Menu
RSS

მთავრობის დაპირება ვერ შესრულდა _ 2020 წლამდე ავტომაგისტრალების მშენებლობა არ დასრულდება

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა, მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების მშენებლობის დასრულების ვადები 2021-2022 წლებია.

გარდა ამისა, ამჟამად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 200 კილომეტრი გზა არის დასაგები. მშენებლობის 2020 წელს დასასრულებლად, წელიწადში, საშუალოდ, 66.6 კილომეტრი გზა იქნებოდა გასაყვანი. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წელიწადში, საშუალოდ, 18 კილომეტრი გზა შენდებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობის ყველაზე რთული მონაკვეთებია დარჩენილი. 

ფაქტ-მეტრი ავტობანის მშენებლობის პროცესს მომავალშიც დააკვირდება და თუკი მისი მშენებლობა 2020 წლამდე დასრულდება, სტატიას შესაბამისად დააკორექტირებს. 

Fაცტ ჩჰეცკ _ ის ანალიზით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა. 

სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობაა. ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა (2.7 ინფრასტრუქტურის განვითარება-გვ. 23). 

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისის-სენაკი-ლესელიძის) მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო. ავტომაგისტრალი E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 190 კილომეტრზე გზის საფარის მოწყობა დასრულებულია, მოძრაობა კი 167 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში, მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი 99 კმ გზაზე გაიხსნა. 

ამჟამად, სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდეგ მონაკვეთებზე მიმდინარეობს: 

E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა (ლოტი I, II); 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა (ლოტი II, III, IV); 

ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობა (ლოტი II). 

 

საპროექტო სამუშაოები კი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდეგ მონაკვეთებზე მიმდინარეობს: 

ჩუმათელეთი-ხევის (F-1) (საავტომობილო გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება); 

ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას (F-2, F-3, F-4) (საავტომობილო გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება); 

ბათუმის შემოსასვლელი-სარფის (საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური საპროექტო სამუშაოების მომზადება); 

ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთის (დეტალური საპროექტო სამუშაოების მომზადება). 

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების სიას აქვეყნებს. 

ჩვენ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გზის ის მონაკვეთები გამოვყავით, რომელთა დასრულების ვადა 2020 წელს სცილდება (ცხრილი 1). ასეთია ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც რიკოთის უღელტეხილს მოიცავს და მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთია. მხოლოდ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 40-მდე გვირაბის და 100-მდე ხიდის მშენებლობაა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს ვერ დასრულდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის განმავლობაში, ცალკეული მონაკვეთების დასრულების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა და გახანგრძლივდა.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 99 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, წელიწადში, საშუალოდ, 18 კოლომეტრზე იხსნებოდა გზა. 

ამჟამად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 200 კილომეტრი გზა არის დასაგები. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 2020 წელს დასასრულებლად, წელიწადში, საშუალოდ, 66.6 კილომეტრი გზა იქნებოდა გასაყვანი (წელიწადში 3.7-ჯერ მეტი, ვიდრე გასულ წლებში). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ყველაზე რთული მონაკვეთების მშენებლობაა დარჩენილი.

„კომერსანტი“

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში