Menu
RSS

რა დარღვევები გამოვლინდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის სკანდალური დეტალები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეამოწმა. ფინანსური აუდიტის დასკვნა 2017 წლის პერიოდს მოიცავს. დასკვნის მიხედვით გამოვლინდა, როგორც საბუღალტრო შეცდომები, ასევე სერიოზული ხარვეზები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო შესყიდვები პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც ისეთივე ,,აქილევსის ქუსლია'', როგორც სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში _ სახელმწიფო აუდიტორებმა სერიოზული ხარვეზები გამოავლინეს. სამწუხაროდ, წინამორბედების მსგავსად, ვერც პრეზიდენტი მარგველაშვილი გაექცა ცდუნებას, რაც სარეზერვო ფონდში არსებული სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში გამოიხატა. ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს მარგველაშვილიც სხვადასხვა სახის ღონისძიებების დასაფინანსებლად იყენებდა!

საბუღალტრო შეცდომები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე, 2007-2010 წლებში, წარმოშობილი 3 775 406 ლარის დებიტორული დავალიანება ირიცხება. ადმინისტრაციის განმარტებით, ეს დავალიანება მივლინების ხარჯებს უკავშირდება. თუმცა შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ გაარკვია, ვინ არიან ანგარიშვალდებული პირები. შედეგად, აუდიტორებმა ამ ნაშთის არსებობაზე, მის სისრულესა და სიზუსტეზე ინფორმაცია ვერ მიიღეს! 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება ასევე 2004 წელს შექმნილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ,,განვითარებისა და რეფორმების ფონდის'' მიმართ არსებული 1 995 448 ლარის დავალიანება. რეალურად, ამ ფონდის მიზანი ინსტიტუციონალური და საჯარო რეფორმების განხორციელება, ასევე საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება) იყო. ფონდის ლიკვიდაცია 2010 წელს მოხდა. აუდიტის პროცესში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს ეროვნული არქივიდან ფონდის სალიკვიდაციო დოკუმენტები მოიძია, რითაც გაირკვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ დავალიანება არ ირიცხებოდა! ლიკვიდირებული ორგანიზაციიდან დებიტორული დავალიანების დაფარვის ალბათობა ძალიან მცირეა. შედეგად, ფინანსური ანგარიშგების ფორმაN#1-ში, ,,სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ნაშთი _ 1 995 448 ლარი, ზედმეტადაა წარმოდგენილი, რაც ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნებს არ შეესაბამება. 

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე, 2008-2010 წლებში წარმოშობილი 637 327 ლარის კრედიტორული დავალიანება ირიცხება. ადმინისტრაციამ აუდიტის ჯგუფს განუმარტა, რომ ეს დავალიანებაც მივლინებებს უკავშირდება, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო, აუდიტორებმა დავალიანების სიზუსტე ვერ დაადგინეს. არადა, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილი ბიუჯეტი ზუსტად უნდა პასუხობდეს ორგანიზაციის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს. 

საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საგამოფენო ღონისძიებების ხარჯების“ კლასიფიკაციით 310 000 ლარი დაგეგმეს, მაგრამ საკასო ხარჯი 1 380 650 ლარი იყო. ამგვარი ცვლილება წლის განმავლობაში, ,,საქონელი და მომსახურების“ მუხლში წარმოქმნილმა აუთვისებელმა თანხამ გამოიწვია. 2017 წლის განმავლობაში, წინასწარი ანგარიშსწორებით, ამ მუხლიდან 556 778 ლარი, 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებისთვის გაიხარჯა. აუდიტის ჯგუფმა დაასკვნა, რომ წლის ბოლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის გეგმაში არსებული მნიშვნელოვანი ცვლილება, დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. 

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში 

სახელმწიფო შესყიდვებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც სერიოზულ შეცდომებს უშვებს. საახალწლო ღონისძიების მომსახურების შესყიდვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შპს ,,ვანილა ივენთს“ შორის, 499 777 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა და მიღება-ჩაბარების აქტიც ხელშეკრულების შესრულების კონტროლის საფუძველზე უნდა გაფორმებულიყო. აუდიტის ჯგუფმა გაარკვია, რომ ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვან სპეციფიკაციებს არ მოიცავდა – არ არის დეტალურ ინფორმაცია შესყიდული მომსახურებისთვის გამოყენებული დეკორაციების ხარისხის, რაოდენობის, ზომებისა და ესკიზების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ შემდეგი შესყიდვა: დეკორატიული სასახლე _ 42 350 ლარი; ლოლი პოპის დეკორაცია _ 22 500 ლარი; საშობაო სახლები _ 16 250 ლარი და 12 600 ლარი ნაძვის ხეებისთვის. 

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა, იყო თუ არა მოკვლეული ალტერნატიული ვარიანტი და ადმინისტრაციისგან ასეთი განმარტება მიიღო: ,,წინასაახალწლო პერიოდში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების, ასევე ჩასატარებელი ღონისძიების მასშტაბურობიდან და ვადებიდან გამომდინარე, რამდენიმე კომპანიამ უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე და არც კონცეფცია წარმოუდგენიათ; კონცეფცია წარმოადგინა მხოლოდ შპს „ვანილა ივენთმა'', რომელიც სრულად პასუხობდა ადმინისტრაციის მოლოდინს; მათი კონცეფციით კი სხვა კომპანიისთვის სამუშაოს დაკვეთა გამოიწვევდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას''. 

არამიზნობრივად გახარჯული სარეზერვო ფონდი 

2017 წელს, პრეზიდენტ მარგველაშვილის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან სულ 4 951 056 ლარი გამოიყო. აქედან ადმინისტრაციის საჭიროებისთვის _ 523 251 ლარი; პროექტების დასაფინანსებლად _ 3 166 323 ლარი, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციების პროექტების დასაფინანსებლად _ 1 261 482 ლარი. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, სხვადასხვა სახის 142 პროექტის დასაფინანსებლად 4 407 759 ლარი დაიხარჯა. მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუციების განსამტკიცებლად ადმინისტრაციამ 7 პროექტი განახორციელა, რაშიც 196 580 ლარი დახარჯა; საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაცისთვის 13 პროექტში 333 257 ლარი დაიხარჯა; რეგიონებში განათლების ხელშესაწყობად ადმინისტრაციამ 41 პროექტი _ 1 172 530 ლარით დააფინანსა; ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების მიზნით 13 პროექტი _ 557 329 ლარით, ხოლო სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობისთვის 33 პროექტი _ 762 365 ლარით დაფინანსდა; ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით 11 პროექტი განხორციელდა, რაშიც 345 869 ლარი დახარჯეს; ქვეყნის უშიშროების გასაძლიერებლად 5 პროექტში 226 701 ლარი დაიხარჯა; კულტურული მრავალფეროვნების წარმოსაჩენად 19 პროექტი _ 813 128 ლარით დაფინანსდა. 

ადმინისტრაციის საჭიროებისთვის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ისეთი ხარჯებიც დაფინანსდა, რაც გაუთვალისწინებლად ვერ ჩაითვლება. მაგალითად, ადმინისტრაციისათვის ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად, მედიამონიტორინგის (IPM), ასევე საინფორმაციო სააგენტოების _ ,,ინტერპრესნიუსი“ (IPN) და ,,ნიუპოსტი“ _ მომსახურების შესაძენად გამოიყო 27 912 ლარი; 

პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელით გადასაცემი საახალწლო/საშობაო მისალოცი ბარათების (კონვერტითურთ) შესყიდვის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 27 219 ლარი გაიხარჯა; აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხუცთა სხვადასხვა ტიპის სახლების ბენეფიციართათვის სასაჩუქრე კალათების შესაძენად _ 7 490 ლარი დაიხარჯა; პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ფორუმის 13 500 ლარით დაფინანსდა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2017 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციის ხარჯების დასაფინანსებლად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 76 121 ლარი, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება! 

შრომის ანაზღაურება და დანამატები 

გაბერილი საშტატო ერთეული და დაუსაბუთებლად გაცემული პრემია-დანამატები _ სახელმწიფო აუდიტორებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ტიპის დარღვევებიც გამოავლინეს. 2017 წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ ინფორმაცია ასეთია: ადმინისტრაციის თანამშრომელთა დამტკიცებული შტატი 140-ია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულია 120. მათი თანამდებობრივი სარგოსთვის (ხელფასი) ადმინისტრაციამ ჯამში 2 649 852 ლარი გამოყო; დანამატისთვის _ 1 067 922 ლარი; პრემიისთვის _ 904 671 ლარი; 2017 წელს, მარგველაშვილის ადმინისტრაციამ მთლიანობაში 4 622 445 ლარი გახარჯა. 

,,საჯარო სამსახურის შესახებ'' კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად, შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, დანამატები დაუწესოს, თუმცა მისი გაცემისას, უნდა დასაბუთდეს თითოეული მოხელის შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა! 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ,,დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით'', პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ, ყოველთვიური დანამატებია დანიშნული. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2017 წელს, 1 067 922 ლარის დანამატი გასცა, რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს (ხელფასი) ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე დანამატის. შედეგად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2017 წელს, დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა, შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფდა, ვინაიდან დანამატების გაცემის მიზანშეწონილობა ბრძანებებში სათანადოდ დასაბუთებული არ ყოფილა!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში