Menu
RSS

დარღვევები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

check in georgia-ს ფარგლებში, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა, სამი კონცერტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო შეამოწმა. დასკვნა 2016 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ეხება და სხვადასხვა ფინანსურ დარღვევას ასახავს.
დაურიცხავი სანქციები
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უწყებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ), სხვადასხვა ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიებისთვის სანქციები არ დაურიცხავთ. ჯამში, პირგასამტეხლოს სახით, სსიპ-ებს 28 630 ლარი უნდა დაერიცხათ, თუმცა სააღრიცხვო რეგისტრში ეს თანხა ასახული არ არის. შედეგად, სამინისტროს საბალანსო ანგარიშგება, სწორედ 28 630 ლარით შემცირდა. მაგალითად, სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა“ და შპს „მეიდან ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიას სიონის ქუჩაზე მდებარე იოსებGგრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი ,,ქარვასლა'', 49-წლიანი საიჯარო ვადით გადაეცა. 2016 წელს კომპანიამ დადგენილ ვადებში საიჯარო ქირა არ გადაიხადა, თუმცა ,,მეიდან ჯგუფს'' პირგასამტეხლო – 1 594 ლარი არ დაერიცხა.
2016 წლის 6 ივლისს, სსიპ „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და შპს „რეგლანს'' შორის, 253 382 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას საოპერო სპექტაკლისთვის -„კარმენი“ ტანსაცმელი უნდა შეესყიდა. აუდიტით გაირკვა, რომ შპს ,,რეგლანმა'' დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყო საქონლის სრულად მიწოდება და წლის ბოლოს, კომპანიის მიერ წარდგენილი მიღება/ჩაბარების აქტების მიხედვით ვალდებულების მხოლოდ ნახევარი _ 50% შეასრულა, თუმცა მას არ დაერიცხა პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%) 4 561 ლარი.
ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისთვის, სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ხელშეკრულებები და პირგასამტეხლოს სახით დააკისრა ჯარიმები შპს „ხუროს'' _ 16 532 ლარისა და „კონვენტ ჯორჯიას“ _ 5 943 ლარის ოდენობით, თუმცა ეს თანხა სააღრიცხვო რეგისტრში აღარ ასახა.
ინვენტარიზაცია ხარვეზებით
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორის, 2016 წლის 20 მაისის #38 ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივებისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია ჩატარდა. თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა დასრულებულ საინვენტარიზაციო აღწერილობებში ხარვეზები გამოავლინეს. აუდიტით გაირკვა, რომ ბუღალტრულად აღრიცხულსა და ფაქტობრივად არსებულ აქტივებს შორის, დანაკლისებისა და ზედმეტობის სახით, სხვაობებია. კერძოდ, არაფინანსური აქტივების მუხლში, სხვადასხვა დასახელების აქტივების დანაკლისი 6 005 ლარია, ხოლო ზედმეტობა სხვადასხვა სახის აქტივების, მათ შორის, ფეხსაცმელების, პარიკებისა და კოსტიუმების სახით გამოვლინდა. არსებული წესის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის ოქმს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინვენტარიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში ამტკიცებს, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგები იმ თვის აღრიცხვასა და ანგარიშგებაში აისახება, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაცია 2016 წლის ბოლოს დასრულდა, იმავე წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში შედეგები არ აუსახავთ, ვინაიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელს საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის შემაჯამებელი ოქმი დამტკიცებული არ ჰქონდა.
სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ინვენტარიზაცით გამოვლენილი არაფინანსური აქტივების ზედმეტობების აღურიცხაობით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა, აქტივებისა და კაპიტალის შესაბამისი ანგარიშები შეამცირა.
შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებები
2006 წლის 22 ნოემბერს, სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა“ და თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის, გაფორმდა უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ მუზეუმს'' თბილისში, სიონის ქ. #8-ში მდებარე შენობაში, 3 738.97 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და მასზე დამაგრებული, 1 685.56 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, 357 698 ლარი კი ამ აქტივის ნარჩენი საბალანსო ღირებულება იყო. ამავე შენობაში, 1 789 კვ.მ (ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი ,,ქარვასლა''), 2008 წლის 11 თებერვალს, ,,საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა'' შპს ,,გორგასალს'' (შემდგომში მისი სამართალმემკვიდრე/ უფლებამონაცვლე შპს ,,მეიდან ჯგუფი''), 49-წლიანი საიჯარო ვადით გადასცა, რომლის წლიური საიჯარო ქირის ოდენობა 20 500 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო ეროვნულ ვალუტაში.
საიჯარო ხელშეკრულებით, დაუშვებელი იყო საიჯარო ქირის გაზრდა, ან ხელშეკრულების ვადის შემცირება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო წლიური საიჯარო ქირა კომპანიას ექვს თვეში ერთხელ უნდა გადაეხადა. მოიჯარე ვალდებული იყო, სიონის ქ. #8-ში მდებარე ,,ქარვასლის'' შენობის სრული რეკონსტრუქცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განეხორციელებინა; ასევე, ორი წლის განმავლობაში, შენობის რეაბილიტაციის მიზნით, ,,მეიდან ჯგუფს'' მინიმუმ, 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მხარეთა შეთანხმებით, საინვესტიციო ვადა 2013 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდა; ,,მეიდან ჯგუფს'' სამუზეუმო საქმიანობისთვის ხელი უნდა შეეწყო და მასში მონაწილეობაც მიეღო. კომპანიამ არც ეს საინვესტიციო ვალდებულებები შეასრულა. 2016 წლის 16 სექტემბერს, ეროვნულ მუზეუმსა და შპს „მეიდან ჯგუფს“ შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად, შენობის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებული 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამავე ხელშეკრულებით, სანქცია/პირგასამტეხლოც განისაზღვრა: საინვესტიციო პერიოდის გასვლის შემდეგ, მოიჯარე ვალდებულია, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაიხადოს საურავი შეუსრულებელი საინვესტიციო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით.
პროექტი check in georgia
სახელმწიფო აუდიტორებმა პროექტის check in georgia ფინანსური აუდიტიც განახორციელეს და ხარვეზებიც გამოავლინეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 28 000 000 ლარი გამოიყო. chek in georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა სსიპ „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა“ განახორციელა, რაც 22 854 080 ლარით დაფინანსდა. მათ შორის: მსოფლიო კლასის არენა შოუ, რომელიც ოთხჯერ უნდა გამართულიყო; რეგიონული კონცერტი ქვეყნის 17 ქალაქში (46 აქტივობა); ბათუმის ქუჩის წარმოდგენები (40 აქტივობა); ბათუმის კოლონადებთან და კორტებზე გამართული კონცერტები და სხვა. საინვესტიციო ფონდმა განახორციელა უცხოელ შემსრულებელთა, მათ შორის, ეროს რამაზოტის, რობი უილიამსისა და MAROON 5-ის კონცერტებზე ბილეთების რეალიზაცია, ხოლო პროექტის დანარჩენ ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით:
,,კონცერტების ჩატარების ადგილები, გასაყიდი ადგილების/ბილეთების რაოდენობა და ბილეთების ფასები (სიტყვიერად?!) შეთანხმებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან და საქართველოს მთავრობასთან. ღონისძიებებზე ბილეთების სარეალიზაციოდ (სინქრონული, ასინქრონული და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით), სსიპ-მა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ონლაინ თიქეთსთან“ (TKT.GE). „ონლაინ თიქეთს“-მა პროგრამულად უზრუნველყო საინვესტიციო ფონდის განთავსება საკუთარ სერვერზე; შეიქმნა ელექტრონული მომხმარებელი, რომლის ფარგლებშიც, ფონდს ჰქონდა წვდომა ღონისძიებების მიხედვით რეალიზებული ბილეთების ინფორმაციაზე. შემსრულებლების შესაბამისად, კონცერტების ბილეთების სარეალიზაციო ფასები და რაოდენობა განისაზღვრა სხვადასხვა ბრძანებებით. 2016 წელს, სამი კონცერტის ფარგლებში, სსიპ „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა“, მხოლოდ ბილეთების რეალიზაციიდან, შემოსავლის სახით, 3 044 030 ლარი მიიღო!''
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ კონცერტებზე ბილეთების რეალიზაცია საინვესტიციო ფონდმა და შპს „ონლაინ თიქეთსმა“ განახორციელეს, თუმცა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ, საინვესტიციო ფონდი TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან (გაყიდვის არხების, ონლაინ და სალარო) დეტალურ ინფორმაციებს არ იღებდა და შემოსავალს პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით ახდენდა. ამ სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით, გაუყიდავი ბილეთების რაოდენობა იყო 3 719 ერთეული, რაც 141 840 ლარია.
რეკომენდაციები
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და ხარვეზებზე პასუხისმგებლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეკისრება, თუმცა როგორც სახელმწიფო აუდიტორები აღნიშნავენ, ეს დარღვევები გამოსწორებადია, რის გამოც გარკვეული რეკომენდაციებით შემოიფარგლნენ: ,,კონსოლიდაციის დროს, სამინისტრომ შეიმუშაოს და გაატაროს ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკა, რის საფუძველზეც, ინდივიდუალური სააღრიცხვო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული განსხვავებები დაკორექტირდება.''
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში