Menu
RSS

„პირველი საკრედიტო კავშირის“ საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა გააუქმა

რა გახდა საფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის მიზეზი?

საფინანსო ორგანიზაცია ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' ლიკვიდაციის პროცესი უკვე დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) ამ ორგანიზაციას საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია უკვე გაუუქმა. 2018 წლის 23 მაისს, სებ-ის გადაწყვეტილებით, ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' ლიკვიდატორად არჩილ ვაშაკიძე დაინიშნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას #217-ე განკარგულებაში მითითებულია, რომ საფინანსო ორგანიზაცია „პირველი საკრედიტო კავშირის“ არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა და მისი ლიკვიდაცია დაიწყო: 

„ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს #721-ე განკარგულება; რეგისტრირებული კოოპერატივის (რკ) „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს არჩილ ვაშაკიძე; ლიკვიდატორი ვალდებულია, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს'', _ ვკითხულობთ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანებაში. 

როგორც ,,ვერსიას'' სებ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუმარტეს, ქვეყნის მთავარმა ბანკმა საფინანსო ორგანიზაციას საკრედიტო საქმიანობის ლიცენცია იმიტომ გაუუქმა, რომ ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' ხელმძღვანელობა ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში დაწესებულ მოთხოვნებს არ ასრულებდა: 

,,ასე მაგალითად, არაერთი მითითების მიუხედავად, ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' ხელმძღვანელობამ არ განახორციელა ფინანსური მდგომარეობის გასაჯანსაღებელი ქმედებები. ადგილზე შემოწმებისას, კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოვლინდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნების შეუსრულებლობის, არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და კავშირის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები. შემდგომ ეტაპზე, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, კავშირის ხელმძღვანელობას რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება, საერთო კრების მოწვევა, კრედიტორებისთვის კავშირის არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციის მიწოდება და დამატებითი კაპიტალიზაციის განხორციელება დაევალა იმ მოცულობით, რომ ,,პირველი საკრედიტო კავშირი'' კრიზისული მდგომარეობიდან გამოსულიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, კავშირის ხელმძღვანელობამ ეროვნული ბანკის მოთხოვნები არ გაითვალისწინა'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' სებ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. 

სებ-ის ინფორმაციით, კრედიტორთა ვალდებულებების გასტუმრების მიზნით, საფინანსო ორგანიზაციის ლიკვი-დაციის პროცესში, კავშირის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, რკ ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' ლიკვიდატორმა, არჩილ ვაშაკიძემ შესაბამისი განცხადება უკვე გამოაქვეყნა კიდეც: 

,,იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას რეგისტრირებული კოოპერატივის ,,პირველი საკრედიტო კავშირს'' ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, რათა კავშირის ლიკვიდატორს შემდეგი დოკუმენტაცია წარუდგინოთ: ფიზიკური პირის შემთხვევაში _ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კავშირის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები. 

იურიდიული პირის შემთხვევაში _ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; კავშირის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები''. 

საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ რეგისტრირებული კოოპერატივი ,,პირველი საკრედიტო კავშირი'' 2011 წლის 

,,პირველი საკრედიტო კავშირი'' 2010 წლის 22 ივლისს დაფუძნდა. ეს იყო წევრობაზე დაფუძნებული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით იზიდავდა დეპოზიტებს და გასცემდა სესხებს. ამასთან, ორგანიზაციის მისია იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. საფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გივი კორინთელი, ხოლო საბჭოს წევრები ჯულიეტა მაჭავარიანი და ნოდარ ქორქია იყვნენ; ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' აღმასრულებელი დირექტორი ზაზა რეხვიაშვილი, ხოლო გამგეობის წევრები ნანა მაჭავარიანი და გიორგი კუპრაძე იყვნენ. 

2015 წელს, საფინანსო ორგანიზაცია ,,პირველი საკრედიტო კავშირის'' ხელმძღვანელები შეიცვალნენ. თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არ შეცვლილა, საბჭოს წევრად დარჩა ჯულიეტა მაჭავარიანი და ნანა მაჭავარიანი, მაგრამ მათ გარდა, აღმასრულებელ საბჭოს რამდენიმე ახლაი წევრიც დაემატა: მართა დოჯურიშვილი-მაჭავარიანი და უკრაინის მოქალაქე მამუკა მაჭავარიანი. 

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გივი კორინთელის სახელზე რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული, მათ შორის, ს/ს ,,მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი'', ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მიკროკრედიტი'' და შპს ,,ფინანსური სახლი საქართველო''. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი _ რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ გივი კორინთელისა და უკრაინის მოქალაქე მამუკა მაჭავარიანის ინტერესები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მიკროკრედიტშიც'' იკვეთება. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გივი კორინთელი, ხოლო დირექტორი მამუკა მაჭავარიანია.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში