Menu
RSS

რას ნიშნავს ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია თბილისსა და საქართველოს საკურორტო ზონებში

თბილისის მერია ტაქსების მომსახურების გაუმჯობესებას გეგმავს. შესაბამისი ნებართვისა და ტრაფარეტის გარეშე, ტაქსის მძღოლებს მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. კახა კალაძის უწყებაში უკვე მომზადდა შესაბამისი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. თბილისის მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ ცვლილებების პაკეტს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავენ. ამის შემდეგ, თბილისის მერიას, კანონქვემდებარე აქტის საშუალებით უფლება ექნება ის მინიმალური მოთხოვნები განსაზღვროს, რომელიც შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ტაქსის მძღოლმა უნდა დააკმაყოფილოს.
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რაც ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას გულისხმობს, მძიმე ტვირთად არ დააწვება იმ პირებს, რომლებიც ამ სეგმენტში არიან დასაქმებულნი. შესაბამისად, ტაქსების რეგულირების პირველ ეტაპზე, მათ მხოლოდ მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, ტაქსის ტრაფარეტი და შესაბამისი ნებართვა უნდა ჰქონდეთ, რომლითაც დადასტურდება, რომ ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი:
 
,,რეალურად, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს, როგორც დიდი ავტობუსებისთვის ავტოპარკის გაუმჯობესებას, ასევე მეტროს რეაბილიტაციასა და შემადგენლობების გაზრდას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ავტობუსებისთვის, მიკროავტობუსების კონტროლის გამკაცრებასა და პარალელურად, მსუბუქი ავტომობილების _ ტაქსების სამგზავრო გადაყვანის სეგმენტის რეგულირებას. პირველ ეტაპზე, ეს რეგისტრაციის აღრიცხვიანობის ძალიან მარტივი სისტემა იქნება, რაც დაბრკოლებად არ იქცევა მათთვის, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი. მხოლოდ პირადობისა და მართვის მოწმობების წარდგენისა და მცირე გადასახადით, ნებართვას მიიღებენ. სხვათა შორის, თანხის გადახდა ერთჯერადად, მხოლოდ ნებართვის მისაღებად დასჭირდებათ და იგივე ოდენობის იქნება, რასაც მაგალითად, პირადობის ან მართვის მოწმობის აღების დროს ვიხდით''.
როგორც მაია ბითაძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, პირები, რომლებსაც ტაქსით მომსახურება სურთ, ვალდებულნი იქნებიან, რათა ეს ნებართვა დღის განმავლობაში, როდესაც სერვისს განახორციელებენ, თან იქონიონ. მათი იდენტიფიცირებისთვის კი აუცილებელია, შესაბამისი ტრაფარეტიც ჰქონდეთ:
,,ამის გარეშე შეუძლებელია რეფორმის მეორე ტალღაზე გადასვლა, რამაც ტექნიკურ დათვალიერებასთან ერთად, ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი მოთხოვნები უნდა განსაზღვროს. მაგალითად, ტაქსის მძღოლებს ტაქსომეტრი უნდა ჰქონდეთ, ავტომობილი შიგნიდან მოწესრიგებული უნდა იყოს, მძღოლი თბილისის ქუჩების ცოდნის აუცილებელ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს და ასე შემდეგ. ეს დაახლოებით იგივე სტანდარტებია, რაც პოსტსაბჭოთა და სოციალისტური ბლოკის ბევრ ქვეყანაში არსებობს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მომსახურების ამ სეგმენტში, საქართველოს ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს. თუმცა ხაზგასმით გეუბნებით, მეორე ტალღიოს ეს მოთხოვნები, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას, რადგან ამ მხრივ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რეგულაცია ტექნიკური დათვალიერების შესახებ, 2019 წლიდან ამოქმედდება''.
მაია ბითაძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი თბილისის მერიამ, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან, ასევე პარლამენტთან ერთად უკვე მოამზადა. საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვლილების განხილვა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი, რათა პარლამენტმა განსაზღვროს, 2018 წლის რომელი თვიდან უნდა ამოქმედდეს ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია. ამის შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტს უფლება ექნება, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ნებართვის აღების ვადები დეტალურად განსაზღვროს. მისივე თქმით, საკრებულო გამოსცემს აქტს, რომელშიც კონკრეტული პირობები ჩაიწერება, რა მოეთხოვება მძღოლს ამ ნებართვის მისაღებად.
ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ, თბილისის მერიის ამ ინიციატივას საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრიც გამოეხმაურა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება:
,,ტაქსების რეგისტრაცია აუცილებელია, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. მივესალმები თბილისის მერის ამ განცხადებას და სავალდებულო რეგისტრაციას საქართველოს საკურორტო ზონებშიც დავიწყებთ. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში, სადაც ტაქსები მთელი საქართველოდან იყო ასული. არადა, ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არაა. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებელი და საჩქაროა''.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში