Menu
RSS

25 წელი საქართველოსთან ერთად – თიბისი ბანკმა საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

„თბილისის ბიზნეს ცენტრი“ – ბანკის ახალი სათავო ოფისი ლისის ტბაზე, ინოვაციური და კრეატიული ტექნოლოგიებით!

,,25 წელი საქართველოსთან ერთად'' _ თიბისი ბანკის მენეჯმენტმა 25-წლიანი საქმიანობის ანგარიში და შემაჯამებელი პრეზენტაცია საზოგადოებას 2017 წლის 27 დეკემბერს, თიბისი გალერეაში ჩააბარა. 7 000 თანამშრომელი და 2 მილიონზე მეტი კლიენტი, 12 მილიარდი _ მთლიანი აქტივები ლარში, 3.6 მილიარდი _ მოზიდული რესურსი ლარში, 4.1 მილიარდი _ ბიზნესდაკრედიტება ლარში, 7.7 მილიარდი _ მთლიანი საკრედიტო პორტფელი ლარში, 38.6% _ დეპოზიტების ბაზრის წილი და ლონდონის საფონდო ბირჟის FთშE 250-ის ინდექსის წევრი _ ეს ის მნიშვნელოვანი რიცხვებია, რომლებიც ბანკის 25 წლისთავზე, მენეჯმენტმა საზოგადოებასა და მედიას პრეზენტაციის ფარგლებში წარუდგინა.
1992 წლის 17 დეკემბერს, სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკი 500 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალით დაარსდა. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ტერიტორიაზე 300-მდე ბანკი დარეგისტრირდა, მაგრამ 10 წლის შემდეგ, მათგან არსებობა მხოლოდ თიბისიმ განაგრძო.
მსოფლიო ბანკის პირველი საკრედიტო ხაზი 1997 წელს, სწორედ თიბისი ბანკში გაიხსნა, რომლის მოცულობა 1 მილიონი აშშ დოლარი იყო; 2002 წელს, ბანკი თბილისის მასშტაბით, უკვე 8 ფილიალს ფლობდა; 2003 წელს, თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი _ ,,საბა'' დააარსა, რომლის ფარგლებშიც, თანამედროვე ქართველ მწერლები სხვადასხვა ნომინაციებში ჯილდოვდებიან; 2004 წელს, თიბისი ბანკი ფოტოკონკურსის ,,ქოლგა'', პარტნიორი გახდა; 2005 წელს, მარჯანიშვილის #7-ში, თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტით შექმნილი ეს უნიკალური შენობა, ბანკმა 2004 წელს, აუქციონზე შეიძინა და მისი რეაბილიტაცია დაიწყო.
2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, კომპანიამ საქველმოქმედო ფონდი შექმნა და მასში პირველი შენატანი _ 5 მილიონი ლარის ოდენობით, განახორციელა. ფონდის დახმარებით, სოფელ წეროვანში სკოლა აშენდა, სადაც განათლებას 2 000 ბავშვი იღებს.
თუმცა გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოვლენები თიბისი ბანკის 25-წლიანი ისტორიიდან, ამით არ სრულდება: 2009 წელს, თიბისი ბანკმა ბათუმის ფილიალი გახსნა, მაგრამ მანამდე აუქციონზე, კომპანიამ ბათუმის ცენტრალური რკინიგზის შენობა შეიძინა და მას პირვანდელი სახე დაუბრუნა; ამავე წელს, თიბისი ბანკის საწესდებო კაპიტალი უკვე 325 მილიონ ლარამდე, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა 2 264-მდე გაიზარდა; 2011 წელს, თიბისიმ ბანკი ,,კონსტანტას'' აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა, ამავე წელს, კომპანია ისრაელის ბაზარზე შევიდა და თიბისი ინვესტი დააფუძნა; 2011 წლიდან, თიბისი, კომპანია ,,ინტერნ პრომოუშენის'' მიერ ორგანიზებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენის _ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მეგობარი გახდა...
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის წვლილი, რაც თიბისი ბანკის მენეჯმენტს თანამედროვე ქართული კულტურის განვითარებაში შეაქვს. საამაყოდ მხოლოდ ლიტერატურული პრემია ,,საბაც'' საკმარისი იქნებოდა, თუმცა თიბისის ყურადღების გარეშე არც მხატვრობა და თანამედროვე არტ-ხელოვნება დაუტოვებია. 2012 წელს, მარჯანიშვილის #7-ში, ბანკის სათავო ოფისის მესამე სართულზე, არტ-გალერეა გაიხსნა, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების, მოქანდაკეების, ვიზუალური არტისტების ნამუშევრების ექსპოზიციები იმართება; 2012 წელს, ელექტრონული წიგნების სახლი _ საბა.ცომ.გე შეიქმნა, სადაც ათასობით წიგნის ელექტრონული ვერსიაა განთავსებული.
2014 წელი, თიბისი ბანკის ისტორიაში გამორჩეული თარიღია, რადგან ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ორი წლის შემდეგ, 2016 წელს, თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტში გადავიდა, 2017 წელს კი თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის FTSE 250-ის წევრი გახდა, სადაც მხოლოდ 15 ბანკია წარდგენილი; 2015 წელს, თიბისიმ მასშტაბური კამპანია _ #წერექართულად წამოიწყო, რომლის მიზანი ციფრულ მოწყობილობებში ქართული ენის პოპულარიზაციაა; 2016 წელს, ბანკმა საზოგადოებას ახალი პროექტი _ ბიზნესდაჯილდოება წარუდგინა, რომელიც ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ხოლო ქართველ მეწარმეებს მხარდაჭერას უცხადებს; 2017 წელს, თიბისი ბანკმა პირველი ქართული ჩეტბოტი _ თი ბოტი შექმნა, რომელიც მესენჯერიდან გაუსვლელად, ბანკის მომხმარებლებს საბანკო მომსახურებასა და სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდის; 2017 წელსვე, თიბისი ბანკის ინიციატივით, პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა, მოგვიანებით კი ისინი თიბისი გალერეაში გამოფინეს.
25-წლიანი ისტორიის შეჯამების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა ახალი სათავო ოფისისი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ,,თბილისის ბიზნეს ცენტრი'' _ ეს იმ კომპლექსის სახელწოდებაა, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგო-ეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები გაერთიანდება. თიბისის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ეს იქნება საუკეთესო სივრცე, როგორც ბანკის თანამშრომლებისთვის, ასევე ბიზნესისა და ინვესტორებისთვისაც:
,,ეს იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს შექმნის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვისაც. აღსანიშნავია, რომPეს პროექტი მთლიანად ენერგოეფექტური იქნება, რომელიც 2 000 ადამიანზეა გათვლილი. თავიდანვე გავითვალისწინეთ, რომ ,,თბილისი ბიზნეს ცენტრის'' კომპლექსის შენობა-ნაგებობები მწვანე ლანდშაფტში განთავსებულიყი, სადაც მცენარეები ტერასულად გაშენდება და ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის''.
პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN შტუდიო-ს წარმოადგენს. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შეიქმნა. შესაბამისად, შატილის მსგავსად, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად აერთიანებდა ყველაფერს, რაც სოფელს სჭირდებოდა, ასევე იქნება ,,თბილისის ბიზნეს ცენტრიც'' _ ადამიანებზე მორგებული და ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსი. ახალი პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში