Menu
RSS

აფბა პრემიერისგან საგზაო პროექტების პირად კონტროლზე აყვანას ითხოვს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთაასოციაციამ“ (აფბა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართა. ორგანიზაცია პრემიერისგან მსხვილი საგზაო პროექტების პირად კონტროლზე აყვნას ითხოვს. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ, ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა, ასევე გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგი. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო უახლოეს პერიოდში, მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე _ 1.3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს: ,,ბატონო პრემიერო, 2014 წლის 8 ივლისს, თქვენ საზეიმოდ გახსენით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. რა გვაქვს დღეს? მაგისტრალი არ არის დასრულებული, უკრაინული კომპანია „ალტკომი'' გამქრალია და სახელმწიფო ვერ იბრუნებს უკვე გადახდილ თანხას, რადგან საბანკო გარანტია გაცემული იყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ბანკის მიერ. დღეს ტარდება განმეორებითი ტენდერი ამ მაგისტრალის მშენებელობის დასასრულებლად, რომელიც უკვე განწირულია ჩაშლისთვის, რადგან ტენდერი ისევ შეცვლილი არასათანადო პროექტით არის გამოცხადებული. ეს კი ნიშნავს, რომ გზის მშენებლობის დასრულებამდე, რომელზეც ასეული მილიონი ლარი ნასესხები ფული უნდა დავხარჯოთ, გზა თავიდან იქნება გასაკეთებელი'', _ ესაა მცირე ამონარიდი აფბა-ს მიმართვიდან. ,,ვერსიას'' აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე ესაუბრება, რომელმაც განაცხადა:
_ კვლევის ფარგლებში, რომელიც ახლახანს დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, გამოგვეკვლია, თუ როგორ ხორციელდებოდა საგზაო პროექტები და რამდენად იყო წესები დაცული ავტომაგისტრალების მშენებლობისას. შესაბამისად, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საგზაო დეპარტამენტს მივმართეთ. ახლა ამ უწყებებისგან კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და ჯერ კვლევაც არ დაგვისრულებია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა ავტომაგისტრალის მშენებლობისას, გარკვეული დარღვევები უკვე გამოვავლინეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინსიტრი თავად ჩაერთოს თითოეული პროექტის მონიტორინგში, რათა საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად არ გაიხარჯოს და საბოლოოდ, გაუმართავი ავტომაგისტრალები არ მივიღოთ.
_ კონკრეტულად, რომელ პროექტებზე გამოავლინეთ დარღვევები?
_ მაგალითად, რუსთავის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც აქამდე უნდა დასრულებულიყო და გახსნეს კიდეც, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ეს ავტომაგისტრალი დაუმთავრებელია! სერიოზული პრობლემებია ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, რომელიც, ფაქტობრივად, სასაკლაოდ იქცა. ამ გზის შემოვლის ეფექტიანობა, პრაქტიკულად, განულებულია, რის გამოც, ეს გზა გაცალმხრივებულია. საკმაოდ პრობლემურია ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც ბეტონის საფარსა და ხიდებს შორის, დონეები აცდენილია, ახალაშენებულ გზაზე ხარვეზებია, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა! სამწუხაროდ, აცდენილი გზები ჩაკერებულია და დამაკავშირებელი გზების გვირაბებიც დაწეულია. როგორც ჩანს, ეს პროექტი სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ავტომაგისტრალია და 254 მილიონი ლარი დაჯდა. მას ჩინური კომპანია ,,სინოჰიდრო'' აშენებს, რომელსაც საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს. ,,სინოჰიდრო'' მსოფლიო ბანკის ,,შავ სიაშია'' შეყვანილი. სხვათა შორის, მცირე დროით, ეს კომპანია საგზაო დეპარტამენტის ,,შავ სიაშიც'' კი იყო. სამტრედია-გრიგოლეთის გზა ჭაობითაა დაფარული, არადა, მშენებლობის პროცესში, ის წყლისგან უნდა გაწმენდილიყო. თავდაპირველად განისაზღვრა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო, რადგან ასე წყლის დონე ქვემოთ მოექცეოდა. თუმცა ტენდერში გამარჯვების შემდეგ, კომპანია ,,სინოჰიდრომ'' გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი ექსპერტიზისა და დასაბუთების გარეშე, პროექტში ცვლილებები შეეტანა. შედეგად ბეტონის ხიმინჯების ნაცვლად, ფითილები დაამონტაჟეს, რომელსაც თითქოს, წყალი უნდა განედევნა. აშკარაა, რომ ფითილები არაეფექტურია ამ გზაზე, რადგან აქ გამდინარე წყლებია, ამიტომ გზა ჭაობში შენდება. სამაგიეროდ, ,,სინოჰიდროს'' ფითილების მონტაჟი გაცილებით იაფი დაუჯდა და უფრო მეტი მოგება მიიღო, სახელმწიფო ბიუჯეტი და ჩვენ კი დავზარალდით!
_ თვითნებურად შეცვლილი პროექტის გამო, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი _ ინფრასტრუქტურის სამინისტრო თუ საგზაო დეპარტამენტი?
_ ორივე პასუხისმგებელია, სამინისტროცა და დეპარტამენტიც! კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს, კანონის მიხედვით, შეცლილი პროექტები მხოლოდ და მხოლოდ საგზაო დეპარტამენტში არსებული კომისიის მიერ მტკიცდება, რაც არასწორია.
_ საგზაო პროექტები კვირიკაშვილმა პირად კონტროლზე როგორ უნდა აიყვანოს, სპეციალური კომისია უნდა შექმნას?
_ ცხადია, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მაგრამ შესაძლებელია, შეიქმნას სპეციალური კომისია, ან ინფრასტრუქტურის სამინისტროს და თუნდაც საგზაო დეპარტამენტს დაევალოს, რომ გზების მშენებლობის პროცესის მონიტორინგი განახორციელოს. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ესაა, რადგან მშენებლობის პროცესში, ყოველი ეტაპი დეტალურად არ მოწმდება, არავინ აკონტროლებს, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება ესა თუ ის პროექტი! რაც მთავარია, პრემიერს ვთხოვთ, რომ უკვე დაგეგმილ პროექტში ცვლილებები მხოლოდ დეტალური დასაბუთებისა და შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად განხორციელდეს, რადგან გამარჯვებულმა კომპანიამ თვითნებურად არ შეცვალოს!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში