Menu
RSS

რა დარღვევები გამოვლინდა თბილისის გამწვანების პროგრამაში

უკონკურენტო გარემო გამარტივებულ შესყიდვებში, არამიზნობრივად გახარჯული საბიუჯეტო სახსრები და ერთ წელიწადში გამხმარი ხე-მცენარეები!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის ,,გამწვანების ღონისძიების პროგრამის'' ფარგლებში გაწეული ხარჯები შეისწავლა. აუდიტის პერიოდი 2015-2016 წლებს ეხება და ამ პერიოდში ჩატარებული ტენდერების შესწავლით, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს შემთხვევები, როდესაც მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ტენდერში მონაწილე პირები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, რასაც საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური ხარჯვა მოჰყვა! 2015-2016 წლებში, შემდეგი პროექტები დაფინანსდა: თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის შემოღობვის სამუშაოები _ 1 420 900 ლარი; ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა _ 658 300 ლარი; დენდროლოგიური პარკის შემოღობვა _ 510 400 ლარი; თბილისის დენდროლოგიური პარკის 180 ჰა ფართობზე რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია _ 326 200 ლარი; რობაქიძის გამზირზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა _ 667 800 ლარი; თამარაშვილის ქუჩაზე ხეივნის მოწყობა _ 622 700 ლარი; ბორის პაიჭაძის ქუჩაზე, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ, სკვერისა და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა _ 479 200 ლარი; რუსთაველის გამზირი #10-ის (თბილისის კლასიკური გიმნაზია) მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-მოწყობა _ 232 300 ლარი. 

გამარტივებული შესყიდვები 

2015 წლის დასაწყისში, თბილისის მერიამ საქართველოს მთავრობას განკარგულების პროექტი წარუდგინა. პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში, 400 000 ძირი ხე-მცენარე უნდა დარგულიყო. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს რგვების სამუშაოები თებერვალში უნდა დაეწყო, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდებოდა: გაზაფხულზე 200 000 ძირი ხე-მცენარე, ძირითადად დენდროლოგიურ პარკში დაირგვებოდა, ხოლო დარჩენილი 200 000 ძირი, შემოდგომაზე გაშენდებოდა. სამუშაოთა შეუფერხებელი წარმოებისთვის საჭირო იყო რგვისათვის ორმოების წინასწარი მომზადება, ტერიტორიის შემოღობვა, სანერგე მეურნეობიდან ნერგების ამოღება, ტრანსპორტირება. ამ სამუშაოების განსახორციელებლად, მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენება მოითხოვა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის #105 განკარგულებით, თბილისის მერიას უფლება მიეცა, რათა 2015 წელს, გამარტივებული შესყიდვით, 400 000 ძირი ხე-მცენარის დარგვისა და მოვლის სამუშაოები შეეძინა, რომლის ღირებულება 905 500 ლარი იყო. საგაზაფხულო რგვების პერიოდში ანუ თებერვლიდან მაისის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 72 043 სხვადასხვა დასახელების ნერგის დარგვა და შემდგომი მოვლა-პატრონობა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ამ პერიოდში, მერიამ ვერ უზრუნველყო მთავრობის სამართლებრივი აქტის განმარტებითი ბარათითა და გაფორმებული ხელშეკრულებებით დაგეგმილი 200 000 ნერგის დარგვა. საშემოდგომო რგვებზე, თბილისის მერიამ შეისყიდა 326 100 ნერგი, შესაბამისი დარგვისა და მოვლა პატრონობის მომსახურებით. შესყიდვის პროცედურები მერიამ 2015 წლის 15 სექტემბერს დაიწყო, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება კი სხვადასხვა დასახელების ნერგების შესყიდვაზე გააფორმა. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლები ელექტრონული ვაჭრობის გარეშე, არაკონკურენტულ გარემოში შეარჩია და სახელშეკრულებო ფასი, მხოლოდ ორ პირს შორის შეთანხმების საფუძველზე დადგინდა. ამდენად, გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით, აუდიტის ობიექტმა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. 

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, რგვისათვის საჭირო იყო 400 000 ორმოს წინასწარი ამოღება. თბილისის მერიამ ამ მიზნით გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს „მექანიზატორთან“, რომლის ღირებულება 273 000 ათასი ლარი იყო. მიმწოდებელს 200 000 ორმო უნდა ამოეღო საგაზაფხულო რგვებისათვის, ხოლო დანარჩენი _ საშემოდგომოდ. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „მექანიზატორმა“ საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო 91 257 ერთეული ორმო, რისთვისაც აუნაზღაურდა 59 300 ლარი. 

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციითა და გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებით გაირკვა, რომ იგივე პერიოდში, სულ 72 043 ძირი ნერგი დარგეს, რაც 19 214-ით ნაკლებია სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული ამოღებული ორმოების რაოდენობაზე. მეტიც, აუდიტორებს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, გამოიყენეს თუ არა ეს 19 214 ორმო დანიშნულებისამებრ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თბილისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვები რაციონალურად არ განახორციელა. შესაბამისად, ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება _ 12 500 ლარი, შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, მერიამ არაეფექტურად გახარჯა! 

ტერიტორიის განაშენიანება 

2015 წელს, თბილისის მერიამ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 398 143 ხე-მცენარე დარგო. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 826 400 ლარი გაიხარჯა. ხე-მცენარეები დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენდა. 

სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, 2017 წლის მარტში, მცენარეების განაშენიანების ადგილები დაათვალიერა. 2015 წელს, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 72 043 ძირი სხვადასხვა დასახელების ნერგი დარგეს. თუმცა აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ ამ ნარგაობების მესამედი გახმა, ან უბრალოდ, აღარ არსებობდა; მცენარეთა დასამაგრებლად ჭიგოები არ გამოუყენებიათ; პარკის ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა; ტერიტორია შემოღობილი იყო, თუმცა ვერ უზრუნველყოფს ნარგაობების დაცვას. კერძოდ, ტერიტორიაზე შეინიშნებოდა შინაური ცხოველები და ამის გამო, მცენარეების დაზიანების ფაქტები. სახელმწიფო აუდიტორებს ანალოგიური მდგომარეობა დახვდათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზეც, სადაც 2015 წელს, მთავრობის განკარგულების ფარგლებში, 326 100 ძირი ხე-მცენარე გაშენდა. 

2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, შპს „თბილისის პარკებსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი განკარგულებებით, დაავალა დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარედ, ასევე სხვა უბნებში დარგული ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა და მოვლა-პატრონობა (ტერიტორიის გათიბვა, სასუქის შეტანა). ამ მიზნით, იურიდიულმა პირებმა, 2016 წელს, მთლიანობაში 400 000 ლარი მიიღეს. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლიდან, ამ ტერიტორიების მოვლა-პატრონობა არ ხორციელდებოდა და არანაირი აგრო-ტექნიკური ღონისძიებები არ ჩატარებულა: 

,,შესაძლოა, მცენარეთა ხმობა გამოწვეული იყოს განაშენიანების პროცესის დაგეგმვაში არსებული ხარვეზებით. კერძოდ, 2015-2016 წლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, ტერიტორიების გამწვანებისა და მოვლა-პატრონობისთვის გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები, როგორც წესი, ითვალისწინებს ნერგების ჭიგოზე დამაგრებასა და მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო, რომ დაზიანებული მცენარეები, იმავე სახეობისა და ზომის ნერგებით ჩაენაცვლებინა. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით, მცენარეების დარგვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები საკმარისად არ იყო დაცული. კერძოდ, ხელშეკრულების პირობები ჭიგოს გამოყენებასა და გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა'', 

_ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თბილისის მერიამ არ დააწესა სათანადო კონტროლი და არ მიიღო დამატებითი ზომები საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების დაგეგმილი შედეგების მისაღწევად. აუდიტის ობიექტმა არ შეისყიდა ნარგაობების მოვლა-პატრონობის მომსახურება დამოუკიდებელი ვეგეტაციის პერიოდის მიღწევამდე, რამაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ხმობა განაპირობა. ამდენად, მერიამ სრულად ვერ უზრუნველყო 400 000 ძირი ხე-მცენარის განაშენიანება! 

ახალი ზოოპარკის შემოღობვა 

2015 წლის 24 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რათა თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის შემოღობვის სამუშაოები უნდა შეესყიდა, საერთო ღირებულება კი 1 877 000 ლარით განისაზღვრა. ამ ტენდერში შპს „დაგიმ“ გაიმარჯვა, რომელთანაც 20 ოქტომბერს, 1 474 000 ლარზე ხელშეკრულება გაფორმდა. 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015 წლის 10 ნოემბერს, მიმწოდებელმა ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვისა და თანდართული ნახაზების ცვლილება მოითხოვა, რომლითაც 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება 17 000 ლარით გაიზარდა და 1 491 000 ლარი შეადგინა. დამატებითი ხიმინჯების მოწყობისა და ბორდიურების სახეობის ცვლილებას, რომელიც შპს ,,დაგიმ'' ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით მოითხოვა, სამუშაოების არსებითი ნაწილის მოცულობების კორექტირებები სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ცვლილება შეეხო მხოლოდ ბალასტის ფენას. კერძოდ, საფუძვლის მოწყობა ბალასტით წერტილოვანი საძირკვლის ქვეშ, 103.28 კუბური მეტრიდან 661.5 კუბურ მეტრამდე გაიზარდა. 

აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შპს „დაგის“ შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებული თანხა ანუ 1 420 900 ლარი, თბილისის მერიამ სრულად აუნაზღაურა. მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების აქტებში არასწორად ასახა მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები. ამის მიუხედავად, მერიამ არ დააწესა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები და სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობები შესაბამისობაში ყოფილიყო. 

მართალია, სახელმწიფო აუდიტორებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სერიოზული დარღვევა გამოავლინეს, მაგრამ ამის მიუხედავად დაასკვნეს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის შემოღობვის სამუშაოების შესყიდვაზე განხორციელებული ფაქტობრივი ცვლილებების ზუსტი მოცულობითი და ღირებულებითი შეფასება მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო აუდიტის ჯგუფს შესრულებული სამუშაოების ერთეული ფასები ვერ წარუდგინეს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში