Menu
RSS

ცვლილებები, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორში უნდა გატარდეს!

ეკონომიკის დაკრედიტების სამართლიანი წესები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ფინანსური რესურსების წვდომა და ლომბარდების გათავისუფლება კრიმინალისგან _ ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივები ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის!

29 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებს ის საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რაც საბანკო-საფინანსო სექტორში უნდა გატარდეს. რეფორმა, რომლის პრეზენტაციაც მინისტრმა ვაკის მედიათეკაში გამართა, ქვეყნის საბანკო და საფინანსო სფეროში ახალ, სამართლიან წესებს ამკვიდრებს, რაც მომხმარებელთა უფლებებს იცავს. ეს რეფორმა ეკონომიკის დაკრედიტებისას ახალ, ხარისხიანი სტანდარტებს აწესებს და მთავრობის მთავარ მიზანს _ მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, ასევე ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. პრეზენტაციაზე მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ჭარბვალიანობა აფერხებს, რომლის ეფექტური კონტროლის გარეშე, სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია.

რეფორმა, რომელმაც ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორში სრულიად ახალი, სამართლიანი და მომხმარებელთა უფლებების დამცავი წესები უნდა დაამკვიდროს, რამდენიმე, მნიშვნელოვან ასპექტს ითვალისწინებს: 

ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში, თანხის გადაუხდელობის გამო, ამიერიდან დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე; შეიზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების _ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება; სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს 100%-ია, 50%-მდე შემცირდება; ვადაგადაცილების შემთხვევაში, დაწესდება მსესხებლისთვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ გადააჭარბებს; დაწესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, სხვადასხვა სახის საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, დღეს არსებული წლიური 150%-ის ნაცვლად. ზღვარის დაწესებით, აღნიშნული ხარჯების ლიმიტი 51.45%-ით შემცირდება; მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს), ამიერიდან მოეთხოვებათ, რათა უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი! 

ვისაც სურს, სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით დაკავდეს, შეუძლია, ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა! 

როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, მათ შორის, ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო, თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით: 

,,ეს ინიციატივები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან. სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody's) ცალსახად, დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას. რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასთვის თანასწორი თამაშის წესებს, ამცირებს რისკებს ეკონომიკაში და ზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს'', _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მისი თქმით, ახალი ინიციატივები შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან. მეტიც, მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ახალი რეფორმის შედეგად, ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის საქმიანობა უფრო სამართლიანი გახდება, ხოლო მომხმარებელთა უფლებები, რაც აქამდე საკმაოდ ხშირად ირღვეოდა, მაქსიმალურად დაცული იქნება: 

,,პირველი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, კრედიტორი ვეღარ შეძლებს, დაგირავებული ნივთის გარდა, მომხმარებელს სხვა ქონება მოსთხოვოს. პირდაპირ ვაცხადებ, ეს ძალიან მავნე პრაქტიკა იყო, რადგან უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, მომხმარებელი კრედიტორის სასარგებლოდ აგირავებდა გარკვეულ ქონებას, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში, ის პრაქტიკულად, დაუცველი იყო! სესხის დაფარვის ვალდებულება მის სხვა ქონებაზეც გადადიოდა. ამ მავნე პრაქტიკის გამო, ბევრი ადამიანი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა... მნიშვნელოვანია ის ინიციატივაც, რომელიც ლობარდების საქმიანობის გამჭვირვალობას ეხება. სამწუხაროდ, ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელ წყაროდ იქცა, ვინაიდან სხვადასხვა მოპარული ნივთების ნაწილი, სწორედ ლომბარდებში აღმოჩნდება ხოლმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს ერთიან, ელექტრონულ ონლაინ-პლატფორმას, რაც ლომბარდებში უნდა დაინერგოს. შესაბამისად, იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ამ ბიზნესში დარჩნენ, ახალი, სამართლიანი წესები უნდა გაიზიარონ, რისთვისაც მათ გონივრული ვადა მიეცემათ! ერთიან, ელექტრონულ პლატფორმაზე კი ყველა ლომბრადი, ონლაინ-რეჟიმში აღრიცხავს ნებისმიერ დალომბარდებულ ნივთს. ამ შემთხვევაში, ტრანსფარენტულობის ძალიან მაღალი ხარისხს მივიღებთ და მოპარული ნივთების დალომბარდებასაც გამოვრიცხავთ''. 

მამუკა ბახტაძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ახალი რეფორმა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მეტ მაკროეკონომიკურ სიმყარეს მოგვიტანს. ჭარბვალიანობის შემცირებით კი თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა, რათა რეალურ ეკონომიკაში ჩაერთოს. რაც მთავარია, ამ რეფორმის შედეგად, საგარეო შოკების მიმართ, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა უფრო გაიზრდება: 

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ რეფორმის შედეგად, ფინანსურ რესურსებზე წვდომა უფრო ტრანსფარენტული გახდება, ვინაიდან რისკების ალბათობები შემცირდება. თავის მხრივ, ეს ყოველივე პოზიტიურ გავლენას იქონიებს საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება. შედეგად, ჩვენ მივიღებთ ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ატმოსფეროს. ჩვენთვის კრიტიკულად აუცილებელია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფილოსოფია და ფასეულობები მოქმედებდეს. რეფორმის ეს გზა, რომელიც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა, აუცილებელი წინაპირობაა, რათა ჩვენს ეკონომიკაში სამართლიანი წესები გაჩნდეს!''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში