Menu
RSS

რა დარღვევები გამოვლინდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში?

ხარვეზებით შესრულებული პროექტები, შეცდომები ელექტრონულ ტენდერებში და ხელოვნურად „გაბერილი“ ავტოპარკი!

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი შეამოწმა. აუდიტი ეხება 2015-2016 წლებში, „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების'', ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის'' პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობას. აუდიტორული შემოწმების შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა.

ავტოტრანსპორტში დახარჯული 172 100 ლარი 

მთავრობის რეკომენდაციით, 2015-2016 წლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის რეკომენდებული იყო 6 ავტომანქანა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, 2015 წელს, მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული 7 ერთეული ავტომანქანით, ხოლო 2016 წელს _ 8 ავტომანქანით სარგებლობდა. მათი ექსპლუატაციისთვის, 2015-2016 წლებში, 172 100 ლარი დაიხარჯა. 

2015-2016 წლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებსაც იყენებდა. 

 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ორი ავტომობილით სარგებლობდა, რისთვისაც საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული. აქედან ერთი ავტომობილი გამგებლის - ზაზა ურუშაძის საკუთრება იყო, ხოლო მეორე ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და ფ/პ ილია ურუშაძეს შორის გაფორმდა. იჯარის პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობის ხარჯებს. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უკავია! შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ეს საიჯარო ხელშეკრულებები კანონდარღვევით გაფორმდა! 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ გამგებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა Vოლკსწაგენ Pასსატ-ისთვის საწვავის გამოყენება, 2016 წლის ივნის-ოქტომბრის თვეებში არ ფიქსირდება, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში, ამ კონკრეტულ ავტომანქანაზე სხვადასხვა სახის ხარჯი გასწიეს. კერძოდ, შეცვალეს საბურავები, გამოცვალეს ზეთი და ანტიფრიზი. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ავტოპარკმა გადააჭარბა მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას და ამ კონკრეტული შემთხვევისთვის, ასეთი რეკომენდაცია გასცეს: 

,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს და განუხრელად შეასრულოს წესი ,,სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და შესყიდვის შესახებ''. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას დაეფუძნება, ხელს შეუწყობს მუნციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციასა და მოვლა- შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთან, შემუშავებული წესი თავსებადი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან!'' 

დარღვევები ინფრასტრუქტურულ პროექტებში 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015-2016 წლებში, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 19 939 000 ლარი დახარჯა. აქედან 2015 წელს _ 10 466 600 ლარი, ხოლო 2016 წელს _ 9 472 400 ლარი. ამ პროგრამის ფარგლებში, შემდეგი ქვეპროგრამები დაფინანსდა: გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა _ 9 248 900 ლარი; სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია _ 4 844 500 ლარი; წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია _ 778 500 ლარი; გარეგანათება _ 886 400 ლარი; დასუფთავების ღონისძიებები _ 1 040 100 ლარი; ბინათმშენებლობა _ 569 500 ლარი; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები _ 722 800 ლარი; „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებული ღონისძიებები _ 1 551 200 ლარი; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებები _ 297 100 ლარი. 

2015 წლის 22 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციაზე, შპს „გილმარი 2-თან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 358 900 ლარი იყო. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება მხოლოდ 354 300 ლარი დაჯდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ზედამხედველი ვალდებული იყო, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი მშენებლობის ყველა ეტაპზე შეემოწმებინა. ამასთან, მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენა. ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია სამუშაოთა მოცულობები, ხოლო ხარისხი შესწავლილი არაა. შესაბამისად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ზედამხედველსა და ექსპერტიზას შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეუმოწმებია! 

2017 წლის 28 ივნისს, აუდიტის ჯგუფმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ობიექტი დაათვალიერა. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შპს „გილმარი-2-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა. კერძოდ, დაზიანებულია შენობის ფასადი, კედლები, იატაკი და ჭერი: 

,,ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ობიექტის საგარანტიო ვადა, სამუშაოს მიღებიდან 5 წლით იყო განსაზღვრული. ამ პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან, ოთხ თვეში დაზიანდა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპლიტეტმა ორჯერ მიმართა მიმწოდებელს, რომელმაც სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა დაზიანებები სრულად არ აღმოფხვრა, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა სამართლებრივი ღონისძიებები მაინც არ გაატარეს. შედეგად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 354 300 ლარი ისეთ სამუშაოებში გადაიხადა, რომელიც დაზიანებულია და დამატებითი სამუშაოები სჭირდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2015 წლის 5 ოქტომბერს, სოფელ სუფსის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შპს ,,ჯორჯიან სტოუნს'' ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ღირებულება 212 800 ლარი იყო. შესრულებული სამუშაოების აქტის მიხედვით, 1 703 კვ.მ ბეტონის დეკორატიული ფილა მოაწყვეს, რისთვისაც 44 200 ლარი დაიხარჯა. 

2017 წლის 28 ივნისს, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა ეს ობიექტი ადგილზე დაათვალიერა და გაარკვია, რომ დაგებული ბეტონის დეკორატიული ფილების ნაწილი დაზიანებულია, რასაც აღდგენითი სამუშაოები სჭირდება. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირმა კი აუდიტორებს განუმარტა, რომ ბეტონის დეკორატიული ფილები ფორსმაჟორული სიტუაციის გამო დაზიანდა. კერძოდ, სკვერის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ამ ტერიტორიაზე სახანძრო მანქანა შევიდა. 

სახელმწიფო აუდიტორების განმარტებით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად არაფერი გაუკეთებიათ. შედეგად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოებში 44 200 ლარი გადაიხადა, მაგრამ ეს ფილები დაზიანდა და აღდგენითი სამუშაოები სჭირდება. 

ნაპირსამაგრი სამუშაოები 

2016 წლის 11 აპრილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შპს „სამკუთხედს“ ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ღირებულება 1 175 000 ლარი იყო.

ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით, ლანჩხუთში, რვა ქუჩა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხებით უნდა მოეწყოთ. ამ სამუშაოს ღირებულება 393 600 ლარით იყო განსაზღვრული. აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ სამუშაოები უკვე დასრულებული, ხოლო თანხა გადახდილია. 2017 წლის 28 ივნისს, აუდიტის ჯგუფმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ობიექტი ადგილზე დაათვალიერა და გაარკვია, რომ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები ზოგ ადგილას დაზიანებულია! 

ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის საგარანტიო ვადად სამი წლით იყო განსაზღვრული. ამ პერიოდში, კომპანია ვალდებული იყო, რომ ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა. სახელმწიფო აუდიტორებს ლანჩხუთის მუნიციპალირეტის პასუხისმგებელმა პირმა განუმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაზიანდა. საგარანტიო ვადაში დაზიანებების გამოსწორების მიზნით, გამგეობამ კომპანიას მიმართა. თუმცა ამის მიუხედავად, შპს ,,სამკუთხედს'' დაზიანებები არ გამოუსწორებია, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა კი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაატარეს. შედეგად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 393 600 ლარი ისეთ სამუშაოებში გადაიხადა, რომლის ნაწილიც დაზიანებულია! 

მას შემდეგ, რაც აუდიტის ჯგუფმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყო, კომპანიამ ხარვეზები ნაწილობრივ გამოასწორა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირმა კი აუდიტორებს განუმარტა, რომ დაზიანებები წარმოიქმნა არა კომპანიის მიზეზით, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევების, ან ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების შესრულების დროს: 

,,მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობა ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქონების სათანადო ექსპლოატაცია ისე, რომ მისი ქმდებით ან უმოქმედობით ზიანი არ მიადგეს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ქონება დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევების, ან თუნდაც ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების შესრულების დროს, მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეისწავლოს ქონების დაზიანების მიზეზები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რაც ლანჩხუთის გამგეობის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ განუხორციელებიათ!'' 

2016 წლის 24 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 542 800 ლარი იყო. ამ ტენდერის საშუალებით, მუნიციპალიტეტს სტიქიით დაზიანებული ობიექტების ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა შეესყიდა. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, მიმდინარე და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ანალოგიური სამუშაოების (ნაპირსამაგრის მოწყობის) შესრულების გამოცდილება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა ჰქონოდა. 

ტენდერში მონაწილეობა ხუთმა პრეტედენტმა მიიღო. მათგან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი მხოლოდ ორს _ შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას საქართველოში“ და შპს „პალადას“ გააჩნდა. ამ ტენდერში შპს ,,პალადამ'' გაიმარჯვა, რომელსაც 542 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა სატენდერო დოკუმენტაცია და ტენდერის პირობები დეტალურად შეისწავლეს, ეჭვი გაუჩნდათ, რომ შპს ,,ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში'' და ,,პალადა'', უფრო მეტი თანხის გამორჩენის მიზნით, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ. აუდიტორებს ასეთი ეჭვი იმიტომ გაუჩნდათ, რომ შპს ,,ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში'', ამ ტენდერში შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო დაბლოკეს, არადა, სწორედ ამ კომპანიამ მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერში გაიმარჯვა! 

2015 წლის 2 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“, 2 194 400 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სუფსაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა შეესრულებინა. იმის მიუხედავად, რომ ამ კომპანიამ შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარადგინა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 2016 წლის 14 ივნისს ჩაიბარა და სრულად აანაზღაურა კიდეც!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში