Menu
RSS

როგორ აფასებს ექვსთვიან მუშაობას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და რა პრობლემები დაუგროვდა ბიზნესს?

ირაკლი ლექვინაძე: „რეგიონების ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს-გარემო პოზიტიურია და ამას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებიც აღიარებენ!“

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ახალი ვებ-პორტალი წარუდგინა. პორტალ.ბუზინესსომბუდსმან.გე _ მეწარმეებს იმ საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება, რაც ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ამიერიდან, ახალი პორტალის საშუალებით, მეწარმეები შეძლებენ, ელექტრონული ფორმით დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც. ვებ-პორტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო-საფინანსო კორპორაცია IFC-ის საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა, ხოლო პროექტს შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო SECO აფინანსებს. 

უკვე ექვსი თვეა, რაც ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენია. ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით დატვირთული ექვსი თვე იყო, რადგან ამ ხნის მანძილზე, ბიზნესი მათთან ურთიერთობაში გააქტიურდა. რეალურად, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, როგორ აჯამებს ექვსთვიან პერიოდს და რამდენად დაცულია ბიზნესი საქართველოში? ამ და სხვა, საინტერესო საკითხებზე, ,,ვერსიას'' ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე ესაუბრება.

 

_ ამ ხნის მანძილზე, არა მარტო ბიზნესი გააქტიურდა ჩვენთან კომუნიკაციაში, ასევე ყველა სახელმწიფო უწყება გახსნილია ჩვენთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, რათა მედიაცია საკმაოდ კარგად განვახორციელოთ. დაახლოებით, იანვარ-ივნისში, 600-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ ბიზნეს-სექტორთან. ეს ეხება, როგორც ინდივიდუალურ ქეისებს, ასევე სისტემური საკითხების განხილვას; დაახლოებით, 20-ზე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა ბიზნეს-გაერთიანებებთან, მათ შორის, რეგიონებში, სადაც 8 ბიზნეს-შეხვედრა გავმართეთ. ამ პერიოდში, დაახლოებით, 80-მდე რეაგირება განვახორციელეთ დასკვნის, შუამდგომლობის, ან რეკომენდაციის სახით და მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით, 70%-მდეა ეს მაჩვენებელი, რაც გულისხმობს ჩვენს მიერ გაცემული რეაგირებების ნაწილობრივ, ან სრულად დაკმაყოფილებას. 

ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მეტ-ნაკლებად, ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა, რათა ბიზნესში არსებული პრობლემები მოისმინონ. რეალურად, ყველაზე აქტიური თბილისში რეგისტრირებული ბიზნესია, რადგან წილობრივადაც, ყველაზე მეტი ბიზნესი, სწორედ თბილისშია რეგისტრირებული, შემდეგ მოდის აჭარა. ყველაზე ხშირად მოპასუხე უწყება, სადაც განაცხადი შემოდის, ფინანსთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ შემოსავლების სამსახურია. საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ სტრუქტურასთან, ურთიერთობა მოქნილია და რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, საკუთარი წარმომადგენელიც გვყავს. შესაბამისად, საშუალება გვაქვს, რომ დავების განხილვის დროს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, დავების განხილვაში უშუალო მონაწილეობით კი, ბიზნესის პოზიციებს ვიცავთ. 

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის შემდეგ, ჩვენთან აქტიურად ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტო თანამშრომლობს. ბევრი საკითხია, რაც განსაკუთრებით რეგიონებიდან, საინვესტიციო აქტივობასა და ქონებრივ საკითხებს _ იჯარებსა და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს უკავშირდება. ამიტომ ამ ნაწილშიც, ხშირია ჩვენთან მომართვები. რაც შეეხება ბიზნესს, ყველაზე მეტად ვაჭრობისა და სერვისების სექტორში მოღვაწე კომპანიები აქტიურობენ. თუ შევადარებთ მსხ¬ვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს, დაახლოებით, 80%-ია საშუალო და მცირე ბიზნესის მომართვის წილი, თუმცა სისტემურ საკითხებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით, მსხვილი ბიზნესიც საკმაოდ ხშირად მოგვმართავს. 

_ რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა ამ ექვსი თვის მანძილზე? 

_ ამ პერიოდში რამდენიმე გამოწვევის იდენტიფიცირება შევძელით. მთლიანობაში, საქართველოში, რეგიონთან მიმართებაში, ბიზნეს-გარემო დინამიური და პოზიტიურია. ამას ბიზნესიც აღიარებს და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებიც აღნიშნავენ. თუმცა ამ ფონზე, ბევრი ისეთი საკითხია, მათ შორის, ტექნიკური და სისტემური, რაც ჩვენს ჩართულობას ითხოვს. ჩვენი დაკვირვებით, რამდენიმე გამოწვევაზე ვაკეთებთ აქცენტს და პირველ რიგში, ეს სასამართლოა, სადაც ვთვლით, რომ ბიზნესს გარკვეული შეფერხებები აქვს. პრობლემა უკავშირდება სასამართლოში წარმოებული საქმეების განხილვის ვადებსა და სპეციალიზაციას, ამიტომ მხარს ვუჭერთ, როგორც კერძო არბიტრაჟების გააქტიურებას, ასევე კომერციული პალატების კანონპროექტსაც, რადგან ვფიქრობთ, ეს უფრო სპეციალიზებულს გახდის სასამართლოს. 

მეორე _ ესაა უწყებებში, განსაკუთრებით საშუალო რგოლებში არსებული ბიუროკრატია, რადგან ტოპ-მენეჯმენტში ყველა გახსნილია და კომუნიკაცია არ ჭირს, თუმცა რიგი გადაწყვეტილებები შუა რგოლმა უნდა მიიღოს, რაც შეფერხებულია. ხშირ შემთხვევებში, პასუხები არაა, ბუნდოვანი პასუხებია, ან პასუხები იგვიანებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში, ეფექტურობა უნდა გაიზარდოს. 

მესამე _ ესაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სამუშაო ძალის კვალიფიციკაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი პრობლემაა რეგიონებში. ბიზნესი აღნიშნავს, რომ მათ პრობლემა აქვთ, მაგალითად, საბრუნავ კაპიტალში უზრუნველყოფის საშუალებებში, არადა, გარკვეული საოპერაციო მოქმედების დროს, მსგავსი ტიპის კაპიტალზე წვდომა სჭირდებათ, ვინაიდან საბანკო რესურსი მათთვის, მეტ-ნაკლებად, ძვირია. მეორე მხრივ, სამუშაო ძალის მოძიებაშიც შეფერხებები აქვთ, რასაც თავისი მიზეზები აქვს. 

მეოთხე _ ესაა რეგიონებში საინვესტიციო პროექტების შეფერხებასთან დაკავშირებული პრობლემა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინვესტორებს გამართული პროექტები აქვთ, ყველაფერი კანონის ჩარჩოებშია, თუმცა არის წინააღმდეგობები, უფრო მეტად ანგაჟირებული ჯგუფებიდან გამომდინარე, რადგან ზოგს პოლიტიკური დაკვეთა აქვს, ზოგს _ სხვა მიზნები და ხელს უშლიან ამ პროექტების განხორციელებას. ამიტომ ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, მეტი კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან, ასევე აუცილებელია სხვადასხვა უწყებების ჩართულობაც, რათა ინვესტორს მაქსიმალური დაცულობისა და კომფორტის განცდა ჰქონდეს. 

მეხუთე _ ესაა რეგულაციების ხშირი ცვლილებები, რადგან მიგვაჩნია, რომ ბიზნესს უფრო მეტი დრო უნდა ჰქონდეს, რათა გაეცნოს რეგულაციებს და ადაპტირებაც შეძლოს. ბუნებრივია, ჩვენ ყველა უწყებასთან ვმუშაობთ, რათა ეს საკითხები გადავჭრათ და პრობლემები მოვაგვაროთ. 

_ უმთავრესი გამოწვევა, რასაც საქართველოს მთავრობა და ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრიც აღიარებს, სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. იმ ხუთი პრობლემის გათვალისწინებით, რაც ექვსი თვის მანძილზე გამოკვეთეთ, რა უშლის ხელს ბიზნესს, რათა სამუშაო ადგილები შექმნას? 

_ ძირითადად, საქართველოში ადგილი აქვს სტრუქტურულ უმუშევრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ძალა უფრო მეტი რაოდენობით გვყავს, ვიდრე სამუშაო ადგილებია. ერთი მხრივ, მოთხოვნაა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაო ძალა, რომელიც ჭარბია, არაკვალიფიციური, ან მოთხოვნებთან შეუსაბამოა, რაც ანომალურ მდგომარეობას ქმნის. ცხადია, სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის, ამიტომ რაც უფრო მეტად კომფორტული და ლიბერალური გარემო იქნება ბიზნესისთვის ქვეყანაში, მათ შორის რეგულაციების კუთხით, მით უფრო გააქტიურდება ბიზნესი და მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის. გარდა ამისა, პასუხი სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემაზე, პროფესიული განათლების ხელშეწყობაა. რამდენადაც ვიცი, ამის შესახებ კანონპროექტი მზადდება, რადგან დღეს შრომის ბაზარზე სრულიად ახალი მოთხოვნებია, მათ შორის, ტურისტულ ინდუსტრიაში, Iთ-ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა. 

ჩვენი სამუშაო ძალა, განსაკუთრებითYრეგიონებში, იმედდაკარგული და მორალურად გაცვეთილია, რადგან მათი უნარ-ჩვევები უკვე ამორტიზებულია. ამიტომ, პროფესიული განათლების ხელშეწყობით, შრომის ბაზარზე დღეს არსებულ მოთხოვნებს უნდა დაუახლოვდეს ის კვალიფიციკაცია, რაც სამუშაო ძალას გააჩნია. ერთი მხრივ, ძალიან კომფორტული ბიზნეს-გარემო, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მოქმედება პროფესიული განათლების მიმართულებით, ამ დისბალანსს შეამცირებს. შესაბამისად, ეს პრობლემა სწორადაა იდენტიფიცირებული და დანახული ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ და ვფიქრობ, ამ ორი მიდგომის გათვალისწინებით, რომელიც აქტუალურია დღეს, ახალი მთავრობა ამგვარ დისბალანსს აღმოფხვრის. 

_ 2012 წლის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო რადიკალურად შეიცვალა, რადგან ხშირ შემთხვევაში, დავები ბიზნესის სასარგებლოდ წყდება. მით უმეტეს, ბიზნესომბუდსმენს ამ საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს... 

_ სტატისტიკა რადიკალურად შეცვლილია, რადგან 2012 წლამდე, ბიზნესის სასარგებლოდ, დავების გადაწყვეტის მაჩვენებელი 1%-დან 5%-მდე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 60%-მდეა. ეს ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო არაა უწყება, რომელიც მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული, არამედ _ მაქსიმალურად ცდილობს, სერვისის მიმწოდებელი უწყება იყოს. როგორც უკვე გითხარით, ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან. შესაბამისად, თუ ბიზნესის სასარგებლოდ არგუმენტები არსებობს, მათგან ყოველთვის არის სურვილი, ეს არგუმენტები გაიზიარონ. ხშირად ბიზნესს აჯარიმებენ, სხვადასხვა გადასახადებს არიცხავენ, მაგრამ თუ ასეთი ქმედება უკანონოა და ძირითადად, ჩვენთან ამ ტიპის განაცხადებით მოდის ბიზნესი, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რათა ეს ფაქტები გაითვალისწინონ. 

_ პორტალის საშუალებით, რომელიც ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა, როგორ და რა ფორმით შეუძლიათ მეწარმეებს მოგმართონ? 

_ ამ პორტალზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია. ორ კარგ საქმეს აკეთებს ეს პორტალი _ მისი საშუალებით, ყველა საქმის წარმოება ელექტრონულ ფორმატში განხორციელდება. ყველა რეგისტრირებულ ბიზნესს ეძლევა საშუალება, რათა საკუთარი კაბინეტიდან ადევნოს თვალ-ყური, განხილვის რა ეტაპზეა მისი განაცხადი და რა სტატუსი აქვს. ამისთვის საჭიროა, მარტივი რეგისტრაციის გავლა, რათა ბიზნესი დარეგისტრირდეს და საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭოს, რომ პორტალზე მოხვდეს. მეორე მხრივ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რათა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა შეფასდეს. პორტალი, ჩვენს მიერ გაწეული შუამდგომლობებიდან, დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ანალიტიკას აკეთებს, თუ რა მოცულობის ინვესტიციები დაზოგა ბიზნესმა და რა მოცულობის სამუშაო ადგილები შენარჩუნდა. ამგვარ ანალიტიკას, პერიოდულად გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ისედაც კარგი კომუნიკაცია გვაქვს ყველა ბიზნეს-ასოციაციასა და ბიზნესთან, მაგრამ ვფიქრობთ, ახალი ვებ-პორტალი, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. 

_ ბოლო დროს, სხვადასხვა პოლიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირეს უსვამენ ხაზს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? 

_ 2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა. თუმცა ამას ტენდენციური ხასიათი არ აქვს და სავარაუდოდ, წლის ბოლოს, უფრო რეალური სურათი გვექნება. ვფიქრობ, საქართველო კვლავ რჩება რეგიონში, როგორც კარგი დინამიკის მქონე ქვეყნად, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე შიდა რეგულაციებისა და ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს თვალსაზრისით. რაც მთავარია, ქვეყანაში დაბალია კორუფციის მაჩვენებელი, ხოლო უსაფრთხოების მაღალი ხარისხი, ამის საშუალებას იძლევა. თუ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებზეც უკვე გესაუბრეთ, ადეკვატური რეაგირება იქნება, ინვესტიციების ნაწილში, კიდევ უფრო მეტ შედეგს მივიღებთ. 

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

_ რამდენიმე პრიორიტეტული ნაბიჯი გვაქვს დაგეგმილი -გვინდა, ,,სასამართლოს მეგობრის'' ფუნქციის მიმართულებით ჩვენი როლი გავაძლიეროთ. თუ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარვსდგეთ ,,სასამართლოს მეგობრის'' ფუნქციით, რაც წელს პირველად გამოვიყენეთ, გვინდა, ცვლილება შევიტანოთ ჩვენს კანონში, რათა ეს ფუნქცია საერთო სასამართლობშიც გავაძლიეროთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი რეკომენდაციებით, ბიზნესის პოზიციები კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ. მეორე _ გვინდა მუდმოქმედი პლატფორმა შევქმნათ, სადაც ყველა ბიზნეს-ასოციაცია იქნება წარმოდგენილი, განსაკუთრებით, ქვეყნებს შორის, ორმხრივი ბიზნეს-ასოციაციები. ამით ორ მიზანს ვუპასუხებთ _ გვინდა, მათ მიერ მოწვეული ინვესტორები, მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ და სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდეთ, ხოლო პრობლემები, რაც უკვე დაგროვდა, ღია რეჟიმში გავიაროთ და მივიტანოთ შესაბამის უწყებებამდე. დონორებთან ვააქტიურებთ მუშაობას, რომ რესურსებზე უფრო მეტი წვდომა გვქონდეს და პერიოდულად, ბიზნეს-კვლევები განვახორციელოთ. ვაპირებთ, ეს კვლევები ხელისუფლებას წარვუდგინოთ, რომ უფრო ნათლად გამოჩნდეს, სად და რა პრობლემა არსებობს. გვინდა, ჩვენს კოლეგა-ინსტიტუტებს, ძირითადად, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, დავუმეგობრდეთ. ერთი მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს, მათი ცოდნა-გამოცდილება გავიზიაროთ, ხოლო მეორე მხრივ, ქართული ბიზნესის ინტერესებს დავიცავთ იმ ბაზრებზე, სადაც ისინი დიდი წილით არიან წარდგენილნი. პირველ ასეთ ნაბიჯს, წლის ბოლომდე, უკრაინის ბიზნესომბუდსმენის ოფისთან გადავდგამთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი ინსტიტუტია და ევროპის ბანკის მიერაა დაფინანსებული. უკრაინაში ეს ინსტიტუტი ბევრი საკითხის გადაჭრაში მონაწილეობს და ქართული ბიზნესისთვისაც, უკრაინის ბაზარი საინტერესოა. ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს როლსა და ფუნქციებს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში