Menu
RSS

გიორგი კოდუამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას სასამართლოში უჩივლა!

რა წერია საქართველოს სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და რატომ ვერ იქცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპა-აზიის ჰაბად?

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯია'' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას'' სასამართლოში უჩივლებს. გიორგი კოდუა უწყებისგან იმ ხელშეკრულების განსაჯაროვებას ითხოვს, რომელიც 2005 წელს, საქართველოს სახელმწიფოსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ ,,ტავ ჯორჯიას'' შორის გაფორმდა. 2013 წლიდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ამ ხელშეკრულების შესწავლა დაიწყეს. ორწლიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებს შორის, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ,,ჰაბ ჯორჯიას'' დამფუძნებელი, გიორგი კოდუა სწორედ შეცვლილი ხელშეკრულების განსაჯაროვებას ახლა უკვე, სასამართლოს საშუალებით ითხოვს!

ბუნდოვანი ხელშეკრულება 

თურქულ-ქართული კომპანია TAV-URBAN Georgia LLC, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლიდან მართავს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა, აეროპორტი კომპანიის მართვაში 22 წლით, 2027 წლამდე დაჩება. აეროპორტის მშენებლობაში, რომლის ფართობი 25 000 კვადრატული მეტრია, 71.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, სახელმწიფოსა და თურქულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესწავლა დაიწყეს. ორწლიანი დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონკრეტულად კი ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა'' და კომპანია ,,ტავ-ურბან საქართველოს'' შორის, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სწორედ 2005 წელს გაფორმებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი... 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობაც შეჩერდა. კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ'' ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება დაგეგმა. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ,,ტავ ჯორჯიას'' თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით, ,,ტავ ჯორჯიასა'' და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას'' შორის გაფორმდა. კვირიკაშვილის ინიციატივით, 2013 წლიდან, ძირითადთან ერთად, ხელშეკრულების ამ ნაწილის შესწავლაც დაიწყეს. 

საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოახერხა და თურქულ კომპანიასთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, ,,ტავ ჯორჯიას'' საკუთარი სახსრებითა და ინვესტიციებით უნდა განეახლებინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ისე, რომ კომპანიას აეროპორტის ოპერირების წლები არ მოემატებოდა. შედეგად, ,,ტავ ჯორჯიას'' მართვაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2027 წლამდე დარჩება. 

ოფიციალურად ცნობილია, რომ ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად, ,,ტავ ჯორჯიამ'' თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია 2015 წლიდან დაიწყო, რომელიც 2014 წელს, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის _ IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნისა და რეკომენდაციების შესაბამისად განახორციელა; რაც მთავარია, ,,ტავ ჯორჯიამ'' უნდა მოამზადოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხ-ეტაპიანი გეგმა, რომელიც მგზავრთა ნაკადის მატების შესაბამისად, ხელშეკრულების ბოლომდე ანუ 2027 წლამდე, აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს. 

სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შეორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია ზოგადი და აბსტრაქტული, ხოლო ხელშეკრულება ბუნდოვანია. არადა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა პირობებით გადასცა სახელმწიფომ სტრატეგიული ობიექტი თურქულ კომპანიას მართვაში. ,,ვერსია'' ,,ტავ ჯორჯიას'' წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ხელშეკრულების დეტალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგვიმხელდა, თუ ამის ნებართვას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება'' მისცემდა. ეს იმიტომ, რომ ხელშეკრულება სწორედ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმდა. 

ამის შემდეგ, ,,ვერსია'' ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ქოლგის ქვეშ არსებულ, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. თავდაპირველად განგვიცხადეს, რომ ამ ხელშეკრულებიდან მხოლოდ იმ ნაწილს განგვისაჯაროვებდნენ, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ინტერესებს არ დააზარალებდა, მაგრამ ორკვირიანი ლოდინი უშედეგოდ დასრულდა... 

ხელშეკრულების სკანდალური დეტალები 

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსია'' ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯიას'' დამფუძენებელს, გიორგი კოდუას დაუკავშირდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სწორედ ამ ხელშეკრულებას შეეწინააღმდეგა. გიორგი კოდუას მიაჩნდა, რომ ამ კონტრაქტით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული არ იყო: 

_ ,,ტავ ჯორჯიასა'' და საქართველოს სახელმწიფოს შორის, კონტრაქტი ნაჩქარევად გაფორმდა. სხვათა შორის, სააკაშვილის მმართველობის დროს, მაშინდელი მთავრობის წევრებმაც კი აღიარეს, რომ კონტრაქტი ნაჩქარევი იყო, რადგან ძალიან უნდოდათ, ახალი, საერთაშორისო აეროპორტი ჰქონოდათ. მე ვამბობდი, კარგია, რომ ნაბიჯს წინ ვდგამთ და აეროპორტი კეთდება, მაგრამ არც სახელმწიფოს ინტერესების დაცვა უნდა დაგვავიწყდეს. სააკაშვილის მთავრობის და ამ მთავრობის უმთავრესი შეცდომა ისაა, რომ ტრანსპორტისა და ავიაციის განვითარების სტრატეგია და ხედვა არ აქვთ! აეროპორტი ავიაკომპანიის მომსახურებაა და როდესაც აეროპორტს აკეთებ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რა ტიპის ავიაკომპანიაზე, რა ტიპის მოცულობებზე, რა კონკრეტულად რა რეისებზე თვლი ამ აეროპორტს. სტრატეგია არ შეუმუშავებიათ და ამის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზოგადად, 350 000 მგზავრის მომსახურებაზე გათვალეს. მეტიც, ასევე ზოგადად თქვეს, რომ ,,ტავ ჯორჯიას'' მგზავრთა ეს მოცულობა 1 მილიონამდე უნდა გაეზარდა და ეს იყო ამ კომპანიის ვალდებულება. 

_ ბატონო გიორგი, სტრატეგიის შესამუშავებლად, კვლევა არ ჩატარებულა? 

_ არა! ამ ხელშეკრულების მიხედვით, ქართულია ავიაკომპანიების მოთხოვნები საერთოდ არაა გათვალისწინებული. ჩვენ არ ვიცით, რა ტიპისაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ,,ლოუქოსტია'', ,,ფლაგმანია'', თუ ტრანზიტული ჰაბია ევროპასა და აზიას შორის. ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში, ყველაფერი გასაგებია, ის ,,ლოუქოსტ'' ავიაკომპანიების აეროპორტად ჩამოყალიბდა. თბილისის აეროპორტს ამგვარი სტრატეგია განსაზღვრული არ აქვს და ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, კარგად ვიცოდი, რა საშიშროება ემუქრებოდა ამის გამო ჩვენს აეროპორტსა და ქვეყანასაც კი! 

_ რას გულისხმობთ? 

_ საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის აეროპორტი მოსკოვის აეროპორტებზე იყო მიბმული. შესაბამისად, სწორედ მოსკოვის აეროპორტების გავლით ხდებოდა ჩვენი ბმა ცივილიზებულ მსოფლიოსთან. ძლივს გამოვეყავით საბჭოთა კავშირს და ამის შემდეგ, საკუთარი ჰაბი უნდა შეგვექმნა, რომლის ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იქნებოდა. ამის ნაცვლად, თბილისი კი არა, ასეთ ცენტრად სტამბოლი იქცა, ვინაიდან ჩვენ სტამბოლის რეისებზე ვართ მიბმული! სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ სახელმწიფოსა და ,,ტავ ჯორჯიას'' შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სტრატეგია არ იყო ჩადებული, რის გამოც სტამბოლი ჰაბად იქცა! არადა, ხომ უნდა მიხვდე, რას აკეთებ? შესაბამისი ექსპერტები ხომ უნდა დაიქირავო და მათ ჰკითხო, კონკრეტულად რა პუნქტები ჩავდოთ ხელშეკრულებაში, რათა ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. გიმეორებთ, რისიც მეშინოდა, ზუსტად ის მოხდა! რა თქმა უნდა, ,,ტავ ჯორჯია'' ძალიან კარგი კომპანიაა და მგზავრებსაც კარგად ემსახურება, მაგრამ სტრატეგიაში არ უდევს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჰაბი გახდეს. არადა, პირადად მე მაქვს ამბიცია, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს ცენტრი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, ჩვენ უნდა ვიყოთ მათი დამაკავშირებელი... 

_ უკაცრავად, გაწყვეტინებთ, მაგრამ როდესაც ,,ტავ ჯორჯიამ'' ტენდერში გაიმარჯვა და 2005 წელს, ხელშეკრულება გაფორმდა, მახსოვს, ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იქნებოდა ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. 

_ ეს იყო ტყუილი! გიმეორებთ, იმ კონტრაქტის მიხედვით, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და ,,ტავ ჯორჯიას'' შორის გაფორმდა, ვერცერთი ლოგიკით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჰაბი ვერ იქნებოდა! როდესაც მგზავრთა მოსაკრებელს 22 აშშ დოლარს დაადებ ავიკომპანიებისთვის, როგორ შეიძლება, ასეთი აეროპორტი ჰაბი გახდეს? ამგვარი ტარიფი ლოკალურ ავიაკომპანიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. არ შეიძლება, ეს ხელშეკრულება კონფიდენციალური იყოს, არაერთხელ მოვითხოვე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან'', რომ გადმოეცათ ჩვენთვის კონტრაქტის საბოლოო ვარიანტი. ვგულისხმობ იმ ცვლილებებს, რომლებიც 2015 წელს, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით განხორციელდა. ახლა ვაპირებ, სასამართლოში შევიტანო სარჩელი ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების'' წინააღმდეგ, რათა საქართველოს სახელმწიფოსა და ,,ტავ ჯორჯიას'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება გადმოგვცენ. თუმცა ერთადერთი, რაც პოზიტიურად მენიშნა, ის იყო, რომ ეროვნულ ავიახაზებს შეეძლო, თბილისის აეროპორტში საკუთარი ტერმინალი დამატებით აეშენებინა. ზუსტად არ ვიცი, ცვლილების შემდეგ, ეს პუნქტი ხელშეკრულებაში ისევ დარჩა, თუ შეიცვალა. ,,ტავ ჯორჯია'' ნორმალურად ემსახურება უცხოურ ავიაკომპანიებს, მაგრამ რა ფასად ემსახურება, მაგალითად, ,,თურქიშ ეარლაინსს'', ჩვენთვის ესეც უცნობია. შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ, ქართული ავიაკომპანიები სტუმრები ვართ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო თურქული ავიაკომპანიები თავს მასპინძლებად გრძნობენ! რეალურად, ამას ვეწინააღმდეგები და არა ,,ტავ ჯორჯიას'' მართვის ხარისხს. თუმცა პრობლემები ამ მხრივაცაა, რადგან ძველი, ამორტიზებული ავტობუსები შემოგვაჩეჩეს სტამბოლიდან, ,,ტავ ჯორჯიას'' ახალი ავტობუსები არ შეუძენია, თბილისის აეროპორტში სუფთა და მოწესრიგებული საპირფარეშოები არ არის! არადა, აეროპორტში მაღალი სტანდარტებია საჭირო, ხოლო რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, დამაკმაყოფილებელია. 

_ ბატონო გიორგი, იქნებ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპისა და აზიის ჰაბად იმიტომ ვერ იქცა, რომ თავის დროზე, სახელმწიფოსა და ,,ტავ ჯორჯიას'' შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის შემოგარენიდან 150 კმ-ის რადიუსში, სხვა ავიაკომპანიები ვერ შემოვიდოდნენ? 

_ დიახ, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. თბილისის შემოგარენში, 150 კმ-ის რადიუსში, ვერცერთი კომპანია ახალ აეროპორტს ვერ ააშენებს! შესაბამისად, ,,ტავ ჯორჯიას'' საკუთრებაშია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები. მართალია, მართვა და მენეჯმენტი მოიკოჭლებს, მაგრამ სამაგიეროდ, მგზავრთა ნაკადმა მოიმატა. თუმცა ეს თურქული კომპანიის დამსახურება არაა, მგზავრთა რაოდენობა იმიტომ გაიზარდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა, უფრო კონკრეტულად, ტურისტული პოტენციალი განვითარდა. მეტსაც გეტყვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჰაბის პრინციპით რომ განვითარებულიყო, 80% _ ტრანზიტული, ხოლო 20% _ პირდაპირი მგზავრები გვეყოლებოდა! რეალურად, დღეს პირიქითაა, ამის გამო ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 მილიონს აღწევს. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, 13-15 მილიონი ყოფილიყო! ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ეკონომიკური ბუმი მოჰყვებოდა ამას? თქვენც ხომ ხედავთ, რა კარგად განვითარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც უფრო მეტი ევროპული რეისებია, ვიდრე თბილისში. ეს იმიტომ, რომ ,,ტავ ჯორჯიას'' ინტერესებში შედის, რათა მგზავრებს ევროპასთან უფრო მეტი წვდომა, სწორედ სტამბოლის გავლით ჰქონდეთ და არა თბილისიდან! აქედან გამომდინარე, მგზავრებს ასეთი კულტურა ჩამოგვიყალიბდა _ თბილისიდან ევროპაში მხოლოდ სტამბოლის გავლითYმოვხვდებით, ხოლო თუ პირდაპირი რეისი გვინდა, მაშინ ქუთაისის აეროპორტიდან უნდა გავფრინდეთ!

_ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიების მოსაკრებელი ძვირია? 

_ რა თქმა უნდა, ძვირია. როდესაც 350 000 მგზავრის მომსახურების ვალდებულება ჩადეს ხელშეკრულებაში, ,,ტავ ჯორჯიამ'' 30 მილიონი აშშ დოლარი _ ,,იბიარდისგან'', ხოლო 30 მილიონი აშშ დოლარი _ IFC-დან ისესხა. ეს იყო ფინანსური სესხი, კომპანიამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს განუცხადა, რომ თუ ავიაკომპანიების მოსაკრებელი 22 აშშ დოლარი იქნებოდა, ამ ფინანსურ ვალდებულებას გაისტუმრებდა. დღეს უკვე 3 მილიონი მგზავრია და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ'' ეს მოსაკრებელი ,,ტავ ჯორჯიას'' 24 აშშ დოლარამდე ააწევინა. არადა, მგზავრთა ნაკადის გაზრდას პირიქით, მოსაკრებლის შემცირება უნდა მოჰყოლოდა. სწორედ ამას ვამბობდი სააკაშვილის მმართველობის დროსაც, რომ არ შეიძლებოდა, ქვეყნის კარიბჭის სტრატეგიული მნიშვნელობის გასაღები სხვა, რომელიმე კომპანიას გააებარებინა, ქართული კომპანიის გარდა! ასეთ სტრატეგიულ ობიექტს არც თურქული, არც რუსული, ირანული, ან სხვა, რომელიმე ქვეყნის კომპანია არ უნდა მართავდეს! რა დიდი თანხა 60 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომ პირობითად, ქართუ ბანკს, ან თუნდაც თიბისი ბანკს ვერ მოეძიებინა რომელიმე ქართული ავიაკომპანიისთვის, რათა საერთაშორისო აეროპორტი ემართა? უცხოელმა ბიზნესმენმა 10 000 აშშ დოლარად დააფუძნა ,,ტავ ჯორჯია'', ამის შემდეგ ,,იბიარდიდან'' და IFC-დან სესხი აიღო, ნუთუ, არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ქართულ ავიაკომპანიას გაეკეთებინა? 10 000 დოლარად მეც დავაფუძნებდი ავიაკომპანიას, სააკაშვილის ხელმოწერილი თანხმობა თუ მექნებოდა, რომ მოსაკრებელი 22 აშშ დოლარი იქნებოდა, ხოლო თბილისის გარშემო, 150 კმ-ის რადიუსში ვერცერთი ავიაკომპანია ვერ გახსნიდა საერთაშორისო აეროპორტს, რომელი ბანკი, ან საფინანსო ინსტიტუტი მეტყოდა უარს სესხის მიღებაზე? 

_ ზუსტად ის, რაც ახლა მითხარით, არის თუ არა საკმარისი საფუძველი, რათა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ასეთი კაბალური პირობებით ჩაუგდო ხელში თურქულ ,,ტავს''? 

_ არა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არაა, ამას უფრო უვიცობასა და გულგრილობას დავარქმევდი! ზოგადად, სახელმწიფოსა და ,,ტავ ჯორჯიას'' შორის ხელშეკრულება საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული იურისტების მიერ გაფორმდა. სამართლებრივად, საკმაოდ გამართული კონტრაქტია და ამ მხრივ, ვერ შეედავები, თუმცა პრეტენზია იმის გამო მაქვს, რომ ამ კონტრაქტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სტრატეგია არაა ჩადებული.

 მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში