Menu
RSS

ჭიათურის მუნიციპალიტეტის აუდიტის დასკვნა მთავარ პროკურატურას გადაეცემა!

არაგონივრულად გახარჯული საბიუჯეტო სახსრები და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები _ შეძენილი სამშენებლო მასალები, დაუმთავრებელი პროექტები და სოფლის გზებზე დაყრილი მძიმე ლოდები!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტი შეამოწმა. აუდიტის დასკვნა 2016-2017 წლებს და ამ პერიოდში, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულებას ეხება. აუდიტის შედეგად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ისეთი დარღვევები გამოვლინდა, რომ დასკვნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება.Mმაგალითად, რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები არაობიექტურად გაზარდა. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტები ვადებში ვერ დასრულდა, მერიამ საჯარიმო სანქციები არ გამოიყენა და დამატებითი შემოსავლებიც დაკარგა... ეს იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტორებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში დახვდათ. თუმცა ის დარღვევები, რაც აუდიტის ჯგუფმა ჭიათურაში გამოავლინა და რის გამოც, დასკვნა მთავარ პროკურატურას გადაეცემა, გაცილებით მძიმეა.

არაგონივრული ხარჯები

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ამ წესის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად 397 ლარი განისაზღვრა. ამასთან, საკრებულოს წევრის მიერ მისაღები კონკრეტული თანხის მოცულობა დგინდება საკრებულოს სხდომებზე მონაწილეობის, ასევე ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს დავალებების შესრულების შესაბამისად. არადა, სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადმა წევრებმა, ხარჯების ანაზღაურების სახით, 167 700 ლარი მიიღეს. თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ამ ხარჯერბის დასადასტურებლად, დოკუმენტური მტკიცებულებები სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს! 

2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შპს „დაუ +“-გან, საკონსულტაციო მომსახურება შეისყიდა, რომლის ღირებულება 8 800 ლარი იყო. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „დაუ +“-ს ევალებოდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია 2016-2017 წლების ბიუჯეტის პროექტის შედგენის, განხილვის, მიღების, ცვლილების შეტანის, შესრულების, გარე და შიდა აუდიტის ჩატარების შესახებ. 

იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს გადასცეს, გაირკვა, რომ მართალია, შპს „დაუ +“, მუნიციპალიტეტს ყოველთვიურად წარუდგენდა კანონმდებლობაში შესული ცვლილებების კრებულს, მაგრამ მასში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემები ასახული არ ყოფილა. სამაგიეროდ, ამ საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მიმწოდებელთან ზეპირ კონსულტაციებს გადიოდნენ! 

სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, საკანონმდებლო სიახლეები ხელმისაწვდომია ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის. კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვალდებული არიან, კანონმდებლობა სათანადოდ იცოდნენ, რათა საქმიანობაში გამოყენება შეძლონ: 

,,2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ სამსახურში, 16 მოსამსახურე იყო დასაქმებული და მათზე 330 800 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება გაიცა. ამ სამსახურებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობა კანონმდებლობის ცოდნა და მათი პრაქტიკაში განხორციელებაა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, ანალოგიურ საკითხებზე კონსულტანტის მომსახურების შესყიდვა და ხარჯის გაწევა. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ მომსახურებაზე გადახდილი 8 800 ლარი არაგონივრული ხარჯია'', _ მითითებულია აუდიტის დასკვნაში. 

2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან, სტუმრების მასპინძლობისა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 43 800 ლარი გახარჯა. კერძოდ, 2016 წელს, 4 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა ღირებულება 24 000 ლარი იყო, ხოლო 2017 წელს _ 20 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით _ 19 800 ლარი. სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა არ შეიმუშავა შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლითაც თანხები „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან უნდა დახარჯულიყო: 

,,მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2016 წელს, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო 2017 წელს _ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე. საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ 2016 წელს, თანხები გახარჯულია 47 ღონისძიებაზე, თუმცა არ არის ცნობილი, რა სახის ღონისძიებები გაიმართა, არსად მითითებული არაა მათი საჭიროება, სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. 2017 წელს, თანხა 20 ღონისძიებაზე გაიხარჯა, რომელთა დოკუმენტაციაში ღონისძიება დასახელებულია, თუმცა მატი ჩატარების აუცილებლობა, სტუმრობის მიზანი, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა მითითებული არაა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული 43 800 ლარი არაგონივრული ხარჯია'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

დაუსრულებელი პროექტები 

2016 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ხოლო 2017 წელს _ ადგილობრივი ბიუჯეტით, სხვადასხვა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 513 400 ლარის სამშენებლო მასალები შეისყიდა. მერიამ მასალების შესყიდვა იმ მიზნით დაგეგმა, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები აეშენებინა ან/და წინა პერიოდში დაწყებული მშენებლობები გაეგრძელებინა. Aუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ მასალებს მერია სოფლის მოსახლეობას გადასცემდა, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა შეესრულებინათ სამუშაოები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის 44 სოფელში დაგეგმილი იყო სარიტუალო დარბაზების, სტადიონების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, წისქვილისა და სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაცია. 

აუდიტის ჯგუფმა 2016-2017 წლებში, მასალების გამოყენებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა შეისწავლა. გაირკვა, რომ 216 600 ლარის სამშენებლო მასალა მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია და შესაბამისად, დაგეგმილი სამუშაოებიც არ განუხორციელებია! არადა, ჭიათურის მუნიციპალიტეტი პროექტის სრულყოფილად შესრულებისთვის, ვალდებული იყო, შესყიდული მასალების ხარჯვა-გამოყენებაზე სათანადო კონტროლო დაეწესებინა! აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ამ მასალების გარდა, მუნიციპალიტეტს წინა წლებში შეძენილი და გამოუყენებელი მასალებიც ნაშთად ერიცხება: 

,,კერძოდ, 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, გამოუყენებელი მასალების ნაშთი 744 100 ლარია. ეს ნაშთი მოიცავს, როგორც 2016-2017 წლებში შესყიდული მასალების, ასევე 2016 წლამდე პერიოდში შეძენილი მასალების ღირებულებასაც. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ნაშთად რიცხული მასალები სოფლების მიხედვით, სხვადასხვა ოჯახებშია დასაწყობებული. იქიდან გამომდინარე, რომ დასაწყობებული მასალების სრულად დათვალიერება მოითხოვდა დიდ დროით რესურს, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომდგენლებთან ერთად, ადგილზე, შერჩევით დაათვალიერა მასალები. გაირკვა, რომ მასალების ნაწილი გაფუჭებულია და უვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

მას შემდეგ, რაც ამ საკითხით აუდიტის ჯგუფი დაინტერესდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა არსებული ნაშთების მდგომარეობა შეისწავლეს. მათი განმარტებით, ნაშთად რიცხული მასალებიდან, 10 700 ლარის მასალა გაფუჭებულია; 216 000 ლარის მასალები გამოყენებულია, მაგრამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს; 65 700 ლარის მასალების ადგილსამყოფელი გაურკვეველია, ხოლო 451 700 ლარის მასალები დასაწყობებულია! 

ვინაიდან აუდიტის ჯგუფმა, არსებული ნაშთის სრულად დათვალიერება ვერ მოახერხა, ხოლო დათვალიერების შემდეგ, გარკვეული დანაკლისები გამოვლინდა, არსებობს იმის რისკი, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ნაშთების მდგომარების შესახებ, რეალობას არ ასახავს! შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა გადაწყვიტეს, რომ მასალების ხარჯვის კანონიერების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ! 

2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა, 10 სოფელში, წყლის სისტემის მოსაწყობად, 43 100 ლარის მასალები შეისყიდა. ეს მასალები მერიამ სოფლის მოსახლეობას გადასცა, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა შეესრულებინათ დაგეგმილი პროექტი. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, შესყიდული მასალების დროულ გამოყენებასა და პროექტის წარმატებით დასრულებაზე, სათანადო კონტროლი დაეწესებინა. აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და გამოვლინდა, რომ ამ სოფლებში წყლის სისტემა მოწყობილი არაა, ხოლო შესყიდული მასალები გამოუყენებელი და დასაწყობებულია! 

2016 წელს, მუნიციპალიტეტმა სოფელ ჯოყოეთში, წისქვილის მშენებლობისთვის, 3 200 ლარის მასალები შეისყიდა. მერიამ ეს მასალებიც სოფლის მოსახლეობას გადასცა, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა შეესრულებინათ დაგეგმილი პროექტი. აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გაარკვია, რომ წისქვილის მშენებლობა დაუსრულებელია, ხოლო 2016 წელს შეძენილი მასალები გამოუყენებელი და დასაწყობებულია! სინამდვილეში, წისქვილის სამშენებლო სამუშაოები, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც 2014-2016 წლებში, 5 200 ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტმა შენობის დასასრულებლად საჭირო სამუშაოები ვერ განახორციელა, მასალები დასაწყობებულია, ხოლო მოსახლეობა მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს! 

2016 წელს, მუნიციპალიტეტმა სოფელ ხალიფაურისა და მღვიმევის სპორტული მოედნების (ფეხბურთის სტადიონი) კეთილმოსაწყობად, 4 100 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები შეისყიდა. აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ეს ობიექტები დათვალიერა და გამოავლინა, რომ სპორტული მოედნები მოსაწყობი სამუშაოები არ შესრულებულა. შედეგად, პროექტი დაუსრულებელია, შეძენილი მასალები დასაწყობებულია, ხოლო მოსახლეობა მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს! 

ინფრასტრუქტურული პროექტები 

2016 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შპს „გლ ინვესტისაგან“, სოფელ ზოდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეისყიდა, რომლის ღირებულება 978 800 ლარი იყო. მუნიციპალიტეტმა ინსპექტირების ჯგუფისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 

2018 წლის 9 მარტს, აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გაირკვა, რომ სოფელ ზოდში, გზის ცალეკული მონაკვეთები დაზიანებულია, აღინიშნება ბზარები და ჩამოშლილია სავალი გზის გვერდითი ნაწილები. დაზიანების დროს, შესყიდულ ობიექტს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც, მიმწოდებელი

ვალდებული იყო, რომ მექანიკური დაზიანების გარდა, ყველა ხარვეზი გამოესწორებინა. ჭიათურის მუნიციპალიტეტს, დაზიანების გამოსასწორებლად, საგარანტიო ვადებში მიმწოდებლისათვის არ მიუმართავს: 

,,მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2016 წელს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა. 2017 წლის ბოლოს, სოფელ ზოდში, ჭიათურის მერის წარმომადგენლის სიტყვიერი ინფორმაციით, დაზიანდა და ნაწილობრივ ჩაიქცა გზის საფარი, აგრეთვე ჩამოიშალა გზის გვერდითი ნაწილები. ამის საფუძველზე, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ადგილზე დაათვალიერა სოფელ ზოდის გზა. მათი განმარტებით, დაზიანებები გამოიწვია მანგანუმის მიწისქვეშა გამომუშავებამ, ხოლო გზის სავალი ნაწილების გვერდულები დაზიანებულია მძიმეწონიანი ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად. ამდენად, მუნიციპალიტეტის მოსაზრებით, სამუშაოები დაზიანდა არა უხარისხობით, არამედ კერძო კომპანიის მიერ, მანგანუმის მიწისქვეშა გამომუშავებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტმა დოკუმენტურად ვერ დაადასტურა, მოითხოვა თუ არა ზარალის ანაზღაურება მანგანუმის მომპოვებელი კომპანიისაგან''. 

სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, შესაძლოა, სოფელ ზოდის გზაზე წარმოქმნილი დაზიანებების გამომწვევი მიზეზი იყოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს დაბალი ხარისხი, ან გზის არასწორი ექსპლუატაცია. უხარისხობის მიზეზით, გზის დაზიანების შემთხვევაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტს, ხარვეზის გამოსასწორებლად, საგარანტიო ვადაში უნდა მიემართა მიმწოდებლისთვის, ხოლო არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტს უნდა გამოევლინა გზის დაზიანების რეალური მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები! შედეგად, სოფელ ზოდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ერთ მონაკვეთზე დაზიანებულია და მოსახლეობას მიეწოდება ხარვეზებით! 

2016 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა, მემორიალი-რგანი-ხრეითის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 1 179 100 ლარი იყო. სამუშაოების განსახორციელებლად, მერიამ ტენდერის გზით, 30 მარტსა და 2 სექტემბერს, ხელშეკრულებები გაუფორმა შპს „საპოვნელა +''-ს. მუნიციპალიტეტმა ინსპექტირების ჯგუფისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაიბარა და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 

2018 წლის 26 მარტს, აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და გამოავლინა, რომ მემორიალი-რგანი-ხრეითის გზის ზოგიერთი მონაკვეთი დაზიანებულია! კერძოდ, გზის მონაკვეთზე, გარკვეული ნაწილი ჩავარდნილია და აღენიშნება ბზარები. 2016 წელს, მემორიალი-რგანი-ხრეითის გზის მონაკვეთზე, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთის ორივე მხარე მეწყრულია. იმავე დასკვნაში ისიც მითითებულია, რომ მეწყრის ზემოქმედების შედეგად, გზის ვაკისის უფრო მეტად დაწევის შემთხვევაში, ის ბალასტის შეტანით უნდა აღდგეს: 

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2017 წელს, მემორიალი-რგანი-ხრეითის გზაზე არსებული დაზიანებები აღმოაჩინეს. მუნიციპალიტეტმა ხარვეზების გამომწვევ მიზეზად, აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერული ზონის არსებობა მიიჩნია. საკითხის გამოკვლევის მიზნით, მუნიციპალიტეტმა რეგიონალური განვითარების ფონდს მიმართა და მოითხოვა, რომ ეს მდგომარეობა სპეციალისტებს შეესწავლა. მიმართვის საფუძველზე, ეს საკითხი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა და დაადგინა, რომ გზის დაზიანების მიზეზი მეწყრული ზონის არსებობაა. მემორიალი-რგანი-ხრეითის გზის გარკვეული მონაკვეთები მნიშვნელოვნად დაზიანებულია და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ამის მიუხედავად, პრობლემის მოგვარების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია!'' 

2017 წლის 27 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა, ხელშეკრულებები გააფორმა შპს „არტ მშენთან“, რომელთა საერთო ღირებულება 37 200 ლარი იყო. ხელშეკრულებით, მუნიციპალიტეტის 20 სოფელში, შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. თუმცა აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში, ინერტული მასალების ფასი გათვალისწინებული არ ყოფილა, ვინაიდან მიმწოდებელს უნდა გამოეყენებინა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული კარიერის მასალა: 

,,ამასთან, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში მითითებული არ იყო ინერტული მასალის ფრაქციის ზომა. შედეგად, მიმწოდებელმა 10 სოფელში, არაგონივრულად დიდი ფრაქციის ინერტული მასალა (ქვის ლოდები) შეიტანა, ხოლო დანარჩენ 10 სოფელში, სამუშაოები არც კი დაუწყია! უხარისხობის მიზეზით, შესრულებული სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტს არ ჩაუბარებია, შესაბამისად, არც თანხაა გადახდილი, ხოლო ხელშეკრულებების მოქმედება შეწყვეტილია! აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებები გააფორმა ისეთი სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც სათანადოდ დაგეგმილი არ ყოფილა. არასწორი დაგეგმვის გამო, ეს სამუშაოები უხარისხოდ და შეუსაბამო მასალით შესრულდა!'' 

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე, სასამართლო დავა მიმდინარეობს. კერძოდ, მიმწოდებელი შესრულებულ სამუშაოზე თანხის ანაზღაურებას ითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ჭიათურის მუნიციპალიტეტს ინერტული მასალის ფრაქცია მითითებული არ ჰქონდა, არსებობს რისკი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს დაეკისროს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. იმის მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა არ გადაუხდია და სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები არ გაუფორმებია, სამუშაოები შეუსრულებელია! შედეგად, სოფლის გზებზე არსებული პრობლემა მოუგვარებელია! შესაბამისად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ სიკეთით, რაც გზის რეაბილიტაციის შედეგად უნდა მიეღო. მეტიც, არსებობს იმის რისკი, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტს მიმწოდებლისთვის თანხის გადახდა მაინც მოუწევს. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტორები ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ ეს საკითხი დეტალურად შეისწავლონ, პასუხისმგებელი პირები დაადგინონ და შესაბამისი ღონისძიებებიც გაატარონ! 

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია 

2016 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა, ტენდერის საშუალებით, შპს „ტყვიავისაგან“, ჭიათურაში მდებარე პირველი, მეორე, მეოთხე და მეშვიდე საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 374 200 ლარი იყო. აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ ეს პროექტი ინსპექტირების ჯგუფმა ჩაიბარა, რითაც დაადასტურა სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზა მხოლოდ მოცულობებზე განახორციელეს, ხარისხი კი ვიზუალური დათვალიერებით შეამოწმეს! 

2018 წლის 7 მარტს, აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გამოავლინა, რომ პროექტი უხარისხოდაა შესრულებული. საბავშვო ბაღების ოთახების უმრავლესობაში, კედლებიდან ჩამოყრილია ბათქაში და საღებავი, დაზიანებულია იატაკი. სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა ვერ დაადგინა ამ სამუშაოების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან! მერიამ შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვერც ექსპერტიზის დასკვნით დაადგინა, რადგან ექსპერტიზა მხოლოდ მოცულობებზე ჩაატარეს და სამუშაოების ხარისხი არ შეისწავლეს! კონტროლის მექანიზმში არსებულმა სისუსტეებს, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოჰყვა! 

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულება ერთწლიან საგარანტიო მექანიზმს ითვალისწინებდა, რა დროსაც მიმწოდებელი ვალდებული იყო, რომ უხარისხობით გამოწვეული ხარვეზები საკუთარი სახსრებით აღმოეფხვრა. შესაძლოა, საბავშვო ბაღებში არსებული ეს დაზიანებები წარმოიშვა, როგორც საგარანტიო პერიოდში, ასევე მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც. ჭიათურის მუნიციპალიტეტი კი საბავშვო ბაღების მდგომარეობის მონიტორინგს არ ახორციელებდა და შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობის პერიოდის შესახებ, ინფორმაციასაც არ ფლობდა! ესაა მიზეზი, რის გამოც ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს არ მიმართა: 

,,საბავშვო ბაღებში არსებულ დაზიანებებზე ინფორმაციის უქონლობა, მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დაეწესებინა, ეწარმოებინა მუდმივი მონიტორინგი, დროულად გამოევლინა ხარვეზები და ხაზიანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა. ამდენად, მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის მექანიზმებმა, ვერ უზრუნველყო სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისი სამუშაოების მიღება-ჩაბარება და დაზიანებების გამოვლენა! შედეგად, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება 347 200 ლარი იყო ნაწილობრივ დაზიანებულია და დამატებითი სამუშაოები სჭირდება!'' 

2016 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი თაბაგრებისა და ბერეთისას, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელთა სავარაუდო ღირებულება 124 500 ლარი იყო. ტენდერში 8 პრედენდენტი მონაწილეობდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის მქონე 3 პრეტენდენტს, ტექნიკური დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სატენდერო კომისიამ, მესამე პრეტენდენტს _ ი/მ „სიმონ კაპანაძეს“, დისკვალიფიკაცია არასწორად მიანიჭა. კერძოდ, პრეტენდენტმა წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებს მუშახელის ძირითადი ხელფასის 5% დაარიცხა. სატენდერო კომისიამ დაასკვნა, რომ პრეტენდენტმა საქართველოს მთავრობის #55 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გაითვალისწინა: 

,,მთავრობის ამ დადგენილებით, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, განსაზღვრულია ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების ზღვრული ოდენობები. აღნიშნული წესით, ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებზე, მუშახელის ძირითადი ხელფასიდან იანგარიშება და მის 75%-ს შეადგენს. წესის დაცვა სავალდებულოა მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, სამშენებლო სამუშაოებზე საწყისი სავარაუდო ფასის განსაზღვრისას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში! ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დაანგარიშების დროს. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ამ დადგენილების დაცვა პრეტენდენტს არ ევალებოდა და ამასთან, ზედნადები ხარჯი, განსაზღვრულ პროცენტულ ოდენობაზე არსებითად დაბალი პროცენტით ჰქონდა გაანგარიშებული, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ი/მ „სიმონ კაპანაძეს“ არასწორად მიანიჭა!'' 

ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა და ხელშეკრულება გაუფორმდა მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს _ ი/მ „შიო გაფრინდაშვილს“. ხელშეკრულების ღირებულება 99 600 ლარი იყო. ეს თანხა 4 600 ლარით აღემატება სატენდერო კომისიის მიერ, არასწორად დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის _ ი/მ „სიმონ კაპანაძის“ მიერ შეთავაზებულ ფასს. სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, შესყიდვის პროცედურები ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ისე წარმართა, რომ ტენდერში ი/მ ,,შიო გაფრინდაშვილს'' გაემარჯვა. შედეგად, სატენდერო კომისიამ დაარღვია კანონმდებლობა, დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიმართ გამოიყენა არასამართლიანი მიდგომა და სამუშაოების შესყიდვაზე 4 600 ლარის ოდენობით, არაეკონომიური ხარჯი გასწია!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში