Menu
RSS

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ეკონომიკური ეფექტი

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და აჭარის სოფლების წყალმომარაგებისთვის გერმანიამ 200 მილიონ ევრომდე გამოყო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ათწლიანი ინტერვალის შემდეგ. კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ესტუმრა. პოლიტიკური ინტერესების პარალელურად, ამ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მოლოდინიც ახლდა. ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტისას, ეკონომიკურ ასპექტებს მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი დათემო. ქვეყნის პირველ პირებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის პარალელურად, მერკელი ქართულ-გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 23-24 აგვისტოს, თბილისში ქართულ-გერმანული ბიზნეს-შეხვედრები დაიგეგმა. ერთგვარ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ, როგორც ორივე ქვეყნის ბიზნესწრეების, ასევე მთავრობების წარმომადგენლები. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები _ გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ტომას ბარაიბი. 

23 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს და გერმანული კომპანიების, Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG/Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელიც მონაწილეობდა. 

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბმა, საქართველო-გერმანიის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობები პერსპექტივა დადებითად შეაფასა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტომას ბარაიბმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა: 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ჩვენი, გერმანელი ინვესტორებისა და კომპანიების წამომადგენლების აზრით, თქვენთან ახალი ბიზნესის საწარმოებლად, მართლაც კარგი და ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. ჩვენს დელეგაციაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებიც არიან, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, სამთო მრეწველობისა და განათლების სფეროდან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას, რათა ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ასევე, ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო, სადაც დაცულად უნდა გრძნობდე თავს. ეს ყველაფერი საქართველოში არსებობს, ეს კი სხვადასხვა პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“. 

24 აგვისტოს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ შედგა მრგვალი მაგიდა _ გერმანია-საქართველოს ბიზნესსექტორისა და მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც გამოირჩევა: ,,კანცლერის ვიზიტს, საკმაოდ მსხვილი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენელთა სტუმრობაც მოჰყვება, რომლებსაც შევხვდებით და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გავაცნობთ“. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანია „დოიჩე ბან“-ს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე: „მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ახლანდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ,,საქართველოს რკინიგზის'' დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს დაიწყო, რაც ახლა უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. ამ ვიზიტის ფარგლებში, „დოიჩე ბან“-ის წარმომადგენლებსაც ველით“. 

გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მისი ინფორმაციით, გასული შვიდი თვის განმავლობაში, ქართული ექსპორტი ევროკავშირში 20%-ზე მეტით გაიზარდა, მათ შორის, გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%- მდეა: „მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დივერსიფიცირებული და საკმაოდ ფართო პროდუქცია. ამ ვიზიტისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რეფორმებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რასაც ამ ვიზიტის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გავაცნობთ გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს'', _ განაცხადა ჩერქეზიშვილმა. 

მერკელის ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (KFw) და ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას'' შორის, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც წმინდა ეკონომიკური, ასევე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. პროექტი სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე, მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობას ეხება. სესხის ოდენობა 150 მილიონი ევროა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული, სეზონური დისბალანსის დარეგულირებასა და ზამთრის პერიოდში, პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს, ხოლო პროექტი ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა. 

გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციისა Dდა განვითარების ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ. ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ, შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით, ამ პროექტისთვის 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო _ გრანტის სახით გამოყო. ეს თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება. სხვათა შორის, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარაში ხორციელდება. მაგალითად, ბათუმში, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტი, რომელიც ოთხ ფაზად ხორციელდება. Mმისი ღირებულებაა 119 მილიონი ევრო _ სესხის, ხოლო 37 მილიონი ევრო _ გრანტის სახით. ამ მიმართულებით, გერმანიასთან თანამშრომლობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. შედეგად, რეგიონში ტურიზმის განსავითარებლად, მიმზიდველი პირობები შეიქმნება, ხელი შეეწყობა საშუალო და მცირე ბიზნესს. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში: „დღეის მდგომარეობით, გერმანიის მთავრობამ საჯარო სექტორში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობას 1 მილიარდ ევროზე მეტი უკვე გამოუყო გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. თუმცა მნიშვნელოვანია გერმანული მხარის მხარდაჭერა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებითაც''. მისივე თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლა, უდავოდ ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას. 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოება, კეთილდღეობის შექმნა რეგიონებში და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაა. უსაფრთხოება და კეთილდღეობა კი მიღწევადია, თუ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება: 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას, საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაზე. მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბება. ახალგაზრდა ადამიანს უნდა ჰქონდეს საწარმოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მას უნდა ჰქონდეს კარგი შესაძლებლობა, რათა საკუთარი სექტორი განავითაროს, იაფი კრედიტი და სესხი მიიღოს. რაც მეტია დივერსიფიკაცია, რაც მეტი მრავალმხრივობა ჩნდება, რაც უფრო ნაკლებია მსხვილი საწარმოები, მით უკეთესია და ქვეყნაც სწრაფად ვითარდება. ამიტომ ბუნებრივია, რომ მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა გაიზარდოს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რათა ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი გახდეს''. 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი კითხვის პასუხად, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის, გერმანია სამუშაო კვოტებს შექმნის, რათა დასაქმების ლეგალური და სამართლებრივი საშუალება შეიქმნას. გერმანიის კანცლერის თქმით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა: „ჩვენ ახლა ვამუშავებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც გერმანულ ბაზარზე დიდი დეფიციტია. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით და ჩამოვაყალიბებთ პრინციპებს, რათა დასაქმების ლეგალური და სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს. უნდა გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა და ამ მხრივ, პროფესიული განათლების მიღება, რათა ამ ადამიანების პროფესიული ხელობა გერმანიამაც აღიაროს. რასაც ადამიანები ითვისებენ და სწავლობენ, ისევ მათვე უნდა შეეძლონ ამ ხელობის გამოყენება''. 

გერმანიასა და საქართველოს შორის, მრავალწლიანი და მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს. ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 300 გერმანული კომპანია ოპერირებს. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის _ ,,საქსტატის'' მონაცემებით, 2004-2017 წლებში, გერმანული კომპანიების ინვესტიციებმა საქართველოში 400 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2017 წელს, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 478 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ვაჭრობის სფეროში ქართული კომპანიების დაინტერესება, რათა გერმანულ კომპანიებთან ითანამშრომლონ, საკმაოდ მაღალია, რაც გერმანული კომპანიებისა და გერმანული პროდუქტის მიმართ, ნდობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში