Menu
RSS

საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია

საქართველოს ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. სამწლიან მემორანდუმს მხარეებმა ხელი 30 იანვარს, სეოკ-ის შენობაში მოაწერეს. მემორანდუმის მიხედვით, ქვეყნის წამყვანი ბანკი სეოკ-ის მხარდამჭერი და სპონსორი გახდა.
საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის შედეგად, მომდევნო სამი წლის მანძილზე, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ქართველი სპორტსმენების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ასევე ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებას. თითოეული სპორტსმენისთვის, რომელის წლების მანძილზე, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ აღნიშნა, მათთვის სასიხარულოა, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა:
,,ამ თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი ერთი მხრივ, მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება, მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი ოლიმპიელების, ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში, მომდევნო სამი წლის მანძილზე, მათ შორის, ტოკიოს ოლიმპიადის ფარგლებში. ჩვენი სპორტსმენების წარმატება, სწორედ ქვეყნის წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე''.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი სწორედ საქართველოს ბანკთან გაფორმდა:
,,ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განსავითარებლად, ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ. ამიტომ, ჩვენი გენერალური სპონსორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალებით, უახლესი სამი წლის მანძილზე, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ''.
ლერი ხაბელოვის განმარტებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2018-2020 წლებში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები და სპორტსმენების მომზადება დაფინანსდება. მისივე თქმით, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამგვარი მემორანდუმი პირველად გააფორმა კომერციულ ბანკთან, რაც ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათთვისაც საინტერესოა.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში