Menu
RSS

საბუღალტრო შეცდომები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში

არასწორად ჩატარებული ინვენტარიზაცია, ხარვეზები შრომითი ანაზღაურების მუხლსა და ავტოპარკის ოპტიმიზაციაში!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებას ანუ ბალანსს ეხება. აუდიტის პერიოდი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა, სახელმწიფო აუდიტორებმა კი დაასკვნეს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია არაფინანსური აქტივების, ძირითადი კაპიტალის მოხმარებისა და საცნობარო მუხლების აღრიცხვის შესახებ რეალურ მდგომარეობას სწორად, სრულად და საიმედოდ ვერ ასახავს. მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა დასკვნაში ისიც აღნიშნეს, რომ ის ხარვზები, რაც წინა აუდიტის დროს გამოვლინდა და თითქოს ნაწილობრივ გამოსწორდა კიდეც, მიმდინარე აუდიტისასს კვლავ განმეორდა. კერძოდ, კვლავ დაფიქსირდა როგორც ძირითადი, ისე სხვადასხვა მატერიალური მარაგების სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები; არ იყო უზრუნვეყოფილი ბალანსზე რიცხული დანაკლისებისა და უიმედო დებიტორული დავალიანებების აღმოფხვრის საკითხები; უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი სახელობითი იარაღის დანაკლისის საკითხი, რაც აღნიშნული იყო წინა აუდიტის ანგარიშში და რომელიც აუცილებლად უნდა გასწორებულიყო შესაბამის მუხლებში, კვლავ მოუგვარებელი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, უმაღლესი საბჭოს აპარატმა პრობლემა ვერ აღმოფხვრა.

არასწორი ინვენტარიზაცია 

მას შემდეგ, რაც სახეხლმწიფო აუდიტორებმა 2017 წლის წლიური ბალანსი შეისწავლეს, გამოავლინეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 დეკემბერის №03/68 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. კერძოდ, ბუღალტრულ რეესტრებში აღურიცხავი მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთები ვერ გამოვლინდა; ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა მატერიალური მარაგების ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით; არ შემდგარა ინვენტარიზაციის აქტი ობიექტის მიერ ფაქტობრივად გამოუყენებელი, არასრულფასოვანი და უვარგისად ქცეული აქტივების შესახებ. 

თუმცა არასწორად ჩატარებული ინვენტარიზაცია ერთადერთი ხარვეზი არაა. მაგალითად, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის პოლონეთში მივლინების ხარჯები ზედმეტად _ 72.37 ლარის ოდენობით აანაზღაურეს, რადგან მივლინების ბრძანებით განსაზღვრული სადღეღამისი ნორმა, 5 დღის ნაცვლად, შეცდომით, 6 დღეზე აანაზღაურეს: 

,,ბალანსის ფორმა №1-სა და ფორმა №7-ში, „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“, ბალანსის 1440 ანგარიშზე აღრიცხულია 16 640 ლარის არაფინანსური აქტივების დანაკლისები. მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, 4 ცალი კომპიუტერი. გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანების საცნობარო მუხლში აღრიცხულია ანგარიშვალდებულ პირებზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რიცხული ზედმეტად ანაზღაურებული ავტომობილის საწვავისა და მივლინების _ 7 409 ლარის თანხა'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში 

მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურება თვეში ერთხელ გაიცემა, ხოლო ხელფასი უნდა დაირიცხოს და გაიცეს შესაბამისი თვის ბუღალტრულ ანგარიშგებაში. ამის მიუხედავად, 2017 წლის ივლისში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე არა მარტო ივლისის, არამედ აგვისტოს ხელფასიც გასცეს. თუმცა, როგორც პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტორებს განუმარტეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილ ამომრჩეველთან შესახვედრად, დეპუტატები არასასესიო პერიოდში გავიდნენ. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ უმაღლეს საბჭოში, სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების ანუ აღრიცხვის ტაბლეს არ აწარმოებენ. თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ჟურნალი კი, რომლის წარმოებაც მხოლოდ 2017 წლის მარტიდან დაუწყიათ, სრულად და ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამუშაო დროის კონტროლს! 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო 6 პირი. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, ისინი მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად 10-12 თვის ვადით დაასაქმეს და 24 725 ლარის ანაზღაურებაც გასცეს. მათ შორის, 4 მოსამსახურე უმაღლესი საბჭოს აპარატში 2016 წელსაც (11-12 თვით) მუშაობდა და ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა. 

ავტოპარკის ოპტიმიზაცია 

2017 წლის ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე 13 ერთეული ავტო-სატრანსპორტო საშუალება ირიცხებოდა. მათ შორის, 4 ერთეული _ განპიროვნებული და 9 ერთეული _ სამორიგეო ავტომობილი. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო რიცხოვნობის _ 64 ერთეულის გათვალისწინებით, აპარატში უნდა გამოყოფილიყო არა უმეტეს 3 სამორიგეო ავტომანქანისა! 

აუდიტის შედეგად ისიც გამოვლინდა, რომ სამორიგეო ავტომანქანებით სარგებლობის მოწესრიგებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სამსახური მანქანების „წასვლა-მოსვლის ჟურნალს“ არ აწარმოებდა: 

,,უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული თითოეული ავტომობილისთვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი ლიტრებში არ განუსაზღვრავთ, რაც თვის განმავლობაში, ავტომობილის სამსახურებრივად სავარაუდო ან საჭირო ექსპლუატაციასა და ე.წ. წვის რეჟიმს დაეფუძნებოდა. საწვავის ყოველთვიურ ლიმიტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული თანხების ოდენობით საზღვრავდნენ. უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სამსახური თვის განმავლობაში, ავტომობილების მიერ ათვისებულ საწვავს მათი გარბენის მაჩვენებელთან არ ადარებდნენ. სამაგიეროდ, ბუღალტრულ რეესტრებში, საწვავის ხარჯების ჩამოწერა მხოლოდ მომწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე ხდებოდა''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში