Menu
RSS

როგორ გამოიყენებენ კანაფს ფარმაციასა და კოსმეტოლოგიაში?

მწვანე ბალახის ექსპორტიორი ქვეყნები მსოფლიო ბაზარზე

მთავრობის ინიციატივას კანაფის საექსპორტო წარმოების შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლების ინიციატივა კანაფის ფარმაციასა და კოსმეტოლოგიაში გამოყენებას და ამ მიზნით, მის კულტივირებას გულისხმობს. კანაფის ექსპორტს, მმართველი ძალა, ქვეყნის ეკონომიკური შემოსავლების ზრდით ხსნის. თუმცა ირკვევა, რომ ქართულ სამზარეულოში, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, ამ მცენარეს საკმაოდ ფართოდ მოიხმარდნენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთონოლოგი როზეტა გუჯეჯიანის განცხადებით, კანაფს, რომელსაც სვანურ კილოზე ,,გიმბაშ'' ეწოდება, სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. მისი თქმით, კანაფის მარცვლის ფქვილისგან ამზადებნენ შეჭამანდს _ ფქვილს ურევდნენ ყველში და კანაფის ყველისგულიან ხაჭაპურებს აცხობდნენ. როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ მიცვალებულის დაკრძალვის წინა ღამეს, კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი, სულის შენდობისთვის გაშლილი ტრაპეზზე, ასევე ქელეხშიც აუცილებელი კერძი იყო. 

კანაფის მარცვლისგან ხდიდნენ ზეთს, რომელსაც ძვირფასი, სამკურნალო თვისება ჰქონდა. როზეტა გუჯეჯიანი ხაზგასმით განმარტავს, რომ კანაფის მარცვლის ფქვილი და ზეთი ნარკოტიკი არაა და ტრადიციულ ყოფაში, ქართველები კანაფს ნარკოტიკულ საშუალებად არ იყენებდნენ! 

,,ვერსია'' დაინტერესდა, რა სახით გამოიყენება მცენარე კანაფი ფარმაციასა და კოსმეტოლოგიაში, როგორია ამ მხრივ, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ან სტატისტიკა? შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც გაიხსნას მარიხუანას მოხმარების სპეციალური ცენტრები, სადაც მომხმარებლებს აღრიცხვაზე აიყვანენ და სამკურნალო, თუ რეკრეაციული მიზნით, მარიხუანას გარკვეული დოზით მიიღებენ?

ამ საკითხზე, ,,კვირას'' პრესკლუბში, ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის'' ექიმმა-ნარკოლოგმა, გვანცა ფირალიშვილმა, პრესკონფერენცია გამართა და მედიცინაში კანაფის გამოყენების შესახებ ისაუბრა. ექიმი განმარტავს, რომ ძირითადი ჩამონათვალი დაავადებებისა, რისთვისაც ეს ნივთიერება გამოიყენება, იმუნოდეფიციტით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის, აივ-ინფექციაა: 

,,შიდსის ბოლო სტადიაზე, პაციენტს გულის რევა, შეუჩერებელი პირღებინება, უმადობა, წონაში მკვეთრი კლება, ასევე ტკივილის სინდრომი ახასიათებს სხვადასხვა დაავადების დროს. როდესაც სხვა პრეპარატები ეფექტურად არ მოქმედებს, სწორედ ეს პრეპარატები გამოიყენება. ასევეა ნეიროდეგენერაციული ცვლილებების შემთხვევაში, მათ შორის, ეფექტურია გაფანტული სკლეროზის, ძლიერი ეპილეფსიის დროს, როდესაც სერიული კრუნჩხვებია და არაეფექტურია სხვა ტიპის წამლები. 

მედიცინაში არსებობს ასეთი ხარისხი _ ,,ეი-ბი-სი'', ანუ ჯერ რა პრეპარატებით იწყებ და მერე რაზე გადადიხარ. ამ საფეხურებრივ გრადაციაში, კანაფის ფარმაცევტულ პროდუქციას თავისი ნიშა უჭირავს. კვლევების მიხედვით, პალიატიურ თერაპიაში, გაცილებით ნაკლებად გვერდითი ეფექტების მქონეა კანაფის პროდუქცია, ვიდრე ოპიოიდური ჯგუფის პრეპარატები, მათ შორის, მორფი. ამიტომ ვიდრე იმ პრეპარატებზე გადავლენ, შესაძლებელია, კანაფის შემცველი პრეპარატის გამოყენება უკეთესი იყოს, ვინაიდან მის კომპონენტებს აქვს სედაციური, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, იმუნური სისტემის გამააქტიურებელი ეფექტი.'' 

გვანცა ფირალიშვილი განმარტავს, რომ საქართველოში მსგავს პრეპარატებს არ იყენებენ, რადგან ცალკეული პრეპარატების ეფექტურობაზე, კვლევები ჯერ არ დასრულებულა: ,,არის პრეპარატები, რომლებიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, გაფანტული სკლეროზის დროს, წარმატებით გამოიყენება. აშშ კი ჯერჯერობით თავს იკავებს, რადგან ამჟამად მიმდინარეობს კვლევები მისი უსაფრთხოების შესახებ. ზოგადად, შედეგების ხანგრძლივი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ პრეპარატებს ეტაპობრივად ნერგავენ''. 

ექიმი-ნარკოლოგი მარიხუანას უარყოფით გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანაფის მოხმარება განსაკუთრებით სახიფათო 21-წლამდე ასაკის ადამიანებისთვისაა. მისი თქმით, ტვინის გარკვეული სტრუქტურები, საბოლოოდ, სწორედ ამ ასაკში ფორმირდება, რაც პასუხისმგებელია სწავლის, მეხსიერებისა და ყურადღების ქმედუნარიანობაზე: ,,განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც გენეტიკური განწყობა, ან დატვირთვა აქვთ, შესაძლოა, ეს გარკვეული უარყოფითი მოვლენების დამაჩქარებელი და სტიმულატორი იყოს, ამიტომ მარიხუანას მიღება მოზარდებში, კატეგორიულად არ შეიძლება! ხშირად, ალკოჰოლს მარიხუანას ადარებენ, მაგრამ თუ ალკოჰოლში ფსიქოზის ფორმირებისთვის, შესაძლოა, მისი სისტემატიური მოხმარების ათწლეულები იყოს საჭირო, გამორიცხული არაა, მარიხუანას ერთჯერად მოხმარებასაც კი ფსიქოზი, პანიკური რეაქციები, პარანოიალური განწყობა მოჰყვეს. სისტემატური მოხმარების შემთხვევაში, ინტელექტის კოეფიცინტი 4-5 ქულით ჩამორჩება თანატოლების მონაცემებს. რასაკვირველია, საფრთხის შემცველია და უწყინარი პრეპარატი სულაც არაა, დიდი სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ მივესალმები იმ შეზღუდვებს, რომლებიც შსს-მ შეიმუშავა. ზუსტი ჩარჩოები და მუდმივად სწორი ინფორმაციის გავრცელება ამ პრეპარატის მავნებლობაზე, აუცილებელია!'' 

ამ საკითხზე ,,ვერსია'', ექიმ-ნარკოლოგს, ზურაბ სიხრულიძესაც ესაუბრა, რომელიც მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებს: 

_ კანაფს ფარმაციაში სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად, ხოლო კოსმეტოლოგიაში _ გარკვეული მალამოებისა და ზეთების დასამზადებლად იყენებენ. ზოგადად, კანაფის წარმოება-ექსპორტი კარგი ინიციატივაა, უბრალოდ, დეტალები უნდა დაზუსტდეს _ როგორი იქნება ლიცენზირების პროცესი, ვინ, როგორ და რა პირობებით მოიყვანს კანაფს. ამის შემდეგ, საუბარი უფრო გაგვიადვილდება. თუმცა მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ექსპორტისთვის, არამედ _ საქართველოშიც უნდა გაკეთდეს საწარმოები, სადაც ამ ნივთიერების მედიკამენტებსა და კოსმეტოლოგიურ საშუალებებს აწარმოებენ. 

_ ბატონო ზურაბ, როგორია მსოფლიოს გამოცდილება და სტატისტიკა ამ მიმართულებით? 

_ კანაფის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი დიდი ბრიტანეთია, რომელიც 49%-ს აწარმოებს და აქედან მოგება, დაახლოებით, 7 მილიარდი ფუნტია. მეორე ადგილზეა კანადა, მესამეზე კი _ პორტუგალია, რომლებიც ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. ძალიან მოთხოვნადია ნედლეული, რომელსაც ფარმაციაში იყენებენ, ამ მხრივ, ბაზარი გაჯერებული არაა. 

_ მარიხუანას მოხმარების საერთაშორისო პრაქტიკა როგორია, ეს საშუალება აფთიაქებში ოფიციალურად იყიდება? 

_ არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მარიხუანა აფთიაქებში არ იყიდება! მსოფლიოს გამოცდილება ასეთია - არსებობს ე.წ. მარიხუანას სამედიცინო ცენტრები, სადაც აღრიცხვაზე აჰყავთ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემა აქვთ, დამოკიდებული არიან, ან რეკრეაციული მიზნით იყენებენ. მათ გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, ერთ უნციას ანუ 25 გრამს აძლევენ. სამკურნალო საშუალების დოზას იმის მიხედვით საზღვრავენ, თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს _ უძილობა, სტრესული მდგომარეობა, დამოკიდებულება და სხვა. 

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კანონმდებლობა და რეგულაციები, რასაც ახლა საქართველოში, შსს აკეთებს და ეს სიახლე არაა. ყველა ქვეყანაშია რეგულაცია, რომლითაც მარიხუანას გადაცემა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, დიდი რაოდენობით შენახვა კანონმდებლობით ისჯება. მაგალითად, ინგლისში პირველად, გაფრთხილებას აძლევენ, მეორე ჯერზე _ ჯარიმა, დაახლოებით, 90 ფუნტის ოდენობითაა, მესამე გაფრთხილებაზე კი პირს 5-წლამდე პატიმრობას უსჯიან. ჩეხეთში, მარიხუანას სამკურნალო ცენტრებია, სადაც ადამიანები აღრიცხვაზე დგებიან და იმ რაოდნეობას იღებენ, რაც პირადი მოხმარებისთვის სჭირდებათ. ყველა ქვეყანა აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს და ცდილობენ, ეს ყველაფერი ჩარჩოებში მოაქციონ. ამგვარი პრაქტიკა არსებობს და ველოსიპედის გამოგონება საჭირო სულაც არაა. 

კანაფიც ერთ-ერთი ისეთი ნივთიერებაა, რომელიც შესაძლებელია, კონტროლირებადი გახდეს. გარდა ამისა, ეს უდანაკარგო მცენარეა, მეტიც, კომერციული თვალსაზრისით, შესაძლოა, ქვეყანას გარკვეული სარგებელიც კი მოუტანოს, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე მსუბუქ მრეწველობაში. კანაფისგან მზადდება ძალიან კარგი ხარისხის ქსოვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. 

თუ ამ ყველაფერს სწორად მივუდგებით და არ ავტეხთ ისტერიკას, რომ გენოფონდი და ქვეყანა იღუპება, ნამდვილად შესაძლოა, ქვეყანამ დიდი სარგებელი მიიღოს, რადგან ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც კანაფისგან მედიკამენტებს, ზეთებს, მალამოებს ამზადებენ, ნამდვილად სჭირდებათ ეს ნედლეული და ასეთ ბაზრებსაც ეძებენ. ჩვენი ქვეყნის კლიმატში, შესაძლებელია, გარკვეული რაოდენობით მისი დაგროვება, რადგან კანაფი ყველაგან არ იზრდება. ის პროდუქტი, რომელსაც სათბურებში ზრდიან, ჰიბრიდულია. ფარმაცევტულ კომპანიებს კი მედიკამენტების საწარმოებლად, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი სჭირდებათ, ამიტომაც ბევრი ეძებს სუფთა ნედლეულს და რატომ არ უნდა გახდეს ამ მხრივ, საქართველო ექსპორტიორი ქვეყანა, ვერ ვხვდები, ან თავად რატომ არ უნდა ვაწარმოოთ? არის მოსაზრება, რომ კანაფი ,,შავ ბაზარზე'' მოხვდება, მაგრამ ეს აბსოლუტურად მცდარია, რადგან კანაფს სულ სხვა მიზნებისთვის აწარმოებენ და არა ,,შავ ბაზარზე'' მოსახმარებლად! 

_ თუ მარიხუანას მომხმარებლებს აღვრიცხავთ, ოფიციალური სტატისტიკაც გვექნება და პრობლემის უფრო მარტივად გადავჭრით? 

_ რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნება, რადგან მოხმარება კონტროლირებადი გახდება. რატომ მიიღო კანადამ კანონი მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ? იმიტომ, რომ ე.წ. შავი ბაზარი, 17-18 წლის მოზარდებით ძალიან სერიოზულად იყო დაინტერესებული, ამიტომ სახელმწიფომ შემოიტანა რეგულაცია. შესაბამისად, როცა სახელმწიფო ამბობს, მე გავაკონტროლებ და რეგულირებასაც განვახორციელებო, უნდა გააკონტროლოს კიდეც. კანონი უნდა კანონობდეს და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ბევრ უბედურებას აგვაცილებს, რადგან დღეს მარიხუანა ბევრად უფრო ნაკლებპოპულარულია, ვიდრე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც უმძიმესი შედეგები აქვთ. 

ურუგვაიმ, კანადამ, აშშ-მ იმიტომ მიიღეს კანონი მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ, რომ სინთეტიკური ნარკოტიკები მსოფლიოსთვის უმძიმესი და უდიდესი გამოწვევაა. მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მარიხუანას ლეგალიზებით, სწორედ ახალი ნივთიერებების მოხმარება შემცირდეს. 

ჩვენს ქვეყანაში ახალი არაფერი ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, კანაფის კულტივირებაზე საუბარი დაწყებულიყო. თუმცა ჯერჯერობით მზად არ ვართ, რომ შიდა ბაზარზე მოვიხმაროთ, მაგრამ ალბათ, ასეთი დროც დადგება. ეს ისტერიკა დამთავრდება და ამ თვალსაზრისით, გარკვეული ცვლილებიც იქნება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში