Menu
RSS

კორუფციული დარღვევები ბათუმის მერიაში?!

არამიზნობრივად გახარჯული საბიუჯეტო სახსრები და კორუფციის რისკი სახელმწიფო შესყიდვებში!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. ესაა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, 2016 წლის 31 დეკემბრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. უხეში საბუღალტრო შეცდომები, დარღვევებით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვები, კორუფციისა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის რისკები _ ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა ბათუმის მერიაში გამოავლინეს!

უხეში საბუღალტრო შეცდომები 

ბათუმის მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „სხვა ძირითადი აქტივების“ ნაშთი 9 570 537 ლარია. სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ არამატერიალურ ძირითად აქტივებად აღრიცხული ქონების ნაწილი არ აკმაყოფილებს არამატერიალურ აქტივად შეფასების კრიტერიუმებს. კერძოდ, არამატერიალურ აქტივად აღიარებულია საგადასახადო დოკუმენტები, იურიდიული ლიტერატურა, სხვადასხვა ხასიათის წიგნები და პლაკატები (?!). 

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბალანსში, „სხვა მატერიალური მარაგის“ ნაშთი 64 604 992 ლარია და ჯამში, მინიმუმ, 34 613 729 ლარით უზუსტოდ (გაზრდილად) არის წარმოდგენილი. კერძოდ, აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ბათუმის მერიას „სხვა მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე აღრიცხული აქვს 32 604 729 ლარის ანბანის კოშკის სამშენებლო მასალები. მერიამ მშენებლობა განახორციელა CMD DOMINGO Y LAZARO INGINEROS LTD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კოშკისთვის განკუთვნილ სამშენებლო მასალებს მიმწოდებელი კომპანია ბათუმის მერიის სახელზე აგზავნიდა, მათ საბაჟო გაფორმებას კი მერია უზრუნველყოფდა. მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში, სახელმწიფო აუდიტორებმა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მოძებნეს. არადა, ანბანის კოშკი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 29 მაისის #32 განკარგულებით, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა. შესაბამისად, აღნიშნული მასალები მერიის ბალანსიდან უნდა მოხსნილიყო! 

ბათუმის მერიას ანგარიშზე „სხვა მატერილური მარაგები“, აღრიცხული აქვს 5 ერთეული სარეკლამო ეკრანი (2 009 000 ლარი). მათი მონტაჟისა და ქსელთან მიერთების სამუშაოები აღრიცხულია ძირითადი აქტივების ანგარიშზე, ნარჩენი ღირებულებით _ 112 138 ლარი. ეს სარეკლამო ეკრანები მუნიციპალიტეტის მერიამ ააიპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ არსებობის ვადით, უსასყიდლო თხოვების ფორმით გადაეცა. შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მერიის ბალანსზე არ უნდა ირიცხებოდეს! 

მუნიციპალიტეტის ფინანასურ ანგარიშგებაში, 2016 წლის ბოლოს, ნაშთად ირიცხება გარეგანათების ბოძები (12 859 592 ლარი); დეკორატიული ფილები (654 245 ლარი) და ბოძკინტები (365 941 ლარი). აუდიტით გაირკვა, რომ ეს მასალები, 2009-2014 წლებში შეიძინეს, თუმცა ამ ნედლეულისა და მასალების გაცემის, მონტაჟის, ან ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა და ვერც მარაგების ფიზიკური არსებობა დადასტურდა! Aასევე არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული 89 321 ლარის სათადარიგო ნაწილების ხარჯვას ადასტურებს! 

ბათუმის მერიას მარაგების სახით აღრიცხული აქვს 61 172 ლარის მედიკამენტები, რომელიც, 2008-2009 წლებში, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შეიძინა, მაგრამ აუდიტორებს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს! 

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში 

სახელმწიფო აუდიტორებმა სერიოზული ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებშიც გამოავლინეს. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ბათუმის მერიამ 2016 წლის 1 იანვრიდან _ 31 დეკემბრამდე, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შესახებ, 222 განცხადება დაარეგისტრირა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გამოცხადებული ტენდერების 27.5% უშედეგოდ დამთავრდა _ შეწყდა, არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა, რაც ტენდერების დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს: 

,,ბათუმის მერიაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები. კერძოდ, დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების (კონსოლიდირებული ტენდერების გარეშე) 54.1%, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და უმეტეს შემთხვევაში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ შემცირდა. ათი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება _ 26 506 578 ლარი, მხოლოდ 0.5%-ით, 26 380 067 ლარამდე შემცირდა. განსხვავებულ შედეგს იძლევა მინიმალური კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერები. ათი, შედარებით მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება – 7 054 887 ლარი, 5 840 788 ლარამდე შემცირდა, რამაც საბიუჯეტო სახსრების 17.2%-იანი ეკონომია გამოიწვია'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს, არაკონკურენტული ტენდერების მიზეზების დასადგენად, სპეციალური კვლევა არ ჩაუტარებიათ. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვების არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების კონკრეტულ დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება, ან ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმება! 

,,იაფი სახლი'' _ კორუფციის წყარო! 

ბათუმის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის #12 დადგენილებით, განისაზღვრა ქვეპროგრამის „იაფი სახლი _ სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ პირობები. ამ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი ჯავახიშვილის ქ. #78 საცხოვრებელი სახლის უკან, თანამედროვე სამშენებლო, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით უნდა აშენებულიყო. ამ პროექტის საერთო ღირებულება კი 4 430 000 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ამ ქვეპროგრამის პირობები უკრაინული კომპანია, შპს „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე განსაზღვრეს, რომ ამ პერიოდში, ბათუმის მერიას პროექტი ოფიციალურად დამტკიცებულიც კი არ ჰქონია! 

შპს „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფმა“, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2015 წლის 20 მაისს, უსასყიდლოდ გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მან კი _ 2015 წლის 22 ივნისს მერიას! ბათუმის მერიამ ისე რომ არ დოკუმენტაციის ექსპერტიზა და შეფასება არ განახორციელა, 2015 წლის 9 ოქტომბერს, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და სავარაუდო ღირებულებად 4 430 000 ლარი მიუთითა. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომელმაც 4 279 990 ლარის შეთავაზებით გაიმარჯვა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, შესრულებული უნდა ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური _ საერთო ღირებულებით არანაკლებ 10 მილიონი ლარის სამუშაოები. მან კი წარადგინა ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული შპს „კონვენტის“ მიერ, 2012-2013 წლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ, რითაც ირკვევა, რომ შპს ,,კონვენტი'' სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებდა და აკეთებდა ყველაფერს, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გარდა! 

პრეტენდენტს საერთოდ არ ჰქონდა ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული, მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგიის გამოყენებით, შენობა-ნაგებობების მშენებლობის გამოცდილება და ამის გამო დისკვალიფიკაციას ექვემდებარებოდა, თუმცა სატენდერო კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია პირობების შესაბამისად ჩათვალა და 4 279 990 ლარიანი ხელშეკრულებაც გააფორმა. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღის განმავლობაში ანუ 2016 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. 

საავანსო ანგარიშსწორებისთვის, მიმწოდებელმა კომპანიამ შემსყიდველს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული POINT BANK LTD-ის მიერ, 1 626 396 ლარზე გაცემული გარანტია წარუდგინა. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის საფუძველზე, ,,კონვენტ ჯორჯიამ'' ავანსის სახით, 1 289 623 ლარი მოითხოვა. ამ თანხის 82.3%, რაც 1 062 000 ლარია, შპს „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფისთვის“ (პროექტის ავტორი კომპანია) საავანსო ანგარიშსწორების განსახორციელებლად იყო განკუთვნილი, 184 040 ლარი _ ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის გადასახდელად, 30 684 ლარი _ ადმინისტრაციის ხელფასისთვის, 12 900 ლარი _ სხვა ხარჯებისთვის. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ამ ხარჯების მიზანშეწონილობა არ გაურკვევიათ, არც გარანტიის გამცემი კომპანიის სანდოობაზე უმსჯელიათ, სამაგიეროდ, ,,კონვენტ ჯორჯიას'' 1 283 623 ლარი გადაურიცხეს! 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია ჯეროვნად არ ასრულებდა სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რისთვისაც შესაბამის გაფრთხილებებსაც იღებდა. თუმცა ამის მიუხედავად, ბათუმის მერიამ ,,კონვენტ ჯორჯიას'' ავანსის სახით, კიდევ 66 215 ლარი გადაურიცხა. ჯამში, მერიამ შპს ,,კონვენტ ჯორჯიას'' ავანსის სახით. 1 621 185 ლარი გადაურიცხა! 

გარანტორი კომპანია POINT BANK LTD-ის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ბათუმის მერიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, იურიდიულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტირებულ კომპანია „ფლექსიჯობსთან“. ამ კომპანიის მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ დაფუძნებიდან დღემდე, POINT BANK LTD-ს, თვითდეკლარირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი, რაც ნიშნავს, რომ ეს კომპანია არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი! 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ბათუმის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს 1 430 342 ლარის ზიანი მიადგა! 

ჟილინის არხი _ საჯარო ფინანსების რისკი! 

ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ბათუმის მერიასა და შპს ,,მშენებელი 80''-ს შორის, 2015 წლის 30 მარტს, #69 ხელშეკრულება გაფორმდა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წელს, 1 072 600 ლარის სამუშაოები შესრულდა. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, რომ თითოეულ ეტაპზე, ანგარიშსწორებამდე, საკუთარი სახსრებით წარედგინა ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან. 2016 წელს, მიმწოდებლმა ხუთ შემთხვევაში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რაც სამუშაოების შესრულებას ადასტურებს, თუმცა აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 მუხლის მოთხოვნები დაარღვია. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნები სრულყოფილად არ მოიცავდა ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაზე. ამ პირობებში, შემსყიდველმა მიმწოდებელს 1 137 798 ლარი მაინც გადაუხადა! 

სახელმწიფო აუდიტებმა გაარკვიეს, რომ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული არაა, რა რაოდენობის სამუშაოებზე გაიცა დასკვნები, ან რა რაოდენობისა და ღირებულების ფარული სამუშაოების ჩათვლა ექვემდებარება დამკვეთის პრეროგატივას.

ამ დოკუმენტაციით, ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული ფარული სამუშაოების ღირებულება 883 095 ლარია, რაც მთლიანი სამუშოების 77.6%-ია. სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ საკმარისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ბათუმის მერიის მიერ, ფარული სამუშაოების ჩათვლა და მათი ანაზღაურება, საჯარო ფინანსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს ქმნის! 

დარღვევები სარემონტო სამუშაოებში 

სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიას შესაბამის ხელშეკრულებებში მითითებული არ აქვს შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ადგილმდებარეობა (ქუჩა, უბანი, დასახლება). მხარეებს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში აღნიშნულია ქუჩის დასახელება, სადაც შესრულებულია ქუჩის შეკეთების სამუშაოები, მაგრამ არ არის გამიჯნული გზის რა მონაკვეთზე განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ხშირად შესასრულებელი სამუშაოს ადგილმდებარეობად მითითებულია ერთი და იგივე დასახელების ქუჩა, სადაც ქუჩის მონაკვეთი, ნომერი ან უბანი აღნიშნული არაა და არც მტკიცებულებებია წარმოდგენილი. 

მაგალითად, არაასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „ბონდი-2009“-თან, 2016 წლის 2 ივნისს, 118 168 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ქალაქის ტერიტორიაზე არაასფალტირებული ქუჩების მოვლა-შენახვას ითვალისწინებდა, რაშიც 84 273 ლარია გადახდილი, თუმცა შეესაბამებოდა თუ არა შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, კომპანიას ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ბათუმის მერიაში არ წარუდგენია. შპს „გზებთან“, 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა. ტექნიკური პირობების მიხედვით, ღრმა ორმოების შესაკეთებლად, მიმწოდებელს 5-20 ფრაქციის ღორღი უნდა გამოეყენებინა. აქაც მხოლოდ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტია წარდგენილი, რაშიც მერიამ 300 000 ლარი გადაიხადა. გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე შპს „ნომიგიასთან“, 2016 წლის 11 იანვარს, 186 487 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყველა გამოყენებული მასალა მაღალხარისხიანი უნდა ყოფილიყო. კომპანიამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო! 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად კი გაირკვა, რომ სათანადო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, მერიამ მიმწოდებელ კომპანიებს ჯამში, 834 754 ლარი გადაუხადა, რაც საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს!

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში