მაღალი კლასის სასტუმროს შექმნა. ახლა, პრაქტიკულად, იდეიდან შესრულებამდე, შუა გზაზე ვართ და როდესაც დასრულდება ნახავთ, რომ ბათუმის ეს კვარტალი ისტორიისა და თანამედროვეობის ძალიან მოხდენილი სინთეზი იქნება. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში