Menu
RSS

პაატა ბურჭულაძეს 9 თებერვალს დაკითხავენ!

9 თებერვალს სასამართლოში ფონდ ,,იავნანადან'' შესაძლო თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე პროკურატურა მოსამართლის თანდასწრებით პაატა ბურჭულაძეს დაკითხავს.
ბურჭულაძის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, აცხადებს, რომ კანონის მიხედვით, დასაკითხ პირს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება, დაიკითხოს საგამოძიებო ორგანოში, ან _ სასამართლოში: ,,ბატონმა პაატამ აირჩია, დაიკითხოს სასამართლოში და ეს შეთანხებულია გამომძიებელთან. რადგანაც არ დასრულებულა გამოძიების პროცესი, ეს არ იქნება საქმის არსებითი განხილვა და დიდი ალბათობით, პროცესი დახურული იქნება.'' ბარათაშვილი განმარტავს, რომ პაატა ბურჭულაძე დაიკითხება მოწმის სახით და მის მიმართ ბრალი წაყენებული არაა. ადვოკატი არც იმის მიზეზს ხედავს, მომავალში წაეყენოს ბრალი მსოფლიო ბანს.
სოსო ბარათაშვილი არ გამორიცხავს, პაატა ბურჭულაძის საქმიანობას უკავშირდებოდეს მის შვილებთან დაკავშირებული საკითხი. საქმე ისაა, რომ მსოფლიო ბანის შვილებმა, ინტერნეტ-მაღაზია ,,ირისის'' მფლობელებმა, ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ალექსანდრე ბურჭულაძის კუთვნილ ტელეფონზე კიბერშეტევა განხორციელდა. ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, მის ტელეფონში გარკვეული სახის მუქარები დაფიქსირდა და ე.წ. სქრინშოტები გაჩნდა. იგი ვერ აზუსტებს, ეს ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდება თუ პაატა ბურჭულაძის საქმიანობას: ,,არ გამოვრიცხავ, ეს უკავშირდებოდეს მამაჩემის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ კამპანიას.''
ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეების უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი, აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს ალექსანდრე ბურჭულაძის პირად ინფორმაციაზე შეღწევის მცდელობა იყო: ,,აპარატს არც შეხებია და ტელეფონით ზარები განხორციელდა, ჯერ დაუდგენელია, ვინ ცდილობდა მის ინფორმაციაში შეღწევას და ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომ ეს დაადგინონ.''
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში