Menu
RSS

დემპინგისა და კონტრაბანდის საფრთხე თამბაქოს ბიზნესში!

რა ხდება თამბაქოს ბაზარზე საქართველოში _ ხელისუფლება ბიზნესის წინააღმდეგ თუ თითიდან გამოწოვილი, უსაფუძვლო ბრალდებები?!

თამბაქოს ბაზრის მოთამაშეებს შორის დავა გრძელდება. ბაზრის ერთ-ერთი წარმომადგენელი ,,ომეგა ჯგუფი'', კონკურენტ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' დემპინგში სდებს ბრალს. მეტიც, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიზნესს ავიწროებს და ფარულად, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოსაც'' ლობირებს. ცხადია, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოში'' ბრალდებებს არ იზიარებენ და კონკურენტების ლოგიკას აბსურდს უწოდებენ.

თამბაქოს ბაზრის მოთამაშეები


თამბაქოს ბაზარზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა: ,,ფილიპ მორისი'', რომელსაც საქართველოში 2015 წლის ბოლომდე, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ,,ომეგა ჯგუფი'' წარმოადგენდა; ,,ჯაპან თობაქო ინტერნეშენალი'', რომელსაც საქართველოში ელიზბარაშვილების კუთვნილი კომპანია ,,ელიზი'' წარმოადგენს; ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქო'', რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოშიც აქვს და პარალელურად, ,,თ ენდ დისტრიბუშენიც'' მისი წარმომადგენელია.
 
,,თ ენდ რ დისტრიბუშენი'' აქამდე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სახელთან ასოცირდებოდა, მაგრამ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიის 100%-იან წილს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მეგობარი, რაფიელ სურამელაშვილი ფლობს. წლების მანძილზე, ,,თ ენდ რ დისტრიბუშენის'' 70%-იან წილს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ხოლო 30%-ს _ რაფიელ სურამელაშვილი ფლობდა, რომელიც ამავე კომპანიის გენერალური დირექტორიც იყო. ახლა კი, ფინანსური ტრანზაქციის შედეგად, ჭყონიამ საკუთარი წილი პარტნიორს დაუთმო და საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, ,,თ ენდ რ დისტრიბუშენის'' 100%-იანი წილი რაფიელ სურამელაშვილის საკუთრებაში გადავიდა, რომელიც ამავდროულად, კომპანიის გენერალური დირექტორია.
სასამართლო დავა კი ზაზა ოქუაშვილის ,,ომეგასა'' და ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' შორის მიმდინარეობს. ,,ომეგა'' კონკურენტებს დემპინგში სდებს ბრალს, რის გამოც კომპანიას 100 მილიონის ზარალი მიადგა. საქალაქო სასამართლოში ,,ომეგას'' სარჩელი დააკმაყოფილეს, სააპელაციო სასამართლომ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ დაუსაბუთებელი არგუმენტების გამო, საქმე წარმოებაში არც კი მიიღო. ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' ფარულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლობირებს, რადგან რაფიელ სურამელაშვილი მისი მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო, ჭყონია იძულებული გახდა, მისი კუთვნილი წილი პრემიერის მეგობრისთვის დაეთმო. რაც მთავარია, ტელეკომპანია ,,იბერია'' ,,ომეგა ჯგუფის'' საკუთრებაა, შესაბამისად, გამოდის, ხელისუფლება თავისუფალ მედიასაც ებრძვის.
,,ვერსია'' ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაუკავშირდა და სცადა, გაერკვია, რატომ გაყიდა კუთვნილი, 70%-იანი წილი ,,თ ენდ რ დისტრიბუშენში''. თემურ ჭყონიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი და ცილისწამება უწოდა, ხოლო რაც შეეხება წილის გაყიდვას, გვიპასუხა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

დემპინგი თამბაქოს ბაზარზე?!


მთავარი ბრალდება, რასაც ,,ომეგა ჯგუფი'' კონკურენტ კომპანიას ედავება, დემპინგის საფრთხეა. მართალია, ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს კანონი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ'', რაც ბაზრის მოთამაშეებს დემპინგურ ფასებს, მონოპოლიურ, კარტელურ და ოლიგოპოლიურ შეთანხმებებს უკრძალავს. მეტიც, ანტიდემპინგური რეგულაციები საქართველოს სხვადასხვა კანონებშიცაა გაწერილი. ამის მიუხედავად, ,,ომეგა ჯგუფის'' წარმომადგენელი, ლევან აღდგომელაშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას დემპინგის საფრთხეზე საუბრობს:
_ ბატონო ლევან, რა კვლევის საფუძველზე ასკვნით, რომ სიგარეტის ბიზნესში დემპინგის საფრთხეა?
_ ამას ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით აგიხსნით: ბაზარზე არსებული კონკრეტული სიგარეტი, პირობითად, 3.00 ლარად იყიდება. როდესაც ამ თანხას ფიქსირებული და ადვალური აქციზის გადასახადს, ასევე დღგ-ს გამოაკლებთ, მიიღებთ ღირებულებას, რაც ბევრად ნაკლებია იმპორტის დროს დაფიქსირებულ ფასზე ანუ პროდუქტის თვითღირებულებაზე. ასეთი სიგარეტები იყიდება იმ სეგმენტში, რომელშიც ჩვენ ვართ. მაგალითად, სიგარეტი ,,პალ-მალი'' საცალო ქსელში იყიდება 3.00 ლარად, არადა დისტრიბუტორი მაღაზიას 2.75 ლარად აწვდის. 2.75 ლარს რომ გამოვაკლოთ აქციზის ფიქსირებული გადასახადი _ 1.70 ლარი, ვინაიდან 3.00-ლარიან სიგარეტზე ვსაუბრობთ, მისი ადვალური აქციზის გადასახადი 10%-ი ანუ 30 თეთრია, ჯამში 2.00 ლარს იღებთ, რომელსაც დღგ-ც რომ დავაკლოთ, ისეთ ღირებულებას ვიღებთ, რაც იმპორტის დროს დაფიქსირებულ ფასზე ნაკლებია. არადა, ამ სიგარეტის ფასი საცალო ქსელში 3.00 ლარია, ჩვენი სიგარეტის ფასი კი 3.20-3.30 ლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, ჩვენს სეგმენტში ეს სიგარეტი ხელოვნურად დაბალ ფასად იყიდება.
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი აცხადებს, რომ ვინაიდან ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა არაა, ამიტომ დემპინგის გამო რომელიმე კომპანიის დადანაშაულება არასწორიაო. თავი დავანებოთ კანონს ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ'', სადაც წერია, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის რეალიზება დაუშვებელია, ქვეყანაში არსებობს კანონი კონკურენციის შესახებ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მტაცებლური და არასამართლიანი ფასების დაწესება აკრძალულია! ნუ დავარქმევთ ამას დემპინგს, სამაგიეროდ, სწორედ ესაა მტაცებლური და არასამართლიანი ფასი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, როგორც ადგილობრივ კომპანიას, ასევე იმპორტიორსაც. სხვათა შორის, სასამართლოში იმპორტის დეკლარაცია წარვადგინეთ, რაც პირველმა ინსტანციამ ანუ საქალაქო სასამართლომ გაიზიარა, მეორე ინსტანციაში ანუ სააპელაციოში, რომელთანაც პრეტენზია გვაქვს, გვითხრეს, თქვენ კი წარმოადგინეთ იმპორტის დეკლარაცია, მაგრამ წაკითხვადი არ იყო, ვერ წავიკითხეთ და ამაზე დასკვნას ვერ გავაკეთებთო.
_ დოკუმენტი წაკითხვადი არ იყო, რას ნიშნავს?
_ კარგად ვერ გავარჩიეთ, რა ეწერაო... სხვათა შორის, სააპელაციო სასამართლო არ უარყოფს, რომ ჩვენს კომპანიას ზიანი მიადგა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ აუცილებელი არ არის, ეს ზიანი დემპინგით იყო გამოწვეულიო, თუმცა ესიც ვერ დასტურდება, რადგან დოკუმენტები კარგად ვერ წავიკითხეთო... სწორედ ეს ჩანაწერია კურიოზული, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' სადისტრიბუციო კომპანიაში ,,თ ენდ რ დისტრიბუშენ'', წილი გასხვისდა. შესაძლოა, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა იყო, მაგრამ ეს კომპანია ჩვენი მოპასუხე იყო სასამართლოში. როდესაც საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, წინასწარი უზრუნველყოფის სახით, ყადაღის გამოყენება მოვითხოვეთ და სასამართლომ ამ კომპანიის ქონება დააყადაღა. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' ყადაღის შესახებ შეატყობინა, დაახლოებით, 40 წუთში, შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული სასაქონლო ზედნადებიდან ჩანს, როგორ გადააწერა ამ კომპანიამ სარეალიზიციოდ გამზადებული პროდუქცია დისტრიბუტორ კომპანია ,,თ ენდ რ დისტრიბუშენს'', დაახლოებით, 50 მილიონის ღირებულების სიგარეტზეა საუბარი, რომელიც ,,თ ენდ რ დისტრიბუშენმა'' შეიძინა. სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი შევიტანეთ და მოვითხოვეთ, რომ ყადაღის დარღვევით შეძენილი პროდუქცია უკან დაებრუნებინა, პროკურატურასაც მივმართეთ, რომ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო, რადგან ქონება სასამართლოს განჩინების დარღვევით გაყიდეს. საქმე აღძრულია, მაგრამ, ვფიქრობ, თაროზეა შემოდებული. ასე ჩაერთო ამ პროცესში მოპასუხე მხარედ ,,თ ენდ რ დისტრიბუშენი'', რომელსაც მინიმუმ, 50 მილიონის ქონება ჩამოკიდეს კისერზე და ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თემურ ჭყონიასგან კომპანიის 70%-იანი წილი 200 000 ლარად იყიდა!
_ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გაეყიდა თემურ ჭყონიას მისი კუთვნილი 70%-იანი წილი?
_ 2017 წლის თებერვალში, როდესაც საქალაქო სასამართლომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო, ორ-სამ დღეში, ჭყონიამ განაცხადა, რომ მზადაა, დაახლოებით, 20 მილიონის ინვესტიცია ჩაედო, რათა ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' ნატახტარში თამბაქოს ქარხანა აეშენებინა. თუმცა მოგვიანებით, განაცხადა, რომ პროცესი შეჩერდა, მაგრამ არ განმარტა, რატომ და სწორედ ამის შემდეგ გაყიდა კუთვნილი წილი. 2017 წლის 22 მაისს, რაფიელ სურამელაშვილმა, რომელიც ამავე კომპანიაში 30%-იან წილს ფლობდა, ჭყონიასგან 70% იყიდა. ჭყონიამ რომ გაყიდა, გასაგებია, ამხელა ვალდებულება ჰქონდა კომპანიას და მოიშორა, მაგრამ რაფიელ სურამელაშვილს, რომელსაც იგივე კომპანიაში 30% ჰქონდა და მასაც ამ წილის მოშორებაზე უნდა ეფიქრა, რატომ გახდა 100%-იანი წილის მფლობელი? რა გარანტიების სანაცვლოდ იყიდა ეს წილი 200 000 ლარად? მხოლოდ ის ვიცი, რომ რაფიელ სურამელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია. პრემიერი აცხადებს, რომ თურმე, შანტაჟს ვუწყობთ!
_ რის საფუძველზე ასკვნით, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, ზეწოლა რაში გამოიხატება, ჭყონია აიძულეს, რომ 70%-იანი წილი დაეთმო?
_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა. წესით და რიგით, ნორმალურ ქვეყანაში, ხელისუფლებას პრესის ყოველთვის ეშინია. აშშ-ს, საფრანგეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახიც კი ზრუნავს, რომ მედიაში მათზე რამე არ დაიბეჭდოს, საქართველოში კი, როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაციები იბეჭდება და ტელევიზიაში შუქდება, თურმე, შანტაჟად ითვლება! ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ასეთ დროს, გამოძიება იწყება, როგორც მინიმუმ, შიდამოკვლევა მაინც ტარდება... ვეჭვობ, ჭყონიამ საკუთარი წილი იძულების წესით გადასცა სურამელაშვილს.
_ თემურ ჭყონია ისეთი ბიზნესმენია, რომელსაც ხელისუფლება წილს დაათმობინებს?
_ არაა გამორიცხული, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ,,ომეგა ჯგუფს'' მიუკერძოებლად მიაჩნია, ჭყონიას უთხრეს, ჩვენ არ ჩავერევით, მეორე ინსტანციაც მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, დაგეკისრება 50 მილიონის დაბრუნება, სამაგიეროდ, მე კვირიკაშვილის მეგობარი ვარ, თან 30%-იან წილსაც ვფლობ, ამიტომ დამითმე შენი 70% და საქმეს მივხედავო...
_ თქვენსავე ლოგიკას ვაგრძელებ, კვირიკაშვილის მეგობარ სურამელაშვილს რატომ უნდა ეყიდა 70%-იანი წილი კომპანიაში, რომელსაც 50 მილიონის ვალდებულება ჰქონდა გასასტუმრებელი?
_ ზუსტად ესაა საეჭვო! როგორც ჩანს, სურამელაშვილს გარანტია ჰქონდა, რომ თუ ,,თ ენდ რ დისტრიბუშენის'' 70%-საც იყიდდა, სააპელაციო სასამართლოში ეს პროცესი ძალიან კარგად დასრულდებოდა და ასეც მოხდა!
_ როდესაც სიგარეტის კონტრაბანდის საფრთხეზე საუბრობთ, რა გაქვთ მხედველობაში, რომელი ქვეყნებიდან შემოდის კონტრაბანდული სიგარეტი საქართველოში?
_ ძირითადად, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზუგდიდის მხარეში, აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოდის კონტრაბანდული სიგარეტი რუსული, ან აფხაზური აქციური მარკებით.
_ რა არგუმენტით ითხოვთ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოსგან'' 100-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას, განა, რა შემოსავალი აქვთ სიგარეტის დისტრიბუტორებს ამ ქვეყანაში?
_ მხოლოდ 2016 წელს, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' ბრუნვა 100 მილიონი ლარი იყო. ამას სხვა კომპანიების ბრუნვაც რომ დავუმატოთ, დაახლოებით, 400 მილიონ ლარამდე ავალთ. რაც მთავარია, ,,ომეგა ჯგუფი'' სამი წლის მანძილზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ჩვენი ოპონენტების თქმით, ,,ომეგა ჯგუფი'' 5%-იან წილს ფლობს ბაზარზე და გვსაყვედურობენ, ამხელა თანხას რატომ ითხოვთო, მაგრამ ახლა მე დავსვამ კითხვას, რატომ გახდა 5%-იანი ეს კომპანია? იმ მტაცებლური ფასების გამო ხომ არა, მათ რომ აქვთ დაწესებული? ვინმე დაინტერესდა, მანამდე ბაზრის რა წილს ფლობდა ,,ომეგა''? ვიდრე დემპინგური ფასებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდნენ, ბაზრის 20%-ს ვფლობდით. ბაზრის წილი რომ შეგვიმცირდა, ზუსტად ამიტომ ვითხოვთ 100 მილიონს. საშუალოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში ,,ომეგა ჯგუფს'' დაახლოებით, 100-115 მილიონი ლარი შეჰქონდა, მაგრამ ახლა ბიუჯეტში ამის მესამედსაც ძლივს ვიხდით.
_ პირდაპირ გკითხავთ, ზაზა ოქუაშვილსა და ნატო ჩხეიძეს რატომ შეექმნა პრობლემა ,,ქართულ ოცნებასთან''?
_ მე სხვაგვარად დავსვამდი კითხვას, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომ წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლების დროს და ახლაც, პრობლემები აქვთ? ეს მეც მაინტერესებს...
_ ახლა ,,პატრიოტთა ალიანსს'' და ადრე ,,აღორძინებას'' რომ აფინანსებდნენ, ამიტომ?
_ ადა მარშანია ხომ ,,პატრიოტთა ალიანსის'' წევრია, ტელეკომპანია ,,იბერიას'' ბოიკოტი გამოუცხადა, ისე არ მალაპარაკებთ, როგორც საჭიროა და ამიტომ თქვენს სტუდიაში არ მოვალო. ბატონი ზაზა და ქალბატონი ნატო ადრეც ოპოზიციაში იყვნენ, ახლაც ოპოზიციაში არიან და შესაბამისად, პოლიტიკურ მოტივს არ გამოვრიცხავ.

,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' არგუმენტები

,,ომეგას'' ბრალდებებს ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' კორპორატიული დირექტორი, ზვიად სხვიტარიძე პასუხობს:
_ ბატონო ზვიად, არის თუ არა დემპინგის საფრთხე საქართველოს თამბაქოს ბაზარზე?
_ არა, რადგან პროდუქცია თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაგვიყიდია იმ პერიოდში, რაზეც ,,ომეგა ჯგუფი'' გვედავება. უკვე არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ასე არ არის. მეტიც, უზენაესმა სასამართლომ აბსურდად მიიჩნია და წარმოებაშიც კი არ მიიღო ჩვენი ოპონენტების სარჩელი. ცხადია, დემპინგის საფრთხე ნამდვილად არ არის, მაგრამ სასამართლომ აბსურდად მიიჩნია ,,ომეგას'' მოთხოვნა 100-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებაზე. პირდაპირ გეუბნებით, ჯამში, 10 წლის მანძილზე, 100 მილიონის შემოსავალი სულ არ გვქონია და კომპანია, რომელსაც პრეტენზია გააჩნია, ბაზრის წილის მხოლოდ 5%-ს ფლობს!
_ ,,ომეგას'' წარმომადგენლის არგუმენტით, მათ ბაზრის წილი 5%-მდე იმ ზარალის გამო შეუმცირდათ, რომელიც თქვენ მიაყენეთ და აქვე გკითხავთ, თქვენ რამდენ პროცენტს ფლობთ ამ ბაზარზე?
_ კონკრეტული ციფრის თქმა არ შემიძლია, რადგან კომერციული საიდუმლოა, თუმცა ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' ბაზრის მესამედი უჭირავს. ზოგადად, მესამე კომპანია ვართ ამ ბაზარზე და მინიმალური წილი გვაქვს. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, არასდროს არ ჰქონია ,,ომეგას'' 5%-ზე მეტი წილი ამ ბაზარზე. ,,ომეგა ჯგუფის'' პოზიცია ამ დავაში მხოლოდ მათ მოსაზრებას ემყარება, რაც ფაქტებით გამყარებული არაა. ჩვენ კი პირიქით, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობთ.
_ შესაძლოა, ამ კითხვის პირდაპირი ადრესატი არ ხართ, მაგრამ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' დისტრიბუტორ კომპანიაში ,,თ ენდ რ დისტრიბუშენ'', რაფიელ სურამელაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მეგობარია, ამავე კომპანიაში თემურ ჭყონიასგან 70%-იანი წილი იყიდა. რა იცით ამ ტრანზაქციის შესახებ?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს დისტრიბუტორ კომპანია ,,თ ენდ რ დისტრიბუშენს'', საერთო არაფერი აქვს ამ დავასთან. ესაა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და ყურით მოთრეული ფაქტები, რადგან როგორ შეიძლება დააკავშირო სადისტრიბუციო კომპანიის ჩვეულებრივი, ფინანსური ტრანზაქციები მსოფლიოში ცნობილ, საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობასთან?
_ თქვენი ოპონენტების არგუმენტი ისაა, რომ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს, რადგან კვირიკაშვილის მეგობარმა რაფიელ სურამელაშვილმა, აიძულა ჭყონია, რომ 70%-იანი წილი დაეთმო.
_ სრული აბსურდია მათი არგუმენტი და რა უნდა გიპასუხოთ! ჩვენ ვართ მსოფლიოში უდიდესი კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ზოგადად, რა ზეწოლაზეა საუბარი, არ მესმის. დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ბრალდებაა, რომ თითქოს ზეწოლა განახორციელა მთავრობამ. პრობლემა რომ მართლაც არსებობდეს ანუ კონკრეტული ფაქტი იყოს, რომ ჩვენ ზიანი მივაყენეთ ,,ომეგას'', რაც რეალურ ციფრებში იქნებოდა გამოსახული, ცხადია, ამ თეორიულ ,,დაშენებებს'' მთავრობის ზეწოლასთან დაკავშირებით, ასე თუ ისე, გავიგებდი და შესაძლოა, ლოგიკურადაც ჩამეთვალა. თუმცა გიმეორებთ, არავითარი ზიანი არ არსებობს, ის 100 მილიონიც მათივე მოგონილი ციფრია, პრობლემა თვითონვე მოიგონეს და ახლა უკვე ტელევიზიასაც ფარად იყენებენ, თითქოს ხელისუფლება მედიას და ბიზნესს ავიწროებს! არ მესმის, ,,თ ენდ რ დისტრიბუშენის'' ჩვეულებრივ ფინანსურ ტრანზაქციას რა კავშირი აქვს ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოსა'' და ,,ომეგას'' დავასთან? ეს ყველაფერი ხელისუფლებასთან იმიტომ დააკავშირეს, რომ ჩვენთვის ჩირქი მოეცხოთ, თითქოს საერთაშორისო კომპანიის უკან მთავრობა დგას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
_ რატომ გიკვირთ, ბატონო ზვიად, თქვენი ოპონენტების ლოგიკით, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' კვირიკაშვილი იცავს და ,,ომეგამ'' ამიტომ წააგო სასამართლო პროცესი.
_ მესმის, მაგრამ მათი ლოგიკა სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, მე ახლა ფაქტებით გესაუბრებით, რაც სააპელაციო სასამართლოშიც დავასაბუთეთ. მატერიალური ზარალის არავითარი მტკიცებულება არ დევს საქმეში და უზენაესმა სასამართლომ სწორედ ამიტომ არ მიიღო წარმოებაში ეს დავა. რაც მთავარია, ,,თ ენდ რ დისტრიბუშენ'' ჩვენი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტია. შესაბამისად, ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქო'' ამ კომპანიის საქმიანობაში არ ჩარეულა და არც ახლა ვერევით.

ექსპერტის შეფასებით

საქართველოს თამბაქოს ბაზრის შეფასება სრულიად ნეიტრალურ ადამიანს ვთხოვეთ. მართალია, ის ადრე ,,ჯაპან თობაქო ინტერნეშენალის'' წარმომადგენელი იყო, მაგრამ ოთხი წელია, ამ კომპანიაში აღარ მუშაობს. იმის გამო, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში ჩახედულია და თუნდაც ოთხი წლის წინანდელი მონაცემებით, ბაზრის კონიუნქტურაშიც კარგად ერკვევა, ,,ვერსია'' ექსპერტს, ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა:
_ ნიკო, 2014 წლის მდგომარეობით, რომელიმე საერთაშორისო კომპანია თამბაქოს ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებდა?
_ არა! გამორიცხულია და ეჭვი მეპარება, რომელიმე კომპანიას დემპინგური ფასები ჰქონოდა. მეტიც, ამას საერთაშორისო კომპანიები არც კი დაუშვებდნენ, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, ისინი საკმაოდ მკაცრი წესებით თამაშობენ.
_ რომელიმე საერთაშორისო კომპანია ხელს უწყობს კონტრაბანდული სიგარეტის ქართულ ბაზარზე შემოტანას?
_ პირიქით, არცერთ საერთაშორისო კომპანიას არ აწყობს კონტრაბანდა. ჩემს დროს იყო რამდენიმე გახმაურებული ფაქტი, როდესაც უშუალოდ ჩვენმა კომპანიამ, ,,ჯაპან თობაქო ინტერნეშენალმა'' გადასცა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მაგალითად, ახალციხესა და ახალქალაქში, ვნახეთ სიგარეტი ,,უინსტონი'', რომელსაც სომხური სააქციოზო მარკა ჰქონდა. გიმეორებთ, საერთაშორისო კომპანიებს არ აწყობთ კონტრაბანდა, რადგან ამით ისინი შემოსავლებს კარგავენ. მეტიც, ამ კომპანიებს იმდენად მკაცრი შიდა რეგულაციები აქვთ, რომ არავითან კანონდარღვევაზე არ მიდიან.
_ ოთხი წლის წინ, რომელიმე საერთაშორისო კომპანია ზღუდავდა თუ არა ბაზარზე არსებულ კონკურენტ, ან თუნდაც ადგილობრივ კომპანიას?
_ არა და ვერც შეზღუდავდა, რადგან ამ საერთაშორისო კომპანიებს ბაზრის აბსოლუტური წილი ჰქონდათ გადანაწილებული. კონკურენცია ყველა ბაზარზეა, რაც გამოიხატება პროდუქციის ფასში, ბრენდინგში, უფრო მეტ პრომოუშენში, მარკეტინგში მეტი ფულის ჩადებაში, მაგრამ ეს სრულიად ნორმალური და მისაღებია ყველასთვის. გიმეორებთ, საერთაშორისო კომპანიები ძალიან მკაცრი წესების მიხედვით იქცევიან და დემპინგს, ან კონკურენტების შეზღუდვას მაქსიმალურად ერიდებიან!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში