Menu
RSS

დარღვევები სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის სააგენტოებში!

უშედეგოდ და უკონკურენტოდ დასრულებული ტენდერები, ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში, გაბერილი საშტატო ერთეულები და დაუსაბუთებლად გაცემული პრემია-დანამატები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეამოწმა. აუდიტი საჯარო სერვისების განვითარების მიზნით ჩატარდა და 2015-2016 წლებში, ორივე უწყების მიერ, საკუთარი შემოსავლების განკარგვას შეეხო. სამწუხაროდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრშიც კი, ამ მხრივ, გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები გამოვლინდა. თუმცა სახელმწიფო აუდიტორები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეკომენდაციებით შემოიფარგლნენ.

უშედეგო და უკონკურენტო ტენდერები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015-2016წლებში, სერვისების განვითარების სააგენტომ 43 100 000 ლარის, ხოლო საჯარო რეესტრმა _ 28 700 000 ლარის შესყიდვები განახორიცელეს. თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ იუსტიციის სახლისთვის, მომსახურებაში გადასახდელი თანხების ფასწარმოქმნის პრინციპები არცერთ უწყებაში დადგენილი არ არის! საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდებას იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამ მიზნით, 2015-2016 წლებში, ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვაზე, აუდიტის ობიექტებსა და იუსტიციის სახლს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა. კერძოდ, საჯარო რეესტრის შემთხვევაში _ 2015-2016 წლებში, იუსტიციის სახლისთვის 16 000 000 ლარი, ხოლო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ _ 10 900 000 ლარია გადახდილი: 

,,აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არის განსაზღვრული იუსტიციის სახლისთვის მომსახურებაში გადასახდელი თანხების ფასწარმოქმნის პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც, გაწეული მომსახურება უნდა ანაზღაურდეს. იუსტიციის სახლისთვის თანხის გადახდა არ ეფუძნება არც განხორციელებული სერვისებისა და ტრანზაქციების, არც აუდიტის ობიექტების მიერ მიღებული შემოსავლების ფაქტორს. არსებული სქემით, სსიპ-ების მიერ, იუსტიციის სახლისთვის თანხის გადახდა, ფაქტობრივად, იუსტიციის სახლის სუბსიდირებაა, თუმცა არც სუბსიდირების წესი და კრიტერიუმებია შემუშავებული! იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ-ების ძირითადი დაფინანსების წყარო საკუთარი შემოსავლებია, მნიშვნელოვანია, მიღებული შემოსავლების სათანადოდ დაგეგმვა და მათი მიმართვა სსიპ-ების მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების, ასევე მათი განვითარებისთვის. შესაბამისად, აუდიტის ობიექტების მიერ, იუსტიციის სახლისთვის მომსახურებაში გადახდილი თანხა, მიღებული სარგებლის პროპორციული და თანაბარზომიერი უნდა იყოს'', _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მიერ გამოცხადებული ტენდერების საშუალოდ 22% _ უშედეგოდ, ხოლო 28% _ კონკურენციის გარეშე დასრულდა. ასეთი შედეგი კი შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების არასათანადო წარმართვას უკავშირდება. სინამდვილეში, ტენდერების გამოცხადების ეტაპზე, შემსყიდველმა ბაზრის კვლევის შედეგები, ასევე წინა ტენდერებისა და ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული გამოცდილება უნდა გაიზიაროს: 

,,ბაზრის არასათანადო შესწავლაზე მიუთითებს სხვადასხვა ფაქტი, როდესაც გარკვეულ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და საქონლის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების მოკვლევა, ტენდერის გამოცხადებისა და მიმდინარეობის პერიოდში დისკვალიფიცირებული, ან თუნდაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების, ან მათ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე ხდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, სატენდერო მოთხოვნები არაპროპორციული და შემსყიდველის საჭიროებებთან შეუსაბამოა. ტენდერის გამოცხადებამდე, შემსყიდველების მიერ მოუმზადებელი ტექნიკური მახასიათებლები, ასევე სატენდერო დოკუმენტაციაში არასაჭირო და არაპროპორციული სატენდერო მოთხოვნების განსაზღვრა, შესყიდვის პროცესის გაჭიანურებისა და არაეკონომიურად განხორციელების რისკებს შეიცავს!'' 

ხანძარსაქრობი სისტემის შესასყიდად, სერვისების განვითარების სააგენტომ სამი ტენდერი გამოაცხადა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამივე მათგანში, სატენდერო მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, თუმცა განსხვავებული მოთხოვნებისა და პრეტენდენტების მიერ, მეორე ტენდერში წარდგენილი დაბალი ფასის მიუხედავად, ტენდერის სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა! 

2015 წლის 1 ივნისსა და 22 სექტემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 153 300 ლარი და 153 500 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ორივე ტენდერში მხოლოდ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ეს სახელმწიფო შესყიდვები უშედეგოდ იმიტომ დასრულდა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ერთ-ერთ ტენდერში, გამარჯვებული კითხვა-პასუხის შედეგად უნდა გამოვლენილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ პრეტენდენტმა კითხვის შინაარსი ვერ გაიგო, სატენდერო წინადადება დაბალი ღირებულებით წარადგინა: 

,,სახელმწიფო აუდიტის დასკვნის ამ ნაწილის სქოლიოში მითითებულია ის ორი კითხვა, რომლებიც პრეტენდენტმა ვერ გაიგო. შესაბამისად, სატენდერო წინადადება დაბალი ფასით წარადგინა და ტენდერი უშედეგოდ დასრულდა. კითხვები კი ასეთი იყო: პირველი _ „გთხოვთ, დააკონკრეტოთ, რის გამო ითხოვთ 500 მისამართზე გათვლილ მართვის პულტს, როდესაც მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენს შემთხვევაში, 20-30 მისამართია. მისაღები იქნება თუ არა, რომ შემოგთავაზოთ მართვის პულტი, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 60 მისამართზე?“ მეორე _ „მონაცემთა ძირითადი ცენტრისა და მონაცემთა სარეზერვო ცენტრისთვის საკონტროლო პანელები ცალ-ცალკე უნდა დააყენდეს, რომლებიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ხანძარსაქრობი სისტემის მართვისთვის, თუ ერთი, საერთო საკონტროლო პანელი უნდა დაყენდეს, რომელსაც ორი, ურთიერთდამოუკიდებელი ხანძარსაქრობი სისტემის მართვის საშუალება ექნება?'' 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში 

2014 წელს, სერვისების განვითარების სააგენტომ თბილისის არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა. თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სწორედ ეს ტენდერი მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ეს იმიტომ, რომ მიმწოდებელმა საკუთარი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც სააგენტომ მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და პირგასამტეხლოც დააკისრა. ამ სამუშაოების ექსპერტიზა განახორციელა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის დასკვნაც მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის მნიშვნელოვან ხარვეზს ადასტურებს. სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა, რომელმაც ამის მიუხედავად, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს შენობა ექსპლუატაციაში მაინც მიიღო: 

,,აუდიტის სამსახურმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა და გაარკვია, რომ ამ შენობის ცალკეული კვანძები საფრთხის შემცველია, ხოლო შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაუმართლებელი, ვინაიდან როგორც წესი, ასეთი შენობის მედეგობა შემცირებულია! აუდიტის პირველადი ანგარიშის გაცემის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ აუდიტის სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მათ მყისიერად ჩაატარეს სამუშაოები იმ კვანძზე, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საფრთხის შემცველად მიიჩნია. ამასთან, საექსპერტო დასკვნა არ მიუთითებდა შენობის ექსპლუატაციაში მიღების საფრთხეზე. შესაბამისად, მათთვის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოსაზრება შენობის ექსპლუატაციის გაუმართლებლობასთან დაკავშირებით, ცნობილი არ ყოფილა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის პირველადი ანგარიშის მიღების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ დამატებით ჩაატარა ექსპერტიზა და სახელმწიფო აუდიტორებს შპს „ოპტიმუსის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.

ეს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ერთ კვანძზე ჩატარებულია სამუშაოები და რაც მთავარია, შენობას ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს. დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ისევ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ბიუროს ოფიციალური პასუხიდან გაირკვა, რომ ერთი კვანძის გამოსწორებით, შენობაში არსებული მდგომარეობა ვერ შეიცვლება, რაც სხვადასხვა ზონებში, პროექტისა და სამშენებლო ნორმების დარღვევით, ასევე ლითონკონსტრუქციების კვანძების უხარისხო მოწყობითაა შექმნილი, რის გამოც მისი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არაა! 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ 2015 წლიდან, სერვისების განვითარების სააგენტომ არქივის შენობის მშენებლობაში არსებული სხვადასხვა ხარვეზები ვერ გამოასწორა. ამჟამინდელი მდგომარეობით, არქივის ორსართულიან შენობაში, სადაც განთავსებულია საოფისე ნაწილი და სამუშაო პერიოდში იმყოფებიან თანამშრომლები, გამაგრებითი/გაძლიერებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო მდგრადობის დასადასტურებლად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაგზავნილია მოთხოვნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. არქივის ერთსართულიან ნაწილში, სადაც განთავსებულია არქივი, ახლა გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის 50%-მდეა დასრულებული. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, არქივის შენობის ექსპლუატაცია ამჟამად არ მიმდინარეობს. დაცლილია ადმინისტრაციული შენობა, ხოლო თანამშრომლები ალტერნატიულ ტერიტორიაზე არიან გადაყვანილნი: 

 

,,გამოკითხვების, წერილობითი მიმოწერისა და ფაქტების დოკუმენტური ანალიზის, ასევე განსხვავებული საექსპერტო დასკვნებისა და მოსაზრებების გამო, აუდიტის სამსახური თავის დროზე, ამ შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზანშეწონილობაში ვერ დარწმუნდა! არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, სერვისების განვითარების სააგენტომ სამუშაოები ისევ განაახლა, თუმცა მათი მოცულობისა და ხარისხის შეფასება თანმდევი რისკების გათვალისწინებით, აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება. იმის გამო, რომ საქმე ეხება ექსპლუატაციაში მიღებულ შენობას, მივიჩნევთ, ამ ეტაპზე, გამოსასწორებელი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, დროულად უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, შენობის მედეგობა და ექსპლუატაციის უსაფრთხოება უნდა შეფასდეს!'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

საჯარო რეესტრის ერთ-ერთი, სტრატეგიული ამოცანა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარებაა, რომელიც სანიველირე ქსელის მოკვლევასა და განვითარებას მოიცავს. სანიველირე ქსელის (ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიანი სისტემა, რაც დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება), ასევე სანიველირე რეპერების (სანიველირე ნიშანი) მოკვლევის მიზნით, საჯარო რეესტრმა რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი, ხოლო საქმიანობის ნაწილი თავად განახორციელა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ საჯარო რეესტრს დამოუკიდებლადაც შეეძლო სანიველირე ნიშნების მოკვლევა, რაც პროცესს მხოლოდ დროში გააჭიანურებდა. რეესტრის სამოქმედო გეგმითა და აქტივობებით, აუდიტორებმა ვერ გაარკვიეს, რა შიდა რესურსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული რეპერების (ნიშნების) მოსაკვლევად და სამუშაოს რა ნაწილი უნდა განხორციელებულიყო გარე რესურსით ანუ ტენდერით. ეს პროცესი საჯარო რეესტრს 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა, თუმცა ამავე გეგმით, პროცესი დროში დროში გაწერილი არ ყოფილა და შესაბამისად, სხვადასხვა დროს ახორციელებდნენ! 

გაბერილი შტატები და პრემიები 

საკუთარი სახსრების ფარგლებში, 2015-2016 წლებში, შრომის ანაზღაურების მიზნით, სერვისების სააგენტომ შტატიან და შტატგარეშე მოსამსახურეებზე 34 300 00 ლარი, ხოლო საჯარო რეესტრის სააგენტომ _ 49 400 000 ლარი გახარჯა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ უწყებებში, თანამშრომელთა წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა, ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას აღემატება. მაგალითად, საჯარო რეესტრის შემთხვევაში _ 30%-ით, ხოლო სერვისების განვითარების სააგენტოში _ 13%-ით. 

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ არსებული საშტატო რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურების ფონდი, ადამიანური რესურსის ფაქტობრივ და საჭირო რაოდენობას არ ასახავს! მეტიც, საჯარო რეესტრში დანამატები ყოველთვიურად, დასაბუთების გარეშე გაიცემა, რაც ვერ უზრუნველყოფს დანამატის გაცემის საკმარის გამჭვირვალობას, ამიტომ ის თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს! 

 

მართალია, სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის სააგენტოებში აუდიტის შედეგად, მნიშვნელოვანი ხარვეზები და ნაკლოვანებები გამოიკვეთა, მაგრამ მათ გამოსასწორებლად, სახელმწიფო აუდიტორებმა ორივე უწყებისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს: 

,,ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარება, რაც სანიველირე ქსელის მოკვლევასა და აღდგენას მოიცავს, საჯარო რეესტრის სააგენტომ სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოაყალიბოს, სადაც კონკრეტულ აქტივობებს, რესურსებსა და შესასრულებელი სამუშაოს დროს გაწერენ. ეს ყოველივე პროცესების გამჭვირვალობას, დაგეგმვის სიზუსტეს, ამოცანის შესრულების ეკონომიურობასა და დროულობას განსაზღვრავს! 

კონკურენტუნარიანი და ეკონომიური ტენდერების ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც საჯარო რეესტრის, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოებმა სათანადოდ და დროულად ჩაატარონ შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, ამ სააგენტოებმა ტექნიკური მახასიათებლები და სავარაუდო ღირებულება ოპტიმალურად უნდა განსაზღვრონ, რისთვისაც სათანადო მეთოდებით, ბაზარი უნდა გამოიკვლიონ! 

თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის რეალურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ ორივე სააგენტომ საჭირო ოდენობის საშტატო რიცხოვნობა დაგეგმოს. ამასთან, გაცემული დანამატების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, დანამატის გაცემის კრიტერიუმები და დასაბუთების წესი უნდა შეიმუშაონ!''

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში