Menu
RSS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები „სარფის“ საბაჟოზე ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ კვირას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასეულობა ამოიღო. კონტრაბანდული ტვირთი _ 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, ტრანზიტულად, თურქეთიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უნდა გასულიყო. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ეს უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული საქონელია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონტრაბანდასთან ბრძოლა და მისი გამოვლენა, ამ უწყების უმთავრესი პრიორიტეტია.

,,ვერსიას'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ ამ უწყების თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის გამო, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს: 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, MERCEDES BENZ-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის _ ,,სარფის'' გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის _ 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა მიმდინარეობს'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, რა ბედი ელის 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს და როგორია უწყების პრაქტიკა იმ შემთხვევაში, როდესაც ძვირფასი ლითონების კონტრაბანდა ვლინდება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს სასაქონლო ექპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ძვირფასეულობა ეროვნული ბანკის საცავებში შეინახება. მისი რეალიზაცია განხორციელდება კანონის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ძვირფასეულობის რეალიზაციის შემთხვევაში მიღებული თანხა, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ უწყების ერთ-ერთი, მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანის აღკვეთაა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. ,,ვერსიას'' საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, რომ ოქროს კონტრაბანდის გამოვლენის მხრივ, სისხლის სამართლის ეს კონკრეტული საქმე უპრეცედენტოა, რადგან ამ უწყების არსებობის მანძილზე, ამ ოდენობის არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების ანუ 40 კგ ოქროს კონტრაბანდა, ამ დრომდე არ გამოვლენილა! 

,,ვერსია'' ოქროს კონტრაბანდის სტატისტიკითაც დაინტერესდა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინა წლების რეკორდული მაჩვენებელი, ერთჯერადად გამოვლენილი 18 კგ კონტრაბანდული ოქრო და მისი ამოღება იყო. 2017 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკმაოდ დიდი ოდენობის _ 10 კგ არადეკლარირებული ოქროს ნაწარმი ამოიღო: 

,,თუმცა ეს ფაქტები ბოლო შემთხვევასთან მიმართებაში, ახლოსაც ვერ მივა. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტებზე, 2016 წელს გამოძიება დაიწყო 103 ფაქტზე, 45 მათგანი სწორედ, ოქროს კონტრაბანდას უკავშირდებოდა. 2016 წელს, ჯამში ამოღებულ იქნა 73 კგ ოქროს ნაკეთობები. 2017 წელს, საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდის 79 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის, ოქროს კონტრაბანდის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. ამოღებული კონტრაბანდული ოქროს რაოდენობა კი 30 კგ-ს შეადგენდა. 2018 წლის მონაცემებს რომ გადავხედოთ, 22 მარტის მდგომარეობით, საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდის 20 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის, ოქროს ნაწარმის კონტრაბანდის 8 ფაქტია. ამოღებული ოქროს რაოდენობა კი, ბოლო ფაქტის გათვალისწინებით, უკვე 40 კგ-ს აღემატება''. 

უწყებაში განმარტავენ, რომ ზოგადად, კონტრაბანდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს და ამის დასტურია ისიც, რომ 2017 წელს, საგამოძიებო სამსახური გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივ პროექტში _ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩაერთო. საქართველოდან ამ პროგრამაში ოთხი უწყებაა ჩართული, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი: 

,,ამ პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანი საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ასევე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლაა. ამ პროგრამაში საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის ფარგლებში, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს წვდომა აქვთ მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი კონტრაბანდის ფაქტებისა და სქემების შესახებ, რაც ქვეყანაში კონტრაბანდასთან ეფექტიანი ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავების საშუალებას იძლევა'', _ განუმარტეს ,,ვერსიას'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ ბოლო დროს, საგამოძიებო სამსახურის, როგორც კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი უწყების საქმიანობა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გააქტიურდა. ამ უწყების უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყანაში საბაჟო წესების დარღვევით შემოსული კონტრაბანდული საქონლის თავისუფალი ბრუნვის აღკვეთაა, რაც ჩვენი ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ ტიპის დანაშაულის გამოვლენის სტატისტიკაც სწორედ ამ სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგია.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში