Menu
RSS

დარღვევები ინფრასტრუქტურის სამინისტროში და სახელფასო დანამატების სახით გადახდილი 11 818 119 ლარი!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან, ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილეა, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მისი და მისი წინამორბედების მინისტრობის პერიოდებსაც მოიცავს... აუდიტორული დასკვნა ცალსახად უარყოფითია და უხეში საბუღალტრო შეცდომებითაა გაჯერებული. მათი გაანალიზებითYკი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საგადასახადო კოდექსს უბრალოდ, გვერდს უვლიდნენ! ყველაზე უხეში შეცდომა კი ერთი წლის მანძილზე, სახელფასო დანამატებისთვის გადახდილი 11 მილიონ ლარზე მეტია, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და რაც მთავარია, უკანონოდ!
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის ნაერთი ფინანსური ანგარიშგება შედგება სამინისტროს აპარატის, ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის'', სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის'', სსიპ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისა'' და სსიპ ,,ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის'' წლიური ფინანსური ანგარიშგებებისგან.
,,ჩვენი აზრით, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად არ ასახავს სამინისტროს ფინანსურ მდგომარეობას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით'', _ სწორედ ამ წინადადებით იწყება აუდიტორული დასკვნა და აი, რატომ: ,,სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივადაა ასახული შპს „თეთნულდისა“ და შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ კაპიტალში განხორციელებული შენატანები, ჯამური თანხით _ 76 642 055 ლარი, შესაბამისად, 44 341 075 ლარი და 32 300 980 ლარი. 2016 წელს, ამ კომპანიებზე სამინისტროს კონტროლის უფლება შეუწყდა და აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისად, აღნიშნული ნაშთი ხარჯებში უნდა ჩამოეწერა, რაც არ განხორციელებულა. შედეგად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების „ფორმა #1''-ში, გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთი არასწორადაა გაზრდილი 76 642 055 ლარით, ხოლო „ფორმა #2''-ში, ხარჯები („გრანტები“) იმავე თანხითაა შემცირებული''.
სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის'' ბალანსზე ასახულია ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებით, სხვა იურიდიული პირის, ამ შემთხვევაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაა (ჯამური ღირებულება 134 128 ლარი). აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისად, „არაფინანსური აქტივებით ოპერაციები აღრიცხვაში აისახება მაშინ, როდესაც ხდება არაფინანსურ აქტივებზე საკუთრების უფლების მოპოვება ან დათმობა“. აქედან გამომდინარე, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული აქტივები ანგარიშგებაში ასახვის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა'' ერთ-ერთ კომპანიას 1 250 000 აშშ დოლარის (3 354 625 ლარი) სანქცია დააკისრა. ეს და სხვა სანქციები (ჯამში 354 100 ლარი), შემოსავლების მუხლში აღიარების ნაცვლად, კაპიტალის ანგარიშზე ასახეს, რაც აუდიტორების შეფასებით, აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. შედეგად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების „ფორმა #2''-ში, შემოსავლები 3 708 725 ლარითაა შემცირებული.
,,2013 წლის 5 დეკემბერს, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტმა'', რუისი-რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობისთვის, კერძო სამართლის იურიდიული პირისგან, კომპენსაციის სახით, 1 393 000 ლარის ღირებულების აქტივები (10 ცალი თხევადი გაზის რეზერვუარი და სხვადასხვა მაკომპლექტებელი მასალები) შეისყიდა. კომპენსაციის თანხა განისაზღვრა შპს „დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტ ესკორტის“ 2013 წლის 3 ივნისით დათარიღებული დასკვნის საფუძველზე. შესაფასებელი ობიექტის ანალოგები (3 ანალოგი) მოძიებულ იქნა უცხო ქვეყნის ბაზარზე, რაც ანგარიშში დასაბუთებულია საქართველოს ბაზარზე ინფორმაციის არარსებობითა და შესაბამისი კორექტირებების გამოყენებით გაანგარიშდა საბაზრო ღირებულება. 2016 წელს, დეპარტამენტმა ეს აქტივები განსაკარგად სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ გადასცა, რომელმაც 2016 წლის 27 მაისის დასკვნის საფუძველზე, 280 640 ლარად შეაფასა. ანგარიშის მიხედვით, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა თავისუფალ წყაროზე განთავსებული მსგავსი პროდუქციის საფუძველზე, თუმცა კორექტირებისთვის სპეციალური მითითებები არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ანგარიშში მითითებული თავისუფალი წყარო (ვებსაიტი). მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილი ფასდაკლებების ნორმების გათვალისწინებით, ელექტრონული აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად, 149 095 ლარი მიიღეს, რაც დეპარტამენტის მიერ, იმავე აქტივში გადახდილ თანხასთან შედარებით, 1 243 905 ლარით ნაკლებია. სხვაობით მიღებული ზარალი კი ბუღალტრულად არც ერთ ორგანიზაციაში არ ასახულა''.
სახელმწიფო აუდიტორებმა სხვა დარღვევებზეც გაამახვილეს ყურადღება. მაგალითად, განსახლებებთან დაკავშირებით, ,,მუნიციპალური განვითარების ფონდსა'' და ბენეფიციარებს შორის გაფორმებელ შეთანხმებებს, აქტებსა და ხელშეკრულებებს ხელს აწერს ფონდის მინდობილი პირი. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2015 წლის 20 ივლისს მინიჭებულ მინდობილობას ძალა მხოლოდ 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა, განახლებული მინდობილობა კი 2016 წლის 6 მაისითაა დათარიღებული. ბუღალტრული ჩანაწერებით, ამ შუალედში განხორციელებულ ტრანზაქციებზე _ 3 146 978 ლარის ოდენობით, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერაა დაფიქსირებული. აუდიტორებმა ისიც დაადგინეს, რომ ამ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესყიდული უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია რეგისტრირებული!
,,მუნიციპალური განვითარების ფონდის'' ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება 2 143 360 ლარის ოდენობით, რომელიც შესაბამისი სასესხო ხელშეკრულებებით წარმოიშვა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეს დავალიანება ვადაგადაცილებულ მოთხოვნას წარმოადგენდა, რადგან ვალდებულების აღიარებაზე მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა:,,ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე ასახულია შპს „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანება 3 447 644 ლარის ოდენობით. ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს'' აღრიცხული აქვს სს „საგზაო კომპანია თბილისის“ მიმართ დებიტორული დავალიანება 5 337 341 ლარის ოდენობით, რომელიც 2015 წლის 30 იანვარს გაცემული ავანსია. ამ დავალიანებაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს''.
2016 წელს, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტმა'' მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა შეისყიდა, რომელიც აუდიტორების მტკიცებით, საქართველოს მთავრობის #121 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. კერძოდ, შესყიდვის პროცედურებით, დადგენილი ავტომანქანის ზღვრული ფლობის ღირებულება დადგენილი არაა: ,,ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, შესყიდული ავტომანქანა შეესაბამება ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მაღალი გამავლობის ავტომანქანების კლასი II-ს, რომლის ზღვრული ფლობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 26 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (63 759 ლარი). თუმცა, შესყიდული ავტომანქანის მაჩვენებლების გათვალისწინებით, მისი ზღვრული ფლობის ღირებულება შეადგენს 72 070 ლარს (სერვისის გაუთვალისიწნებლად), რაც დადგენილებით განსაზღვრულზე ბევრად აღემატება''.
2016 წლის დეკემბერში, ,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა'' წინასწარ, ავანსის სახით, 32 744 800 ლარი გადარიცხა, რაც 2016 წლის განმავლობაში, ავანსად გადარიცხული მთლიანი თანხის (69 278 913 ლარი) 47%-ია. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთი ხელშეკრულების შემთხვევაში, 30 დეკემბერს, საავანსო თანხა 758 250 ლარის ოდენობით გადარიცხეს, რაც სახელშეკრულებო თანხის 9%-ია. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს: ,,მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ფისკალური წლის ბოლოს, ბიუჯეტის გადასახდელების ზრდა შესაძლოა ობიექტურ გარემოებებს უკავშირდებოდეს, აღნიშნულ მუხლში არსებითი ზრდა საჯარო ფინანსების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად, ასევე არამიზნობრივად გახარჯვის რისკს ქმნის''.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ასევე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის'' თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებებით, სამინისტროს აპარატისა და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ყოველთვიური დანამატი აქვს დანიშნული. სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ 2016 წელს, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით, სამინისტროს თანამშრომლებზე 11 818 119 ლარის საკასო ხარჯი გასწიეს, მათ შორის, დანამატი _ 1 909 454 ლარია: ,,საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისთვის განკუთვნილ დამატებით საზღაურსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა კი თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატისა, რაც გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და სათანადოდ დასაბუთებული არაა''.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში