Menu
RSS

კორუფციული სქემა, რომლითაც ბიუჯეტმა 200 ათასით იზარალა

აუდიტის სკანდალური დასკვნა, რომელსაც პროკურატურა სწავლობს _ არასწორად გაზრდილი საფინანსო ხარჯები და უხეში საბუღალტრო შეცდომები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დასკვნები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. თავდაცვის სამინისტროში აუდიტორებმა ის კორუფციული სქემა გაშიფრეს, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 200 000 ლარით იზარალა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამინისტროს საფინანსო სამსახური ათი ათასობით ლარს თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, აქ ტენდერში, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმა, ავთანდილ მახარობლიშვილია. რაც მთავარია, შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო 737 000 ლარი სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა, შენობის რეაბილიტაციისთვის კი ეს თანხა, ტენდერამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირებულ ,,ლენდ მარკ პროჯექტს'' გადაურიცხეს! 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების აუდიტორული დასკვნებიც გამოაქვეყნა. აუდიტი 2017 წლის პერიოდს ეხება და გაირკვა, რომ ეკონომიკური პროფილის ამ ორ, ძირითად უწყებაში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი არაზუსტია! მასში ან არასწორადაა ასახული ფინანსური მაჩვენებლები, ან საერთოდ არაა! მოკლედ, ვერც ეკონომიკის და ვერც ინფრასტრუქტურის სამინისტროები წარმომადგენლებმა ამა თუ იმ ფინანსური ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი არაზუსტია! მაგალითად, 2017 წლის 7 დეკემბერს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით, ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა, მაგრამ მის უფლებამონაცვლედ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა. შეცვლილი კანონი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, ხოლო 2017 წლის 14 დეკემბერს, ,,საკანონმდებლო მაცნეში'' გამოქვეყნდა. სახელმწიფო აუდიტორებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსური მაჩვენებლებიც უნდა ასახულიყო, რაც არ განხორციელებულა. ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგება ცალკე მომზადდა და ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგებისგან დამოუკიდებლად, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარადგინეს. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება არ მოიცავს მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს _ ყოფილ ენერგეტიკის სამინისტროს. მეტიც, ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არაა სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა'' და სსიპ ,,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს'' შორის განხორციელებული 110 131 ლარის ოპერაცია! 

ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტშიც''. ამ შპს-ში სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს, რომელსაც 2013 წლის 29 მაისამდე ქონების ეროვნული სააგენტო მართავდა. 2013 წელს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტში'' 3 000 000 ლარის კაპიტალური შენატანი განახორციელა. 2013 წლის 29 მაისიდან, ხელშეკრულების საფუძველზე, ეს კომპანია მართვის უფლებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. გადაცემის ხელშეკრულება 2016 წლის 23 მარტს, ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შეწყდა. ამის შემდეგ, 2016 წელს, ეკონომიკის სამინისტროს წერილის საფუძველზე, ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტში'' განახორციელა კაპიტალური შენატანი ფულადი ფორმით _ 5 000 000 ლარის ოდენობით. 

ამავე წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, ამ შპს-ს 100%-იანი წილი შპს ,,მთის განვითარების კომპანიის'' კაპიტალში შეიტანეს, რომელიც თავის მხრივ, 100%-იანი წილით, სახელმწიფოს ეკუთვნის და ქონების ეროვნული სააგენტო მართავს. გადაცემის მომენტში, შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის'' კაპიტალი დამოუკიდებელმა აუდიტორმა 77 366 020 ლარად განსაზღვრა. 

,,შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს უნდა დაეფიქსირებინა აქციებისა და კაპიტალის ზრდა შპს ,,მთის განვითარების კომპანიაში'' _ 77 366 020 ლარის ოდენობით, ხოლო კლება _ 8 000 000 ლარის ოდენობით, რადგან აღნიშნული 3 000 000 და 5 000 000 ლარი, მონაწილეობს 77 366 020 ლარის ფორმირებაში, რაც სამინისტროს არ განუხორციელებია! აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში _ 480 477 111 ლარის ღირებულების, გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთის სისრულესა და სიზუსტეზე'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სსიპ ,,აწარმოე საქართველოში'' 

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სსიპ ,,აწარმოე საქართველოში'' მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 4 კომპანიასთან. მას შემდეგ, რაც კონტრაქტორი სააგენტოს მიაწვდის ინფორმაციას შერჩეული კანდიდატების შესახებ, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დააფინანსებაზე, ხოლო დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტო უფლებამოსილია, უკან მოითხოვოს ბენეფიციარის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხა. 

მთავრობის დადგენილებით, ასევე, კონტრაქტორ კომპანიებსა და ,,აწარმოე საქართველოს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კონტრაქტორი ვალდებულია, ,,აწარმოე საქართველოს'' წარუდგინოს ბენეფიციარების მონიტორინგის პერიოდული ანგარიშები. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მსგავსი მონიტორინგი არ სრულდება. ,,აწარმოე საქართველო'' ბენეფიციარების მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონტრაქტორების საშულებით. შესაბამისად, ,,აწარმოე საქართველო'' პრობლემური ბენეფიციარების შესახებ სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს: 

,,აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ,,აწარმოე საქართველოს'' ინფორმაციით, 46-მა ბენეფიციარმა, რომელთა დაფინანსება 315 104 ლარია, კონტრაქტის პირობები არ შეასრულა! აღნიშნული თანხა ,,აწარმოე საქართველოს'' ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არაა, როგორც მოთხოვნა და არც მათი დაბრუნებისთვის განხორციელებულა ქმედებები. ამასთან აღსანიშნავია, რომ სააგენტოში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლითაც კონტრაქტორების მიერ, ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი შემოწმდებოდა!'' 

სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია'' 

სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში ასახულია მოკლევადიანი მოთხოვნები _ 10 200 436 ლარისა და კრედიტორული დავალიანებები _ 15 665 175 ლარის ოდენობით, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ამ დავალიანებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარუდგინეს! 

სსიპ ,,ბათუმის საზღვაო აკადემიამ'' განახორციელა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების უარყოფითი ნაშთების რეკლასიფიკაცია. ანალოგიურად უნდა გასწორებულიყო შესაბამისი საწყისი ნაშთებიც. ამის გამო, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივის საწყისი ნაშთი _ 382 284 ლარით, ხოლო სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების საწყისი ნაშთი 382 248 ლარითაა შემცირებული. საბოლოო ნაშთების შესწორება გავლენას ახდენს ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშგების საოპერაციო ნაწილის სისწორეზეც. კერძოდ, დებიტორული დავალიანების 24 339 ლარით ზრდა წარდგენილია, როგორც 357 946 ლარით კლება, ხოლო კრედიტორული დავალიანების 68 597 ლარით შემცირება წარდგენილია, როგორც 409 940 ლარით ზრდა: 

,,აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმაN#1-ში ასახული სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების _ 10 200 436 ლარი და კრედიტორული დავალიანებების _ 15 665 175 ლარი, არსებობასა და სიზუსტეზე!'' 

ძირითადი აქტივები 

ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ნაშთი _ 32 784 988 ლარის ოდენობით, საიდანაც 32 136 768 ლარის აქტივები, საფრანგეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით, ზემო სვანეთში, სამთო-სათხილამურო საბაგიროების მოწყობის სამუშაოებს წარმოადგენს. ამ სამუშაოების ფარგლებში, 2011-2013 წლებში, უცხოეთიდან შეძენილი მანქანა-დანადგარების (საბაგირო მოწყობილობების) ღირებულება 31 584 783 ლარი, ხოლო მათი იმპორტის გადასახადი 551 985 ლარი იყო. 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის განკარგულებით, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ასევე საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესყიდული „სამუშოებისა“ და „საქონლისა და მომსახურების“ ღირებულება შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის'' კაპიტალში აისახება. სახელმწიფო აუდიტორებმა განმარტეს, რომ ეს დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცა შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტისათვის''. ამასთან დაკავშირებით, 2015 წელს, ეკონომიკის სამინისტროსა და მესტიის მუნიციპალიტეტს (ამ პერიოდში, შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ მესტიის მუნიციპალიტეტის მართვის ქვეშ იყო) შორის, აქტივების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემაზე კომუნიკაციაც კი შედგა. 2015 წლის 30 ივლისს, აქტივების გადაცემაზე ბრძანებაც გამოიცა, რაც ითვალისწინებდა მიღება- ჩაბარების გაფორმებას სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის, მაგრამ ეს ფინანსური ოპერაციები არ განხორციელებულა! შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები 32 136 768 ლარით მეტი ღირებულებით ასახა! 

სხვა დარღვევები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ სერიოზული საბუღალტრო შეცდომები დაუშვა. კერძოდ, ქონების ეროვნულ სააგენტო, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზებასა და მის იჯარით გაცემაზეა უფლებამოსილი, შესაბამის საფინანსო ოპერაციებს საბუღალტრო ჩანაწერებში არ ასახავდა! მაგალითად, 2017 წელს, სააგენტომ 78 910 957 ლარის ღირებულების იმ ქონების პრივატიზება განახორციელა, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივად არ დაუფიქსირებია. ასევე, სააგენტოს აქტივად არ ჰქონდა აღრიცხული ის საიჯარო ქონება, რომლის წლიურმა, ჯამურმა საიჯარო შემოსავალმა 3 463 957 ლარი შეადგინა. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ 2017 წელს, ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში'', ,,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში'', ,,საზღვაო აკადემიასა'' და ,,აკრედიტაციის ცენტრში'' სავალდებულო ინვენტარიზაცია (ფინანსური აღრიცხვა) არ ჩატარებულა. სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტომ'' ინვენტარიზაცია დარღვევებით ჩაატარა. კერძოდ, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების დიდ ნაწილს მინიჭებული არ აქვს უნიკალური საინვენტარო ნომრები; საინვენტარო უწყისებში კონკრეტული აქტივები შეტანილია კომპლექტებად; ინვენტარიზაციის აქტში ხშირად მითითებულია მხოლოდ ფაქტიურად არსებული აქტივები, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები მითითებული არაა; ინვენტარიზაცია უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ბოლოს, პრაქტიკულად კი, 2018 წლის 6 თებერვალს დასრულდა! 

,,სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტომ'' ფინანსურ ანგარიშგებაში, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორი ძირითადი აქტივი ასახა, რომელსაც ცვეთა არ დაარიცხა. ეს აქტივებია სახლი სოხუმში, რომლის საბალანსო ღირებულება 72 619 ლარია და შენობა ფოთში, ზუგდიდის ქუჩაზე _ 9 600 ლარის ღირებულებით. 

2017 წელს, ,,საზღვაო აკადემიას'' უსასყიდლოდ გადაეცა აქტივები, რომელთა ღირებულება აკადემიამ 2018 წელს შეაფასა. ექსპერტიზის დასკვნით, აქტივების ღირებულება 1 134 700 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ,,საზღვაო აკადემიის'' ფორმა #1, კერძოდ, სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარის მუხლი, აღნიშნული თანხით ნაკლებადაა წარდგენილი. ,,საზღვაო აკადემიის'' საკუთრებაშია ბათუმში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწა _ 2 821 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით _ 3 267.74 კვმ. ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში ეს აქტივები წარდგენილია მხოლოდ შენობაზე გაწეული კაპიტალიზირებული ხარჯის _ 333 211 ლარის ღირებულებით. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატის ბალანსზე 853 713 ლარის ღირებულების არამატერიალური აქტივები (სარეკლამო რგოლები) ირიცხება, რომლებიც მოძველებულია და აღარ გამოიყენება. აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, ეს აქტივები ,,ძირითად აქტივად'' აღიარების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, ძირითადი აქტივების ნაშთი 853 713 ლარითაა გაზრდილი. 

2017 წლის 25 მაისს, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ქონების ეროვნულ სააგენტოს გადასცა სხვადასხვა მანქანა-დანადგარი, სულ _ 6 728 604 ლარის ღირებულების. აღნიშნული აქტივები არ არის ასახული ქონების ეროვნული სააგენტოს ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში! 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 

სახელმწიფო აუდიტორებმა სერიოზული საბუღალტრო შეცდომები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც აღმოაჩინეს. სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური ფონდის'' ფინანსურ ანგარიშგებაში, „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში, საგადასახადო აქტივი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 843 701 ლარია, რომელიც ძირითადად, დამატებითი ღირებულების გადასახადია (დღგ), ხოლო ფონდის საგადასახადო ბარათზე ჯამური დადებითი სალდო 2 537 152 ლარია. შესაბამისად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში ასახული თანხა, 1 693 452 ლარითაა შემცირებული. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში, აქტივადაა ასახული შპს „თეთნულდისა“ და შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ კაპიტალში განხორციელებული შენატანები ჯამური თანხით _ 83 577 619 ლარი (შესაბამისად, 73 495 258 ლარი და 10 082 361 ლარი). 2016 წელს, ამ კომპანიების მიმართ, სამინისტროს კონტროლის უფლება შუწყდა და აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისად, აღნიშნული ნაშთი ამავე წელს, ხარჯებში უნდა ჩამოეწერა: 

,,აქედან გამომდინარე, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების“ და „აქტივების წმინდა ღირებულების“ ნაშთები _ 83 577 619 ლარით, არასწორადაა გაზრდილი'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში, „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების“ პროექტთან დაკავშირებით, „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლში, 2015 წლიდან ასახულია 5 366 518 ლარის მოთხოვნა-ავანსი, რომელიც ფრანგულ კომპანია POMA-ს გადაერიცხა. ავანსის ფარგლებში, უნდა განხორციელებულიყო ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის მოწოდება. 2016 წლიდან, პროექტის განხორციელების უფლებამოსილება გადაეცა ფონდს, რომელმაც 2016-2017 წლებში, სამინისტროს აპარატის მსგავსად, კომპანია POMA-ს, 25 751 715 ლარის ავანსი გადაურიცხა და 2017 წელს, მიღება-ჩაბარების საფუძველზე _ 27 369 167 ლარის ავანსი ჩამოაწერა: 

,,შესაბამისად, სხვაობა გადახდილ ავანსსა და ჩამოწერილ ავანსს შორის _ 1 617 167 ლარი, ფონდს აღიარებული აქვს ფორმა #1-ში, „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების“ მუხლში. იმის გამო, რომ 2016 წლიდან, სამინისტროს აპარატს პროექტის განხორციელების უფლებამოსილება აღარ გააჩნდა და პროექტის სრულ ადმინისტრირებას ფონდი ახორციელებდა, აღნიშნული მოთხოვნა სამინისტროს აპარატს უნდა გადაეცა ფონდისთვის, რომელიც პროექტის ფარგლებში გადახდილ და ჩამოწერილ თანხებს ერთიან ჭრილში განიხილავდა! აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ _ 5 366 518 ლარის მოთხოვნის უფლებაზე და ასევე „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების“ მუხლის _ 1 617 167 ლარის სიზუსტეზე''. 

კრედიტორული დავალიანებები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის'' ფინანსური ანგარიშგებაში, მხოლოდ საკასო მონაცემებია აღრიცხული, რაც აღრიცხვის ინსტრუქციას ეწინააღმდეგება. ცენტრის მიერ, აუდიტორებისთვის წარდგენილ ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ის მუხლში _ „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები“, მომწოდებლების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე დაკავებული 5% ასახული არაა, რაც ხარისხის დაცვის ანუ სარეზერვო თანხაა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017 წლის 31 დეკემბრისთვის, ამ სარეზერვო თანხის ჯამური მოცულობა 23 242 132 ლარია. თუმცა ეს ვალდებულებები არც დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში აუსახავთ. შესაბამისად, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებების“ მუხლი, 23 242 132 ლარითაა შემცირებული. 

დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში, ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯი 82 269 690 ლარია. დეპარტამენტს არ აქვს შემუშავებული შიდა პოლიტიკა გზების, ხიდებისა და გვირაბების ცვეთასთან დაკავშირებით და არც საქართველოს ფინანსთა მინისტრის #439 ბრძანებით ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს განუმარტეს, რომ გზები დაყოფილი აქვთ საერთაშორისო მნიშვნელობისა და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებად და ცვეთის ნორმებიც ამ მიდგომის შესაბამისად განსაზღვრეს, კერძოდ: საერთაშორისო მნიშვნელობის გზას ერიცხება 2%, ხოლო შიდა სახელმწიფოებივი მნიშვნელობის გზას – 3.2%: 

,,აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დეპარტამენტი, მის მიერვე გაცხადებულ ცვეთის დარიცხვის მეთოდსაც არ იცავს. მაგალითად, 2016 წელს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, რომელსაც ერიცხებოდა ცვეთა 2%, 3 ნაწილად დაყვეს, სადაც ერთი ნაწილი საერთაშორისო მნიშვნელობის გზად, ხოლო ორი ნაწილი _ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებად დარჩა. დეპარტამენტის მიდგომის შესაბამისად, გზების კლასიფიკაციის ცვლილებას, ცვეთის ნორმების ცვლილებაც უნდა მოჰყოლოდა ანუ საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე _ ცვეთის ნორმად 2% უნდა დარჩენილიყო, ხოლო შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე _ 3.2%-მდე გაზრდილიყო. კლასფიკაციის ცვლილების შესაბამისად, ცვეთის ნორმა არ შეცვლილა და სამივე ნაწილს ისევ 2% ერიცხება. ამის გამო, დარიცხული ცვეთის ხარჯი 620 488 ლარით შემცირდა!'' 

გრანტები და გრძელვადიანი ფინანსური აქტივები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, ე.წ. გრანტების მუხლით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატმა, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს'' 5 966 860 ლარის არაფინანსური აქტივი გადასცა. გადაცემის დოკუმენტებით, ამ აქტივის ღირებულება 6 728 604 ლარია, რაც ანგარიშფაქტურებში ასახული საქონლის ღირებულებაა. სხვაობა ფინანსურ ანგარიშგებაში ჩამოწერილ ხარჯსა და აქტივის რეალურ ღირებულებას შორის _ 761 744 ლარია. შესაბამისად, ფორმა #2-ში, „გრანტების“ მუხლით გატარებულ ხარჯებს 761 744 ლარი დააკლდა. 

ფონდის 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, „გრანტის“ მუხლით, ორი სატრანსპორტო საშუალება გავიდა, რომელთა საერთო ღირებულება 319 421 ლარია. გადაცემის დოკუმენტებში, ამ აქტივების ღირებულება 478 462 ლარია. სხვაობა ფინანსურ ანგარიშგებაში ჩამოწერილ ხარჯსა და აქტივის რეალურ ღირებულებას შორის კი 159 041 ლარია. შესაბამისად, ფორმაN#2-ში, „გრანტების“ მუხლით გატარებულ ხარჯებს 159 041 ლარი დააკლდა. აქედან გამომდინარე, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ფორმა #2-ში, „გრანტების“ მუხლი 920 785 ლარით შემცირდა! 

ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის _ ,,იბიარდის'' დაფინანსებით, „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებზე სესხები ლარში გასცა. არადა, აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ფონდს მუნიციპალიტეტების მიმართ მოთხოვნები არასწორად აქვს დაფიქსირებული ევროში. ეს მოთხოვნები ფონდმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადააფასა, შედეგად, მოთხოვნები 3 431 826 ლარით გაიზარდა. ამიტომ სახელწმიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში, ფორმა #4-ში, „არასაოპერაციო შემოსავლების“ მუხლი 3 431 826 ლარით მეტია! 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ,,იბიარდის'' მიერ, საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში (სესხი _ 10 მლნ ევრო და გრანტი _ 2 მლნ ევრო), 2016 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფონდს შორის, ქვესასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც სესხის სახით, მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი ქონების გადაცემას ითვალისწინებდა. ამავე პროექტის განხორციელების ეტაპზე, ფონდსა და მუნიციპალიტეტებს შორის, ქონების გადაცემის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა, სადაც გათვალისწინებული იყო სესხის გაცემის ზოგადი პირობები. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, უნდა შემდგარიყო დანართი #1, რომლითაც გადაცემული ქონების ღირებულების ფარგლებში, სესხისა და გრანტის მოცულობები და ანგარიშწორების პირობები უნდა დაზუსტებულიყო: 

,,ამ პროექტის ფარგლებში, 27 397 810 ლარის სესხებზე, ფონდსა და მუნიციპალიტეტებს შორის, სასესხო ხელშეკრულება და დანართი #1 არ გაფორმებულა! თუმცა აუდიტის მიმდინარეობის პროცესში, ეტაპობრივად გაფორმდა შედარების აქტები, რის საფუძველზეც, გაცემული სესხების _ 26 635 796 ლარის გაცემა დადასტურდა, ხოლო 762 014 ლარის სესხების აღიარებაზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტები, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არ გაფორმებულა!'' 

შრომის ანაზღაურება 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სამინისტროს აპარატისა და საგზაო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, ყოველთვიური დანამატი (შესაბამისად, მინისტრის და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით) ჰქონდა დანიშნული. 2017 წელს, სამინისტროს აპარატის თანამშრომლებზე, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით, 2 838 130 ლარის საკასო ხარჯი გაიცა, მათ შორის, დანამატი _ 774 739 ლარია, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 27%-ია! 2017 წელს, დეპარტამენტის თანამშრომლებზე, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით, 4 692 341 ლარის საკასო ხარჯი გაიცა. მათ შორის, დანამატი _ 1 502 235 ლარია, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 32%-ია: 

,,საბიუჯეტო კლასიფიკაციით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს. მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს, ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატისას, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება! დანამატების გაცემის ის პრაქტიკა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროშია, ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და სათანადოდ დასაბუთებული არაა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სამინისტროს აპარატში დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას, ფაქტობრივად, წლის განმავლობაში, საშუალოდ დასაქმებულთა რიცხოვნობა 31%-ით, დეპარტამენტში _ 12.5%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკნეს, რომ დაგეგმვის ეტაპზე, საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში, ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობას, რადგან არასწორად დაგეგმვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების ათვისება, ან მუხლს შიგნით, მათი პრემიებისა და დანამატების გასაცემად გადანაწილება, არ შეიძლება, კარგ პრაქტიკად ჩაითვალოს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში