Menu
RSS

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2013-2017 წლებში, 595 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა!

IDFI-ს სკანდალური კვლევა _ რა ღონისძიებებსა და რომელ უწყებებს აფინანსებდნენ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან?

2013-2017 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 595 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. 6 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ, მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ამ ფონდიდან თანხა არაფორსმაჟორულ და გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე იხარჯებოდა. არადა, სინამდვილეში, მთავრობის სარეზერვო ფონდი თავისი არსით, სწორედ ქვეყანაში შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციებს უნდა მოხმარდეს! გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად იქმნება სარეზერვო ფონდები. თუმცა IDFI-ს კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან თანხას ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, მიმდინარე ხარჯების დასაფარად ხარჯავდნენ!

ძირითადი დარღვევები 

2013-2017 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯების შესახებ კვლევა ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის მკვლევარმა, გიორგი ლომთაძემ ჩაატარა. ,,ვერსიასთან'' საუბრისას, ლომთაძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მთლიანობაში, 595 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. თუმცა ყველაზე დიდი თანხა _ 172 მილიონ ლარზე მეტი, 2016 წელს დახარჯეს: 

,,გაირკვა, რომ ყოველწლიურად, დაგეგმილთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა, მინიმუმ 80%-ით იზრდებოდა. მთავრობის სარეზერვო ფონდს სხვადასხვა გზით ავსებდნენ, მათ შორის, სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე; ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე; ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე. მონაცემების დამუშავების შედეგად გავარკვიეთ, რომ წლების განმავლობაში, მთავრობის სარეზერვო ფონდის დიდი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ, ან თუნდაც გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე. მეტიც, მთავრობის სარეზერვო ფონდს საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ცალკეული, მიმდინარე ხარჯების დასაფარადაც იყენებდნენ''. 

IDFI-ს კვლევის თანახმად, თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა _ 155 მილიონ ლარზე მეტი, გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად დახარჯეს, რაც ჯამურად გაცემული თანხის 26.17%-ია. ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება, რისთვისაც 2013-2017 წლებში, 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ჯამურად გაცემული თანხის 25.2%-ია. რიგ შემთხვევებში, თანხას ხარჯავდნენ ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად აღინიშნება: 

,,მაგალითად, საანგარიშო პერიოდის ყოველ წელს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გაიცემოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის _ 26 მაისის ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით. შესაბამისად, ჯამში, 26 მაისის ღონისძიებებზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5 162 626 ლარი დაიხარჯა. მთავრობის სარეზერვო ფონდის ფაქტობრივ ხარჯში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს _ 9% და სოციალურ ხარჯებს, რაც ჯამურად გაცემული თანხის 7%-ია'', _ ვკითხულობთ კვლევაში. 

იქვე განმარტებულია, რომ სოციალურ კატეგორიაში მოიაზრება ელექტროენერგიის სუბსიდირება, მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი და მატერიალური დახმარება, დევნილი ოჯახებისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმით გაწევა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა. 

კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ღონისძიებების კატეგორიების მხრივ, 2013-2017 წლებში, ყველაზე მეტი თანხა ერთ, კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებაზე დაიხარჯა. IDFI-ს განმარტებით, ესაა ,,2015 წელს, რთველის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება'', რისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 48 მილიონი ლარი გამოყვეს, სპორტული ღონისძიებებისთვის _ 32 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად _ 9 600 000 ლარი! 

საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსება 

IDFI-ს მკვლევარის, გიორგი ლომთაძის განმარტებით, რიგი სახელმწიფო უწყებები ყოველწლიურად ითხოვდნენ თანხებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც 2013-2017 წლებში, ჯამში, 100 მილიონ ლარზე მეტი გამოუყვეს; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი 40 მილიონ ლარზე მეტი: 

,,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხას ძირითადად ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ასევე ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის (საწევრო, მგზავრობა, საცხოვრებელი და სხვა), საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით ურიცხავდნენ. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სარეზერვო ფონდიდან ამ უწყებას სხვადასხვა შესყიდვების განსახორციელებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად, შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების დასაფინანსებლად ურიცხავდნენ''. 

მეტიც, 2013-2017 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აფინანსებდნენ. IDFI-ს კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხა პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით ირიცხებოდა, ასევე იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესასყიდად, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ, საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად. ჯამში, ამ მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 325 310 ლარი დაიხარჯა! 

ხუთი თვალსაჩინო მაგალითი წლების მიხედვით! 

IDFI-ს კვლევაში, ყურადღებას იქცევს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, არა ფორსმაჟორული ხარჯების ხუთი თვალსაჩინო მაგალითი წლების მიხედვით: 

2013 წელი _ ამ პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციამ 1 290 323 ლარი გახარჯა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებისა და მოვალეობების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ასევე მისთვის სარგებლობაში გადაცემული შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესასყიდად; მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საერთო სასამართლოებმა 3 220 000 ლარი დახარჯეს, რაც საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი სასამართლო დარბაზების ვიდეოჩამწერი სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად გამოიყენეს; თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5 000 000 ლარი დახარჯა, რათა ოპტიკური ხაზი და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურა შეესყიდა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლებისა და სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, 13 916 822 ლარი დახარჯა; ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარისა“ და ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ ჩასატარებლად, კულტურის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200 000 და 68 282 ლარი გახარჯა! 

2014 წელი _ მთავრობის ადმინისტრაციამ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 486 561 ლარი დახარჯა, რათა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საკომუნიკაციო სტრატეგია განევითარებინა. ეს თანხა კომპანია თჰე Hარბოურ Gრუპ-ისთვის გადაურიცხეს, რომლისგანაც საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგებისა და დისტანციური საკონსულტაციო მომსახურებების შეისყიდეს; 332 320 ლარი კი საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშისთვის გაიხარჯა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 993 400 ლარი დახარჯა, რათა საქართველოს საპატრიარქოსთვის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გადაეცა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 450 000 ლარი გახარჯა, რაც სსიპ ,,მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს'' გადასაცა, რომელმაც ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარის“ დააფინანსა; 951 789 ლარი კი თბილისში, ახალი წლის ღამეს, ჯგუფების _ Parove Stelas Rand და Groovesonix Band კონცერტები დააფინანსეს! 

2015 წელი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 21 853 473 ლარად, მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯზე, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიები შეიძინა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 466 886 ლარი დახარჯა, რაც სსიპ ,,ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის'' გახსნასთან დაკავშირებით, ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო სპექტაკლ „სიმფონი ინ სის“, ასევე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერისა“ და საზეიმო გალა კონცერტისთვის გამოიყენეს; 451 357 ლარი _ საქართველოს 11 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თელავში, მცხეთშა, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოიყენეს; 830 600 ლარი _ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით გახარჯეს; 5 190 000 ლარი _ თბილისის მუნიციპალიტეტში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის გამოიყენეს! 

2016 წელი _ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 59 773 ლარი დახარჯა, რათა 8-24 მაისს, ევროპის კვირეული ჩაეტარებინა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 8 799 932 ლარი დახარჯა, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, შეუფერხებლად განეხორციელებინა; 5 499 999 ლარი _ სსიპ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დახარჯა, რათა საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები ეწარმოებინა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 27 970 212 ლარი გახარჯა, რაც 2016 წლის კულტურულ ღონისძიებათა გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა; 244 000 ლარი _ წიგნის „საუკუნის ტრილოგია _ ნათელი ქრისტესი საქართველოს“ მე-3 ტომის, „მზიანი ღამე პატრიარქი“, გამოსაცემად დაიხარჯა! 

2017 წელი _ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 419 977 ლარი დახარჯა, რათა თბილისში, ლეონიძის #3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოები და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯები დაეფარა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 496 943 ლარი გახარჯა; დოკუმენტურ ფილმ „აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის“ გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის კი ამავე უწყებას 49 629 ლარი გამოუყვეს; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 6 999 936 ლარი გახარჯა, რათა საქართველოში, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის ხარჯები დაეფარა; ამავე უწყებამ 1 999 341 ლარი დახარჯა, რათა 2017 წლის ბოლომდე, „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯები დაეფარა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში