კვარაცხელიას „ნაპოლიში“ არავინ დატოვებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ქართველის „ნაპოლი“ ამჯერად „სპეციას“ ესტუმრა და 3:0 მოიგო. კვარამ ერთი გოლი თავად გაიტანა, ერთიც ვიქტორ ოსიმენს გაატანინა და პრაქტიკულად ყველა სპორტულმა გამოცემამ, ის მატჩის საუკეთესო ფეხბრუთელად დაასახელა. იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელია საუკეთესო მეპასეა - მან 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა ყველა აღიარებს, რომ სეზონის ბოლოს, იტალიურ გუნდს ქართველის შენარჩუნება გაუჭირდება.

„სეზონი ჯერ არ დასრულებულა და უკვე ცხადია, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ არავინ დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისი ამბობდა, ოსიმენს გავყიდი, ქართველს არაო, მაგრამ ახლა ყველაზე კარგად სწორედ მას ესმის, რომ მთავარი დარტყმა კვარაცხელიაზე წამოვა. თუ ზაფხულში იტალიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი გადაიხადა, შემოდგომაზე ქართველი 30 მილიონი ღირდა, შემოდგომის მიწურულს - 50, ახლა კი მისი ფასი 80 მილიონია. თუ ასე გააგრძელებს, ხვიჩა ზაფხულში 100 მილიონი ეღირება და ამ თანხას არაერთი კლუბი გადაიხდის. პირველ რიგში კი „მანჩესტერ სიტი“, რომლის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ქართველის არცერთ თამაშს არ ტოვებს და ამას აღიარებს კიდეც“,-წერს იტალიური მედია.

კვარაცხელიას მსურველების რიგი ყოველდღიურად რომ ივსება, ფაქტია და უკვე ვეღარც კლუბის პრეზიდენტი ამბობს ისე ომახიანად, ქართველს ვერ შეველევიო. მითუმეტეს, რომ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის გადაბირება მადრიდის „რეალსაც“ სურსო და ესპანური გრანდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არარეალური თანხის გადამხდელი რომ არის, ესეც ყველასთვის ცნობილია. მოკლედ, სეზონის ბოლოს დაველოდოთ, მანამდე კი... სეზონის წინ, თითქოს არაფრით გამორჩეული „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგაზეც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი... ხვიჩა კვარაცხელიაა.