Menu
RSS

საგზაო უსაფრთხოების აუდიტის დასკვნა

რა ხარვეზები იკვეთება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენისას?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობას ეხება. წლების მანძილზე, საქართველოს გზებზე ათასობით ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ამიტომ საგზაო უსაფრთხოება ეროვნულ პრიორიტეტადაა აღიარებული. ღოგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია მითითებულია, ეს ყველაფერი აღიარებულია „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში“, ასევე 2017 და 2018 წლების „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ამასთან, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ვალდებულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაშია ასახული.

აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თანმდევი პროცესი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომრავლებაა, რამაც თავის მხრივ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ბოლო წლებში, საქართველოს გზებზე, ავტოავარიების შედეგად, წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8 000-ს აჭარბებს. 2011 წლიდან 2016 წლამდე, ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა და სამწუხაროდ, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა, ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული როლი შსს-ს მიერ გატარებულ ღონისძიებებს ენიჭება: 

,,აუდიტის მიზანია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე, შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. აუდიტის მთავარ პრობლემას შესაბამისი უწყებების მხრიდან, მზარდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე არასაკმარისი სამართლებრივი რეაგირების რისკები წარმოადგენდა. შესაბამისად, რეალურად არსებობს რისკი, რომ გამოუვლენელი და დაუსჯელი რჩება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევათა დიდი ნაწილი. მეტიც, დაბალია ჯარიმების ამოღების მაჩვენებელი, რაც შესაძლოა, საჯარიმო ქვითრების ჩაბარების საკითხთან მიმართებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგზაო წესების დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. 2017 წლამდე, ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად კი დიდ ქალაქებსა და ავტომაგისტრალებზე, მხოლოდ წერტილოვანი ტიპის რადარები და ადამიანური რესურსით კონტროლირებადი ვიდეოკამერები ფუნქციონირებდა, ხოლო სამართალდარღვევების გამოვლენის ნაწილში, მნიშვნელოვანი დატვირთვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებზე მოდიოდა: 

,,შს სამინისტრომ, 2017 წელს, ახალი პროექტი _ „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო. ეს პროექტი ითვალისწინებდა ანალიტიკური პროგრამით აღჭურვილი 1 000, ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერისა“ და 500, ე.წ. „სექციური რადარის“ მონტაჟს საქართველოს მასშტაბით. თუმცა ეს ყველაფერი დროში გაწერილი არ ყოფილა და მის განსახორციელებლად, დამატებითი ასიგნებებიც არ გამოყოფილა. ფინანსური პრობლემების გამო, 2017 წელს, ამ მოწყობილობების მხოლოდ მცირე ნაწილი მოქმედებდა, თუმცა პროექტის ფარგლებში, უკვე შესყიდულია საჭირო ლიცენზიები და მომზადებულია შესაბამისი წინაპირობები ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ერთიანი ქსელის შესაქმნელად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე განხორციელებული სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებები. კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენის, შესაბამისი სანქციების დაკისრების, სამართალდამრღვევთათვის საჯარიმო ქვითრების ჩაბარებისა და დაკისრებული სანქციების ამოღების საკითხები''. 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, აუდიტის შედეგად, გარკვეული სისტემური ნაკლოვანებები აღმოჩნდა. მათ შორის: 

ტერიტორიული დაფარვის პრობლემა _ სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა ვრცელდება ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და მთავარ ავტომაგისტრალებზე, რაც საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 45%-ია. ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე, კერძოდ, ზოგიერთ ქალაქში, დაბებსა და სოფლებში, ასევე ნაკლებად დატვირთულ გზებზე, პატრულირება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს (სამხარეო პოლიციის დეპარტამენტებს) ევალებათ. 2015-2017 წლებში, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიაზე, ქვეყანაში მომხდარი ავარიების 10-12%, ხოლო გარდაცვალების _ 26-28% დაფიქსირდა. ამიტომ ეს ტერიტორია შედარებით ნაკლებად კონტროლირებად გარემოს წარმოადგენს, რადგან ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიაზე, საერთოდ არ ხორციელდება ვიდეო/ფოტო მეთვალყურეობა; უბნის ინსპექტორების ერთი კონკრეტული საპატრულო ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორია ყოველთვის გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა; აუდიტის პერიოდში, უბნის ინსპექტორები კვირაში 80 საათზე მეტს მუშაობდნენ (ყოველ მე-2 დღეს მორიგეობდნენ), რაც მკვეთრად ამცირებდა მათი საქმიანობის პროდუქტიულობას. ამჟამად მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ 72 საათი უწევთ მუშაობა; უბნის ინსპექტორები ტექნიკურად უფრო ნაკლებად არიან აღჭურვილები, ვიდრე პატრულ-ინსპექტორები. მაგალითად, მათ არ გააჩნიათ სამხრე ვიდეოკამერები, ელექტრონული ქვითრის ამობეჭდვის საშუალება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელით წერენ) და სხვა. 

სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენის პრობლემა _ აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში, საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო, ხშირად ვერ ხერხდება. აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ეს პრობლემა იმ შემთხვევაში გადაიჭრება, თუ სექციური რადარები დროულად დამონტაჟდება და ამოქმედება, ხოლო შესაბამისი თანამშრომლები სიჩქარის მზომი ხელსაწყოებით აღიჭურვებიან. განსაკუთრებით, ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საპატრულო პოლიცია არ აკონტროლებს და არც რადარებით კონტროლდება. 

ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირებაში არსებული პრობლემები _ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც ავლენს საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევებს (სიჩქარის გადაჭარბების გარდა), ტექნიკურად გაუმართავია! 

საპატრულო პოლიციის საქმიანობაში არსებული ნაკლოვანება _ უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში გარდამტეხ ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო შეზღუდულია, პატრულ-ინსპექტორებს არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა! 

ქვეითად მოსიარულეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენის პრობლემა _ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი ქვეითად მოსიარულეები არიან, მათი დაჯარიმება კი თითქმის არ ხდება! 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ დამრღვევებისთვის ადეკვატური სახდელის დაკისრებას ადმინისტრაციული კოდექსის ზოგიერთი მუხლი ვერ უზრუნველყოფს: 

,,მაგალითად, კოდექსის 116-ე და 121-ე მუხლები, რომლებიც ადგენენ სახდელის ოდენობას მანქანის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე შეჩერებული აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია მართვის უფლება. აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებებით იკვეთება, რომ ზოგიერთი მძღოლი, ამ მუხლების მოთხოვნებს განმეორებით არღვევს, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალური შედეგებით მთავრდება. ქულათა სისტემის შემოღებამ, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, გაამკაცრა მიდგომა სისტემატური დამრღვევების მიმართ, თუმცა ქულების სისტემა არ ამკაცრებს სასჯელს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ქულების ამოწურვის შემთხვევაშიც, ავტომანქანის მართვას გააგრძელებენ. ასეთ დროს, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება!'' 

აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ვიდეოჯარიმებზე ქულების კლების სისტემა არ ვრცელდება, რაც ვიდეოჯარიმების ეფექტიანობას ამცირებს. არადა, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ჯარიმა მძღოლის ქულებზე აისახება და შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს: 

,,გარკვეული პრობლემებია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით უკვე დაფიქსირებულ დარღვევებზე სანქციების დაკისრების თვალსაზრისით. კერძოდ, ოპერატორების მიერ, ჯარიმის გამოწერა არ ხდება იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საიდენტიფიკაციო კოდი პროგრამაში დაფიქსირებული არაა; აუდიტის პერიოდში, არ ხორციელდებოდა ვიდეოჯარიმების გამოწერა და სანქციების შეფარდება სატრანზიტო და უცხო ქვეყნის სანომრენიშნებიან ავტომანქანებზე; ჯარიმების გამოწერა ვერ ხორციელდება აგრეთვე მცირე პროგრამული, ტექნიკური ხარვეზით დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევაშიც, რაც ამცირებს გამოვლენილ დარღვევაზე გატარებული რეაგირების მაჩვენებელს. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე არადროული და არაპროპორციული რეაგირება გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობაზე და იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს''. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25%-30%, დაკისრებულ ჯარიმებს არ იხიდის! რეალურად, ჯარიმის გადახდის მიზანი, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯარიმის აღსრულების მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირება. 2017 წლის 1 ნოემბრამდე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების ჩაბარებისა და შესაბამისად, მათი ამოღების საკითხი, რაც ამჟამად, სამართლებრივად, უკვე დარეგულირებულია. თუმცა არსებული მდგომარეობით, პრაქტიკული შედეგები უცნობია: 

,,მაგალითად, შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები, რომლებიც შს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებული არიან, საცხოვრებელ მისამართზე ჩააბარონ დამრღვევს ვიდეოჯარიმის ქვითარი, შესაძლოა, სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, დაკისრებულ მოვალეობას არაეფექტურად ასრულებენ. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შპს „საქართველოს ფოსტასთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას არ ახორციელებს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რა ნაწილში გაუმჯობესდა ჯარიმების ჩაბარების პროცესი. პრობლემის გადასაჭრელად, 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ამოქმედდა ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი (ჯარიმის სმს-შეტყობინებით ჩაბარება), რაც დიდი ალბათობით, შეამცირებს ჩაუბარებელი და გადაუხდელი ვიდეოჯარიმების ოდენობას. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც სისტემის სრულყოფილად მუშაობას ხელს უშლის. მაგალითად, შსს-ს მონაცემთა ბაზაში რეგისტირებული ავტომანქანების 30%-ის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია დაფიქსირებული არაა, რის გამოც მათთვის სმს-შეტყობინებების გაგზავნა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ვიდეოჯარიმების ჩაბარების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. პრობლემური (გადაუხდელი) ჯარიმებით დაკისრებული ფულადი თანხის ამოღების პროცესში შსს-ს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია: ვიდეოჯარიმის ადრესატისთვის ჩაბარების უფლება პატრულ-პოლიციელებსა და უბნის ინსპექტორებს არ აქვთ!'' 

აუდიტის მიმდინარეობისას, შსს-ს სტრუქტურულ ერთეულებს არ გააჩნდათ ურთიერთშესაბამისი, სტატისტიკური, კრებსითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობისა და ღირებულების ჯარიმები გადაიხადეს დამრღვევებმა, რამდენი ვიდეოჯარიმა არ ჩაბარდა ადრესატს, რა ღირებულების საურავი დაარიცხეს გადაუხდელ ჯარიმებზე, რამდენი იყო მათგან გადაუხდელი და რამდენი გადაეცა სააღსრულებოდ. არადა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ ამ ტიპის ინფორმაცია, ანალიტიკური საქმიანობის სწორად წარმართვისა და შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად აუცილებელია. აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ შს სამინისტროს არ ჰქონდა ინფორმაცია სჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჯარიმების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, რა ოდენობის, რა ღირებულების ღირებულების ჯარიმისა და საურავის ამოღება ვერ ხდება და რა მიზეზით!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში