Menu
RSS

პური არ გაძვირდება!

რა ვითარებაა ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე და რატომ დაპაუზდა ფინანსთა მინისტრის ბრძანება ერთი წლით

ავტომობილებით ხორბლის იმპორტის შეზღუდვა ერთი წლით გადავადდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლითაც სახმელეთო ტრანსპორტით ხორბლის იმპორტი უნდა აკრძალულიყო, ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზი) მძღოლების 5-დღიანი აქცია მოჰყვა. 19 სექტემბერს, მძღოლები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ, თუმცა მეორე დღეს, ერთ-ერთი მათგანი თვითმკვლელობით იმუქრებოდა და მინისტრთან შეხვედრას ისევ ითხოვდა. 20 სექტემბერს, მინისტრი გეზ-ში მძღოლების აქციაზე მივიდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მისი ბრძანება ერთი წლით ანუ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.

ერთი წლით დაპაუზებული ბრძანება 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანება, რომელიც ძალაში 15 სექტემბერს უნდა შესულიყო, ერთი წლით შეჩერდა. ბრძანების მიხედვით, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანა უნდა შეზღუდულიყო. იმპორტი დასაშვები მხოლოდ პორტებისა და სარკინიგზო გზით იქნებოდა. ბრძანების მიზეზად ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე შექმნილი საცობები და ამის გამო ტურისტული ნაკადებისთვის შექმნილი დისკომფორტი დასახელდა, თუმცა 15 სექტემბრიდან გეზ-ში მძღოლების საპროტესტო აქცია დაიწყო და 5 დღის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ბრძანება ერთი წლით გადაავადა. 

ამ ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროს, მძღოლებისა და იმპორტიორების წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავენ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივლენ, ზემოხსენებული შეზღუდვა სეზონური იქნება თუ სხვა ტიპის. ,,ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რათა სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ არც ეს ხალხი დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად, მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

15 სექტემბრამდე, ვიდრე მძღოლები გაიფიცებოდნენ და ფინანსთა მინისტრი საკუთარ ბრძანებას ერთი წლით შეაჩერებდა, საზოგადოება პანიკამ მოიცვა. წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მარათონი ,,გახურდა'', მოსახლეობა პურის შესაძლო გაძვირების შიშმა მოიცვა. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა და მერე ისე გაღვივდა, რომ ცალკეულმა ექსპერტებმა ყველაფერი ეს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას დაუკავშირეს. 

 

სინამდვილეში, სიტუაცია იმიტომ გაამწვავდა, რომ კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდა და ბოლო პერიოდში 1 ტომარა ფქვილის ფასმა 37-დან 43 ლარამდე მოიმატა. ამას ლარის კურსის გაუფასურება და კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა _ წელს, მსოფლიოში, ხორბლის ცუდი მოსავალია. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასსა და მოწოდებას, დაახლოებით, 7-8 ქვეყანა განსაზღვრავს. ძირითად მოთამაშეებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, რუსეთი, უკრაინა და გერმანიაა მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის მოსავალი 30%-ით ნაკლები იყო, რის გამოც ქვეყნიდან ხორბლის გატანაზე შეზღუდვა დაწესდა. სხვათა შორის, საქართველოში ხორბალი, ლარსის საბაჟო ტერიტორიის გავლით, ავტოტრანსპორტის საშუალებით, რუსეთსა და უკრაინიდან შემოდის. 

მოკლედ, ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრამდე დაპაუზდა, არაფერ შუაშია. მხოფლიოში ხორბლის ცუდი მოსავალია, ერთი ტომარა ფქვილი ისედაც გაძვირდა და აგვისტოში ლარის კურსი გაუფასურდა. ახლა მთავარია, გავარკვიოთ, ხორბლის რა მარაგი გვაქვს, რა ვითარებაა წისქვილკომბინატებში _ აქვთ თუ არა ფქვილის საკმარისი მარაგი და გაძვირდება თუ არა პური? 

პური არ გაძვირდება! 

მართალია, ფინანსთა მინისტრის ბრძანება ერთი წლით შეჩერდა, მაგრამ საინტერესოა, რატომ მიიღო მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება არასახარბიელო დროს, წინასაარჩევნო პერიოდში? რა რაოდენობის ხორბალი შემოდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიების გავლით და რა ტენდენციებია ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე? ,,ვერსიას'' საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ესაუბრა: 

_ ბატონო ლევან, რა რაოდენობის ხორბალი შემოდის საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით? 

_ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის, ,,საქსტატის'' ინფორმაციით, წელს ქვეყნის საბაჟო ტერიტორიების გავლით, 170 000 ტონა ხორბალი შემოვიდა. რეალურად, წლის განმავლობაში, საქართველოს დაახლოებით, 600 000-700 000 ტონა ხორბალი სჭირდება. ვითარება ობიექტურად რომ განვიხილოთ, ლარსის საბაჟოს გავლით, ხორბლის მხოლოდ ის რაოდენობა არ შემოდის, რაც საქართველოს სჭირდება. ამ ტერიტორიას რუსეთი ხორბლის სომხეთში ტრანზიტისთვისაც იყენებს. სომხეთი წელიწადში 380 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, უხეში გათვლებით კი გამოდის, რომ ლარსის საბაჟოზე წელიწადში, 550 000 ტონა ხორბალი გადის. 

_ ანუ, ფინანსთა მინისტრმა მართლაც, გადატვირთული მოძრაობის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? 

_ ჩვენ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ანუ წისქვილები ვართ, ამიტომ ასე პირდაპირ, ეს ჩვენი თემა არაა, თუმცა ამ გზით საქართველოში შემოდის, როგორც საფურაჟე, ასევე, სამრეწველო ხორბალი. ჩვენთვის, წისქვილკომბინატებისთვის, ფქვილის მარაგები იქმნება, როგორც სამანქანო, ასევე, სარკინიგზო გზებითა და პორტებით. ქვეყნის საბაჟო ტერიტორია მთლიანად ხორბლით რომ დავტვირთოთ, იმ მარაგს მაინც ვერ უზრუნველყოფს, რასაც წლის განმავლობაში მოვიხმართ. როგორც გითხარით, წელიწადში, დაახლოებით, 700 000 ტონა ხორბალი გვჭირდება, ამ მარაგს კი მხოლოდ სამანქანო გზებით ვერ შევავსებთ. 

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, ლარსის საბაჟოზე გადატვირთული მოძრაობის გამო, ცხადია, საცობები იქმნებოდა, რაც ტურისტებსაც ხელს უშლიდა, თუმცა მძღოლები, რომლებსაც ავტომობილებით ხორბალი შემოაქვთ, ამ პრობლემას კარგად აცნობიერებენ. რა თქმა კარგია, რომ მინისტრის ბრძანება შეჩერდა და კონსულტაციები მიდის _ როგორც ჩანს, მხარეები მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან კიდეც. 

_ თქვენ რას შესთავაზებთ ხელისუფლებას? 

_ რას და, _ განისაზღვროს ხორბლის ის რაოდენობა, რომლითაც არც გზები გადაიტვირთება და ტურიზმის პრობლემაც მოიხსნება. სასურველია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და საერთო გადაწყვეტილება მიიღონ. მეორე ვარიანტია ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის სეზონურად შეზღუდვა და როგორც ვიცი, ეს ვარიანტიც განიხილება. შესაძლოა, სხვა ვარიანტებიც იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერ ამის კარგად გასაანალიზებლად, ერთი წელი საკმარისი დროა. 

_ თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა ეს პრობლემა დღეს, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში? 

_ ერთი მხრივ, გამართლებულია ის ვერსია, რომ საბაჟო ტერიტორია, მართლაც, გადატვირთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა გააანალიზონ, რა ოდენობის ტვირთმა უნდა გაიაროს, მაგალითად, ლარსის საბაჟოზე. მეორე მხრივ, მძღოლებისა და იმპორტიორების მოსაზრებაც გასათვალისწინებელია, თუმცა როგორც გითხარით, მძღოლებსაც კარგად ესმით და კარგად აცნობიერებენ, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას, თანაც ისე, რომ ტურიზმიც არ დაზარალდეს. 

_ მართალია, ფინანსთა მინისტრის ბრძანება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ბრძანება მომდევნო წელს ამოქმედდება, ეს პურს გააძვირებს? 

_ ყველამ ვიცით, რომ ბოლო დროს 1 ტომარა ფქვილი 43-44 ლარამდე გაიზარდა, რაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება: მსოფლიოში ხორბლის ცუდი მოსავალია, 8 მწარმოებელი უდიდესი ქვეყნიდან 7-ში, ხორბლის მოსავლის მხრივ, უდიდესი პრობლემებია, მათ შორის, რუსეთშიც. მეტიც, რუსეთის მთავრობა ფიქრობს, რომ ხორბლის გატანა შეზღუდოს, რათა ქვეყნიდან მარაგები არ გავიდეს. ერთი მხრივ, ფიქრობენ, რომ მოსავალი ცუდია, მეორე მხრივ კი, ცდილობენ, ხელოვნური ბარიერი შექმნან, რათა რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ,,ცუდი'' ხორბალი არ გავიდეს. ამის არგუმენტად ეგვიპტესა და ვიეტნამში განხორციელებული რუსული ხორბლის იმპორტი დაასახელეს, სადაც თითქოს ცუდი ხარისხის ხორბალი შევიდა. ხარისხის კონტროლის მოტივით კი ხელოვნურ ბარიერს ქმნიან, თუმცა მსოფლიოში არსებული ვითარების გარდა, პურის გაძვირების კიდევ ერთი ფაქტორი შიდა ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ამ შემთხვევაში, ლარის კურსია, რომელიც ბოლო ორ თვეში 18 პუნქტით დაეცა. ეს ორი ფაქტორი _ საგარეო და საშინაო უფრო მძლავრია, ვიდრე _ სამანქანო გზის რეგულაცია. 

_ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, წელს პური გაძვირდეს? 

_ ცხადია, ამ თემაზე პურის მწარმოებელთა ასოციაციის პასუხი უფრო კომპეტენტური იქნება, თუმცა ზოგადად, მეც გიპასუხებთ. როგორც მეპურეები აცხადებენ, მართალია, 1 ტომარა ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რადგან 45 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, ფქვილის მწარმოებლები, ამ ფასს ვინარჩუნებთ. რაც მთავარია, დღეს ჩვენ უკვე გადავერთეთ ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე, რომელიც 5 წელი შეჩერებული იყო. ყაზახეთში ახლა დაიწყო ხორბლის აღება, კონტრაქტები უკვე გაკეთებულია და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იმპორტიც მალე დაიწყება. ცუდი მოსავლის გამო, რუსეთში ხორბლის ფასმა მოიმატა, ყაზახური ხორბალი კონკურენტუნარიანი გახდა, გარდა ამისა, ყაზახეთი სატრანსპორტო გზებით, ხორბლის იმპორტის სუბსიდირებასაც ახორციელებს. ამიტომ გარკვეული სტაბილიზაცია შეიმჩნევა და არ ვფიქრობ, რომ პური გაძვირდება. საერთოდ, პროგნოზი ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ _ ფქვილის მწარმოებლებმა და მეპურეებმა ბოლო წლებში არაერთი კრიზისი დავძლიეთ, მარაგებსაც ვავსებთ და ამიტომ სიტუაციის გამწვავებას არ ველით, თუ, რა თქმა უნდა, ლარის კურსმა სერიოზული რყევები არ განიცადა.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში