Menu
RSS

თბილისის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემას აგვარებს

რა დაავალა კახა კალაძემ ილია ელოშვილს და რა გეგმა უნდა წარადგინოს თბილისის მერის მოადგილემ უახლოეს დღეებში?

20 ივნისს, დედაქალაქის მერიაში, მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა თბილისში მომრავლებული დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს. ამ მიზნით, კახა კალაძემ მის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, რომ კონკრეტული გეგმა უახლოეს დღეებში წარადგინოს.

10 მაისიდან, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში რეფორმა განხორციელდა. რეფორმის ფარგლებში, ამ სამსახურს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური გამოეყო, ხოლო არქიტექტურის სამსახურმა სრულიად განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რადგან მშენებლობებთან დაკავშირებით, რეგისტრირებულ განაცხადებზე ვადაგადაცილება აღარ ფიქსირდება: 

 

„არქიტექტურის სამსახურში სისტემური რეფორმა და იმ პრობლემების მოგვარება დავიწყეთ, რაც სამშენებლო სერვისების მიმართულებით, თბილისს აწუხებდა. ესაა ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება და სანებართვო მომსახურების ეფექტიანი მართვა. 10 მაისიდან, არქიტექტურის სამსახური განსხვავებული სისტემით მუშაობს, ვფიქრობთ, რომ რეფორმა, რომელიც განვახორციელეთ, წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდიდან, არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არცერთ განაცხადზე ვადაგადაცილება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, თბილისელები, დეველოპერები და არქიტექტორები, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში კვალიფიციურ მომსახურებას იღებენ“. 

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ანალოგიური სისტემური რეფორმა, მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურშიც უნდა განხორციელდეს: 

„როდესაც მთავრობაში მოვედით, არქიტექტურის საქალაქო სამსახურს ურბანული განვითარების სამსახური გამოეყო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, პრობლემები ისევ გვაქვს, რადგან წინა მთავრობის დროინდელი ბევრი საკითხი დაგვრჩა, რომლებიც ჯერ არ განხილულა. მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, რათა ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, რუსუდან მირზიკაშვილთან ერთად, ორი კვირის ვადაში, ყველა პრობლემური საკითხი მოგვარდეს! პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს, თუმცა პარალელურად, ურბანულ სამსახურშიც ისეთივე სისტემა უნდა შევქმნათ, რაც არქიტექტურის სამსახურშია. ეს მნიშვნელოვანია, რათა დედაქალაქის მოსახლეობას უპრობლემოდ მოვემსახუროთ!“ 

კახა კალაძემ მშენებლებსა და დეველოპერებსაც მიმართა, რათა თბილისში არსებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნები გაითვალისწინონ. მეტიც, კალაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა მდგომარეობამდე მივიდა თბილისი არასწორი მშენებლობების გამო: 

„შესაბამისად, ის მოთხოვნები, რაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურებს აქვთ, დეველოპერებმა და მშენებლებმა უნდა დააკმაყოფილონ! წლების განმავლობაში, რა ფორმითაც გაიცემოდა ნებართვები, ჩვენ იმავე რეჟიმში ვეღარ ვიმუშავებთ! მეტიც,ამ მხრივ ძალიან პრინციპულები ვიქნებით! ამასთან, არსებულ საკითხებს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ, რათა დეველოპერებს პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა გარკვეული ნაბიჯები მათაც უნდა გადადგან, რათა ქალაქის სწორი განვითარება ერთად შევძლოთ! 

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ თბილისის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემებსაც მოაგვარებს. ამ მიზნით, უახლოეს დღეებში, კონკრეტული გეგმის წარმოდგენა კალაძემ მისსავე მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა. მერის განცხადებით, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს უკვე ესაუბრა, რომელმაც დედაქალაქის მთავრობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

*** 

როგორ აპირებს თბილისის მთავრობა დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას? კონკრეტულად, რა გეგმა უნდა წარადგინოს მერის მოადგილემ და სინამდვილეში, რა დაავალა კალაძემ ელოშვილს? ამ თემებზე ,,ვერსიას'' თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ესაუბრება: 

_ ბატონო ილია, კონკრეტულად რა დაგავალათ კახა კალაძემ და რა გეგმა უნდა წარადგინოთ უახლოეს დღეებში? 

_ მოგახსენებთ, დაუსრულებელი მშენებლობების ინვენტარიზაცია უკვე ჩავატარეთ. შედეგად, გაირკვა, რომ თბილისში 170-მდე დაუსრულებელი მშენებლობაა. თუმცა როგორც დავინახეთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად და შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, მხოლოდ ერთი, უნიფიცირებული გადაწყვეტილება საკმარისი არაა. შესაბამისად, ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ დაუსრულებელი მშენებლობების ნუსხა გადავახარისხოთ, შევხვდეთ კომპანიების მფლობელებსა და ინვესტორებს და მათთან მოლაპარაკებები დავიწყოთ, თუ რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ 170 ობიექტზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უნდა წარვადგინოთ, რაც ჩვენი ხედვით, ვითარებას გამოასწორებს. 

_ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისიც თქვა, კარგად ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაშია თბილისი არასწორი მშენებლობების გამოო. ეს პრობლემა როგორ უნდა მოაგვაროთ? 

_ ბატონმა კახიმ აღნიშნა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, სწორი იყო. ამ შემთხვევაში, არქიტექტურის საქალაქო სამსახურში განხორციელებულ სისტემურ რეფორმას გულისხმობდა, როდესაც მაგალითად, გავაუქმეთ ზონალური საბჭო, სადაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ძალიან სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ვიდრე მშენებლებისა და დეველოპერების კონკრეტულ ცვლილებებს დავეთანხმებით, ვითხოვთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. მეტიც, მათ ისეთი დოკუმენტაციის წარდგენასაც ვთხოვთ, რასაც აქამდე არავინ ითხოვდა, ეს ეხება კონკრეტული მშენებლობის ფარგლებში, ტრანსპორტის ანუ ავტოპარკინგის მოწყობისა და ასევე, ტერიტორიის აუცილებელი გამწვანების საკითხს. გარდა ამისა, ბევრი ისეთი ნაბიჯიც გადავდგით, რაც დედაქალაქში ქაოსურ მშენებლობებს შეაჩერებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკმაყოფილებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ, რომ შედარებით სწრაფად და იოლად განეხორციელებინათ ქაოტური განაშენიანება. უპირველეს ყოვლისა, ბატონი კახის განცხადება, გარკვეულწილად, მესიჯი იყო სწორედ ამ ადამიანების მიმართ. პირველი გზავნილი ისაა, რომ ვამარტივებთ ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რადგან რეალურად გვინდა, რომ მშენებლობისთვის გათვალისწინებულ ვადებში ვიმუშაოთ! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხელაღებით, ყოველგვარი დასაბუთებისა და გარანტიების გარეშე, საშუალებას მივცემთ, დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები განახორციელოს! 

_ თუ დასაბუთებული ინფორმაცია გექნებათ, რომ მშენებლობა უკანონოა, მის დემონტაჟს განახორციელებთ? 

_ თუ მშენებლობა უკანონოა, რა თქმა უნდა! თუმცა უკანონო მშენებლობაზე საუბარი არ გვქონია. როდესაც უკანონო მშენებლობებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს, ამიტომ ერთი ხელის მოსმით, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ! უმთავრესი პრინციპი ისაა, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ვიმოქმედოთ და რაც მთავარია, მოსახლეობის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. მაგალითად, თუ კორპუსი უკვე დასრულებულია, სადაც ხალხი ცხოვრობს, ცხადია, ასეთი ტიპის უკანონო მშენებლობა სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერაფერს შევცვლით. აქ საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს! თუ მშენებლობა უკანონოა, ვეცდებით, ეს ობიექტი კანონის ფარგლებში მოექცეს, ხოლო თუ მშენებლობა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მიუღებელია და წარმოუდგენელია, მისი ამ ფორმით გაგრძელება, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებსაც მივიღებთ! არის ისეთი კომპანიები, რომლებსაც მშენებლობები დაწყებული აქვთ, მართალია, უკანონოდ და შესაძლოა, დემონტაჟსაც კი ექვემდებარებოდეს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ამ დროს, მოსახლეობის ინტერესებს ვითვალისწინებთ. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ამ ტიპის მშენებლობის დაწყვბამდე, იქ მცხოვრები მოსახლეობა განასახლეს, რომლებიც ობიექტის დასრულებას ელიან, რათა შესახლდნენ, ცხადია, მათ ინტერესებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. 

_ ისეთ შეჩერებულ მშენებლობებს რა ეშველება, რომელთა მფლობელებიც ძნელად მოსაძებნი არიან, ან ხელისუფლების ცვლილებების გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან? 

_ ამ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება იურიდიული გადაწყვეტილების მოძებნა, რათა შეჩერებული მშენებლობა სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს, ვადები განისაზღვროს. გამორიცხული არაა, საჯარო განცხადება გავავრცელოთ, რათა მფლობელები გამოცხადდნენ და მერიაში კონკრეტული წინადადებები შემოიტანონ. წარმოუდგენელია, შეჩერებული მშენებლობები სამუდამოდ ასე დავტოვოთ, მაგრამ ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც დაგვჭირდება.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში