Menu
RSS

რატომ შეიზღუდა ბანკებში სესხების აღება?

რა კრიტერიუმებით უნდა გაიცეს კრედიტები და სესხები და როგორ აპირებს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვას

7 მაისიდან ბანკებში მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, სესხების გაცემა შეიზღუდა. შემოსავლების დადასტურების გარეშე, საცალო სესხებს აღარ გასცემენ. ერთი მხრივ, ამგვარი გადაწყვეტილება დისკომფორტს უქმნის თვითდასაქმებულებს, მათ, რომლებიც შემოსავლებს იღებენ, მაგრამ ოფიციალურად ვერ ადასტურებენ, თუმცა მეორე მხრივ, სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტებს გააუმჯობესებს და რაც მთავარია, სოციალურ პასუხისმგებლობას გაზრდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშესაწყობად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა ,,კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში''. ამ ცვლილებებით მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, სესხების გაცემა შეიზღუდა. მეტიც, ასეთი სესხების საერთო თანხა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. 

რეგულაცია, რომელიც 2018 წლის 7 მაისიდან ამოქმედდა, ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა იყო. თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეროვნულმა ბანკმა საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა. როგორც ქვეყნის მთავარ ბანკში აცხადებენ, ბოლო წლებში, შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით გაიზარდა, პარალელურად კი იმ ფიზიკური პირების დაკრედიტებაც იზრდებოდა, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში, ვალის მაღალი ტვირთი ჰქონდათ. სამწუხაროდ, საფინანსო ინსტიტუტებში საცალო დაკრედიტების ისეთი ბიზნეს-მოდელი მოქმედებდა, როდესაც ბანკები, ან თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მსესხებელი პირების შემოსავლების წყაროს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ: 

,,შედეგი საკმაოდ არასახარბიელოა: მსესხებლების დიდ ნაწილს არ უფიქსირდება დასაქმებით, ან სხვა ფორმის წყაროდან მიღებული შემოსავალი, ხოლო ასეთი მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვთ მიმდინარე ვადაგადაცილება არსებულ ვალდებულებებზე. ვალაუვალ მსესხებელს კი, როგორც წესი, ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და პოტენციური სამართლებრივი აღსრულების შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა'', _ განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში. 

ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც 7 მაისიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შემოსავლების დადასტურების გარეშე, საფინანსო ინსტიტუტებს საცალო სესხების გაცემა შეუზღუდა. თვითდასაქმებული ფიზიკური პირები, მაგალითად, რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსების მძღოლები, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, მაგრამ ამ შემოსავლებს ოფიციალურად ვერ ადასტურებენ, საცალო სესხების მიღება გაუჭირდებათ. თუმცა ამ ჩიხიდან გამოსავალი ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოძებნა და თვითდასაქმებულ პირებს ინდმეწარმეებად დარეგისტრირება შესთავაზა. ცხადია, ეს საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადები მკვეთრად შეუმცირდა. მაგალითად, თუ ხართ რეპეტიტორი და დარეგისტრირდებით ინდმეწარმედ, მხოლოდ თქვენი შემოსავლის 1%-ის გადახდა მოგიწევთ, სამაგიეროდ, საკუთარი შემოსავლების დადასტურებას შეძლებთ და სესხსაც უპრობლემოდ აიღებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესიდან გაიზრდება. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეს ერთ თვეში, ერთ წელში, უცებ მოხდება, მაგრამ თანდათანობით, მსხვილ ბიზნესს, რომელიც ბიუჯეტის შევსების ერთადერთი წყაროა, მცირე და საშუალო ბიზნესიც შეურთდება. თუმცა ინდმეწარმეებად დარეგისტრირება რეპეტიტორებს ნამდვილად უღირთ, ყოველ შემთხვევაში, უნდა უღირდეთ, რადგან 1%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ გაუჭირდებათ, რასაც ვერ ვიტყვით ძიძებსა და ტაქსების მძღოლებზე... 

კიდევ ერთი სიახლე, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს, ესაა ,,ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების'' პროექტი. ამ ეტაპზე, ეს პროექტი მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, დაინტერესებულ პირებს საკუთარი შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით აქვთ. ამის შემდეგ, პროექტის საბოლოო ვარიანტი შემუშავდება და საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება. ახალი რეგულაცია ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა. როგორც ,,ვერსიას'' ეროვნულ ბანკში განუცხადეს, დებულების პროექტის მიზანია, საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა, რათა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან მსესხებელთა უფლებები დაიცვან. ეს დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის. 

როგორც ვთქვით, ,,ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება'' ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტია, მაგრამ ,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა გაიცეს სესხები და როგორ აპირებს მსესხებელთა უფლებების დაცვას საქართველოს ეროვნული ბანკი. პროექტში ვკითხულობთ, რომ მასში აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე, გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა: 

,,ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე გასაცემ სესხზე/კრედიტზე, რომელთა შემოსავლის წყაროა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობა. სესხები/კრედიტები გაიცემა არა სავაჭრო/სამეწარმეო მიზნობრიობით და ამასთან, მსესხებლის/თანამსესხებლის ვალდებულებები, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ აღემატება 1 000 000 ლარს, ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში; ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულებები, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ (საკრედიტო-საინფორმაციო ბაზაში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე), არ აღემატება 300 ლარს და ამასთან, მსესხებელს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში არ აქვს _ ,,არის ნეგატიური'' სტატუსი; ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება ფულადი სახსრების უზრუნველყოფით გაცემულ სესხებზე, უზრუნველყოფის ღირებულებისა და ვადიანობის ფარგლებში, თუკი სესხის/კრედიტის უზრუნველყოფილი ნაწილის დაფარვა გამიზნულია ფულადი სახსრების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალებით'', _ აღნიშნულია პროექტში. 

ახალი დებულების მიხედვით, სესხის ყოველთვიური გადასახდელები ასეა განსაზღვრული: მაგალითად, იპოთეკური სესხების/კრედიტების შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტის დაანგარიშებისას, ყოველთვიურ გადასახდელებში გათვალისწინებული უნდა იყოს ის თანხა, რომლის გადახდაც მსესხებელს/თანამსესხებელს მოუწევდა მათი ჯამური ვალდებულებების (ძირი, პროცენტი, საკომისიო და სხვა) მაქსიმუმ 15-წლიან პერიოდზე, ხოლო სარემონტო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში _ მაქსიმუმ, 10-წლიან პერიოდზე! თუ უძრავი ქონების შეძენის, მშენებლობისა და რემონტის მიზნობრიობით, უკვე გაცემულია ერთი სესხი/კრედიტი, ყოველთვიური გადასახდელების დათვლის მიზნებისთვის, მსგავსი ტიპის სესხიდან/კრედიტიდან, რემონტის მიზნობრიობით გაცემული სესხი ცალკე უნდა გამოიყოს! სხვა, ნებისმიერი ტიპის სესხების/კრედიტებისთვის (მათ შორის, საკრედიტო ბარათი და ოვერდრაფტი), სესხის მომსახურების კოეფიციენტის დაანგარიშებისას, ყოველთვიურ გადასახდელებში გათვალისწინებული უნდა იყოს ის თანხა, რომლის გადახდაც მსესხებელს/თანამსესხებელს მოუწევდა მათი ჯამური ვალდებულებების (ძირი, პროცენტი, საკომისიო და სხვა), მაქსიმუმ, 4-წლიან პერიოდზე: 

,,სესხის მომსახურების კოეფიციენტის დაანგარიშებისას, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ (ბანკმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ) უნდა გაითვალისწინოს მსესხებლის/თანამსესხებლის ჯამური ვალდებულების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი. სესხის გამცემ ორგანიზაციებში მოქმედი პოლიტიკა და პროცედურები, ასევე შესაბამისი ქმედებები იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ სესხების/ კრედიტების გაცემა ჯანსაღ საკრედიტო ურთიერთობებს დაეფუძნოს! ეს ნიშნავს, რომ თანაბრად უნდა იყოს დაცული, როგორც მსესხებლის/თანამსესხებლის, ასევე სესხის გამცემი ორგანიზაციის ინტერესები. გადაწყვეტილების მიღებისას, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რაც მსესხებლის/თანამსესხებლის ჭარბვალიანობას გამოიწვევს. დაუშვებელია, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი/კრედიტი გასცეს მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე! გადამხდელუნარიანობის ანალიზი (ყველა სახის სესხსა და კრედიტზე), მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების დეტალურ ანალიზს გულისხმობს! მსესხებლის/ თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასებისას, უნდა გაანალიზდეს ყველა ის დამატებითი ფაქტორი, რამაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მათი ვალდებულებების მომსახურებაზე. სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ობიექტურად უნდა შეაფასოს იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მსესხებელი/თანამსესხებელი იზიარებს შემოსავლებსა და ვალდებულებებს!'' 

ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სესხის/ კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი მხოლოდ დარიცხულ პროცენტს იხდის, ძირს და ძირის მნიშვნელოვან ნაწილს კი მხოლოდ ვადის ბოლოს! სასურველია, რომ ძირის გადახდა მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული, გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით განხორციელდეს! ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება 6 თვეს _ იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ხოლო 3 თვეს _ სხვა ტიპის სესხების/კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში! 

ახალი პროექტით, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 20 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადად _ 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის _ 4 წელია განსაზღვრული. როდესაც მსესხებელს/ თანამსესხებელს მიმდინარე შემოსავლები არ გააჩნია, ან/და მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი ჩატარებული არაა, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად, მსესხებლის/თანამსესხებლის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ, როგორც საცხოვრებელი, იპოთეკით დატვირთული არაა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში