Menu
RSS

რა დასკვნები გადასცა პროკურატურას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა?

აუდიტის რომელ დასკვნებზე დაიწყეს სამართალდამცავებმა მოკვლევა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ სტრუქტურაში საკუთარი ანგარიშები წარადგინა. 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურასა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აუდიტის სამსახურის დაახლოებით, 14-მდე დასკვნა შევიდა. ,,ვერსიის'' ინფორმაციით, პროკურატურამ აბსოლუტურად ყველა ანგარიშზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

ოფიციალური ვერსია  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების ჩამონათვალი, რაც აჭარისა და ქვეყნის მთავარ პროკურატურას გადასცეს, ასეთია: საქართველოს რკინიგზის 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი; საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტი; ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის _ ,,თბილისი 2015-ის'' საორგანიზაციო კომიტეტის შესაბამისობის აუდიტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი; 2015-2016 წლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი; სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2014-2015 წლებში განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი; ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის'' ქვეპროგრამის 2012- 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი. 

ყველა ეს ანგარიში, რომელიც ჩამოვთვალეთ (და არა მხოლოდ), ,,ვერსიის'' თითქმის ყველა ნომერში, დეტალურად გვაქვს განხილული. შესაბამისად, ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ იმ დარღვევების ზოგადი სურათი, რაც ამა თუ იმ უწყებაში ვლინდება და რაზეც სახელმწიფო აუდიტორები ამახვილებენ ყურადღებას, ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვებს, ელექტრონულ ტენდერებსა და ბუღალტერიაში დაშვებულ უხეშ შეცდომებს უკავშირდება. თუმცა ამის მიუხედავად, საინტერესოა, რა გახდა მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო აუდიტორებმა გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ, სხვადასხვა უწყებებში ჩატარებული შემოწმებების ანგარიშები პროკურატურაში წარედგინათ. იმის გამო, რომ აუდიტის დასკვნები უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ: 

,,აუდიტის ფარგლებში, ხშირად ისეთი დარღვევები ვლინდება, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასეთი ტიპის დარღვევების გამოძიების უფლებამოსილება არ გააჩნია, აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი კონკრეტული საკითხები დეტალური განხილვისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა''. 

,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ თითოეულ იმ ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადასცა, სამართალდამცავებმა უკვე მოკვლევა დაიწყეს. ვინაიდან ძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, ოფიციალურ კომენტარს პროკურატურაში არ აკეთებენ, თუმცა ძიების დასრულებისას, თითოეული ანგარიშის შედეგებს სამართალდამცავები საზოგადოებას დეტალურად გააცნობენ. თავის მხრივ, ,,ვერსია'' პროკურატურაში გაგზავნილ, რამდენიმე ანგარიშს შეგახსენებთ. კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა გახდა მიზეზი, რის გამოც აუდიტის ეს დასკვნები პროკურატურას გადასცეს. 

საქართველოს რკინიგზა 

,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს ,,საქართველოს რკინიგზის'' მიერ, 2015 წელს განხორციელებული ელექტრონული შესყიდვები შეისწავლა. აუდიტის პერიოდში, ქვეყნის მთავარმა აუდიტორებმა 106 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 521 ხელშეკრულება განიხილეს. გაირკვა, რომ ,,საქართველოს რკინიგზა'' შესყიდვებს ახორციელებს, როგორც ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' საქართველოს კანონით, ასევე შესყიდვების სპეციალური წესით, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა დადგენილი. 

აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესყიდვების სპეციალური წესი არ ითვალისწინებს, თუ რა ვადაში უნდა იმსჯელოს სატენდერო კომისიამ, ან შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, სატენდერო განაცხადებითა და დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. მეტიც, პრეტენდენტებისა და პოტენციური პრეტენდენტებისთვის შესყიდვის პროცედურის დასრულების ვადები უცნობია, რაც დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის დაგეგმვის პროცესს ურთულებს. აუდიტით გაირკვა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, ,,რკინიგზა'' პრეტენდენტების, ან ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას ითხოვს. შესაბამისად, ტენდერებში მხოლოდ ქვეკონტრაქტორი კომპანიების გამოცდილებაა წარდგენილი! 

სახელმწიფო აუდიტორებმა ელექტრონული ტენდერების შესწავლის შემდეგ, კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა გამოავლინეს. აუდიტით გაირკვა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ნაცვლად, სამშენებლო სამუშაოებს მათ მიერ დაქირავებული კონტრაქტორები ასრულებენ. ეს ნიშნავს, რომ ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს! აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო მოთხოვნას პრეტენდენტის, ან ქვეკონტრაქტორის გამოცდილება წარმოადგენდა. თუმცა ცალკეულ ტენდერებში მხოლოდ ქვეკონტრაქტორების გამოცდილებაა წარდგენილი, რის შედეგადაც პრეტენდენტებმა ანუ ტენდერში მონაწილე კომპანიებმა გაიმარჯვეს. შედეგად, კონტრაქტორებმა სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე მიიღეს. 

მაგალითად, შპს ,,ელიტა ბურჯმა'', სს ,,საქართველოს რკინიგზის'' მიერ, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ სამ ტენდერში გაიმარჯვა, მაგრამ სამივე შემთხვევაში, სამუშაოები მისმა ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ _ სს ,,ხიდმშენმა'' შეასრულა! სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ერთ ტენდერში შპს ,,სახარიამ'' გაიმარჯვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, სამუშაოები ქვეკოტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა! 

საზოგადოებრივი მაუწყებელი 

2015-2016 წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საბიუჯეტო პროცესებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით აწარმოებდა. მაგალითად, უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს წლის მანძილზე, ძირეულად ცვლიდნენ; საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრულ, არც ერთ ხარჯს სათანადოდ არ ასაბუთებდნენ. კერძოდ 2016 წელს, ბიუჯეტით დაგეგმილი იყო არაფინანსური აქტივების ზრდა 8 222 000 ლარით, საიდანაც 5 187 800 ლარი გადატანილი და გახარჯულია ხარჯების სხვადასხვა კატეგორიაში; 2015-2016 წლებში, შრომის ანაზღაურებამ საკასო შესრულების მიხედვით წარმოდგენილი 431 213 ლარის და 521 278 ლარის ნაცვლად, რეალურად, 16 652 617 ლარი და 21 329 289 ლარი შეადგინა! აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ წლების განმავლობაში, მაუწყებელში დანერგილი საბიუჯეტო პროცესების მართვის პრაქტიკა მცდარ სურათს ქმნის. 

სამეურვეო საბჭო მაუწყებელზე ფინანსურ და მმართველობით კონტროლს მნიშვნელოვანი სისუსტეებით წარმართავდა. კერძოდ, მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, გარდა გენერალური დირექტორისა, შტატგარეშე თანამშრომლად ირიცხება; სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად, მაუწყებლის გენენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს გაუზარდა ხელფასი 1 182 139 ლარით; მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, გასწია შემდეგი ხარჯები: 2015 წელს _ 3 704 559 ლარი და 2016 წელს _ 4 302 233 ლარი. 

მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. მაგალითად, 2015 წელს, 78 ტენდერიდან, 38 ტენდერში (49%), ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით _ 2 491 952 ლარი და 2016 წელს, 93 ტენდერიდან, 44 ტენდერში (47%), ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით _ 1 253 280 ლარი! 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მაუწყებელში შესყიდვების წლიური დაგეგმვაც მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხორციელდებოდა. მაგალითად, გამოცხადებულ 26 ტენდერზე, რომელთა სახელშეკრულებო თანხა 569 913 ლარია, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებიათ. აქედან, 16 შემთხვევაში, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა; 26 შესყიდვიდან, 16 შემთხვევაში _ გამარჯვებულად ერთი და იგივე კომპანია გამოავლინდა! 

ვეტერანების საქმეთა სამსახური 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ვეტარანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ონკოლოგიური და გულის მწვავე დაავადებების მქონე ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების განცხადებები გადამისამართებული იყო. ასევე, ისეთი განცხადებებიც, რომლებიც მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ქიმიოთერაპიასა და პნევმონიას ეხებოდა. სამაგიეროდ, სტომატოლოგიურ და გინეკოლოგიურ მომსახურებას, საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს ეს სამსახური უპრობლემოდ აფინანსებდა! 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2015 წლის 2 თებერვლის #18 ბრძანებით, „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და ერთჯერადი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კომისიის დებულება“ დამტკიცდა. 2015 წლის 31 მარტის #52 ბრძანებით ანუ ზუსტად ერთ თვეში, ამ დებულებიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც ბენეფიციარის წელიწადში ერთხელ მეტად დაფინანსებას ზღუდავდა. ამგვარმა ცვლილებებმა კონტროლის მექანიზმები შეასუსტა და კომისიის მიერ არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკი წარმოშვა. 

მაგალითად, 2015 წლის 17 მარტს, #1 ოქმის საფუძველზე, სრულად დაფინანსდა მოქალაქის მკურნალობა ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ,,კარაპს მედლაინში''. პაციენტს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ბუღალტერ-აღმრიცხველის თანამდებობაზე მუშაობდა, 2 600 ლარის გინეკოლოგიური მკურნალობა ჩაუტარდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აუდიტორებს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა ბენეფიციარი! 

კომისიის ოქმებში არ აუსახავთ, რომელ მიზნობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ ბენეფიციარები და სამსახურში წარდგენილი განცხადებებიდან, რა ნიშნით ანიჭებდნენ უპირატესობას ამა თუ იმ ვეტერანს. აქედან გამომდინარე, წლის განმავლობაში, ვეტერანების ნაწილმა რამდენჯერმე მიიღო სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე ნაწილი დახმარების გარეშე დარჩა. შუამდგომლობის მიზნით, მათი განცხადებები სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში გადააგზავნეს. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 19 ბენეფიციარს ძვირადღირებული სტომატოლოგიური მომსახურება დაუფინანსეს. მათ შორის, მეტალოკერამიკისა და მოტიტანებული გვირგვინის ჩასმის პროცედურები, რაც კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის ხარჯია. ამ მიზნით, სამსახურმა ჯამში 21 200 ლარი დახარჯა. აუდიტის პერიოდში, 8 ბენეფიციარს საზღვარგარეთ მკურნალობაც დაუფინანსეს, რისთვისაც 66 100 ლარი დახარჯეს! 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისეთი შემთხვევაც გამოავლინეს, როდესაც ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატი ისეთი ოდენობით დააფინანსეს, რაც ერთ ადამიანს 10 წლის განმავლობაში ეყოფოდა! მაგალითად, 2015 წლის 11 მაისის #11 ოქმის საფუძველზე, საგარანტიო წერილი 1 400 ლარის ღირებულების 5 დასახელების მედიკამენტის ანაზღაურებაზე გასცეს. ანგარიშფაქტურის მიხედვით, დაფინანსებულია პრეპარატ ,,კაპტოპრილის'' (წნევის დამწევი) 2 500 ტაბლეტი. აუდიტორებმა დაიანგარიშეს, რომ დღეში, ერთჯერადი მიღების პირობებში, ეს მედიკამენტი ადამიანს დაახლოებით, 8 წლის მანძილზე ეყოფა! ერთ-ერთ ბენეფიციარს 24 კოლოფი ,,პრესტანსი'' (წნევის დამარეგულირებელი) დაუფინანსეს, რაც ადამიანს დაახლოებით, 2 წლის მანძილზე ეყოფა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში