Menu
RSS

რატომ გადადგა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი?

რატომ ჩაუჯდა სუს-ი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რატომ გადადიან უწყების მაღალჩინოსნები კონტრაქტორ კომპანიებში სამუშაოდ, რას პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს და როგორ აფასებს საერთაშორისო სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის საქართველოში საქმიანობას გიორგი სეთურიძე

 

ერთი თვის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა. უწყებაში სხვა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა, პოსტები დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა. თუმცა საკადრო ცვლილებებს წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერებმა ააგორეს. ოპონენტებმა ზურაბ ალავიძე და მისი უწყების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახლა უკვე ყოფილი უფროსი, გიორგი სეთურიძე კორუფციაში დაადანაშაულეს. მეტი დამაჯერებლობისთვის, ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერებმა კორუფციული სქემაც გაშიფრეს: სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც იმავდროულად, სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ, იმ კერძო კომპანიებში გადადიოდნენ მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც სხვადასხვა ტენდერებს იგებდნენ, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ხელმძღვანელები სამინისტროში აგრძელებდნენ საქმიანობას... ამ ბრალდებებს ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი სეთურიძე აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ თანამდებობა საკმაოდ ბანალური მიზეზით დატოვა.

_ ბატონო გიორგი, თანამდებობა რატომ დატოვეთ? 

_ მას შემდეგ, რაც მინისტრი შეიცვალა, უწყებაში ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირი გამოიცვალა. როდესაც ახალი მინისტრი, ქალბატონი მაია მოვიდა, კანონის მიხედვით, გადადგომის შესახებ, განცხადება დავწერე. შესაძლოა, ეს მიზეზი ბევრისთვის ბანალურია, მაგრამ რეალურად, მართლა ასე მოხდა. 

_ ახლა სად ხართ, სახელმწიფო უწყებიდან სად წახვედით? 

_ ჯერჯერობით, არსად და არც ახალი ბიზნესი დამიწყია. ჩემს ოჯახს ბიზნესი ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამიტომ ისევ ჩემს ბიზნესს დავუბრუნდი, ვამჯობინებ, ოჯახს მეტი დრო დავუთმო. ვნახოთ, მომავალში რა და როგორ იქნება. ვთვლი, რომ ხელისუფლება და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას სათავეში უდგას, უნდა გამაგრდეს და გაუძლოს ცილისმწამებლურ კორიანტელს. თავს ისევ ამ გუნდის წევრად ვთვლი და ჩემს ყოფილ კოლეგებს ვურჩევ, ნაკლები ყურადღება მიაქციონ დაავადებულ პრესას, რომელიც რაზეა მომართული, ნამდვილად ვერ ვხვდები, რადგან საზოგადეობის აზრის გაჯანსაღებას არ ემსახურება. 

_ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (აფბა) წლის დასაწყისში, თქვენი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ დეკლარაციაში ის ქართულ-რუსული კომპანია არ შეგიტანიათ, რომელსაც ხელმძღვანელობდით, გამოგრჩათ, თუ გამოტოვეთ? 

_ შპს ,,საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი'' ქართულ-რუსული კი არა, თავიდან ბოლომდე, რუსული კომპანია იყო. ისიც დაწერეს, თითქოს ამ კომპანიის 100%-იანი მეწილე ვიყავი, მაგრამ ასე არაა, რადგან წილებთან არავითაში შეხება არ მქონია და შესაბამისად, ვერც დეკლარაციაში ვაჩვენებდი. მხოლოდ შპს-ს დირექტორი ვიყავი, მაგრამ ეს პოზიცია დეკლარაციაში არ შედის, ამიტომ ვერ შევიტანდი. სხვათა შორის, არც ხელფასი დამიმალავს, რადგან ხელფასი არ ამიღია. რეალურად, ეს უსაფუძვლო ბრალდება იყო და გული მწყდება, რომ ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა აფბა, ჩემს წინააღმდეგ მოტივირებული, ცილისმწამებლური კამპანია აწარმოა, რაშიც რამდენიმე მედიასაშუალებაც აჰყვა. 

_ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს დეტალურად სწავლობს, მათ შორისაა სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტიც. ამ პროექტებით სუს-ი რატომ დაინტერესდა? 

_ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთავრობის გუნდის კონკრეტული ნაწილის დისკრედიტაციით, ცდილობს, აბსურდული ინფორმაცია გაავრცელოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება! სწორედ ამ ჯგუფმა მიმართა სუს-ს ოფიციალურად, რათა ამ უწყებამ კონკრეტული პროექტები შეისწავლოს. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ სუს-ი ამ პროექტებით დაინტერესდა, ბოლოს და ბოლოს, ამ მითქმა-მოთქმას წერტილი დაესმება, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდი ისაა, რომ სახელმწიფოს ამხელა რესურსი უაზრობაში იხარჯება. 

_ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტს, რომლის ღირებულება 253 მილიონი ლარია, ჩინური კომპანია ,,სინოჰიდრო'' ახორციელებს, ხომ? 

_ დიახ და, როგორც ვატყობ, თქვენი ,,სინოჰიდრო'', უფრო ზუსტად, ჩინური კომპანიები გაინტერესებთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მარტივი თემა არაა და სხვათა შორის, არც ჩინური კომპანიები არიან მეტისმეტად კომფორტულები. მათი მართვა საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, დამაკმაყოფილებელი შედეგი ძალიან დიდი ხნის შემდეგ დადგეს. ამიტომ, რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლება, კონკრეტულად კი ჩვენი შემცვლელებიგაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ვთვლი, რომ ის პოლიტიკა, რასაც დღეს სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ამ კომპანიების მიმართ, აბსოლუტურად სწორია. 

_ წლის დასაწყისში, ,,სინოჰიდრო'' საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, რადგან აფრიკის განვითარების ბანკმა ეს კომპანია ,,შავ სიაში'' შეიყვანა. როგორ მოიგო ჩინურმა კომპანიამ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ტენდერი, რატომ არ გაგიჩნდათ ეჭვი ამ კომპანიის მიმართ? 

_ თავის დროზე, ამ ფაქტზე ბევრი განმარტება მაქვს გაკეთებული, მაგრამ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, რათა თქვენც და საზოგადოებასაც დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი. ზოგადად, არაკეთილსინდისიერი, დიდი რესურსის არმქონე, ან ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ რეფერენციებს არიან ამოფარებულნი, რომლებიც ჯერ ტენდერებს იგებენ და ამის შემდეგ ცდილობენ, ჩამოაყალიბონ გარკვეული სტრუქტურა, რათა სამშენებლო სამუშაოები შეასრულონ, ყველა პროექტში პრობლემას ქმნიან. რაც მთავარია, ისინი მხოლოდ ჩინური კომპანიები არ არიან! 

თუმცა დავუბრუნდეთ ,,სინოჰიდროს'', გრიგოლეთის მონაკვეთსა და ქობულეთის ორივე ლოტზე, ,,სინოჰიდროს'' ხელშეკრულებები მიენიჭა ჯერ კიდევ 2013-2014-2015 წლებში. ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, სამინისტროში ,,სინოჰიდროს'' ორი პროექტი დაგვხვდა _ ერთი ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი, რომელიც გაჩერებული პროექტი იყო და სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტი, რომელსაც უკვე მინიჭებული ჰქონდა კონტრაქტი, მაგრამ იქ მაინც არაფერი ხდებოდა. ,,სინოჰიდროსთან'' გატარებული სამუშაოების შედეგად, მოვახერხეთ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ-ერთი, ყველაზე რთული მონაკვეთი _ მეორე ლოტი, ახლა თითქმის დასრულებულია, ხოლო სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტზე, სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩინური კომპანია ყველა პროექტს ხარისხიანად დაასრულებს და სახელმწიფო არცერთ თეთრს არ იზარალებს! 

რაც შეეხება ,,სინოჰიდროსთან'' დაკავშირებულ საერთაშორისო სკანდალს, მართალია, აფრიკაში ამ კომპანიამ სატენდერო პირობები არ შეასრულა, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ და კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებელი ვადა მისცეს. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ ,,სინოჰიდრო'' კარგი და კომფორტული გახდა, მაგრამ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ამ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობა არ ეკრძალება. ასეთია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების ინდივიდუალური პოლიტიკა, როდესაც დონორები ერთმანეთის პრაქტიკას არ ითვალისწინებენ და ტენდერებში უპირატესობას ყველაზე დაბალ შემოთავაზებას ანიჭებენ. საერთაშორისო შესყიდვები ხორციელდება დონორი ორგანიზაციების წესების მიხედვით და კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზიც დონორმა უნდა განსაზღვროს. ბოლო დროს, ,,სინოჰიდროს'' კონტრაქტი შარშან მიენიჭა, ესაა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველი ლოტი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 130 მილიონი ლარია. 

,,სინოჰიდრო'' მარტო საქართველოსთვის არაა პრობლემა, ამ კომპანიას სხვა ქვეყნებსაც მსგავსი პრობლემა აქვს. თუმცა ხშირ შემთხვევაში, დამკვეთი უძლურია, სამუშაოთა ესკალაცია მოახდინოს, ძალიან დიდი იურიდიული ჯგუფი უნდა გყავდეს და დიდი ფინანსები გაგაჩნდეს, რომ ასეთ კომპანიებს იქეთ ებრძოლო. ამის მიუხედავად, გზების დეპარტამენტში უკვე ჩამოყალიბებულია პრაქტიკა და გუნდს, რომელიც დღეს მუშაობს, არაფერი გაუჭირდება. 

ამის დასტურია ბოლო პერიოდში, უცხოურ კომპანიებთან დავების გადაწყვეტის რამდენიმე მაგალითი. კომპანიებს არ დავასახელებ, მაგრამ გაუქმებული მოთხოვნებისა და უკან დაბრუნებული, არასწორად გადახდილი თანხების სახით, საავტომობილო გზარების დეპარტამენტმა, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი არ გადაიხადა. ეს პროცესი ღიად, მთავრობის დადგენილებების შესაბამისად მიმდინარეობდა. 

_ თქვენი ყოფილი მოადგილე, ზაზა სიმონია ,,სინოჰიდროში'' გადავიდა, მანამდე ის სატენდერო კომისიის წევრიც იყო, ხომ? 

_ დიახ, ასეა. 

_ ამ კომპანიაში იმიტომ გადავიდა, რომ თავის დროზე, ,,სინოჰიდროს'' 253 მილიონლარიანი ტენდერი მოაგებინა? 

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს ტენდერი ,,სინოჰიდრომ'' 2014-2015 წლებში ანუ იმ დროს მოიგო, როდესაც სიმონია სამინისტროში არ მუშაობდა. ის, რომ არა მარტო მაღალჩინოსნები, არამედ რიგითი თანამშრომლები კონტრაქტორ კომპანიებში გადადიან სამუშაოდ, კარგი არაა და ეს პირადად ჩემი აზრია. თუ ადამიანს სახელმწიფოსთვის სარგებელი მოაქვს, ასეთი კადრი საჯარო უწყებაში უნდა დარჩეს, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტს, რასაც კანონი კრძალავს, რა პრობლემაა? რასაც კანონი არ კრძალავს, მას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ გიმეორებთ, ასეთი ტენდენცია არ მომწონს და უარყოფითად ვაფასებ. 

_ ტენდენცია არ მოგწონთ, მაგრამ როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით, სხვადასხვა კომპანიებში ბევრი მოადგილე ,,გაგექცათ''. მაგალითად, ირაკლი ხერგიანი ,,დოჰვა ინჟინერინგში'' გადავიდა, ,,კომპანია ,,ინსტიტუტი ინგჰ''-იდან, რომელმაც 56 მილიონლარიანი ტენდერი მოიგო, თქვენს მოადგილედ გადმოვიდა პაატა აბუთიძე, რომელმაც გივი ჩოჩია ჩაანაცვლა. თავის მხრივ, ჩოჩია თურქულ კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ, რომელმაც ბათუმის შემოვლითი გზის ტენდერი მოიგო... 

_ 2008 წელს, ირაკლი ხერგიანი კერძო კომპანია ,,აშტრომიდან'' გადმოიყვანეს დეპარტამენტში, როგორც პერსპექტიული ახალგაზდა. ის მსოფლიო ბანკის მაღალანაზღაურებადი კონსულტანტიც იყო. როდესაც დეპარტამენტში მივედი ორი წლის წინ, ხერგიანი უკვე მოადგილე იყო. ჩემი მისვლიდან 9-10 თვეში, ირაკლი დეპარტამენტიდან წავიდა, რადგან გადაწყვიტა, რომ კერძო ბიზნესს დაბრუნებოდა. სხვათა შორის, ირაკლის ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესი, მამამისი ლაბორატორიებსა და სამშენებლო კომპანიას ფლობს, ამიტომ მის შემთხვევაში პირიქით მგონია _ ირაკლიმ ჩათვალა, რომ ამის გამო, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი გაჩენილიყო და დეპარტამენტიდან წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ ის ,,დოჰვაში'' გადავიდა სამუშაოდ. 

ზოგადად, კრიტიკოსები ძალიან მიყვარს, რადგან ისინი ჩემს მინუსებზე მიმითეთებენ, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები აკრიტიკებენ, მთავარი პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ჩოჩია და ხერგიანი კი არა, იცით, რამდენი ადამიანი გადავიდა კონტრაქტორ კომპანიებში? მხოლოდ ამ გვარებს რატომ ასახელებენ? მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასეთი გამოცდილი სპეციალისტები სხვაგან გადადიან. თუ ამ ხალხმა დანაშაული ჩაიდინა, ამას შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიხედონ, რადგან უაპელაციოდ ადამიანების დადანაშაულება არ შეიძლება! 

პრობლემა ისაა, რომ კვალიფიციური სპეციალისტები კერძო კომპანიებში გადადიან. როდესაც ღიად ვამბობ, რომ თანამშრომლების კომპანიებში გადასვლა ან პირიქით, კომპანიებიდან სამინისტროში გადმოსვლა საჯარო აქტების საფუძველზე ხდება, აქ კორუფცია სადაა? ის ადამიანები, რომლებიც ჩამოთვალეთ, ჩუმად კი არ სხედან ოფისებში, ოფიციალურად გაფორმებული თანამშრომლები არიან და ამის გაკრიტიკება როგორ შეიძლება, რა არის ამაში ცუდი? 

_ იმის თქმა გსურთ, რომ სატენდერო კომისიის წევრი ამა თუ იმ კომპანიას ტენდერს ვერ მოაგებინებს? 

_ დიახ! სატენდერო კომისიის წევრები ეცნობიან შემფასებელი ჯგუფის ანგარიშს და კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ ამის მიხედვით მსჯელობენ. ამ მსჯელობის შედეგები ოქმებშია ასახული, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ, დაეთანხმოთ, ან არ დაეთანხმოთ და თუ არ ეთანხმებით, გაასაჩივროთ კიდეც. საერთაშორისო ტენდერებსაც ბრძანებით შექმნილი შემფასებელი ჯგუფი ჰყავს, რომელსაც ბანკების კონსულტანტები ხელმძღვანელობენ. ეს კონსულტანტები შემსყიდველი და დონორი ორგანიზაციების წინაშე თანაბრად ვალდებულნი არიან. ადამიანმა, რომელიც საერთაშორისო ტენდერებს გააკრიტიკებს, ეს პროცედურები ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ასეთი სპეციალისტების ხელფასი 3 000-დან 5 000 ევრომდეა და როგორც წესი, ისინი დასაქმებულნი არიან, რადგან მთელ მსოფლიოში ამ ტიპის ექსპერტების დეფიციტია! 

_ ბატონო გიორგი, სახელმწიფო სტრუქტურების აუდიტის დროს, ძირითადი დარღვევები სწორედ სახელმწიფო შესყიდვებში იკვეთება. თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება, ბოლოს და ბოლოს, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ასეთი უსაშველო რატომაა? 

_ მირჩევნია, კონკრეტულ მაგალითებზე ვისაუბროთ, რადგან ასე ზოგადად, შეფასების დონეზე, ვერაფერს ვიტყვი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოში ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან. ვერ ვიტყვით, რომ შესყიდვებში ხარვეზები არაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ტიპის დარღვევები ფატალური არაა. 

ძირითადი პრობლემა ელექტრონული ტენდერი კი არა, ტენდერის შემდეგ, კონტრაქტების მართვაა! შესყიდვების შეფასების კრიტერიუმები ნელ-ნელა იხვეწება, მაგრამ კონტრაქტორი კომპანიები ცდილობენ, უფრო მეტი რეფერენციები წარმოაჩინონ, ვიდრე საქმის გაკეთების რეალური საშუალება აქვთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვეზღუდა ეს სისტემა და ამ მიზნით, უამრავი რეგულაცია შემოვიღეთ, მაგრამ ზოგი კომპანია ცდილობს, რომ ე.წ. ფინანსურ პირამიდაში შევიდეს. ბოლო დროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეწყვეტილი და დაჯარიმებული კომპანიების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. იგივე პოლიტიკას აგრძელებს სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა და უფრო ამკაცრებს კიდეც, რაც მისასალმებელია. 

აუცილებლად უნდა ითანამშრომლო კონტრაქტორთან, რადგან ის შენი, როგორც შემსყიდველის პარტნიორია და სულ ხისტი ვერ იქნები, მაგრამ ისეთი კომპანიები, რომლებსაც წინასწარ განზრახული აქვთ, ჯერ ტენდერი მოიპოვონ, ამის შემდეგ კი ქვეკონტრაქტორები დაიქირავონ და ბოლოს რესურსების ძიება დაიწყონ, თაღლითები არიან! ასეთ კომპანიებს თავი უნდა დააღწიო! ჩვენ რომ ეს კარგად გავაკეთეთ, ამაზე ჩვენს მიერ შესრულებული გეგმებიც მეტყველებს. წინა წლის გეგმა 840 მილიონი ლარი იყო, მაგრამ წინასწარ დაგეგმილზე მეტად, გადაჭარბებით შევასრულეთ. 2018 წლის პირველი კვარტალი 115 მილიონი ლარით დაიგეგმა, რაც უპრეცედენტო ფაქტი იყო, მაგრამ 115-ის ნაცვლად, ეს გეგმა 145 მილიონი ლარით შევასრულეთ. დარწმუნებული ვარ, იგივე ტემპი და ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენს ყოფილ უწყებაში ძალიან კარგი, გამოცდილი გუნდი მივიდა სამუშაოდ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში