Menu
RSS

თაღლითობა დევნილების სახელით!

თაღლითობის რა სქემები გაუშიფრეს „ვერსიას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და რა მექანიზმით ნაწილდება საცხოვრებელი ფართი დევნილთა სამინისტროში?!

თაღლითობით მოქალაქეთა კუთვნილი თანხების დაუფლება საკმაოდ გავრცელებული და ძველი მეთოდია. ხშირ შემთხვევაში, ყველა ფიქრობს, რომ ვერ მოატყუებენ, მაგრამ საბოლოოდ მათი უმრავლესობა თაღლითების მსხვერპლი ხდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თაღლითობის არაერთი ფაქტი დაასახელეს, რომელთა სქემა საკმაოდ უცნაური და კარგად მოფიქრებული იყო. თაღლითები ,,მსხვერპლად“ ისეთ ადამიანებს არჩევენ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ კარგია და მათზე ზეგავლენის მოხდენა ,,უკეთესი მომავლის'' უზრუნველყოფის შეთავაზებით, გაცილებით ადვილია. ბოლო პერიოდში, საგამოძიებო სამსახურში თაღლითობის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც იძულებით გადადგილებულ პირებს უკავშირდებოდნენ და მათი ნდობის მოპოვების შემდეგ, ბინების გადაცემას ჰპირდებოდნენ. სანაცვლოდ, 1 500-დან 3 500 აშშ დოლარს ართმევდნენ.
მართალია, მოქალაქეები მუდმივად ინფორმირებულნი არიან, რომ სახელმწიფო საცხოვრებელ ბინებს დევნილ მოსახლეობას უფასოდ გადასცემს, მაგრამ თაღლითობის მსხვერპლი მაინც არაერთი დევნილი გახდა, არადა ყველა დევნილმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბინების განაწილების სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც ამა თუ იმ დევნილის საქმეს დეტალურად სწავლობს. შემუშავებულია გარკვეული კრიტერიუმებიც, რომლითაც ბინები გაიცემა. კომისიის გადაწყვეტილებასა და ზოგადად დევნილთათვის ბინის უფასოდ გადაცემას კი გარკვეული დრო და პროცედურები სჭირდება. შესაბამისად, ერთი ადამიანი, რომელიც ბინის მიღებას მარტივად და მოკლე დროში გპირდებათ, ერთმნიშვნელოვნად, თაღლითად უნდა მიიჩნიოთ.
გამოძიების ოფიციალური ვერსია _ თაღლითობის ბოლო ფაქტები
2018 წლის 25 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ორ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მათი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა ისინი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდა. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 3 500 აშშ დოლარს.
2017 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს! გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საკუთრებაში გადასცემდნენ დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს. ორ შემთხვევაში კი ბრალდებულები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის რიგგარეშე მიღებაში. აღნიშნული თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 14 100 აშშ დოლარს.
აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
თაღლითობის სქემის დეტალები
მას შემდეგ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მთლიანობაში, 6 პირი დააკავა, პროფესიონალი და გამოცდილი გამომძიებლები, რომლებიც თაღლითობის სქემების ფართო სპექტრს იცნობენ, იძულებით გადაადგილებულ პირებს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ საქმე საკმაოდ ,,ჭკვიან და გამოცდილ'' თაღლითებთან გვაქვს, ამიტომ მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა ავთანდილ ცხადაძემ, ,,ვერსიას'' თაღლითობის ერთ-ერთი სქემა დეტალურად გაუშიფრა:
,,ჩვენ დავაკავეთ ორი პიროვნება, რომლებიც იძულებით გადადგილებულ პირსა და მის ახლობელს პირდებოდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ გადასაცემი ფართებიდან, მათი სურვილის შესაბამისი ერთ-ერთი ბინის მიღებაში დაეხმარებოდნენ. საუბარია ძალიან პრესტიჟულ, ე.წ. მ2-ის კორპუსში მდებარე ბინაზე, რომლის ფასიც, მინიმუმ 50 000 აშშ დოლარია. სქემა ასეთი იყო: დევნილები დაარწმუნეს, თითქოს სამინისტროში ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავდათ, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ამ ვითომ თანამდებობის პირის დახმარებით, ისინი ყველა პრობლემას მოაგვარებდნენ ანუ დევნილები ბინას ძალიან მალე მიიღებდნენ, სანაცვლოდ კი ,,ბე“-ს სახით, 2 500 აშშ დოლარი მოითხოვეს. ხოლო, როდესაც დევნილები თითქოს ბინას მიიღებდნენ, პირობითად, 10 000 აშშ დოლარსაც გადაახდევინებდნენ... ჩვენ ეს თაღლითები მაშინ დავაკავეთ, როდესაც დევნილებმა ფული გადასცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამინისტროს არცერთ თანამშრომელთან არ ჰქონდათ კავშირი, მეტიც, სინამდვილეში თანამშრომლებს არც კი იცნობდნენ. თუმცა დევნილებს იცით, როგორ ატყუებდნენ? მათ დევნილთა სამინისტროს ეზოში იბარებდნენ, ვითომდა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისა და საქმის მოგვარების მიზნით. გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითები სამინისტროში ეზოს ერთი შესასვლელიდან შედიოდნენ და მეორე შესასვლელიდან გამოდიოდნენ, შენობაში საერთოდ არ ადიოდნენ და ცხადია, არც არავის ხვდებოდნენ...
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თაღლითები საკმაოდ დამაჯერებლად ატყუებდნენ მოქალაქეებს, რომ გადასაცემი ბინების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სამინისტროს წარმომადგენლებთან. სინამდვილეში კომუნიკაციას ამყარებდნენ მხოლოდ კომპანია მ2-ის გაყიდვების ოფისის წარმომადგენლებთან და დაახლოებით, 70 კვ.მ. ფართის გასაყიდი ბინის სართულს და სხვა პირობებს ათანხმებდნენ. რასაკვირველია, ჩვენ ამ კომპანიის თანამშრომელიც გამოვკითხეთ და გავარკვიეთ, რომ ამ სამშენებლო კომპანიას იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არავითარი კავშირი არ აქვს! მეტიც, კომპანია მ2-ის მშენებარე კორპუსებში საერთოდ არაა გათვალისწინებული, რომ დევნილებს ბინები გადაეცეთ''.
სამინისტროში ვითომ შეხვედრებითა და ე.წ. სატელეფონო საუბრებით, თაღლითები ისეთ იმიჯს იქმნიან, უტყუარი ოპერატიული ინფორმაცია რომ არა, გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, ეჭვი გამოცდილ ადამიანსაც კი შეპარვოდა. სწორედ ამიტომ მოუწოდებენ დევნილებს, ყოველ ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, ხოლო ეჭვის შემთხვევაში, შესაბამის უწყებას მიმართონ!
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კიდევ ერთმა გამომძიებელმა, მარტა ყიყინაშვილმა ,,ვერსიას'' თაღლითობის სხვა ფაქტი უამბო:
 
,,თაღლითობის ფაქტზე ორი ქალბატონი დავაკავეთ და ამ პროცესში უშუალოდ ვიყავი ჩართული. ამ შემთხვევაში, სქემა ასეთი იყო: ერთ-ერთი ქალბატონი იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დახმარება შესთავაზა. მან დევნილი პირი დაარწმუნა, რომ სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან საქმეს მოაგვარებდა და საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დევნილთა ერთიან სიაში ჩასვამდა! მეტი დამაჯერებლობისთვის, თაღლითმა ქალბატონმა მეორე ქალბატონი მიუყვანა დევნილს, რომელიც სამინისტროს თანამშრომლად გააცნო! ამის შემდეგ, თაღლითები დაპირდნენ, რომ ადგილზე გაიყვანდნენ და მისთვის გადასაცემ ბინას, უფრო ზუსტად, იმ კორპუსს აჩვენებდნენ, რომელშიც სავარაუდოდ, ეს ბინა იყო განთავსებული. ოღონდ უთხრეს, რომ კორპუსში ვერ შეიყვანდნენ, რადგან მშენებარე იყო. ამისთვის დევნილს 3 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს და უთხრეს, რომ 2 500 დოლარს სამინისტროს თანამშრომელს გადასცემდნენ, ხოლო 500 დოლარი _ საშუამავლო მომსახურებას სჭირდებოდა. კორპუსი, რომელშიც თითქოს ამ დევნილს ბინა უნდა მიეღო თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარეობდა, შეხვედრა დათქვეს, ოღონდ მხოლოდ ,,შუამავალი'' ქალბატონი მივიდა, ხოლო მეორე, რომელიც სამინისტროს თანამშრომლად გააცნეს დევნილს, იქ არ მისულა. ჩვენ ის ქალბატონი ადგილზე, ფულადი თანხის აღების დროს, ხოლო მეორე ქალბატონი _ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დავაკავეთ“.
როგორც მარტა ყიყინაშვილმა ,,ვერსიას'' განუმარტა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დევნილი პირი დაუკავშირდა და უწყების თანამშრომლებს დახმარება სთხოვა. ამ ქალბატონების მოქმედებაში ეჭვი იმიტომ შეეპარა, რომ იცოდა სახელმწიფოსგან ბინა უფასოდ უნდა მიეღო, რასაც გარკვეული დრო და პროცედურები სჭირდებოდა. ამიტომ როდესაც ქალბატონებმა მისგან თანხა მოითხოვეს, დაეჭვდა და საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
დევნილთა ბინების განაწილების მექანიზმი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ ამგვარი თაღლითობის 15-მდე შემთხვევა აქვთ დაფიქსირებული. მას შემდეგ, რაც დევნილებმა სამინისტროს მიმართეს, სოზარ სუბარის უწყება სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს დაუკავშირდა და როგორც კი საქმეში საგამოძიებო სამსახური ჩაერთო, ბინების გადაცემის თაღლითური სქემაც გაიშიფრა. იმის მიუხედავად, რომ სამინისტრო გამუდმებით აფრთხილებს დევნილებს, რათა სხვადასხვა ტიპის თაღლითების ანკესს არ წამოეგონ, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები მაინც ხდება.
,,ვერსიას'' საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ლათიბაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო ზვიად, როგორ და რა პრინციპით გადასცემს სამინისტრო საცხოვრებელ ფართს დევნილებს?
_ არსებობს ბინების განაწილების კომისია, რომელიც გარკვეული საკანონმდებლო აქტებითა და მინისტრის #320 ბრძანებით ხელმძღვანელობს, სადაც ბინით დაკმაყოფილების პროცედურა დეტალურადაა გაწერილი. სამინისტროში მოდის დევნილი, ავსებს აპლიკაცია-განაცხადს, რომელსაც მონიტორინგის სამმართველოს კვალიფიციური თანამშრომლები აფასებენ _ ისინი მიდიან ადგილზე, რათა შეამოწმონ, თუ სად და რა პირობებში ცხოვრობს დევნილი. ამის შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის დასურათება, დასაბუთება და დოკუმენტების გამოთხოვა სხვადასხვა უწყებებიდან. პროცედურების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის სამმართველო შესწავლილ დოკუმენტებს გადასცემს ბინების განაწილების კომისიას. კომისიის წევრები არიან, როგორც უშუალოდ ჩვენი სამინისტროს, ასევე სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატისა და ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინისტრი ამ კომისიის წევრი არ არის და შესაბამისად, არც მის საქმიანობაში ერევა. თუმცა კომისიის შემადგენლობა იმდენად მრავალრიცხოვანია, მინისტრის ჩარევას აზრიც კი არ აქვს, რადგან ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
_ უკაცრავად, მაგრამ ვინაიდან კომისიის შემადგენლობა ასე მრავალფეროვანია, სამინისტროს თანამშრომლის მოსყიდვის ალბათობაც გამორიცხულია?
_ წარმოუდგენელი და შეუძლებელია! თუ მაინც და მაინც მოსყიდვა გსურთ, დაახლოებით, 30 კაცი უნდა მოისყიდოთ, რაც ძალიან ძვირი დაგიჯდებათ...
_ ესე იგი, ამ ,,საქმეს'' 2 500 აშშ დოლარი არ ეყოფა, ხომ?
_ თქვენთვის სასურველ დროს მოგიწვევთ ბინების განაწილების კომისიის სხდომაზე და საკუთარი თვალით ნახავთ, რა პრინციპით ხდება ამ ბინების გადაცემა დევნილებისთვის. თავად დარწმუნდებით, რომ კომისიის წევრების ,,მოსყიდვა'' შეუძლებელია. ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, კომისიამ დევნილებს 400-ზე მეტი ბინა გაუნაწილა გორში და ამ საკითხზე, თითქმის ერთი თვის მანძილზე მუშაობდა.
რაც შეეხება თაღლითობის ფაქტებს, ჩვენ აქტიურად ვთანამრომლობთ ყველა საგამოძიებო უწყებასთან. თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვაფრთხილებ დევნილებს, რომ ამ საკითხზე ნებისმიერი სახის დახმარება აბსურდია, და ტყუილად ნუ წამოეგებიან სხვადასხვა ტიპის თაღლითების ანკესს! სახელმწიფო დევნილებს ბინებს უსასყიდლოდ გადასცემს, მაგრამ მათი დევნილთა სიაში გადაადგილებაც კი გამორიცხულია! ბინების სარეიტინგო ქულების მიხედვით გაიცემა, ვისაც მაღალი ქულა აქვს, პირველ რიგში, ბინას ის დევნილი იღებს, ამის შემდეგ, ქულები დაბლა ჩამოდის და ეს ყველაფერი ელექტრონულად ხდება. პირობითად, თუ ბინები 8-ქულიანი დევნილებისთვის ნაწილდება, 5-ქულიანს ბინას ვერ გადავცემთ! ამას ელექტრონულ ბაზაში ვერ ჩავასწორებთ, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, კომისიაზე როგორ გავიტანთ და 30 ადამიანს როგორ დავარწმუნებთ?! შესაბამისად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ საკითხში დახმარების გაწევა გამორიცხულია!
მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში