Menu
RSS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინა

რა განსხვავებაა ქრთამის აღებასა და კომერციულ მოსყიდვას შორის?

ბოლო წლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში კორუფციის, სამოხელეო დანაშაულისა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლას. ამ ტიპის დანაშაულს, ძირითადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავლენენ. ასეთი დანაშაული მხოლოდ საქართველოში კი არა, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა საქართველოს მსგავსს, განვითარებად და პატარა ქვეყნებში, კორუფცია, თუ სამოხელეო დანაშაული, სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, ასუსტებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების ზრდას და ზოგადად, ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „კორუფცია საჯარო სამსახურში, საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის, ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებაა კანონით აკრძალული ქონებრივი, ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით. აგრეთვე, მისთვის ამ სიკეთის გადაცემა, ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა“. 

სამოხელეო დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი გულგრილობა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა სისხლის სამართლის კოდექსით 338-ე, 339-ე, 332-ე, 333-ე, 342-ე, 337-ე მუხლებით, მკაცრი სასჯელით ისჯება. ამ კატეგორიის სხვადასხვა დანაშაული, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მიუხედავად ასეთი მძიმე სასჯელისა, ზოგიერთი საჯარო მოსამსახურე და მეწარმე, კანონს მაინც არღვევს. 

საქართველოში სამოხელეო დანაშაულის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში _ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში: ,,ივნისის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ივნისის მეორე ნახევარში, კომერციული მოსყიდვის ფაქტიც გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

,,ვერსია'' დაინტერესდა, რა განსხვავებაა კომერციულ მოსყიდვასა და ქრთამის აღების, ან საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი, იგივე კატეგორიის დანაშაულებს შორის? ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიმარტეს, რომ განსხვავება ისაა, თუ ვინ არის დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი სუბიექტი ანუ ვინ იღებს ქრთამს _ მეწარმე, თუ საჯარო მოხელე. თუ თანხას იღებს მეწარმე, ეს კომერციული მოსყიდვაა, ხოლო თუ საჯარო მოხელე _ ქრთამის აღება! ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია და მკაცრად ისჯება. 

ბოლო წლებში, ქვეყანაში მკვეთრად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც არაკეთილსინდისიერი მეწარმეებისთვის დიდ ცდუნებას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ მოტყუებით, სამუშაოების უხარისხოდ, ან არასრული მოცულობით შესრულების გზით, არამართლზომიერად დაეუფლონ სახელმწიფო ფინანსებს. ეს კი თავის მხრივ, აზარალებს არამარტო სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, რომელთა გადახდილი გადასახადებით მიღებული თანხებითაც ფინანსდება და ქვეყნის მოქალაქეების სარგებლობისთვისაც კეთდება აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ამ ტიპის დანაშაულებრივ ქმედებაში მეწარმეებს, ზოგ შემთხვევაში, უშუალოდ სამუშაოს დამკვეთები ანუ სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ეხმარებიან, რომლებსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე კონტროლი და მათი მიღება ევალებათ. გარკვეული მატერიალური, ან სხვა დაინტერესების გათვალისწინებით, ისინი არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, არსებულ დარღვევებზე სათანადო რეაგირებას არ ახორციელებენ და ამით არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ხელს უწყობენ დანაშაულებრივ საქმიანობაში. ასეთი სახის დანაშაულს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კანონის მთელი სიმკაცრით ებრძვის. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შარშან და მიმდინარე წელს, ამ კატეგორიის არაერთი ფაქტი გამოავლინა. უწყებამ მეწარმეებთან ერთად, დანაშაულში სამუშაოების დამკვეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამხილა! ამ ტიპის დანაშაული ისჯება კანონით და მეწარმეების პასუხისმგებლობის საკითხი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, სსკ-ს 180-ე (თაღლითობა) და 182-ე მუხლით (მითვისება, ან გაფლანგვა), ხოლო სამუშაოების მიმღები პირების შემთხვევაში, სსკ-ს 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით განისაზღვრება. 

როგორც ,,ვერსიას'' საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, დიდი ალბათობით, ასეთი გარიგებების დროს, დამკვეთის ანუ სამუშაოების მიმღების მხრიდან, ადგილი აქვს მატერიალურ დაინტერესებას. ამგვარი ფაქტების გამოძიება საკმაოდ დიდ რესურსსა და შრომას მოითხოვს, რადგან დამნაშავე პირები ქმნიან წრეს, რომლის დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენაც საკმაოდ რთულია. ბოლო პერიოდში, ამ კორუფციულ სქემაში, კერძო საექსპერტო დაწესებულებების სახით, ახალი რგოლიც გაჩნდა. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულებებში ფიქსირდება, რომ სამუშაოთა შემსრულებელმა, შესრულებული სამუშაოების შესახებ, საექსპერტო დასკვნა უნდა წარადგინოს. საგამოძიებო სამსახურმა ისეთი შემთხვევებიც გამოავლინა, როდესაც დასკვნებს არასრულყოფილად აფორმებდნენ, შეიძლება ითქვას, აყალბებდნენ კიდეც. საგამოძიებო სამსახურში ,,ვერსიას'' აუხსნეს, რომ ასეთი საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლების მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი სსკ-ს 362-ე (ყალბი დოკუმენტი), ან 220-ე პრიმა (გულგრილობა) მუხლებით დგება. 

საგამოძიებო სამსახურმა, მეწარმესა და სახელმწიფო მოხელეს შორის, კორუფციული გარიგება საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცედურების დროსაც გამოავლინა. მაგალითად, გასულ წელს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ამხილეს მებაჟეები, რომლებმაც წინასწარი შეთანხმებით, სატრანსპორტო საშუალებით, საქონლის იმპორტზე სათანადო კონტროლი არ განახორციელეს, რამაც მეწარმეს საშუალება მისცა, ქვეყნის ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონელი შემოეტანა. 

უწყებაში განმარტავენ, რომ კორუფციის რისკი არსებობს რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომელთა წარმომადგენლებსაც მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, რათა გარკვეულ საკითხებზე, შესაბამისი ცნობები გასცენ. შესაძლოა არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ, ან ფიზიკურმა პირმა ესეც უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენოს. მაგალითად, მიწის დაკანონების, საქონლის წარმომავლობის დადასტურების მიზნით და სხვა. ამ მიმართულებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, რომლებმაც გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ, სხვადასხვა სახის ყალბი ცნობები გასცეს. 

საგამოძიებო სამსახურის მიერ, ისეთი დანაშაულებრივი ფაქტებიც გამოვლინდა, როგორიცაა კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თანხის აღება, თანხის მიმცემისთვის გარკვეული უპირატესობის მისანიჭებლად (სსკ-ის 221-ე მუხლი); სამსახურში მოწყობის მიზნით, თანხის მოთხოვნა-მიღება (სსკ-ის 221-ე მუხლი); კერძო კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, წინასწარი შეცნობით, წამგებიანი ფინანსური ოპერაციის განხორციელება, რამაც კომპანია ფინანსურად დააზარალა (სსკ-ის 220-ე მუხლი). 

მნიშვნელობა არ აქვს კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელი ხართ, თუ საჯარო მოხელე, ან ქრთამის სახით, რა ოდენობის თანხას აიღებთ. ვინც ამ სახის დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მკაცრად ისჯება! გარდა ამისა, მას, ვისაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ბიზნესის განვითარება და მოქალაქეთა ინტერესები არ აღელვებს, დანაშაულის ჩადენამდე სჯობს, კარგად დაფიქრდეს, რამდენად უღირს საკუთარი თავისუფლება და რეპუტაცია. 

დაბოლოს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და სიძლიერე, ჯანსაღი ბიზნესგარემოს არსებობა, მეწარმეებისთვის თანაბარი კონკურენტული გარემოს არსებობა, არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური ფუნქციონირების ვალდებულებაა, არამედ, გარკვეულწილად, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ სახის დანაშაულთან საბრძოლველად ყველა მოქალაქემ, რომლებიც კორუფციას წააწყდებიან, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან, მიაწოდონ გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია და საგამოძიებო უწყებას დანაშაულის გამოვლენაში დაეხმარონ. ასეთი ურთიერთთანამშრომლობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება და კორუფციას ქვეყანაში მინიმუმამდე დაიყვანს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში