Menu
RSS

რა ხდება „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ და რატომ ითხოვს „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო აუდიტს

რას ფიქრობს პოლიტიკიდან ბიზნესში წასული და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულეელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთერთობასა და წინასაარჩევნო ისტერიაზე

„საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, ე.წ. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა. მოვლენები ასე განვითარდა: საერთაშორისო და შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (რესპუბლიკური საავადმყოფო), საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები გამოვლინდა. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი _ „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურებმა, კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, არაერთი რეკომენდაცია მოამზადეს. ხარვეზების გამოსასწორებლად კი კლინიკის დირექტორ ავთანდილ იმედაძეს გონივრული ვადა რამდენჯერმე მისცეს, მაგრამ უშედეგოდ. იმედაძეს ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებია და, თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდს“, რომლის ბალანსზეცაა „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებას „საპარტნიორო ფონდში“ აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბოლოო კონცეფციას ელოდებიან, რომლის გაცნობის შემდეგაც განახორციელებს ფონდი ქმედით ღონისძიებებს მის მფლობელობაში არსებულ საავადმყოფოებში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ კონცეფციას უახლოს სამ კვიარში დადებს. 

პროფესიით ექიმმა, ჯერ შევარდნაძის, მოგვიანებით კი სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტმა პოლიტიკოსმა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის დეპუტატმა და უმრავლესობის ფრაქციის ყოფილმა ლიდერმა დავით საგანელიძემ „ვერსიის“ კითხვებს საქართველო-ძიანგსის მესამე ბიზნეს-კონფერენციაზე უპასუხა, რომელიც ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართა. დავით საგანელიძეს „საპარტნიორო ფონდში“ მიმდინარე მოვლენების გარდა, კითხვებზე პასუხების გაცემა მოახლოებულ არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ ისტერიაზეც მოუხდა. 

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებას ბიზნესის წნეხსა და ზეწოლაში ღიად ადანაშაულებენ. ყველაზე მეტად კი ის პოლიტიკოსები აქტიურობენ, რომლებსაც საზოგადოება სწორედ ბიზნესის ზეწოლის, ადამიანისა და საკუთრების უფლების შელახვის, ასევე, ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნის გამო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაემშვიდობა. რა ხდება ბიზნესში და რა მოხდება პოლიტიკაში? _ „ვერსია“ დავით საგანელიძეს ესაუბრა.

_ ბატონო დავით, რა პრობლემა შეექმნა „საპარტნიორო ფონდს“ ე.წ. „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“? 

_ წლების წინ, როდესაც „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დავინიშნე, ამ ფონდს სამი კლინიკა გადმოეცა. სამივე _ ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფოს ბალანსზე იყო. კლინიკები „საპარტნიორო ფონდს“ იმიტომ გადმოეცა, რომ იმხანად უკვე მზადდებოდა და თითქმის ბოლომდე იყო მისული ხელშეკრულება ერთ-ერთ ავსტრიულ კონსორციუმთან, რომელსაც ამ სამი საავადმყოფოს ბაზაზე დიდი სამედიცინო ცენტრი უნდა გაეკეთებინა, რომელშიც ინვესტიციას ჩადებდა და ცენტრის პოლიტიკასაც განსაზღვრავდა, თუ რა მიმართულებით უნდა ემუშავა. კონსორციუმთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა, „საპარტნიორო ფონდს“ კი, როგორც სახელმწიფოს ფინანსურ ბერკეტს, ეს კლინიკები საკუთრებაში გადასცეს. საბოლოოდ, ჯანდაცვის სამინისტრო და ავსტრიული კონსორციუმი ვერ შეთანხმდნენ და სამივე კლინიკა „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზე დარჩა. 

თქვენს მკითხველებს მინდა ავუხსნა, რომ როდესაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ ვსაუბრობთ, იმ დიდ შენობას ნუ წარმოიდგენენ, რომელიც 1 350 პაციენტზე იყო გათვლილი. ის ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია, ამორტიზებული შენობაა, მის გვერდითაა მიშენებული ე.წ. „ემერჯენსი“, რომელიც 80 საწოლზეა გათვლილი და მხოლოდ მასზეა საუბარი. როდესაც ეს კლინიკა გადმოგვეცა, მძიმე სიტუაცია დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ კლინიკის ხელმძღვანელობას ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული, მაგალითად, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე არსებულ რესტორნებთან, ფანჩატურებთან, ავტოსამრეცხაო, სარემონტო სახელოსნოებსა თუ პარკინგის ობიექტებთან. გარდა ამისა, ძველ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, რომლებიც თვლიან, რომ ეს მათი საცხოვრებელი ფართია. არადა, როგორც გითხარით, შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ხარჯები გავწიეთ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტების დახმარებით, შენობის მდგრადობა შევისწავლეთ, დავწერეთ დასკვნები, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო. გამოვყავით თანხა, რათა ეს ტერიტორია გავწმინდოთ და ქალაქის ცენტრში ნაგვის ბუდე არ იყოს! 

იმის გამო, რომ შენობა ჩვენს ბალანსზეა, კლინიკის ფინანსური საქმიანობა ჩვენი გასაკონტროლებელია და მის ფინანსურ მაჩვენებლებზეც პასუხს ჩვენ ვაგებთ. შესწავლის პროცესში ვნახეთ, რომ ამ მხრივ უამრავი დარღვევა იყო. უმსხვილეს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას მივმართეთ, რათა აუდიტი განეხორციელებინა. ამ კომპანიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ფინანსური ოპერაციები ისეა გატარებული, ასეთი დოკუმენტაციით, დასკვნას ვერ დაწერდა. მოვსინჯეთ მოლაპარაკება ინვესტორებთანაც, რომლებმაც ფინანსური მაჩვენებლები მოგვთხოვეს, რაც სამწუხაროდ, არ ჩანს. კლინიკაში, რომელსაც ფინანსური მაჩვენებლების შესახებ დოკუმენტი არ აქვს, რომელ ინვესტიციების მოზიდვაზეა ლაპარაკი? ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კონცეფციას ველოდებით, რომელიც ჯანდაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომლის გათვალისწინებითაც მოგვიწევს მუშაობა. 

_ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი ავთანდილ იმედაძე კლინიკაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას თქვენ გაბრალებთ... 

_ ეს რომ აბსურდია, თავად ავთანდილ იმედაძემ ყველაზე უკეთ იცის... მართალია, შიდა აუდიტის დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგან ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია და ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ იქ ფინანსურ და სამეურნეო ტიპის დარღვევებზეა საუბარი. სამაგიეროდ, კლინიკის ხელმძღვანელობას წარვუდგინეთ და იმ დარღვევებზეც დეტალურად ვესაუბრეთ, რაც აუდიტის შედეგად აღმოჩნდა. მეტიც, თითოეულ დარღვევას რეკომენდაციებიც ახლდა, რომლებიც ასევე, გავაცანით ხელმძღვანელებს. პირობითად, კლინიკის გამოცხადებული 37 ტენდერიდან 36-ში ერთი და იგივე კომპანია რომ იმარჯვებს, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს, კითხვები ხომ ლოგიკურად ჩნდება? როდესაც ხვდები, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იმავე შენობაში აქვს ოფისი, აქაც უამრავი კითხვა იჩენს თავს. კლინიკაში 80 საწოლია, მაგრამ 800-მდე თანამშრომელი მუშაობს, ამის გამოც კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მოკლედ, კლინიკის ხელმძღვანელობას მოვთხოვეთ, რომ ეს ხარვეზები გამოესწორებინა და ამისთვის დროც მივეცით. ამასობაში, ფინანსური დირექტორი დავნიშნეთ, რომელმაც ბუღალტერიაში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. კლინიკის დირექტორს ფინანსური მენეჯმენტის შეცვლა ვთხოვეთ, მაგრამ გვიპასუხა, რომ არავის შეცვლიდა და თავად დატოვებდა თანამდებობას. ნაცვლად ამისა, შვებულებაში გავიდა და გაურკვეველი, არაადეკვატური, აბსურდული განცხადებებით დაკავდა. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცადა, გავლენა მოეხდინა თანამშრომლებზე და ამის საფუძველზე მათი განწყობით ესარგებლდა. 

შევხვდი კოლექტივს და პირადად მივაწოდე ინფორმაცია კლინიკაში არსებული მძიმე ვითარებაზე, რაც დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა მედპერსონალი არცაა ვალდებული, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის დეტალები იცოდეს... არ დავუშვებთ, რომ კლინიკის გამართულ მუშაობას ვინმემ ხელი შეუშალოს! ჩვენი ამოცანაა, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ განვითარდეს სწორი მიმართულებით, პროექტიც გამზადებული გვაქვს, თუ როგორი უნდა იყოს, რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქის სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრი, მაგრამ გადაწყვეტილება სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს. 

_ ბატონო დავით, ექიმი ხართ, რომელიც ბიზნესიდან მოდიხართ, იყავით პოლიტიკაში და პარლამენტის წევრიც ბრძანდებოდით. ყველაზე კარგად იცით, რა პრობლემა აქვს ბიზნესს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ სწორედ ის პოლიტიკური პარტიები ადანაშაულებენ ბიზნესის ზეწოლაში, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ჩაგრავს თუ არა დღეს ხელისუფლება ბიზნესს? 

_ თუ გადავხედავთ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ამაზე საუბრობენ, თვითონ ან მათი ოჯახის წევრები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ან პარლამენტარები არიან! ხშირად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამის უკან პოლიტიკური დღის წესრიგი დგას, ან ჩაგრულის მანტიამორგებულები, ცდილოებენ, თავი აარიდონ ვალდებულებებს. ნებისმერი ბიზნესკომპანია ვალდებულია, კანონით დაკისრებული გადასახადები გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ამის უკან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დგანან თუ არა. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ბიზნესის სახელმწიფო მარწუხებიდან გათავისუფლება იყო და ამ წლების განმავლობაში, კერძო სექტორმა ეს იგრძნო კიდეც. მას, ვინც კეთილსინდისიერი ბიზნესმენია, გადასახადებს პატიოსნად იხდის და არ ცდილობს სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრდეს, მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა და მთავრობის მხრიდან ხელშეწყობაც აქვს. დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში საგადასახადო რეჟიმები კიდევ უფრო ლიბერალური გახდა, თუმცა ვინც არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობს საკუთარი კაპიტალი დააგროვოს ჩვენს ქვეყანაში და ამაზე სახელწოფო ალაპარაკდება, მაშინ მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებენ და ოპოზიციურ პარტიებს ამოფარებულები, წამებულის მანტიას მოისხამენ ხოლმე. 

_ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კონტროლის მექანიზმი მუდმივი შიში და ხელისუფლების წნეხში მოქცეული ბიზნესი იყო, რაც ცალსახად ცუდია, თუმცა თუ სახელმწიფო აუდიტის დასკვნებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ კონტროლის გარკვეული მექანიზმები აუცილებლია. პრობლემა სწორედ სახელმწიფო უწყებებს აქვთ კერძო კომპანიებთან, თანაც ტენდერებში. კონტროლის რა მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა სახის დარღვევა თავიდან აირიდოს? 

_ ყველაფერი სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, რათა საზოგადოებას ვანახოთ. შეცდომების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ თუ ეს განზრახ შეცდომაა, ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს! სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში, ან ორგანიზაციებში, ასეთი რამ არ მოხდება. პირდაპირ გეუბნებით: როდესაც „საპარტნიორო ფონდის“ დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო ორგანიზაციაში რაიმე ტიპის ხარვეზები ვლინდება, ყოველთვის მწვავე რაექცია გვაქვს და გვექნება. 

_ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ზეწოლა ხალხის გულის მოსაგებად და ხმების მისაღებად გააქტიურდა? 

_ ეს კატასტროფულად მიუღებელია! ჩემი ცხოვრების ნახევარი ოპოზიციაში მაქვს გატარებული და კარგად ვიცი, როგორ ვეწინააღმდეგებოდი და ვებრძოდი იმდროინდელი ხელისუფლების აქტიურ ჩარევას თავისუფალ არჩევნებში, რაც ყოვლად დაუშვებელია! მეტსაც გეტყვით, დღეს ხელისუფლებას არ სჭირდება არანაირი ზემოქმედება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებზე. გადახედეთ ოპოზიციურ სპექტრს, სად არიან დღეს ის ოპოზიციური ძალები და კანდიდატები, რომლებიც არსებულ ხელისუფლებას ოდნავ მაინც გაუწევენ წინააღმდეგობას? გიმეორებთ, დღეს ხელისუფლებას არ სჭირდება ზეწოლა, ან არჩევნების გაყალბება. ეს ოპოზიციური პარტიების მოგონილი თემაა, რომ საკუთარი წაგება ამით გაამართლონ! 

_ როგორც ექიმი, კანაფის კულტივაციაზე რას ფიქრობთ? 

_ როგორც ვიცი, ამ საკითხის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია. ვფიქრობ, საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე საკითხი არ უნდა გადაწყდეს. ზოგადად, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აწარმოებს კანაფს და მხოლოდ ფარმაცევტული დანიშნულებით იყენებს. სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის კუთხით, ამ ქვეყნებს სერიოზული ეფექტი აქვთ, თუმცა კანაფის კულტივაციის დანერგვის იდეას საქართველოში სერიოზული მსჯელობა და ყველა დონეზე განხილვა სჭირდება. 

პ.ს. 25 სექტმბერს, ,,საპარტიორო ფონდის'' შვილობილმა _ ,,კლინიკების განვითარების კომპანიამ'', ავთანდილ იმედაძე გაათავისუფლა. კლინიკის დირექტორის მოვალეობას სამთვიანი ვაით, პროფესორი, ლევან გოფოძე შეასრუებს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში