Menu
RSS

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი 3 მილიონი ლარითაა განსაზღვრული

როგორ ფორმირდება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი და რა ინფორმაცია მოიპოვა „ვერსიამ“ თბილისის მერიიდან

მერიის სარეზერვო ფონდიდან, ლევან გაჩეჩილაძისთვის გამოყოფილი 30 000 ლარის მიზნობრიობის შესწავლას თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალი'' დეპუტატი ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა აუდიტის სახელმწიფო სამსახურს უკვე მიმართა და უწყებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება. საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდების დაფინანსებისა და ამ ფონდებიდან გამოყოფილი თანხების შესახებ, ,,ვერსიაში'' არაერთხელ ვწერდით. თუმცა ვინაიდან თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა კვლავ აქტუალურია, შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ ფორმირდება სხვადასხვა სარეზერვო ფონდი, რა ოდენობისა და კონკრეტულად, რა საჭიროებისთვის დაფინანსდნენ თბილისელები მერიის სარეზერვო ფონდიდან.

მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის ფორმირების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 99-ე მუხლი განსაზღვრავს: ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული''. 

 

კოდექსის მიხედვით, მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა ისეთ შემთხვევებში გამოიყოფა, რაც ბიუჯეტით არ ფინანსდება. რაც მთავარია, აპრიორი, მერის გადაწყვეტილება უკვე გამჭვირვალეა, ვინაიდან ბრძანებაში, რომლითაც ამა თუ იმ პირს სარეზერვო ფონდიდან აფინანსებენ, ხარჯის მიზნობრიობა ისედაც მითითებული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, კონკრეტულად, რა უნდა შეისწავლოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა და რატომ ითხოვს ლევან ხაბეიშვილი ასე დაჟინებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობის შესწავლას? გარკვეულწილად, მისი ასეთი დამოკიდებულება გასაგებია, რადგან 2012 წლამდე, სარეზერვო ფონდებიდან ფინანსდებოდა აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციებისა. ზოგადად, პორეზიდენტის, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდების ძირითადი დანიშნულება, სწორედ ფორსმაჟორული სიტუაციების, მათ შორის, სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. არადა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სარეზერვო ფონდებიდან ფინანსდებოდა სხვადასხვა სახის, ნაკლებად გემოვნებიანი კონცერტები, ექს-პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ვოიაჟები სხვადასხვა ქვეყნის ძვირადღირებულ სასტუმროებსა და სპა-სალონებში. მაგალითად, სააკაშვილის მეგობარი, უკრაინელი მომღერალი რუსლანა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ჩამოიყვანეს... 

კონკრეტულად, რა ოდენობის თანხით განისაზღვრა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი და რეალურად, რა საჭიროებები ფინანსდება ფონდიდან? ,,ვერსიას'' თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ესაუბრება: 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდია განსაზღვრული, რომლის ოდენობა უნდა იყოს ბიუჯეტის საერთო მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა. 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ სარეზერვო ფონდის მოცულობა 17-18 მილიონი ლარი იყოს, მაგრამ რეალურად, მხოლოდ 3 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რასაც მერის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა საჭიროებებზე ვიყენებთ. მათ შორის, ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რაც მიმდინარე წლის თბილისის ბიუჯეტით განსაზღვრული არაა. როგორც წესი, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი ტრადიციულად ყოველთვის გამოიყენებოდა და ახლაც სხვადასხვა მიმართულებით, საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება. ძირითადად, ესაა სოციალური მიმართულების, ასევე ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ხარჯები. მაგალითად, მიმდინარე წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ოჯახები მერიის საზერვო ფონდიდან დაფინანსდნენ. გარდა ამისა, სარეზერვო ფონდიდან სამედიცინო საჭიროებების მქონე ისეთი ადამიანებიც ფინანსდებიან, რომელთა ხარჯების ანაზღაურება ამა თუ იმ პროგრამული ღონისძიებების ფარგლებში, გათვალისწინებული არაა''. 

,,ვერსიამ'' თბილისის მერიდიან გამოითხოვა ინფორმაცია იმ პირებისა და თანხის მოცულობის შესახებ, რომლებიც 2018 წელს, მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდნენ. ინფორმაცია ყველაზე დიდი ოდენობის თანხების შესახებ მოვითხოვეთ და გავარკვიეთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე ერთადერთი თბილისელი არაა, რომელიც მერიის სარეზერვო ფონდიდან დააფინანსეს. თუ თქვენ ისეთი დაავადება გაქვთ, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში არ ფინანსდება, მაგრამ აუცილებლად გჭირდებათ თანხა, მიმართავთ მერიას, თქვენს განცხადებას განიხილავენ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დაგაფინანსებენ კიდეც. ინფორმაცია, რომელიც ,,ვერსიამ'' თბილისის მერიდიან მოიპოვა, ონკოპაციენტების დაფინანსებას ეხება, ამიტომ მოქალაქეები, რომლებიც მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდნენ, მათი ინიციალებით აღვნიშნეთ: 

2018 წლის 16-22 იანვარს, მოქალაქე ი.შ. მერიის სარეზერვო ფონდიდან _ 12 500 ლარით; 25 იანვარს, მოქალაქე კ.თ. _ 25 000 ლარით; 31 იანვარს, მოქალაქე კ.დ. _ 14 858 ლარით; 7 თებერვლიდან 9 მარტის პერიოდში, მოქალაქე გ.ხ. _ 36 200 ლარით; 9 თებერვალს, მოქალაქე ს.ე. _ 20 000 ლარით და ამავე დღეს, მოქალაქე ზ.ხ. _ 20 000 ლარით; 13 მარტს, მოქალაქე ნ.ლ. _ 12 000 ლარით დააფინანსეს. 

2017 წლის 2 ნოემბერს, მოქალაქე ბ.ჩ.-ს მერიის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ევრო, ხოლო 27 ნოემბერს, მოქალაქე ა.გ.-ს _ 7 294 ევრო გამოუყვეს. 

რაც შეეხება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებს, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარით, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი _ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა. თუმცა სარეზერვო ფონდების გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სხვა სახის ფონდებიც გვხვდება: 

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი _ 260 000 000 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში; მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვროს 20 000 000 ლარის ოდენობით; წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 20 000 000 ლარის ოდენობით''. 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში