Menu
RSS

ნატურალური რძისა და ფარმაცევტული პროდუქცია დღგ-გან გათავისუფლდება!

რა ფისკალური ეფექტი და რისკი ახლავს მთავრობის ახალ ინიციატივას?

ვიდრე პარლამენტი მთავრობის ტექნიკურ შემადგენლობას დაამტკიცებდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, ადგილობრივი წარმოების წახალისება გადაწყვიტა. სამთავრობო პროგრამაში _ ,,თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება'', დეტალურად აღწერაAის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი, ასევე ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ), ჩათვლის უფლებით, სრულად გათავისუფლდება. ახალ სამთავრობო პროგრამაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ინიციატივით, იმპორტირებული საქონლის უპირატესობა ადგილობრივი პროდუქციის მიმართ, საგრძნობლად შემცირდება. მეტიც, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერება. ,,ვერსია'' შეეცადა, გაერკვია, რას ნიშნავს ადგილობრივი წარმოების წახალისება და კონკრეტულად, რა ეფექტს მოიტანს მამუკა ბახტაძის ეს ინიციატივა?

თავდაპირველად, დავინტერესდით, რეალურად რა ფისკალური შედეგი ექნება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, თუ საქართველოში წარმოებული ნატურალური რძე და რძის პროდუქცია დღგ-გან გათავისუფლდება? რეალურად, რას ელიან ამ ინიციატივით ქართველი მეყველეები, შეიზღუდება თუ არა კონკურენცია ბაზარზე? ,,ვერსია'' საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარეს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს დაუკავშირდა: 

 

_ ქალბატონო ანა, როგორც მეყველეს, მოგწონთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ეს გადაწყვეტილება? 

_ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობა აქვს და ამ ისტორიას დეტალურად გიამბობთ. რამდენიმე თვის წინ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთ სხდომაზე, მაშინდელ ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შევხვდით, ეს ჩემი ინიციატივაა, რომელიც ამ შეხვედრაზე გავაჟღერე. დიახ, მე ვურჩიე ბატონ მამუკას, რომ საქართველოში წარმოებული ნატურალური რძე და რძის ნაწარმი დღგ-გან გადათავისუფლებულიყო. მიზეზი მარტივია, რძის ფხვნილზე დამზადებული ყველი, კარაქი და ნადუღი დღგ-ს ჩათვლისგან თავისუფალია, ხოლო ნატურალური რძე _ არა, რაც დიდი უსამართლობაა! სინამდვილეში, ნადუღი მეორადი პროდუქტია, რძის შრატისგან მზადდება, ხოლო მისგან თუშეთში ამზადებენ ყველს ,,კალტს''. იმ შეხვედრაძე ბატონ მამუკას მარტივად ავუხსენი, რომ ნადუღისგან ან ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტი დღგ-გან თავისუფალია, ხოლო ნედლეული, რისგანაც ნადუღი და ყველი მზადდება _ არა! ამ ახალგაზრდა კაცმა ყურადღებით მომისმინა და დამპირდა, ამ საკითხს შევისწავლიო, პირდაპირ მითხრა, რომ თქვენი მომხმარებელი და თაყვანისმცემელი ვარ და ყველთან დაკავშირებით, ბევრი რამ მაინტერესებსო. ჩავთვალე, რომ მინისტრმა ჩემი ინიციატივა კი მოისმინა, მაგრამ ასე მხლოდ თავაზიანობის მიზნით მიპასუხა-თქო. ერთი თვის თავზე, სამინისტროში დამიბარა და როდესაც მივედი, აღმოვაჩინე, რომ შეხვედრას მხოლოდ მე უნდა დავსწრებოდი, რაც ძალიან გამიკვირდა. მის კაბინეტში შესულს, ფინანსთა მინისტრი სტუდენტივით, ფურცლით ხელში დამხვდა, სადაც ამოწერილი ჰქონდა აბსოლუტურად ყველა საკითხი. როგორც ჩანს, კონსულტაცია გაუვლია დარგის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, და მე, მეყველე ანა მიქაძეს, ფინანსთა მინისტრი მომზადებული დამხვდა! არაფერს ვაჭარბებ, ყველა ჩემს კითხვას უპასუხა... ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ზოგადად, ხელისუფლებების მიმართ, ლოიალობით არ გამოვირჩევი, პირიქით, ყოველთვის ვაკრიტიკებ და ერთ თეთრსაც კი ვაყვედრი ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლა გავოგნდი. სხვათა შორის, იქვე, კაბინეტში ვუთხარი, რომ როდესაც კარიდან მაგდებენ, ფანჯრიდან შევდივარ, მაგრამ ამ ინიციატივის 30%-ც რომ გაიზიაროთ, პირადად მე, ჩემი ხელით დაგიდგამთ ძეგლს-თქო! სიმართლე გითხრათ, ამის მიუხედავად, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, ვფიქრობდი, ახალგაზრდა კაცია, ახლადდანიშნული მინისტრია და ალბათ, თავაზიანობას იჩენს-მეთქი. თუმცა მეორე დღეს, საგადასახადო სამსახურის უფროსმა დამირეკა, რომლის სახელი დღესაც არ ვიცი, ვინმე ბარათაშვილმა და მითხრა, რომ მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთო. მას შემდეგ მუშაობდნენ, პერიოდულად, რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ შედეგი მხოლოდ ახლა, მთავრობის დამტკიცების დროს დადგა. 

_ ვინაიდან ეს თქვენი იდეაა, რა ფისკალურ ეფექტს ელით ამ ინიციატივისგან? 

_ ვიდრე გიპასუხებთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ტიპური მემარჯვენე გახლავართ და ამიტომ, საგადასახადო შეღავათებზე პოზიტიური დამოკიდებულება არ მაქვს! როდესაც მოგება გაქვს, კეთილი ინებე და გადასახადებიც გადაიხადე! შესაბამისად, საგადასახადო შეღავათები დიდ პროგრესად არ მიმაჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში, იცით, რა მოხდა? საქართველოში, ნატურალური რძის წარმოება 30%-ია, დანარჩენი წალეკილი აქვს რძის ფხვნილს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ნატურალური რძესთან დაკავშირებით, ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, მაგრამ სახელმწიფო იაზრებს ამას და ცდილობს, გარკვეული შეღავათი დააწესოს, სწორედ ამ შეღავათით, ნატურალური რძის წარმოება-განვითარებას, ხოლო ბაზარზე _ კონკურენციას უწყობს ხელს! როგორც მწარმოებელი, როდესაც ვხედავ, რომ ნატურალურ რძესა და რძის პროდუქტებს სახელმწიფო დღგ-გან ათავისუფლებს, უკვე ფერმაზე ფიქრს ვიწყებ. იმ შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრსაც ეს ვუთხარი, საქართველოში თხის, ძროხის, კამეჩის რძის ფერმები ბევრი არაა, მეტიც, საერთოდ არაა, მაგრამ ამ ინიციატივის შედეგად, ასეთი ფერმები გაჩნდება. მწარმოებელი, რომელიც რძის ფხვნილზე დამზადებული პროდუქციის წარმოებით იღებს მოგებას, სინამდვილეში, თაღლითობს, რადგან დედამიწაზე, საქართველოსა და რუსეთის გარდა, რძის ფხვნილით ყველს არავინ ამზადებს! კი ბატონო, სახელმწიფომ უკვე მიიღო რძის რეგლამენტი, რომლის თანახმადაც, აკრძალულია, რომ რძის ფხვნილით დამზადებულ ყველს _ ,,ყველი'' ეწოდოს, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ჩავდივართ ამას? პირდაპირ გეუბნებით, მე და რამდენიმე მეყველე საქართველოში, რძის ფხვნილს საერთოდ არ ვიყენებთ, რადგან ეს დიდი სირცხვილად, შეურაცხყოფად მიმაჩნია! მოვკვდები, ვინმემ საწარმოში რძის ფხვნილი რომ შემომიტანოს! თუმცა ვიღაც ამას ხომ მაინც აკეთებს, მათიც მესმის, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ბაზარზე ნატურალური რძე ცოტაა. აქედან გამომდინარე, სწორედ ნატურალური რძის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს ეს ინიციატივა. სიმართლე გითხრათ, დანარჩენი არც კი მაინტერესებს, მაგალითად, რამდენ თეთრს მოვიგებთ ამით მეყველეები, რადგან მთავარია, ქვეყანაში ნატურალური რძის წარმოება გაიზარდოს ისე, როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოშია, სადაც რძე გადასასხმელი აქვთ ად არ იციან, სად წაიღონ! საქართველოშიც ასეთი ვითარება უნდა იყოს, ჩვენც იმდენი ნატურალური რძე უნდა ვაწარმოოთ, რომ გადასასხმელი გვქონდეს! 

_ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში, რაც ევროკავშირის ბაზარზე უნდა გავიდეს, მცირე რაოდენობით, მაგრამ ქართული ყველის ექსპორტიც შედის. ეს ინიციატივა ექსპორტსაც გაზრდის? 

_ დიახ და ზოგადად, ეს ყველაფერი ერთმანეთზე, ჯაჭვურადაა გადაბმული. როდესაც ორგანიზებული ფერმა გაქვს, ცხადია, ნატურალურ რძეს აწარმოებ და შესაბამისად, მოტივაცია გიჩნდება, პროდუქციაც აწარმოო. ამიტომ გამიხარდა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა ეს პრობლემა სწორად დაინახა. უამრავი მინისტრი გამოვიცვალე, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც იყვნენ, მაგრამ ამ იდეაზე ყველას ეცინებოდა. პირდაპირ მეუბნებოდნენ, ყველი ხომ თავისუფალია დღგ-გან, მეტი რაღა გინდაო და თავაზიანი ღიმილით მიშორებდნენ ხოლმე. თუმცა ამ ახალგაზრდა კაცმა საკმაოდ მარტივად და სწორად გაიგო ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი, რაც ვუთხარი, ის იყო, რომ ფერმების ორგანიზება მოხდება და მეორადი პროდუქცია _ ნადუღი რომ 2.00 ლარი ღირს, ფასი დაედება-მეთქი. სასაცილოა, ნადუღს რომ ასეთი ფასი აქვს, რადგან ამ პროდუქტშია ყველა ის ძვირფასი ნივთიერება, რაც ყველში არ ხვდება, მაგრამ რძის შრატში ანუ ნადუღში რჩება. რძის მწარმოებელი დღეს შრატს აქცევს, მაგრამ ნადუღს რომ ფასი დაედება, აღარ გადააქცევს და მის წარმოებასაც დაიწყებს. იტალიური ყველი ,,რიკოტა'', სხვა არაფერია, თუ არა ნადუღი. ხომ ხვდებით, რამდენ რამეს ვკარგავთ, როდესაც სწორ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ? როდესაც მწარმოებელი დაინახავს, რომ ეს ყველაფერი დღგ-გან თავისუფალია, გიმეორებთ, საკუთარი წარმოების ზრდისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების მოტივი გაუჩნდება. საქართველოში ფერმები საცოდავ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, ქართველი ფერმერები ძლიერ ფენას არ წარმოადგენენ, როგორც ეს ევროპასა და ამერიკაშია. ასეთი ინიციატივა ფერმასაც გააძლიერებს და ფერმერსაც! კარგია, როდესაც მთავრობა ამ ყველაფერს იჯერებს და მეტიც, ზრუნვას იწყებს, ამიტომ მადლობის მეტი, რა მეთქმის! 

_ ქალბატონო ანა, საქართველოში ე.წ. ქარხნულ ყველზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა მთავრობის ინიციატივა არტიზანული ანუ სახლის პირობებში დამზადებული ყველის წარმოებას შეუწყობს ხელს. ამით კონკურენცია ხომ არ შეიზღუდება? 

_ არავითარ შემთხვევაში! ქარხნულ ანუ ინდუსტრიულ ყველს თავისი გზა აქვს, ხოლო არტიზანულ ანუ იშვიათ ყველს _ თავისი. მომხრე ვარ, სოფლად შევიდეს ეს ინიციატივა და პატარა საწარმოში, სტანდარტების სრული დაცვით, გაჩნდეს იშვიათი ყველის წარმოება. ასეა მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ, ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ამიტომ ინდუსტრიულ ყველს თავისი ფასი აქვს, რომელიც შედარებით იაფია ყველგან, ხოლო არტიზანული ყველი, რომელსაც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ სოფელში, ერთი, კონკრეტული ადამიანი ამზადებს _ გაცილებით ძვირად ფასობს. სამწუხაროდ, დღეს სულ სხვა რეალობაა, ინდუსტრიული ყველი უფრო ძვირია, რაც უსამართლობაა. თუმცა აქვე მინდა განგიმარტოთ, რომ არტიზანული ყველი არ ნიშნავს სოფლად, ყველა ოჯახში დამზადებულ ყველს. მინდა, თქვენმა მკითხველებმა კარგად გაიგონ, რომ არტიზანულია ყველი, რომელსაც უკვე აქვს თავისი სახე, ბრენდია, რომელიც სასწაულ მოვლენადაა აღიარებული და რომელსაც ერთი, კონკრეტული ადამიანი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიით ამზადებს.

*** 

საპარლამენტო უმრავლესობის ანუ ,,ქართული ოცნების'' ფრაქციის გარდა, მთავრობის ახალ ინიციატივას ოპოზიციურმა ფრაქციებმა მხარი არ დაუჭირეს. მეტიც, ,,ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლოგიკური კითხვა დასვა: როგორ და რა კრიტერიუმით შეარჩია პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის ორი დარგი _ ნატურალური რძისა და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, რასაც დღგ-გან ათავისუფლებსო. ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ ეს ადგილობრივი პროდუქციის კი არა, კონკრეტული ბიზნესის წახალისებაა და ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობასთან საერთო არაფერი აქვს... 

,,ვერსია'' დაინტერესდა, ბაზრის რა წილი უჭირავს ფარმაცევტულ საწარმოებს საქართველოში, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ინიციატივას, რომლითაც ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია დღგ-ს ჩათვლის უფლებისგან გათავისუფლდება, ენდობა თუ არა პაციენტთა უმრავლესობა ქართულ წამლებს და რაც მთავარია, მთავრობის ეს ინიციატივა პაატა კურტანიძის (,,ავერსი'') და კახა ოქრიაშვილის (,,პსპ'') ლობირებას ხომ არ ნიშნავს. 

,,ვერსიასთან'' საუბრისას ფარმაცევტული ბაზრის მკვლევარმა-ანალიტიკოსმა, თინა ტურძილაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა არ მოსწონს: 

,,ქართული წარმოების მედიკამენტების წილი ბაზარზე 15%-ია, ხოლო ბაზრის 85% _ იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოდის. დაგიზუსტებთ, ქართულ ბაზარზე წამლები, როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივი, იმპორტის, დისტრიბუციისა და საცალო რეალიზაციის ეტაპზე, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფალია, ხოლო ადგილობრივი წარმოება დღგ-ით იბეგრება. თუმცა ამის მიუხედავად, არ ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ქართული წამალი უთანასწორო ბრძოლაშია იმპორტულ წამალთან, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება იბეგრება დღგ-თი და იმპორტი _ არა. დავიწყოთ იმით, რომ დღგ ლოკალური გადასახადია და ამ გადასახადით იბეგრება იმპორტული წამლებიც, ოღონდ მწარმოებელ ქვეყნებში და ეს აისახება ამ წამლების საქართველოში იმპორტის ფასზე! უფრო მეტიც, იმპორტი და წარმოება, ეს ორი, სხვადასხვა ბიზნეს-ოპერირებაა და მათი გათანაბრება გაუგებარია. ცხადია, სუბსტანციებზე დღგ-ს გაუქმება შეღავათია მწარმოებლებისთვის, თუმცა ჩემი აზრით, ამას რისკებიც ახლავს. მაგალითად, ხომ არ შექმნის ეს ქვეყანაში შემოსული ინგრედიენტების სახელობით-რაოდენობრივი აღრიცხვის პრობლემას და შესაბამისად, ხომ არ გაზრდის კონტრაფაქტული წარმოების რისკებს?! ხომ არ ჯობია დღგ სიმბოლურ ნიშნულამდე შევამციროთ, რათა ზუსტი აღრიცხვა უზრუნველვყოთ?! იმედია, ამ და ამ ტიპის სხვა საკითხებზე, მსჯელობა იქნება და ადეკვატურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ფარმაცევტული საწარმოები დღგ-ს ჩათვლის უფლებისგან გათავისუფლდება და ეს თანხა წარმოებაში ჩაბრუნდება, საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ხარისხი გაუმჯობესდება, თინა ტურძილაძემ გვიპასუხა: 

,,ცხადია, სუბსტანციების იმპორტზე დღგ-ს გაუქმება საწარმოო თვითღირებულებას შეამცირებს, მაგრამ არც დღგ-გან დაზოგილი თანხა და არც ქართული ბაზრის მოცულობა, ქართული წარმოების რენტაბელობისთვის საკმარისი არაა! ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქართული წამლების ექსპორტის მხარდაჭერა და ამისთვის, უპირველესად, თავად უნდა შექმნას წამლების ხარისხისა და ეფექტურობის შეფასების მაღალი სანდოობის სახელმწიფო სისტემა, რომლის სანდოობა მწვანე შუქს აუნთებს ქართულ წამლებს ექსპორტზე. სხვაგვარად, ქართული წამალი ვერ გასცდება საქართველოსა და დსთ-ს რამდენიმე სახელმწიფოს. შესაბამისად, ქართული მწარმოებლებიც იძულებულნი იქნებიან, იაფი და იაფის შესაბამისი ხარისხის წამალი წამალი აწარმოონ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი ამოცანა!''

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში