Menu
RSS

2017 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები და ეკონომიკური სკანდალები

2017 წელს ეკონომიკური სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა სკანდალების პარალელურად, გასულ წელს, ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზული და პოზიტიური ამბებიც მოხდა. ასე მაგალითად, საქართველო რომ ღვინისა და ყურძნის სამშობლოა, ეს თითოეულმა ქართველმა კარგად იცის, მაგრამ მთელი მსოფლოს მასშტაბით, ეს ფაქტი ოფიციალურად სწორედ 2017 წელს აღიარეს, რასაც წინ მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევები უძღოდა; 2017 წლის სექტემბერში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში, დიდი ზომის ქვევრი განათავსეს. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც გამოფენა „საქართველო _ მეღვინეობის აკვანი'' გახსნა. ბორდოში, რომელიც ღვინის მსოფლიო დედაქალაქად ითვლება და ყოველწლიურად, 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, გამოფენა ,,საქართველო _ მეღვინეობის აკვანი'', სამ თვეს გაგრძელდა, ხოლო ქართული ქვევრი ამ გამოფენის მუდმივ ექსპონატად იქცა; მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იყო, რომელიც 2017 წელს გაფორმდა. სხვათა შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან ამგვარი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული; წელსვე, საქართველო თხილის მსოფლიო კონფერენციას მასპინძლობდა და რაც მთავარია, ქართული თხილი ისევ ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.
2017 წელი ლარიზაციის გეგმის ამოქმედებით დაიწყო. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი ძალაში 15 იანვრიდან შევიდა, მეორე ნაწილი კი _ 1 ივლისიდან. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა საფინანსო სექტორს შეეხო, რაც სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემას გულისხმობდა. ლარიზაციამ ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთიც დაარეგულირა, რომლის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100%-ს არ აღემატება. მთავარი ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების გათვლებით, ორ-სამ წელიწადში, ლარიზაციამ ეროვნული ვალუტის გამყარებასაც უნდა შეუწყოს ხელი.
2017 წლის გამორჩეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იყო. ამ საკანონმდებლო პაკეტით, ცვლილებები საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა. 2017 წლიდან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. მეტიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. მაგალითად, სასაქონლო ზედნადებსა და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და სხვა.
2017 წლის 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ის 60%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40%-იანი წილი _ ამავე ბიზნესმენის კუთვნილ კომპანია ,,პანორამას''. მართალია, ცალკეული ექსპერტების მოსაზრებით, შესაძლოა, ამგვარ გადაწყვეტილებას უცხოური ინვესტიციების სიმცირე მოჰყოლოდა, მაგრამ რეალურად, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, საქართველო წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.
2017 წელს ეკონომიკური სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ,,საქპატენტმა'' ორ ჩინურ კომპანიას, არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებული ,,ნაბეღლავის'' რეგისტრაცია შეუჩერა. 2016 წელს, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში ,,საქპატენტმა'' განაცხადი შეიტანა და ,,ნაბეღლავის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა. ამ პროცესში გაირკვა, რომ ქართული მინერალური წყლის დასახელება ,,ნაბეღლავი“, არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ორი ჩინური კომპანიის სახელზე, ჩინეთში უკვე რეგისტრირებული იყო. ,,საქპატენტმა'' ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში, ჩინური კომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და ამ რეგისტრაციების გაუქმება მოითხოვა. საბედნიეროდ, ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიებს შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, ორივე ჩინურ კომპანიას ,,ნაბეღლავის'' რეგისტრაცია გაუუქმდა. თუმცა ჩინეთის გარდა, წელსვე, რამდენიმე დარღვევა ევროკავშირის ტერიტორიაზეც გამოვლინდა. კერძოდ, ,,ქინძმარაულისა'' და ,,ხვანჭკარას'' ადგილწარმოშობის დასახელებაზე _ ესტონეთში, ღვინო ,,კახეთის'', როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის დარღვევის ფაქტი _ პოლონეთში, ხოლო ,,სულგუნთან'' დაკავშირებული დარღვევა _ ლატვიაში.
მორიგი ეკონომიკური სკანდალი ქართულ სუნელებში ტყვიის აღმოჩენის ფაქტს უკავშირდება, რომელიც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოვლინა. კერძოდ, დედა-შვილის (ვინაობა უცნობია) სისხლში ტყვიის დიდი ოდენობა აღმოჩნდა. ამის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე, მათ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში, ქართული სუნელები შეუძენიათ... ცხადია, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მეტი რაოდენობა ამა თუ იმ პროდუქტში, ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო, ამ სკანდალს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის სააგენტო მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და ტოქსიკურ ელემენტებზე, მათ შორის ტყვიის შემცველობაზე სუნელებში, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ამ მიზნით, 2015-2016 წლებში, 38 ნიმუში აიღეს, რომელთაგან ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღემატებოდა! ქართული სუნელების სკანდალში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში გამოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში არ დაასახელა კონკრეტული ბრენდი, რომელმაც სუნელ-სანელებლები დააფასოვა, არ მიუთითა მაღაზია და არც იმ პირების ვინაობა გაამჟღავნა, რომელთა სისხლშიც ტყვიის ,,საგანგაშო ოდენობა'' აღმოჩნდა! შესაბამისად, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლოა, ქართული სუნელების სკანდალი საქართველოს არაკეთილმოსურნე მეზობლების ინსპირირებული იყო.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა! 2017 წლის 13 მაისს, პეკინში, საქართველოს ეკონომიკისა და ჩინეთის კომერციის სამინისტროებს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94% საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა. საექსპორტო პროდუქტებს შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელი, ჯემი, წვენი, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.
თავისი არსით, 2017 წლის ეკონომიკურ მოვლენებს შორის გამორჩეული მაინც ქვეყნის მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები იყო, რომლის შედეგად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტს ექვსი მინისტრი დაემშვიდობა, ხოლო 18 სამინისტროს ნაცვლად, 14 დარჩა. პოსტები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. ოთხი სამინისტრო, მათ შორის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი სხვადასხვა უწყებებს შეუერთდა.
ეს ცვლილებები, 2017 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე დააანონსა. მისი თქმით, ცვლილებების ახალი ტალღა კიდევ უფრო უკეთ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, რაც ხელისუფლების უმთავრეს მიზანს _ საქართველოს მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას ემსახურება. კვირიკაშვილის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში