Menu
RSS

მეტროში შეკიდული ჭერის მონტაჟი დაუშვებელია!

ვინ აგებს პასუხს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეულ ჭერზე

რატომ ჩამოიშალა შეკიდული ჭერის კონსტრუქცია მეტროსადგურ ,,ვარკეთილში''? რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც 2016 წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' სარემონტო სამუშაოები განახორციელა? რა წერია სატენდერო პირობებში? ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ან უნდა დადგეს არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო? ,,ვერსია'' შეეცადა ამ კითხვებზე პასუხები ეპოვა, რადგან ინციდენტი, რომელიც გასულ კვირას მოხდა, კვლავ აქტუალურია _ მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. მართალია, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
გამოცხადებული ტენდერის ქრონიკა
მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2016 წლის სექტემბერში გამოცხადდა. შესყიდვების თავდაპირველი ღირებულება 396 600 ლარი იყო, ,,ყვარელრემმშენმა'' კი ეს ტენდერი 347 852 ლარით მოიგო. თბილისის მეტროს სისტემის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს გამოაცხადა. ამიტომ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ'', რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დედაქალაქის მერიაა, მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოები, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.
შედეგად, ორი წლის წინ, 6 სადგურის, მათ შორის, ,,ახმეტელის თეატრის'', ,,ვარკეთილის'', ,,სადგურის მოედანი 1''-ის, ,,მარჯანიშვილის'', ,,თავისუფლების მოედნისა'' და ,,ავლაბრის'' რეაბილიტაცია დაიგეგმა. რეკონსტრუქციის ფარგლებში, მეტროსადგურების ინტერიერი და ექსტერიერი განახლდა, ელექტრომომარაგებისა და წყლის გაყვანილობის მილები შეკეთდა. გარდა ამისა, სატელეფონო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების დაცვითი და სახანძრო უსაფრთოების სისტემებიც განახლდა.
მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო. ტენდერში, რომელიც შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ'' გამოაცხადა, შპს ,,ყვარელრემმშენმა'' გაიმარჯვა. ,,ყვარელრემმშენმა'' მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'', სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი განაახლა, დახრილი გვირაბი გაარემონტა, ხოლო იატაკის გრანიტი და მარმარილო გაწმინდა. სადგურებში ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდა. შპს ,,ყვარელრემმშენის'' კონსულტანტი შპს ,,გეომეფი'' იყო, რომელმაც სადგურის სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები დააპროექტა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, განისაზღვრა მეტროსადგურ ,,ვარკეთილის'' სარეაბილიტაციო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. კომპანია ვალდებული იყო, რომ მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულში არსებულ ბუნებრივი გრანიტის იატაკისა და კედლების პოლირება ჩაეტარებინა. ამავე პირობებით, გათვალისწინებული იყო არსებული ბეტონის საფარის დემონტაჟი, რომელიც ბუნებრივი გრანიტით უნდა შეცვლილიყო. შპს ,,ყვარელრემმშენს'', მეტროს ქვედა ვესტიბიულში, კედლებიდან და ჭერიდან პლასტმასის პროფილები და ქვის იმიტაციის მქონე პლასტიკატები უნდა ჩამოეხსნა. სანაცვლოდ კი იგივე კონსტრუქციაზე, ლითონის პროფილების დამატებით, მინა-მაგნეზიტის ფილები უნდა მოეწყო. სატენდერო პირობებით, მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადად 10 წელი განისაზღვრა, მაგრამ რეალურად, მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო...
რას წარმოადგენს შპს ,,ყვარელრემმშენი''?
ყვარლის რაიონულ სასამართლოში, 1999 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით, შპს ,,ყვარელრემმშენი'' სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდა. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ თამაზ ჯოხარიძე _ საწესდებო კაპიტალში 1 200-ლარიანი შენატანითა და ოთარ ქანდაურიშვილი _ საწესდებო კაპიტალში 800-ლარიანი შენატანით. ,,ყვარელრემმშენის'' იურიდიული მისამართი დაარსებიდან დღემდე, ყვარელში, თამაზ ჯოხარიძის საცხოვრებელი სახლია: მათიკაშვილის ქ #20.
2014 წლის 7 აპრილს, ორივე დაფუძნებელმა სრულად დათმო წილი გიორგი ჯოხარიძის სასარგებლოდ, რომელიც შპს ,,ყვარელრემმშენის'' მფლობელი და 100%-იანი წილის მმართველი გახდა.
მას შემდეგ, რაც მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ყვარელრემმშენის'' ახლანდელი მმართველი გიორგი ჯოხარიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის ბავშვობის მეგობარია. თუმცა ეს ინფორმაცია თავად მათიკაშვილმა კატეგორიულად უარყო. როგორც ჩანს, შპს-ს იურიდიული მისამართი ყვარელში _ მათიკაშვილის #20, ვიღაცას დეპუტატის გვარში აერია. თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ყვარელრემმშენის'' ყოფილ დამფუძნებელს, თამაზ ჯოხარიძეს პირდაპირი კავშირი ჰქონდა საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან. 2011 წლის 16 სექტემბერს, რადიო ,,თავისუფლების'' მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით, ,,პრეზიდენტი ვენახში'', ვკითხულობთ: „პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ ,,საფერავში'', მიხეილ სააკაშვილმა 33 000 ლარი გადაიხადა, რომელიც სწორედ თამაზ ჯოხარიძისგან შეიძინა''.
რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ტენდერების მონიტორინგის რუბრიკაში აღნიშნულია, რომ
2011 წლიდან დღემდე, შპს „ყვარელრემმშენი“ 48 ტენდერში მონაწილეობდა. აქედან, 25 ტენდერში დამარცხდა, ხოლო 18 _ მოიგო. მოგებული ტენდერებიდან 5 შემთხვევაში, შპს ,,ყვარელრემმშენი'' დისკვალიფიცირებული იყო ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო სხვა, 4 შემთხვევაში _ გამარჯვებულის გამოვლენამდე, კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო და ტენდერიდან მოხსნეს.
შპს ,,ყვარელრემმშენი'' დისკვალიფიცირებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის, ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს'', გარემოს დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ასევე მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს სასწვალო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.
ვინ აგებს პასუხს მეტროში ჩამონგრეულ ჭერზე?
ამ კითხვაზე პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. თუმცა მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' დაშავებულ 14 ადამიანს ნაკლებად აღელვებს, კონკრეტულად რომელი უწყების ხელმძღვანელმა დაუშვა შეცდომა. ფაქტია, მეტროში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა და ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც დამნაშავეების დასჯას სრულიად სამართლიანად ითხოვენ. ცხადია, შსს გაარკვევს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება _ დამკვეთის ანუ ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'', თუ შემსრულებლის ანუ შპს ,,ყვარელრემმშენის''. თუმცა ერთი რამ აშკარაა, მეტროსადგურისა და საცხოვრებელი სახლის, ბინის, სუპერმარკეტისა და თუნდაც საბავშვო ბაღის რემონტი რადიკალურად განხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, კომპანიას საბავშვო ბაღებისა და სკოლების რემონტის დიდი გამოცდილება რომ აქვს, ცალსახად არ უნდა ნიშნავდეს, რომ მეტროსადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულებსაც უპრობლემოდ გაარემონტებს!
მეტიც, უკვე დიდი ხანია, ,,ვერსიაში'' ვწერთ, რომ შესყიდვების შესახებ კანონი დასახვეწია და ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა უწყების შემოწმების დასკვნებიც მოწმობს, სადაც დარღვევების დიდი წილი, სწორედ სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის. მთავარი და გამოკვეთილი ნაკლი ამ კანონში ისაა, რომ ნებისმიერი შემსყიდველი ვალდებულია, ტენდერში უპირატესობა იმ კომპანიას მიანიჭოს, რომელიც შედარებით ნაკლებ ფასს წარადგენს. ფასის ხარჯზე კი შესრულებული სამუშაოს ხარისხიც იკლებს, რაც სტრატეგიულ ობიექტებში საკმაოდ დიდ რისკს ქმნის. მოკლედ, შესყიდვების შესახებ კანონი შესაცვლელია და ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე მუშაობენ კიდეც.
მაშინ, როდესაც მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' სარემონტო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' დირექტორი იყო ნუგზარ ჭეიშვილი, რომელიც დღეს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს და ,,ვერსია'' სწორედ მას ესაუბრა:
_ ბატონო ნუგზარ, თქვენ, როგორც დამკვეთი, დაინტერესდით და მოიძიეთ თუ არა ინფორმაცია შპს ,,ყვარელრემმშენის'' გამოცდილების შესახებ?
_ თუ კარგად ნახავთ ამ კონკრეტული ტენდერის ტექნიკურ პირობას, იქ რამდენიმე კომპონენტია მითითებული: კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება იმ კონკრეტულ სამუშაოებზე, რაზეც ტენდერი გამოცხადდა. ეს და სხვა პირობები, რაც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული, შპს ,,ყვარელრემმშენმა'' დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის ფაქტი, კომპანია იყო თუ არა ,,შავ სიაში'', ამის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდით.
_ ,,შავ სიაზე'' შეგნებულად არ გკითხეთ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან შესყიდვების სააგენტო ავტომატურ რეჟიმში დაბლოკავდა... მას შემდეგ, რაც ,,ყვარელრემმშენმა'' სარემონტო სამუშაოები დაასრულა, ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ექსპერტიზის ჩატარება თუ მოითხოვეთ?
_ ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა მოვითხოვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავუხადეთ კომპანიას თანხა შესრულებულ სამუშაოებზე.
_ სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მეტროსადგურ ,,ვარკეთილის'' ქვედა ვესტიბიულის ჭერში მინა-მაგნეზიტის შეკიდული ჭერი უნდა დამონტაჟდეს, თუ გაიარეთ ექსპერტებთან კონსულტაცია, რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი რემონტი მეტროში?
_ სიმართლე გითხრათ, ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში'' ჩემი დირექტორობის დროს, ერთი წერილიც კი არ შემოსულა რომელიმე ექსპერტისგან, ერთი შეხვედრაც კი არ მქონია, სადაც გვეტყოდნენ, რომ მეტროში რამე არასწორად კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ბევრ ექსპერტთან გვქონდა კომუნიკაცია, მათ მოსაზრებებს და რჩევებსაც ვითვალისწინებდით და არა მარტო მეტროსადგურ ,,ვარკეთილთან'' დაკავშირებით. თუმცა ჩვენთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, რომ რემონტი არასწორად მიმდინარეობდა.
მეტროში შეკიდული ჭერის მონტაჟი დაუშვებელია!
2007 წელს, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, თითქმის ყველა მეტროს ჭერში პლასტიკატის შეკიდული ჭერი დაამონტაჟეს. ექსპერტების განცხადებით, პლასტიკატი ადვილად აალებადი მასალაა, რომლის გამოყენებაც მეტრომშენებლობაში სასტიკად აკრძალულია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2009-2010 წლებში, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურებში ხანძარი ჩნდებოდა, შესაძლოა, ესეც იყო. იმის გამო, რომ პლასტიკატის შეკიდული ჭერი შეცვლილიყო, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. ასეც მოხდა, ოღონდ პლასტიკატი ამჯერად, მინა-მაგნეზიტის ფილებით ჩანაცვლდა, რომელიც არც ადვილად აალებადია და წყალგამძლეა, მაგრამ ირკვევა, რომ მეტროში შეკიდული ჭერის მონტაჟი არ შეიძლება. ,,ვერსიას'' ,,ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ბაბუნაშვილი ესაუბრება: 
_ ბატონო გიორგი, მარტივად გკითხავთ, მეტროში შეკიდული ჭერი უნდა იყოს, თუ არა?
_ მარტივად გპასუხობთ, არა! სადგურები, სადაც შეკიდული ჭერები დაამონტაჟეს, პროფესიული ტერმინით, ღრმა ჩაწოლის სადგურებს წარმოადგენენ ანუ მიწიდან დიდ სიღრმეზეა განთავსებული. ასეთი ტიპის სადგურები ისეთ გეოლოგიურ გარემოში იმყოფება, სადაც გრუნტის წყლების უხვი დინებაა, რაც სრულიად ნორმალურია. ყველგან ასეა, გრუნტის წყალი შემოედინება სადგურზე და ამაში საგანგაშო არაფერია, ამ წყლის ასარიდებლად, სადგურში გაკეთებულია ე.წ. ქოლგა, რომელიც იმეორებს თაღის ფორმას. შესაბამისად, თაღიდან ჩამომავალი წყალი ქოლგაზე, გვერდით სადინარებში გადაედინება და იტუმბება. დროთა განმავლობაში, ქოლგა ზიანდება და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ამიტომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ვიზუალურადაც ჩანდეს, რა მდგომარეობაშია, შესაბამისად, ადვილად მიწვდომადი უნდა იყოს, რათა შეკეთდეს. შეკიდული ჭერი ფარავს ამ ქოლგას და შეუძლებელს ხდის მის მიმდინარე რემონტსაც და მონიტორინგსაც, რადგან შეკიდულ ჭერს არავინ ჩამოხსნის მხოლოდ იმიტომ, რომ ქოლგა დაათვალიეროს. ქოლგა თუ დაზიანდა და წყალი შეკიდულ ჭერზე ჩამოვიდა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ისე დააზიანოს სამაგრები, რომ თუნდაც მხოლოდ წყლის გამო დაეცეს ეს ქოლგა პლატფორმაზე. ამდენად გიმეორებთ, ქოლგა ვიზუალურად უნდა მოჩანდეს.
გარდა ამისა, ბევრ ადამიანს აქვს ჩაკეტილი სივრცის შიში ან დისკომფორტი, მაგრამ ამის მიუხედავად, იძულებულნი არიან, მიწისქვეშა ტრანსპორტით იმგზავრონ. ამიტომ მეტრომშენებლები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მაღალთაღიანი, ფართო სადგური გააკეთონ, რათა ადამიანებს მიწისქვეშ შიში აღარ ჰქონდეთ. როდესაც სადგურზე მომრგვალებული მაღალი თაღია, საერთაშორისო სტანდარტით, მისი ხელოვნური დადაბლება დაუშვებელია!
რაც მთავარია, შეკიდულ ჭერს მეტროში არავითარი ფუნქცია არ აქვს, რადგან მასზე არც განათებაა დამაგრებული და არც სავენტილაციო სისტემები. წარმოიდგინეთ, ჩამოკიდებული კონსტრუქცია გაქვთ, რომელიც არაფერში გჭირდებათ და თავისთავად განიცდის, როგორც სტატიკურ, ასევე დინამიურ დატვირთვას. სტატიკურ დატვირთვაში შეკიდული ჭერის წონას ვგულისხმობ, რომელიც სამაგრებს აწვება, ხოლო დინამიური დატვირთვა მატარებლების მოძრაობა და ჰაერის ვიბრაციაა, რაც შეკიდულ ჭერზე მუდმივად მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგადად, მეტროსადგური უფრო მეტად ტენიანია, ამიტომ დროთა განმავლობაში, შეკიდული ჭერი იჟანგება, უფრო სწრაფად კოროზირდება და თუ წყალგამძლე მასალა არაა გამოყენებული, იშლება.
_ მართალია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ თქვენი აზრით, მეტროსადგურ ,,ვარკეთილში'' ჭერი რა მიზეზით ჩამოინგრა?
_ მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ, თუმცა შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსიაც კი იყოს.
კარგად არ იყო გათვლილი იმ სამაგრების წონითი მედეგობა, რომლითაც მინა-მაგნეზიტის ფილები დაამაგრეს. დროთა განმავლობაში, იმის გამო, რომ დინამიური და სტატიკური დატვირთვები დასაშვებ ზღვარს აჭარბებდა, თანდათანობით შესუსტდა, რის გამოც ჭერი ჩამოვარდა. ოთხი თვის განმავლობაში, ეს სამაგრები ნელ-ნელა სუსტდებოდა და ჩამოვარდა მაშინ, როდესაც მატარებელი ტოვებდა სადგურს, რაც რეალურად, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. შესაძლოა, მატარებლის ვიბრაციამ, ხმამ ან თუნდაც ჰაერმა გამოიწვია რეზონანსი, თუმცა ფაქტია, რომ სამაგრები დიდი ხნის მანძილზე სუსტდებოდა.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში